Get All Access for $5/mo

"თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ინსპირაცია სხვა ადამიანებისთვის" - როგორ დაიწყეს საკუთარი ბიზნესი USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარმა ქალებმა?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამეწარმეო საქმიანობა არა მხოლოდ ცალკეული მეწარმის ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, არამედ შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით − ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა ქალიც და მამაკაციც თანაბრად იყვნენ ჩართულნი ეკონომიკურ საქმიანობაში, ყოველდღიურად არაერთი ისტორიის მოსმენა გვიწევს, თუ როგორ ვერ ახერხებენ ბიზნესიდეების რეალიზებას რეგიონში მცხოვრები ქალები, რომლებიც ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან ან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და რესურსი ამ იდეების განსახორციელებლად.

ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია, მათ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია არსებულ შესაძლებლობებსა თუ ფინანსურ რესურსებზე. მნიშვნელოვანია, რეგიონებში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებსაც უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ხშირად გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, პრობლემები და გადაწყვეტის გზები. ამით, ისინი უფრო მეტ მოტივაციას და გამბედაობას შეიძენენ, რაც შემდგომ პოზიტიურად აისახება მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე.

ქალ მეწარმეთა გაძლიერებას წლებია აქტიურად ემსახურება USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ფონდი "კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალთან" ერთად ახორციელებს. Entrepreneur-მა აქამდეც არაერთხელ გიამბოთ აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების შესახებ, რომლებიც არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, წარმატებით ახორციელებენ საკუთარ საქმეს. ამჯერად იმ ქალების შესახებ უნდა გიამბოთ, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთი ბიზნესის, არამედ საკუთარი რეგიონების განვითარებისთვისაც შრომობენ და არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნიან.

ხათუნა ღურჭუმალიძელეჩხუმელი დიასახლისი

ხათუნა ღურჭუმალიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში ცხოვრობს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ადგილობრივ სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და პარალელურად მეწარმეობის გზას დაადგა. იგი არაერთ საოცარ პროდუქტს ქმნის, რომელიც არაა უცხო ლეჩხუმის ეთნოკულინარიისთვის. მამაპაპისეულ სოფელში ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაბრუნდა ქუთაისიდან, რადგან არ სურდა მამის კერა ნამოსახლარად ქცეულიყო. ნასპერი მაღალმთიანი სოფელია, ლამაზი, თუმცა რთულად მისასვლელი, ამიტომაც მრავალი წელია სოფელი იცლება. ამაზე ხათუნა განსაკუთრებით ღელავს და მაქსიმალურად ცდილობს ამ გარემოებას ებრძოლოს.

"სოფელში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. იმ ფუძეზე დავბრუნდი, სადაც ერთი სახლი მამაჩემის აშენებული იყო, მეორებაბუის. მამას ვაჟი არ ჰყავდა და არ მინდოდა, აქაურობა ნამოსახლარად ქცეულიყო, ამიტომ აქვე შევქმენი ოჯახი და მყავს სამი შვილი. მაშინ სოფელი უფრო დიდი, ხმაურიანი გახლდათ, ბევრი მეზობელიც მყავდა, ახლა კი ისე მოხვალთ ჩემს ჭიშკრამდე, თუ ზუსტად არ იცით, სად ვცხოვრობ, შეიძლება, გზის მასწავლებელიც არ შეგხვდეთ. ზამთარში მგლებიც თავისუფლად დანავარდობენ... დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახლების უმრავლესობას სახურავი ჩაუტყდება, რადგან გადმომთოვლავი კაცებიც აღარ დარჩნენ. ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა სოფელმაო? ბევრი რამ! მან მაქცია იმად, ვინც ვარ", აღნიშნავს ხათუნა ღურჭუმალიძე.

სოფლისადმი განსაკუთრებული სიყვარული მის საქმიანობაშიც იგრძნობა და ჩანს, მეწარმეობის გზა მარტოხელა დედამ სამ შვილთან ერთად გაიარა. მართალია ქალაქში გაიზარდა, თუმცა მიწა უზომოდ შეიყვარა და ყველა ტიპის სამეურნეო სამუშაოს დაეუფლა − იქნება ეს მყნობა, მებოსტნეობა, მეხილეობა თუ მესაქონლეობა. დღეს იგი აქტიურად მისდევს მებაღეობა-მებოსტნეობას, ლეჩხუმში გავრცელებულ და დავიწყებულ ვაშლის ჯიშებს ეძებს, როგორებიცაა ბილოური, თურაშაული, ყინულა და სამეფო. რადგან ხილს არავინ წამლავს, მთელი ზაფხულის განმავლობაში აგროვებს მას და შვილებთან ერთად ვაშლის, ქლიავის, ჭანჭურის, ატმის, კომშისა და მსხლის ჩირს ამზადებს.

როგორც ხათუნა აღნიშნავს, სოფლად ყველაზე რთული გაზაფხულის პერიოდია: ამ სეზონზე შვილებთან ერთად სათბურს აკეთებს, თესავს პომიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, გამოჰყავს ნერგები და მოჰყავს ვარდისფერი, ხარისგულა, საადრეო, სატომატე პომიდორი, რომლისგანაც სხვადასხვა საწებელს ამზადებს. აკეთებს მკვახე ტყემალს და ძველი წესით ინახავს მარანში, თირში.

ხათუნას ხშირად "ლეჩხუმელი დიასახლისისა" და "აჯიკის დედოფლის" სახელითაც იცნობენ − სწორედ იმ ძველი რეცეპტების შეგროვებისა და გაცოცხლების გამო, რომელსაც იგი სოფელ-სოფელ იწერდა ხოლმე.

"ძველი სამზარეულოდანაა გაზაფხულის აჯიკები, რომელთა შესაკაზ იყენებენ ხმელ საკმაზ (სუნელებს) და ნიგოზს. ზაფხულის აჯიკას ნედლ აჯიკას ვუწოდებთ და მისი მომზადებისას თითქმის ყველა ბოსტნეულს ვიყენებთ, შემოდგომის აჯიკა კი ნედლი და ხმელი საკმაზისა და ნიგვზის ერთობლიობაა",აღნიშნავს ხათუნა.

"ლეჩხუმელი დიასახლისი" ძველი ჩანაწერების მიხედვით აღადგენს და ამზადებს ლეჩხუმურ საწებლებს − წოს, ადესულას, რომელიც შავი ადესისა და ბროწეულის წვენით მზადდება. ხდის ნიგვზის ზეთსაც, რომელსაც სალათებში იყენებენ. დიდი ხანია ამზადებს ხალმის ყველსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველს თიხის ჭურჭელში ინახავენ. თიხის ჭურჭელში ამწნილებენ მჟავესაც. როგორც თავად ამბობს, ბებიისგან ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის "ლეჩხუმელი ბებოს მარილი" − ეს არის ნაზავი ხმელი საკმაზებისა, რომელთაც გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომამდე აგროვებენ, შემდგომ ფქვავენ და ქართული ნივრით აზავებენ.

რაც მთავარია, ხათუნას მიერ დამზადებული პროდუქტები ჯანსაღია, არ იწამლება და თითოეულ ნედლეულს, რასაც იყენებს, თავადვე აწარმოებს.

"ნედლეული მე მომყავს, არ ვყიდულობ, რადგან შემდეგ გემოს ვერ ვსვამ, ისეთი კარგიც არ არის ხოლმე. ვერავი მოვატყუებ, ამიტომ თვითონ მომყავს ყველაფერი, რაც კი არსებობს აჯიკის, სანელებლის, ტყემლის თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის საწარმოებლად. ჩემთან მოსული, მაღაზიაში ვერ გახვა რაიმეს საყიდლად", განმარტავს ხათუნა ღურჭუმალიძე.

"ლეჩხუმელი დიასახლისის" მომხმარებლები ცალკეული ადამიანები არიან, რომლებიც სტუმრები იყვნენ მის მცირე საოჯახო სასტუმროში "ერთხელ ნასპერში" და დღეს უკვე მუდმივ კლიენტებად იქცნენ. სურვილის მიუხედავად, ხათუნა კონკრეტული ბაზრებისთვის პროდუქციის სტაბილურ მიწოდებას ვერ ახერხებს, რადგან სოფელში, სადაც ცხოვრობს, არც გზა არის და არც სპეციალური მუნიციპალური ტრანსპორტი გადასაადგილებლად. თავად და მისი სტუმრებიც საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან, რომელიც აუცილებლად მაღალი გამავლობის ჯიპი უნდა იყოს.

ნასპერი ლამაზი სოფელია დიდი ისტორიით, სადაც წარმართული ხანის სალოცავია − ისკელიტა. აქვე აღმოჩენილია ძვ.წ.აღ.-ის V-VII საუკუნეების არქეოლოგიური არტეფაქტები და სხვა უნიკალური ბუნების ძეგლები. ხათუნას თქმით, სწორედ ნასპერში თესდნენ ხორბლის სახელგანთქმულ სახეობებს − მახასა და ზანდურას. "ლეჩხუმელი დიასახლისი" აქტიურად აგროვებს ცნობებს ადგილობრივი ისტორიული ძეგლების შესახებ, ასევე რეცეპტებს ლეჩხუმური სამზარეულოდან. აქტიურად ატარებს მასტერკლასებს აგროფესტივალებზე, სწორედ ლეჩხუმური სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით. მისი ოცნებაა, რომ ეს ყველაფერი მალე წიგნადაც იხილოს.

იგი აქტიურადაა ჩართული სოფლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ცდილობს მოსახლეობის მიგრაცია შეაჩეროს. ხათუნა ერთ-ერთი ფონდის სათემო მუშაკიც გახლდათ, რომლის მიზანი თემში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება იყო, შედეგად მის თემში ხუთი ქალი დაფინანსდა. იგი 2019 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან "მთის შვილის" ჯილდოთიც დასაჩუქრდა.

"ლეჩხუმელი დიასახლისი" მომავალში სოციალური საწარმოს დაარსებას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, არამედ მოსახლეობის შენარჩუნებასაც შეძლებს.

"მთელ სკოლაში უკვე 5 მოსწავლე გვყავს ეს არის ტრაგედია, რადგან სკოლა არის ადგილი, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. ჩემი მომდევნო ნაბიჯები იქნება წარმოების გაზრდა სოციალური საწარმოს მეშვეობით, სადაც ჩემი სოფლის რძლებს, მოსწავლეების მშობლებს დავასაქმებ და დავტოვებ სოფელ ნასპერში. როდესაც საწარმო დაიწყებს მუშაობას, ამას გზაც მოჰყვება. ეს არის ის, რაც ჩემ სოფელს გადაარჩენს",ამბობს ხათუნა ღურჭუმალიძე.

თამილა დევდარიანი − Stained Glass Georgia

თამილა დევდარიანი Stained Glass Georgia-ს დამფუძნებელია, რომელიც მხატვრულ ვიტრაჟებს ამზადებს. ცხოვრობს და საქმიანობს სურამში, სადაც დაიბადა, გაიზარდა და მრავალი წლის შემდეგ უკან დაბრუნდა. Stained Glass Georgia ვიტრაჟებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამზადებს, თამილა კი თავადაა დიზაინერიც და შემსრულებელიც.

2003 წლიდან იგი საკუთარ დიზაინ-სტუდიაში ინტერიერის დიზაინერად მუშაობდა, იმ პერიოდშიც იცნობდა ვიტრაჟების ხელოვნებას, თუმცა 2013 წელს საქართველოში დაბრუნებისას გადაწყვიტა, რომ პროფესიულად გაეგრძელებინა საქმიანობა მხატვრული ვიტრაჟების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ვიტრაჟების დამზადების ყველა ტექნოლოგიას ფლობს − როგორც კლასიკურს, ასევე თანამედროვეს, საქმიანობის დაწყებისას აქცენტი იმ ტექნოლოგიებზე გაამახვილა, რომელიც იმ მომენტში საქართველოში არ არსებობდა, ტრადიციული ვიტრაჟებისგან გამოირჩეოდა და გაცილებით მეტი შესაძლებლობა და შედარებით დაბალი ფასი ჰქონდა, რაც მისი აზრით, უფრო გამართლებულია საქართველოს პირობებში.

"ჩემს საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ და იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც ჰობი და საქმიანობა გაერთიანებულია. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა საზოგადოებამ უფრო ფართოდ გაიცნოს მინის ნაკეთობები, შეიგრძნონ და შეიყვარონ მათი ხიბლი. ვოცნებობ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ვიტრაჟული ნაკეთობები ჯერ კიდევ ფუფუნების საგნებად მიიჩნევა, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მსგავსი ნამუშევრები",აღნიშნავს თამილა დევდარიანი.

ამჟამად თამილა ძირითადად ვიტრაჟების ორ ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც საქართველოში იშვიათად თუ ფლობენ. ესენია Overlay − მინაზე დადებული ვიტრაჟები მზადდება ვიტრაჟის ფერადი პალიტრით და მეტალის ტიხრებით; და Bevels − ვიტრაჟი, რომელშიც ცალკეული ბროლის ელემენტებით იქმნება კომპოზიცია. Stained Glass Georgia-ს ვიტრაჟები მზადდება მინისა და სარკის ნებისმიერ ზედაპირზე, ინდივიდუალური შეკვეთებით. გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში. აწარმოებენ ასევე ვიტრაჟულ და ფერადი მინის სუვენირულ პროდუქციას.

"ჩემი ნამუშევრები ძირითადად კერძო სახლებში, ბინებში არის განთავსებული, თუმცა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების საჯარო სივრცეებსაც ამშვენებენ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყოველთვის არაჩვეულებრივი, გემოვნებიანი დამკვეთი მყავს. მეც ვცდილობ განსაკუთრებული დიზაინის ნაკეთობა შევთავაზო მათ. ხშირად ერთადაც ვმუშაობთ მომავალი ვიტრაჟის დეტალებზე",ამბობს იგი.

Entrepreneur-თან საუბრისას თამილა აღნიშნავს, რომ ანტრეპრენერი ის ადამიანია, რომელიც ქმნის, აფინანსებს, მართავს თავის ბიზნესს და რაც მთავარია, საქმესთან დაკავშირებულ ყველა რისკსა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. იგი ყველა ქალ მეწარმეს, რომლებსაც თავიანთი საქმის წამოწყების გამბედაობა აკლიათ, მოუწოდებს, იყვნენ მეტად თავდაჯერებულნი საკუთარ შესაძლებლობებში.

"მე ვარ ანტრპრენერი, რომელმაც ნულიდან შევქმენი ჩემი ბრენდი და ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუმკლავდები. მინდა მოვუწოდო ქალბატონებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, იმოქმედონ თავდაჯერებულად, გაბედულად. დაივიწყონ სიტყვა "ვერ შევძლებ" და აუცილებლად შეძლებენ ყველაფერს, რადგან ქალბატონები ყველაზე ძლიერები არიან "დედამიწაზე",აღნიშნავს თამილა დევდარიანი.

მაია გიორგაშვილი სახლი ქართლში

პროფესიით აგრონომმა, მაია გიორგაშვილმა, ქარელში საოჯახო ტიპის სასტუმრო ააშენა, რომელსაც როგორც ადგილობრივი ტურისტები, ისე უცხოელებიც ხშირად სტუმრობენ. პროექტის მიზანია, არსებობდეს ისეთი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც მომხმარებლები შეძლებენ დაისვენონ სუფთა ჰაერზე და ამავდროულად, მიირთვან ბიოპროდუქტები. ოჯახის საკუთრებაში მიწის უდიდესი ფართობია, სადაც მდინარეების − მტკვრისა და ძამის შესართავია. ამ ადგილას ბუნებრივადაა შექმნილი დაახლოებით 1 კმ სიგრძის მდინარე, რომელიც სრულად ოჯახის მიწაზე მოედინება. სწორედ ამ ადგილას, მაია გიორგაშვილმა ე.წ. "საგუბრები" შექმნა, სადაც ხუთი სახეობის თევზი იარსებებს. აქვე, სტუმრები შეძლებენ სპორტული თევზაობითაც დაკავდნენ.

"ამ სერვისის შექმნის იდეა დიდი ხანია ოცნებად მქონდა. როგორც აღვნიშნე, ტერიტორიაზე არის კამკამა წყლები, რომლებიც საოცარ გარემოს ქმნის. სწორედ ამან განაპირობა ჩემი იდეის წარმოშობა. ასე იქცა ინსპირაციის წყაროდ ჩემი თევზაობის სერვისი. მომხმარებელს თევზთან ერთად ვთავაზობთ ჩვენი მარნის ღვინოს, თაფლს, რძის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს.

ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან უცხოელები. მათი მოზიდვა ხდება როგორც სოციალური ქსელით, ისე ჩემთან ნამყოფი ძველი ტურისტების ერთმანეთან გაწეული რეკომენდაციით. ასევე, გაწევრიანებული ვარ თევზაობის სპორტულ კლუბებში - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თავიდან მუდამ ვფიქრობდი, როგორ მიმიღებდნენ ქალ მეთევზეს. ჩემდა გასაკვირად, ძალიან კარგად მიმიღეს და ბევრი რჩევ მომცეს. იხტიოლოგები დამეხმარნენ, თუ როგორ განმეხორციელებინა ეს ახალი გამოწვევა", − განმარტავს მაია გიორგაშვილი.

მაია გიორგაშვილს სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარებაში დიდი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში სწავლობდა მცენარეთა თვისებებს და მუდმივად ცდილობდა განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მას ჯილდო − "წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერის" წოდებისთვის გადასცა. მას შემდეგ აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში, რომელიც სტუმარ-მასპინძლობასა და ქალთა ეკონომიკურ განვითარებას ეხება.

"როგორც აღვნიშნე პროფესიით აგრონომი ვარ, სპეციალობით კიმებაღე-დეკორატორი. კარგად ვიყენებ ჩემ მიერ არჩეულ პროფესიას. სულ რამდენიმე ხნის წინ დავაარსე კომპანია "სახლი სიმწვანეში" და ვქმნი დეკორატიულ ბაღებს. გავიარე კურსები ლანდშაფტის დიზაინისა და დეკორატიული მებაღეობის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიწაზე შექმნილია ბუნებრივი ლანდშაფტი ულამაზესი ხედებით, დიდი სურვილი მაქვს გავაკეთო დაკიდებული ბაღები, სადაც იქნება უამრავი საკოლექციო მცენარე. მაქვს ვარდებისა და ზამბახების კოლექცია. ვამატებ მარადმწვანე, ეგზოტიკურ მცენარეებს. ჩემი აზრით, ასევე ძალიან მომხიბლავი იქნება ლავანდების პლანტაცია. ჩემი ენერგიის წყარო ბუნებაა და ვფიქრობ, ბევრ კარგ პროექტს შევქმნი", − აღნიშნავს მეწარმე.

რაც შეეხება განვითარების გეგმებს, სამომავლოდ მაია გიორგაშვილი სტუმრის, ტურისტის სახელობის ღვინის ჩამოსხმას გეგმავს, რომელსაც საჩუქრად გადასცემს და ამასთან, ჩამოსხმის პროცესსაც დაასწრებს. ამ მიზნის მისაღწევად ყოველდღიურად ცდილობს განვითარდეს და სწორედ ამას უსურვებს იმ ქალებსაც, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს, თუმცა ნაბიჯის გადადგმა უჭირთ.

"ყველა ქალს ვუსურვებ წარმატებასა და მუდმივ განვითარებას საკუთარ საქმიანობაში. ვისაც ბიზნესის დაწყება სურს და გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, მათ ვურჩევდი, რომ არ შეშინდნენ და თამამად გადადგან ეს ნაბიჯი, რომელსაც წარმატებისკენ მივყავართ. ასაკი არაფერს ნიშნავს", აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ნინო გელანტია − GYRSA და "ინჰუას აკადემია"

2012 წელს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციოლოგიის სტუდენტს, ნინო გელანტიას, ჰქონდა იდეები, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის გაზრდაზე, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაზე იყო ორიენტირებული. რეალურად, მისი ბრენდის შექმნა სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და მას შემდეგ დღემდე უამრავი ეტაპი გაიარა და გარდაიქმნა.

2020 წლის იანვარში პანდემიამ მთელი მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ დროს ნინო ჩინეთში, კანადური საერთაშორისო სამეცნიერო კომპანიის პეკინის ფილიალში STEM-ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. თებერვალში, შვებულებით დაბრუნდა საქართველოში, თუმცა თვის ბოლოს უკან დასაბრუნებელი ბილეთი გაუუქმდა და უამრავი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა ჩინეთში გამგზავრება.

"ჩემს შემთხვევაში, კრიზისი იყო შთაგონება და შესაძლებლობა ახალი დასაწყისისთვის ნულიდან", − გვიყვება ნინო გელანტია, − "ერთი მხრივ, როდესაც რამდენიმე წელი არ გეგმავდი სამშობლოში დაბრუნებას, გქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახური, მუშაობდი დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თაუერში, ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან რთულია, სრულიად ახალ ცხოვრების წესს მოერგო, თან პანდემიაში. მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ენაზე საუბრობ, სამშობლოსგან ყველანაირად განსხვავებულ, უცხო ქვეყანაში და კულტურაში მუშაობ, ყოველდღიური გამოცდებით, საერთაშორისო კონკურენციით ძალიან იზრდები და, მართალია, არ გეგმავდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გსურდა შენს ქვეყანაში დაბრუნება.

საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე საქართველოში დარჩენა. ჩემს შემთხვევაში, კრიზისი იყო შთაგონება და შესაძლებლობა ახალი დასაწყისისთვის ნულიდან. დავესწარი მეწარმეობის ონლაინკურსებს, გავიარე უამრავი ტრენინგი და ერთი "ობობას ქსელის" გარშემო გავაერთიანე ან გარდავქმენი 2012 წლიდან 2020 წლამდე არსებული იდეები, გამოცდილებ, ცოდნა და პანდემიის პირველსავე თვეებში, თვითინვესტიციებით საკუთარი ონლაინბიზნესი შევქმენი".

ამჟამად ნინო ორ წარმატებულ ბიზნესს − GYRSA-სა (სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო-მარკეტინგული ორგანიზაცია) და "ინჰუას აკადემიას" მართავს. დღესდღეობით, კომპანიებს ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები და ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ კომპანიებიც:

  • კვლევა და მონაცემთა ანალიზი (მარკეტინგული, სოციოლოგიური და საგანმანათლებლო);
  • GYRSA-ს კონსალტინგი − ადგილობრივი სერვისები უცხოურ, ჩინურ კომპანიებს;
  • GYRSA-სა და "ინჰუას აკადემიის" საერთო კურსები პრაქტიკული და თანამედროვეობისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. ასევე, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ენების (ჩინური, არაბული, იაპონური და სხვა) შესწავლის კურსები;
  • კარიერის დაგეგმვისა და დასაქმების შესაძლებლობის სერვისი − თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან;
  • სასერტიფიკატო კურსები, კონფერენციები, საერთაშორისო სტიპენდიების შესაძლებლობა და სხვა.

"პანდემიის პერიოდში გვქონდა არაერთი საქველმოქმედო აქტივობაც: ვესტუმრეთ კახეთის 12 ტერიტორიაზე მცხოვრებ უსინათლო პირებს; ჯამში 10 000-ზე მეტი სტუდენტი უსასყიდლოდ დაესწრო ჩვენს ონლაინტრენინგებს ან ენის მასტერკლასებს და დაიწყო ახალი, გამოყენებადი პროფესიის შესწავლა.

ძირითადად, ჩვენივე მომხმარებლები გვიწევენ რეკომენდაციას. გარკვეულწილად, ჩინეთში მუშაობის დროს STEM და მარკეტინგში მიღებული გამოცდილებ, რჩევები მეხმარება (მაგალითად, ფერების ფსიქოლოგია ბრენდში, ფიბონაჩის თანმიმდევრობა ლოგოს დიზაინში და უამრავი სხვა), რათა საავტორო, უნიკალური სერვისები გავრცელდეს, ყოველთვის ასოცირებული იყოს ბრენდის ინდივიდუალიზმთან და ემოციასთან", − განმარტავს ნინო გელანტია.

როგორც თავად რესპონდენტი აღნიშნავს, მისთვის ბრენდზე მუშაობა ერთგვარი შემოქმედების პროცესი და კვლევის, სწავლის ეტაპია. მას თავიდანვე ჰქონდა გააზრებული, რომ, შესაძლოა, კომპანიებს 1-2 წელიწადში არანაირი მოგება არ მოჰყოლოდა ან რა მოგებასაც მოიტანდა, ისევ მის განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო. მისი აზრით, იმ ადამიანების მთავარი გამოწვევა, რომლებსაც ბიზნესის დაწყება სურთ, არის ის, რომ ადამიანს არ უნდა დაეზაროს ცოდნის დაგროვება, მით უმეტეს − საკუთარი ბრენდისთვის. თუ პიროვნებას თავად არ აინტერესებს თითოეული დეტალი, რასაც ქმნის, მხოლოდ "გაყიდვაზე" ორიენტირებული, სწრაფი შედეგი სურს და მომხმარებელს არ აგრძნობინებს, რომ მისთვის ღირებულ და გამოყენებად პროდუქტს სთავაზობს, ამ შემთხვევაში წარმატებულ ბიზნესს ვერ შექმნის. საკუთარი გამოცდილებით, ნინო დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, რომ მთავარია, სირთულეებსა და თავსატეხებში, რაც ბრენდის შექმნის თანმდევი პროცესია, იპოვონ შთაგონება და ხორცი შეასხან მას.

"მეც და ბრენდიც ყოველდღიურად ვსწავლობთ, ვვითარდებით და ერთად ვიზრდებით. ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია, თითოეული დღე ეთმობა ბრენდის კვლევას და მის გაუმჯობესებაზე მუშაობას. 2015 წელს ჩინეთში სწავლის დროს, გავიცანი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, რომელიც მუშაობდა VR-ის შექმნაზე და ამბობდა, რომ 7 წელი ფაქტობრივად არ გასულა ოფისიდან. მაშინ კი გამიკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი იდეის გამო, გარესამყარო დაივიწყოს, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან, როცა საკუთარ ბრენდზე მიწევს მუშაობა, ნათლად აღვიქვამ, თუ რამდენი დეტალია და მართლაც, რამდენ დროს მოითხოვს რაიმე ღირებულის შექმნა", − განმარტავს ნინო.

რაც შეეხება გუნდის წევრებს, ნინო გელანტიას შეხედულებით, ნებისმიერი საქმიანობისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული თანაგუნდელები. აუცილებელია, რომ თანაგუნდელისა და კომპანიის მიზნები ემთხვეოდეს ერთმანეთს. შემოქმედებითი და ინოვაციური გონება, ემოციური ინტელექტი, კვლევისა და სწავლის უნარი, პასუხისმგებლობა, თვითდისციპლინა, დროის მენეჯმენტი, შრომის ეთიკა, აკადემიური პატიოსნება − სწორედ ეს არის ის თვისებები, რომლებსაც ნინო ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევს გუნდის დაკომპლექტებისას. ნინო აღნიშნავს, რომ მის კომპანიაში უპირატესობა გამოცდილებაზე მეტად, ადამიანის პიროვნულ თვისებებს ენიჭება.

"ჩინეთში მუშაობის დროს მყავდა სამეცნიერო ასისტენტი, რომელიც ჩემ მიერ ჩატარებულ STEM-ლექციას პარალელურად თარგმნიდა. მახსოვს, ქვე-დირექტორმა ერთი თვის განმავლობაში 30-ჯერ შემიცვალა ასისტენტი. ეს ნიშნავდა, რომ ყოველდღე, ხელახლა სხვადასხვა ადამიანთან უნდა შემეთანხმებინა ერთი და იგივე. ხსნიდა იმით, რომ ჩვენი ტემპერამენტი, ემოციები, ხმის ტემბრიც კი, არ ემთხვეოდა ერთმანეთს, აუდიტორია იგრძნობდა ამას და ლექციას არ ექნებოდა კარგი რეიტინგი. ეს პროცესი გაგრძელდა, ვიდრე 31- ასისტენტმა არ გაამართლა. მთელი წელი ჩემი ასისტენტი აღარ შეცვლილა", განმარტავს მეწარმე.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმებს, ნინო უცხოურ კომპანიებთან აქტიურ თანამშრომლობასა და საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობას გეგმავს, ამაში კი, სწორედ ანტრეპრენერული სულისკვეთება დაეხმარება. ნინოს ხედვით, ანტრეპრენერი არის შემოქმედებითი პიროვნება, რომელსაც შესაძლოა არ ჰქონდეს კონკრეტულ სფეროში შესაბამისი ცოდნა, მაგრამ იკვლიოს, ისწავლოს, იშრომოს, შეიმუშაოს თვითდისციპლინა და თვითრწმენა. სწორედ ეს მუდმივი განვითარების სურვილია, რომელსაც დასახულ მიზნამდე მივყავართ.

"ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ანგელოზი რომ იყო, შესაძლ მაინც დაგიწუნონ ფრთები. მთავარია, რასაც ვქმნით, თავად გვწამდეს ამ იდეის. თანამედროვე მსოფლიოში სრულიად შესაძლებელია მცირე ბიუჯეტით დაწყებული ბიზნესი მყარ ბრენდად იქცეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, ზემოთ ჩამოვთვალე. ამიტომ, Go, Girls, Go!", − განმარტავს ნინო გელანტია.

