Get All Access for $5/mo

"თიბისი კონცეპტის" Flagship სივრცე და ახალი კონცეფციის შესაბამისი "თიბისის" ფილიალები

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

ჩვენი მკითხველისთვის სიახლე არაა, რომ "თიბისიმ" ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება დაისახა მიზნად და წლიდან წლამდე, საკუთარი სერვისისა და პროდუქტის სრულყოფას ემსახურება. სწორედ ამის გამოძახილია "თიბისი კონცეპტის" ე.წ. Flagship სივრცე მარჯანიშვილის 7 ნომერში და ბანკის ახალი კონცეფციის მიხედვით განახლებული ფილიალები, რაც უკვე არაერთი ავტორიტეტული უცხოური მედია საშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა. Entrepreneur-ს სურს ამ მასშტაბური განახლების შესახებ გიამბოთ, განვიხილოთ ახალი კონცეფციის არსი და მოგითხროთ, თუ რას ამბობენ "თიბისი კონცეპტზე" საერთაშორისო მედიაში.

მარჯანიშვილის 7-ის ისტორიული შენობის განახლება

გასულ წელს, მარჯანიშვილის 7-ის ისტორიული შენობა, თიბისი-სა და ბრიტანული სააგენტო - Sheridan & Co-ს თანამშრომლობით, საგრძნობლად გარდაიქმნა. ტრანსფორმაცია მოიცავდა, როგორც საერთაშორისო ტრენდების გაზიარებას, ისე "თიბისი კონცეპტის" ღირებულებებზე დაყრდნობით, სივრცის პრინციპულად ახალ გარემოდ ქცევას. კომპანიის თქმით, ახალი Flagship ოფისი, იქნება შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ ბრენდის დანაპირები, ფიზიკურ სივრცეში მიიღონ.

"ტრადიციული საბანკო ინტერიერი გადაიქცა საკომუნიკაციო "ჰაბად" სადაც ვიზიტორებს, ერთ ჭერქვეშ შეუძლიათ მიიღონ საბანკო სერვისი, იმუშაონ, ითანამშრომლონ და ისიამოვნონ კულტურული ღონისძიებებით", - აცხადებს საერთაშორისო პორტალი Retail-Focus.

"თიბისი კონცეპტი" მომხმარებლის ფინანსურ მომსახურებასა და მის ცხოვრების სტილზე ორიენტირებულ აქტივობებს თანაბარი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. თუმცა, მარჯანიშვილის 7 ნომერში სტანდარტული საბანკო სერვისი მინიმუმამდეა დაყვანილი და უფრო მეტად მიმართულია იმისაკენ, რომ ეს ადგილი ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიულ და საყვარელ სივრცედ აქციოს. ახალი, ფლაგმანი ფილიალი მულტიფუნქციურია და უამრავი კომპონენტისგან შედგება, იქნება ეს საერთო სამუშაო, ე.წ. "ქოვორქინგ" გარემო, საგამოფენო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საკონფერენციო ოთახები, თუ მრავალი სხვა.

"ავეჯი და დიზაინერული გადაწყვეტები, სივრცესთან მჭიდრო კავშირშია. გამრუდებული მაგიდები განლაგებულია მომრგვალებულ კედლებიან ოთახებში, ხოლო წიგნების თაროები და სხვა დეტალები, სივრცის არასტანდარტულობას ასახავენ. თითოეულ ნიუანსში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები, როგორებიცაა მარმარილო, ხე და ნატურალური ტყავი", - მოგვითხრობს გამოცემა Design Week.

ორი წლის წინ, Sheridan & Co-ს ჯგუფი საქართველოს, თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან შესახვედრად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტისთვის ეწვია. როგორც თავად SheridanAndCo აცხადებს, ეს ვიზიტი, საცალო ბანკინგის მომავლის ფორმირებისათვის, ფანტასტიური ორწლიანი მოგზაურობის დასაწყისი გახდა.

"ეს სივრცე ახლა საქართველოს ინტელექტუალური და შემოქმედებითი ცენტრია, სადაც თბილისის გულის ცემას გაიგებთ. გარდა საბანკო ოპერაციებისა, მარჯანიშვილის 7 უკვე "თიბისის" კულტურული ინიციატივების სახლადაც იქცა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ "თიბისისთან" თანამშრომლობით, მსოფლიოს მაგალითს ვაძლევთ, თუ რად შეიძლება იქცეს ბანკის ფიზიკური სივრცე. შევიმუშავეთ გარემო, სადაც მეწარმეებს, ლიდერებსა და შემოქმედებით ადამიანებს თავიანთი იდეების რეალიზება შეეძლებათ. კონცეფცია, რასაც თიბისის ახალი ფლაგმანური სივრცე ჰქვია, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და გვიხარია, რომ ამ წარმატების თანაზიარი გავხდებით", - აცხადებს SheridanAndCo-ს პორტალი.

თიბისის ფილიალების რებრენდინგი

როგორც უკვე ვთქვით, თიბისი ფილიალების განახლებაზეც მუშაობს, რასაც საერთაშორისო გამოცემა Creative Moment ეხმაურება: "ბრიტანულ სააგენტო - VMLY & R Commerce UK-სთან თანამშრომლობით, თიბისი ტრადიციული ფინანსური დაწესებულების დიზაინიდან, ე.წ. "ბანკ+"-ის კონცეფციაზე გადადის. განახლებულ ფილიალებში ქართველი სტრიტ-არტ მხატვრების მიერ მოხატული კედლები, რბილი ფერთა გამა, კონცეპტუალური ავეჯი და მომხმარებელთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებისათვის საჭირო ყველა ატრიბუტი დაგხვდებათ. ეს ყველაფერი ბრენდის ხედვას ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს - "გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება".

გამოცემა გვიამბობს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგად, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ეს დამოუკიდებლობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეულ ასპექტში აისახა. თავისუფლება იგრძნობა თანამედროვე დინამიურ არქიტექტურაში, დიზაინერულ კაფეებსა და სასტუმროებში, მხატვრობასა და ლიტერატურაში და შეუძლებელია ამ სულისკვეთებას ფინანსური ინსტიტუტებისთვის აევლო გვერდი.

სააგენტო VMLY & Commerce-მ გაიაზრა ეს ყველაფერი და იძულებული გახდა ეფიქრა არა მარტო გარეგნულ იერსახესა და შეგრძნებებზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ხედავს ბრენდი საკუთარ თავს ფიზიკურ გარემოში. ბრენდი უნდა გამოსულიყო კომერციული ჩარჩოდან და ადამიანებისათვის მართლა გაემარტივებინა ცხოვრება. ამავდროულად, საზოგადოების ნაწილისათვის ფინანსური მომსახურების შესახებ ცოდნის გაღრმავება იყო საჭირო. შესაბამისად შემუშავებული კონცეფციის თანახმად, ბრენდს საკუთარი ახალი ხედვა და ახალი სერვისები ნაკლებ ფორმალურად, მეტი გამჭვირვალობითა და მომხმარებლისათვის გასაგებად უნდა მიეწოდებინა.

რიჩარდ ჰარტლი, VMLY & Commerce-ს კრეატიული დირექტორი აცხადებს, რომ: "ციფრულ ბანკინგზე გადასვლით, ფიზიკურ ბანკებში რიგები ნელ-ნელა გაქრება. თუმცა, მიუხედავად ციფრულ პლატფორმებზე გადასვლისა, ვფიქრობთ, რომ ფილიალები უწინდებურად დიდ როლს ითამაშებენ საზოგადოების მომავლისთვის. ადამიანების სურვილი საბანკო საქმით დაკავებისა არ გაქრება. სწორედ აქ, ჩვენი სივრცეების მოქნილობა, გადამწყვეტ როლს თამაშობს თბილი და სტუმართმოყვარე შთაბეჭდილების შექმნაში, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სამყაროში".

"თიბისი კონცეპტი" საბანკო მომსახურების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის და ამით, ერთი მხრივ ეხმაურება მომხმარებლების საჭიროებებსა და შეცვლილ ინტერესებს, ხოლო მეორე მხრივ, ნერგავს პრინციპულად განსხვავებულ სტანდარტს, როგორც ქართულ, ისე რეგიონულ ფინანსური სერვისების ბაზარზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი