Get All Access for $5/mo

თხოვნა, ართხოვნა - საკითხავი აი, ეს არის... რას ასწავლის ანტრეპრენერებს მეფე მიდასის "ოქროს შეხება"?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"როცა ღმერთებს ადამიანის დასჯა სურთ, ნატვრას აუსრულებენ მას"
ბერძნული მითოსი

ცხოვრებაში ორი ტიპის ტრაგედია არსებობს: ქონა ან არქონა იმისა, რაც ძალიან გვსურს!

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, რა ტრაგედიაზეა საუბარი, როცა ადამიანს ბოლოსდაბოლოს მიეცემა ის, რაც ასე ძალიან სურს...

ამ საკითხს ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "თუ ცხოვრება რაიმეს შეგვპირდა, დანაპირებს არ შეგვისრულებს. ხოლო თუ შეგვისრულებს, მხოლოდ იმისთვის, რომ გვიჩვენოს: რაოდენ არასასურველი ყოფილა ის, რაც გვსურდა!" (არტურ შოპენჰაუერი).

ნამდვილად სასურველია ყოველივე, რაც ძალიან გვსურს? გიფიქრიათ ამაზე?

შესაძლოა, სასურველის ასრულება მეტად საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე მისი აუსრულებლობა!

მეფე მიდასის ამბავი გავიხსენოთ ბერძნული მითოლოგიიდან:

მეფე მიდასს, რომელსაც დიდძალი ოქრო და სიმდიდრე ჰქონდა, სურდა, კიდევ უფრო მეტი ჰქონოდა. ერთხელ მას ღმერთმა სანუკვარი სურვილი აუსრულა.

"ოქროდ მიქციე ყველაფერი, რასაც ხელს ვახლებ", – სთხოვა ღმერთს ხარბმა მიდასმა.

მას შემდეგ, რაც ღმერთმა თხოვნა შეუსრულა, ყველაფერი, რასაც მეფე ხელს შეახებდა, მართლაც ოქრო ხდებოდა. უხაროდა მეფეს, მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა…

როცა მას სასახლეში დიდებული სუფრა გაუწყვეს, მიდასი ლუკმის პირთან მიტანას ვერ ასწრებდა − საჭმელი მის ხელში უკვე ოქროდ იყო ქცეული.

"არ შემიძლია ოქროს ჭამა" – აღმოხდა სასოწარკვეთილ მიდასს.

მეფემ ფანჯრიდან რომ გაიხედა, ეზოში თავისი ქალიშვილი დაინახა, რომელიც გახარებული გამოიქცა მამასთან ჩასახუტებლად, მაგრამ როგორც კი შეეხო, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილიც ოქროს ქანდაკებად იქცა.

მეფემ ტირილი დაიწყო. ის საშინელ მწუხარებას განიცდიდა და სიცოცხლე აღარ სურდა. მიხვდა, რომ ამქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი იყო…

მან აღიარა თავისი შეცდომა და პატიება სთხოვა ღმერთს.

"გთხოვ, დამიბრუნე ჩემი ქალიშვილი. მზად ვარ, მთელი ჩემი სიმდიდრე გავიღო მის დასაბრუნებლად", – შეევედრა ღმერთს მიდასი.

"მდინარეს სათავემდე აუყევი. იქ წყაროს ნახავ, შიგ განიბანე და განიწმინდები," – მიუგო ღმერთმა.

მეფე ასეც მოიქცა. წყაროში განიბანა ტანი და ოქროს სენისგან განიკურნა. იმ დღიდან მიდასმა სიმდიდრე შეიძულა, მდიდრული სასახლე მიატოვა და გამოქვაბულში გააგრძელა ცხოვრება.

და მაინც, რა გაკვეთილის გამოტანა შეუძლიათ ანტრეპრენერებს მეფე მიდასის ისტორიიდან? რა არის ამ ისტორიის მორალი ანტრეპრენერთათვის და არა მხოლოდ?

ბევრს ჰგონია, რომ ანტრეპრენერებს მხოლოდ ფული და ქონების მოხვეჭა სურთ. ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითია, რომლის გაქარწყლება თავად ანტრეპრენერებს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების წესითა და ჯანსაღი ღირებულებებით.

ანტრეპრენერი ფულსა და ქონებაზე არ ოცნებობს. ფული და სიმდიდრის მოხვეჭა მისი მთავარი მოტივაცია არ არის. ფული მისთვის მხოლოდ საშუალებაა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ანტრეპრენერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედი აქვს!

ნატვრა და თხოვნა – არის ამაში რაღაც არაანტრეპრენერული...

მთავარი სწორი ღირებულებებია, რომელიც დაგაზღვევს არაჯანსაღი სურვილებისგან. არასწორ, დამახინჯებულ ღირებულებებს კი ტრაგედიამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა.

ასე რომ, სანამ რაიმეს ინატრებ, კარგად დაფიქრდი. სანამ ითხოვ, კარგად აწონ-დაწონე; სანამ მოინდომებ, კარგად განჭვრიტე – გარგებს თუ განანებს? ემანდ, შენმა გაუმაძღრობამ არ დაგღუპოს...

დააფასე ის, რაც გაქვს. იყავი მადლიერი. იყავი ბედნიერი.

დაბოლოს, ისევ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის სიტყვებით დავასრულოთ: "ჩვენთა ნდომათა საგნები მიწყივ გვატყუებენ, ირყევიან და იღუპებიან. მათ მწუხარება მეტი მოაქვთ, ვიდრე სიხარული".

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

მწვანე ბიზნესი

4 ეკომეგობრული ინდუსტრიული წარმოება საქართველოში

გაეცანით 4 "მწვანე" კომპანიას საქართველოს ინდუსტრიული წარმოებიდან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია