თინათინ გეთიაშვილი - ქართველი ექიმის წარმატება ამერიკულ ესთეტიკურ მედიცინაში

By ანო ტვილდიანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თინათინ გეთიაშვილი პროფესიით ექიმია, სხვადასხვა დროს აქტიურად მუშაობდა ტურიზმის სფეროსა და საერთაშორისო ნავთობკომპანიებში. დღეს იგი ამერიკაში ცხოვრობს და ესთეტიკური მედიცინის სფეროში საქმიანობს. თინათინს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Entrepreneur-ი ესაუბრა.

რამ შთაგაგონათ ესთეტიკურ მედიცინაში საქმიანობის დაწყება?

ჩემს ცხოვრებაში ესთეტიკური სილამაზე ყოველთვის მთავარ როლს თამაშობდა და დღემდე ასეა. ჩემი მთავარი შთაგონების წყარო ადამიანების დახმარების სურვილია და ეს სფერო ამის საშუალებას მაძლევს. ვცდილობ, ადამიანების ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესო.

ვფიქრობ, ამ სფეროში მუშაობისთვის სამედიცინო განათლება საკმარისი არ არის, საჭიროა ხედვა, რათა ადამიანს საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნაში დაეხმარო.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, ესთეტიკური მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება და საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს არა მხოლოდ უახლესი პროცედურები შევთავაზოთ, არამედ "ლონჯევითის" ანუ სიცოცხლის გახანგრძლივების გზები ვუჩვენოთ.

როგორ დაიწყეთ პროფესიული საქმიანობა?

ამ საქმის დაწყებამდე სიახლეებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი, საერთაშორისო გამოფენებს ვესწრებოდი. ესთეტიკურ მედიცინაში განათლება ჰოლანდიაში მივიღე, შემდეგ კი სწავლა ამერიკაში გავაგრძელე.

2021 წელს თბილისში ესთეტიკური კლინიკა "კლინიკა 27" გავხსენი, რომლის მიზანიც ჩვენი პაციენტებისთვის უახლესი მეთოდების შეთავაზება იყო. საქართველოში პირველად ლაზერული გამაახალგაზრდავებელი აპარატი "ფოტონა" შემოვიტანეთ, რომელმაც ჩემი სიყვარული დაიმსახურა და თავად გავხდი მისი ხშირი მომხმარებელი.

როგორ აიმაღლეთ კვალიფიკაცია წლების განმავლობაში და როგორ აღმოჩნდით ამერიკაში?

ვერასდროს ვისვენებ, სულ ახლის ძიებაში ვარ. ჩემი ამერიკაში ჩამოსვლა სწორედ ამ თვისებამ განაპირობა. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ცხოვრების ახლიდან დაწყება იქ, სადაც არც მეგობარი გყავს და თან ყველაფერი უცხოა.

შენი ყველაზე დიდი მიზანი რომ განახორციელო, შრომის გარდა ცოტა "სულელიც" უნდა იყო და ჯიუტიც. ჩემი ოცნება ამერიკაში ჩამოსვლა არასდროს ყოფილა, მაგრამ ესთეტიკური მედიცინის სიახლეები და ტრენდები ზუსტად აქ იბადება. ამიტომ ამერიკაში პროფესიული განვითარების სურვილმა ჩამომიყვანა.

როგორ განვითარდა ამერიკაში თქვენი პროფესიული საქმიანობა?

ამერიკაში ლიცენზიის მოპოვების შემდეგ კვალიფიკაციას სხვადასხვა ტრენინგით ვიმაღლებ, კონფერენციებში ვმონაწილეობ, ტრენინგებს თავადაც ვატარებ, ესთეტიკის სკოლა დავაარსე, საკონსულტაციო მომსახურებასაც ვეწევი, რითაც დამწყებ ანტრეპრენერებს ვეხმარები.

ბევერლი ჰილსზე ჩემი ბიზნესი წამოვიწყე, მომხმარებლებს სხვადასხვა ესთეტიკურ მომსახურებას ვთავაზობთ, როგორიცაა ინიექციური და აპარატურული პროცედურები. ასევე, კომპლექსურ კონსულტაციას, რაც პაციენტებს ჯანსაღი ცხოვრების დანერგვაში ეხმარება. ვთავაზობთ NAD + თერაპიას, რედლაით თერაპიას, რაც ორგანიზმს სტრესისა და დაბერებისგან იცავს.

რა იყო ის გამოწვევები, რასაც საზღვარგარეთ კარიერის დასაწყისში გადააწყდით და როგორ გადალახეთ სირთულეები?

გამოწვევები ყოველდღიურადაა, კარიერის დასაწყისში უამრავი სირთულე იყო. ეს არის პროცესი, რომელიც არ დასრულებულა და საშუალებას გაძლევს, გაიზარდო და ისწავლო.

პირველი სირთულე იყო ამერიკისა და კერძოდ, კალიფორნიის სამედიცინო სისტემაში გარკვევა, შემდეგ ლიცენზიის მოპოვება. ყველაზე რთული, ალბათ, კულტურულ სხვაობასთან შეგუება იყო.

ყველაზე ხშირად რა პროცედურისთვის მოგმართავენ პაციენტები?

ძირითადად აპარატურულ და ინიექციურ პროცედურებზე მოგვმართავენ. გამოვყოფდი ულთერაპიას. ამ პროცედურაზე ჩვენთან სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან. პროცედურას მე თვითონ ვატარებ. მიყვარს კომუნიკაცია სხადასხვა კულტურის ადამიანებთან, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

რა რჩევას მისცემდით ამ სფეროში დამწყებ სპეციალისტებს და რა არის მთავარი, რაც ესთეტიკურ მედიცინაში ხარისხს ქმნის?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათლება, მითუმეტეს, ისეთ სწრაფად განვითარებად სფეროში, როგორიც ესთეტიკური მედიცინაა. შემდეგ პაციენტთან სწორი კომუნიკაცია. სიახლეებს არ შეუშინდეთ და საკუთარი თავი სხვას არასდროს შეადაროთ. მათ იმავე რჩევას მივცემდი, რასაც საკუთარ თავს კარიერის დასაწყისში, "შენ შეგიძლია უფრო მეტი გააკეთო".

როგორია თქვენი საქმიანობის ერთი დღე ამერიკაში?

ამერიკაში ჩემი დილა 6 საათზე იწყება. დილის რუტინის შემდეგ ვვარჯიშობ, მეილებს ვკითხულობ, ახალ ამბებს ვეცნობი, სამსახურში მივდივარ. ძალიან მიყვარს ჩემი გზა სახლიდან სამსახურამდე, ჩემთვის ეს განტვირთვის დროა.

სამსახურის შემდეგ, თუ დრო მრჩება, აუცილებლად ვიტარებ რედლაით თერაპიას. საღამოს ოჯახთან ერთად ტრადიციული ვახშამი ყველაზე სახალისოა. ძილის წინ მეორე დღის გეგმას ვაწყობ, განვლილ დღეზე ვფიქრობ, ვააანალიზებ, რისი გაკეთება შევძელი უკეთ და რაზე უფრო მეტი უნდა ვიმუშაო.

გეგმავთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას უახლოეს მომავალში და როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივა?

საქართველოდან დროებით წამოვედი. ჩემი სამომავლო გეგმები ყოველთვის ჩემს ქვეყანას უკავშირდება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება დამწყები სპეციალისტებისთვის. ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო პლატფორმა, სადაც ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, ახალ ტრენდებს პირდაპირ იმ ადგილიდან გაეცნონ, სადაც საინტერესო სიახლეები იბადება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი