TikTok-ზე გამოქვეყნებულმა დაშორების ვიდეომ 26 წლის ქალი ინფლუენსერად აქცია

By Serafina Kenny

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თარგმანი: ნინო იმერლიშვილი

ბრიჯიტ ვონგი 25 წლის კონტენტ კრეატორია ტორონტოდან, რომელმაც სოციალურ ქსელში პოპულარობა პარტნიორთან დაშორების ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ მოიპოვა.

საკუთარ ისტორიას ბრიჯიტი ინტერვიუში იხსენებს:

"2022 წლის ივლისში TikTok-ზე ავტვირთე ვიდეო, სადაც მე და ჩემი ყოფილი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ხუთი წელი ვცხოვრობდი, დაშორების წინ ერთმანეთს ვეხვეოდით. ორი წლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს დაშორება და მისი საჯაროდ გაზიარება ალბათ საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე გადამხდენია.

არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენი დამშვიდობების ჩანაწერს ასეთი რამ შეიძლებოდა გამოეწვია. ყოველთვის მომწონდა ჩემი ცხოვრების მომენტების დაფიქსირება. გარდა ამისა, მარკეტინგსა და კონტენტის შექმნაში მქონდა გამოცდილება, ასე რომ, ეს ჩემთვის შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებაც იყო. ვიდეო მხოლოდ რამდენიმე ასეულ გამომწერს გავუზიარე და ჰეშტეგებიც დავურთე, თუმცა მის ვირუსულად გავრცელებას ნამდვილად არ ველოდი.

მეორე დღეს გაღვიძებისას აღმოვაჩინე, რომ 22 000 გამომწერი მყავდა, ვიდეოს კი მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. მეგონა, ეს ერთჯერადად მოხდა, მაგრამ მილიონობით ნახვას აგროვებდა ჩემი შემდეგი ვიდეოებიც, რომლებშიც საკუთარ განცდებზე ვსაუბრობდი და დაშორების ბოლო მომენტებს ვიხსენებდი. ხალხი ჩემთან საკუთარ დაშორების ისტორიებს აზიარებდა და მეკითხებოდა, როგორ შეენარჩუნებინათ სიმტკიცე. ჩემი კონტენტი ბევრისთვის შთამაგონებელი, მანუგეშებელი და ახლობელი აღმოჩნდა.

TikTok-ზე მანამდე არ მენახა, რომ ვინმეს დაშორების პროცესზე ასე ღიად ესაუბრა, მაგრამ გადავწყვიტე, ჩემი ტკივილის განკურნების გზა ბოლომდე გამეზიარებინა ყველა იმ ახალგაზრდა ქალისათვის, ვინც კომენტარებში მწერდა და რჩევებს მეკითხებოდა. ეს ყველაფერი მიზანს მაძლევდა.

ვიცოდი, რომ ამ შესაძლებლობას ვერ დავკარგავდი

ჩემს თავს ვუთხარი: "კარგი, ბრიჯიტ, ახლა არჩევანი გაქვს. უცებ 30 000 გამომწერი გაგიჩნდა, კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში ხალხი გაუჩერებლად გწერს. შენ ყოველთვის გინდოდა, რომ კაილი ჯენერის მსგავსად ყოფილიყავი – რატომ არ უნდა გააგრძელო დაპოსტვა?"

მარკეტინგული გამოცდილების გამო ვიცოდი, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა, ეს შანსი, უბრალოდ, ხელიდან გამეშვა. ამიტომ რეგულარულად დავიწყე პოსტვა. არც ფულზე ვფიქრობდი და არც კარიერაზე, უბრალოდ, მინდოდა, ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა და მათ დავხმარებოდი, ვისაც ის გამოადგებოდა. ვირუსულად რომც არ გავრცელებულიყო ვიდეო, მაინც გავაგრძელებდი დაპოსტვას – ძალიან მიყვარდა პატარა ვიდეოებში ემოციების გადმოცემა. მინდოდა, ყოველდღე აღმებეჭდა ჩემი თავი, რათა მომავალში, უკან მოხედვისას, ჩემი პროგრესი შემეფასებინა.

ყველაფერში 100%-ით ბუნებრივი ვიყავი – უბრალოდ, ვაზიარებდი ჩემს იმდღევანდელ განცდებს, თერაპევტის რჩევებს ან იმას, რაც კონკრეტულ მომენტში მეხმარებოდა. ეს პროცესიც ძალიან მსიამოვნებდა და არასდროს მიგრძნია, რომ რაღაც ვალდებულება მქონდა. ამ ვიდეოების მადლობელი ვარ – ეს აღმოჩნდა პროექტი, რომელშიც მთელი ჩემი რესურსი ჩავდე და საოცარი აუდიტორია ვიპოვე, რომელმაც ჩემს უკეთ გახდომაში უდიდესი როლი შეასრულა.

დავიწყე სოციალური მედიის სერიოზულად აღქმა და მისგან შემოსავლის მიღება

დაშორების შემდეგ ხშირად დავდიოდი სპორტდარბაზში, რათა გარეგნობაზე მეზრუნა. ვნიშნავდი სხვადასხვა სპორტული ტანსაცმლის ბრენდს იმ იმედით, რომ ისინიც გააზიარებდნენ ჩემს პოსტებს. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ პირველი ბრენდები, რომლებიც ღონისძიებებზე მიწვევდნენ. პირველი თანამშრომლობა Notion-თან მქონდა – $100 გადამიხადეს იმ პროდუქტის რეკლამაში, რომელსაც ისედაც ვიყენებდი. ორი თვის შემდეგ კი აგენტი დამიკავშირდა. მარკეტინგული ხედვა ჩავრთე და დავიწყე

ფიქრი, როგორ შემეძლო დამატებითი შემოსავლის მიღება.

პირველი წლის განმავლობაში თვეში დაახლოებით ორ ბრენდთან ვთანამშრომლობდი. ყოველდღიურად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც ვპოსტავდი. ამან ჩემი პერსონალური ბრენდი გამოკვეთა, რის შედეგადაც გამომწერები ისევ იზრდებოდნენ. 2023 წლის აპრილში მივხვდი, რომ დაშორებაზე ლაპარაკი აღარ მინდოდა – ემოციურად უკვე კარგად ვიყავი. ამიტომ დავიწყე კონტენტის შექმნა იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობ მარტო ტორონტოში. კვლავ ვპასუხობდი შეტყობინებებს დაშორების შესახებ და თავდაპირველი დაშორების ვიდეო კვლავ პოპულარული რჩებოდა, მაგრამ არ მინდოდა, ვყოფილიყავი "გოგო, რომელიც დაშორდა".

ერთ დღეს გამოვაქვეყნე ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ დამიგროვდა 15 000 დოლარი საკრედიტო ბარათის ვალი – ამ პოსტმა კიდევ ერთხელ მოიპოვა ვირუსული პოპულარობა და ბრენდების ყურადღება მიიპყრო. სტრატეგიულად გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და დაშორების თემიდან საბოლოოდ გადავერთე. სოციალურ ქსელებს უფრო მეტი დრო დავუთმე, ვიდრე ჩემს სრულგანაკვეთიან სამსახურს და ესეც ძალიან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

საბოლოოდ სამსახური დავტოვე. 2024 წლის იანვარში მივხვდი, რომ ან სოციალურ მედიაზე უნდა მეთქვა უარი, ან სამსახურზე, რადგან ორივეს ერთად ვეღარ ვუთავსებდი. გადავწყვიტე, რისკზე წავსულიყავი და სამსახური დამეტოვებინა. დღეს უკვე დავფარე ჩემი ვალი, ბრენდებთან ხუთნიშნა თანხების სანაცვლოდ ვთანამშრომლობ. საკუთარი გრაფიკით ვმუშაობ, რაც ბევრად ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ჩემი კორპორაციული სამსახური, თუმცა შემოსავალი გაცილებით მეტი მაქვს.

დასაწყისში დამჭირდა, ამას მივჩვეოდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი წარმოუდგენლად, ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებზე უკეთაც კი აეწყო".