მარიამ ლებანიძე"ლორუკა"

"ჩვენი კომპანიის "ლორუკას" ამბავი 2021 წლის დეკემბრიდან იწყება, როდესაც პირველი ლორის წარმოება დავიწყეთ, მაგრამ გაცილებით ადრე იწყება მისი ისტორია, რადგანაც როგორც ყველა ტრადიციულ რაჭულ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ლორის დამზადების ტექნოლოგია, არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისები. ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენს ოჯახშიც შეწყდა ლორის წარმოება, რადგანაც ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით და რაჭაში მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდით. შესაბამისად, გვიწევდა ლორის შეძენა და ბოლოს შეძენილმა ლორმა წარმოების დაწყების იდეა გაგვიჩინა, რადგანაც მას საერთოც კი არ ჰქონდა რაჭულ ლორთან, არც ვიზუალურად და არც გემოვნური თვისებებით. საქმის დაწყების ინსპირაცია იმედგაცრუება აღმოჩნდა და გვსურდა, მომხმარებლებს საშუალება ჰქონოდათ შეეძინათ და დაეგემოვნებინათ ნამდვილი ტრადიციული ლორი, ცივი შებოლვის ტექნოლოგიით დამზადებული", − გვიყვება მარიამ ლებანიძე.

მომდევნო ეტაპზე, ლორთან ერთად რამდენიმე პროდუქციაც − ორი სახეობის "სალა", ღორის ქონი და ლუდზე მისაყოლებელი ლორის ჩხირებიც დაამატეს, რაც მომხმარებლებში უდიდესი მოწონებით სარგებლობს. დღესდღეობით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად თბილისში, სხვადასხვა აგროფერმერულ ბაზრობებზე და ონლაინ ხორციელდება. ამასთან, "ლორუკას" გუნდი სხვადასხვა ორგანიზაციის წევრია და აქტიურად იღებს მონაწილეობას ამა თუ იმ გამოფენა-გაყიდვებზე.

როდესაც ბრენდზე მუშაობას იწყებდნენ, მარიამ ლებანიძის განმარტებით, ყველაზე დიდი გამოწვევა ბრენდის სახელი და ისტორია გახლდათ, ვინაიდან სურდათ გარკვეული დატვირთვა ჰქონოდა მას. ყველამ, ვისაც რაჭასთან შეხება ჰქონია, იცის რაჭული დიალექტის მახასიათებელი თვისება, როგორიცაა "კას" დამატება სიტყვების ბოლოს. მაგალითად, ბოთლი-ბოთლუკა, ღვინო-ღვინუკა და სხვა. სწორედ აქედან წარმოიშვა სახელი ლორი-ლორუკაც. მარიამის აღნიშვნით, მომხმარებელს ყოველთვის ღიმილს გვრის აღნიშნული სახელი და შინაარსითაც მარტივად ხვდება, რომ საუბარი რაჭულ ლორზეა. ასევე, ლოგოზე დატანილია მამას პროტოტიპი - ულვაშებიანი რაჭველი მზარეული.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პროდუქციის დამზადების ტრადიციის აღდგენაც გახლდათ. ლორის დამზადება ხანგრძლივ პროცესს და სხვადასხვა ეტაპს მოიცავს, რომელიც 3 თვემდე გრძელდება, წარმოება კი მხოლოდ დეკემბრიდან მარტის ბოლომდე არის შესაძლებელი, რადგანაც კლიმატური პირობები აუცილებელია პროდუქციის დასამზადებლად.

მარიამის აზრით, ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვინც არ უშინდება გამოწვევებს, სიახლეებსა და ეკლიან რთულ გზას, რადგანაც ზუსტად იცის, ნათლად ხედავს და მტკიცედ სჯერა, სად სურს მივიდეს და რა ისტორია უნდა მოუყვეს თავის მომხმარებელს.

"საკუთარი საქმე მოითხოვს უდიდეს შრომას, დროს, ენერგიას, გამძლეობას. ყველგან თან დაგყვება, მუდამ შენს გონებაშია, 24/7-ზე სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ყველა დაღლა სადღაც ქრება, როდესაც შენ პროდუქციით კმაყოფილი მომხმარებელი მადლობას გიხდის და გულით დიდ წარმატებას გისურვებს", − განმარტავს ანტრეპრენერი.

განათლებით მარკეტოლოგს კვების ტექნოლოგიაში გამოცდილება ამ დრომდე არ ჰქონია, თუმცა მშობლიური კუთხის სიყვარულმა გადააწყვეტინა შეეცვალა პროფესია და დაეწყო საკუთარი წარმოება. "ორი წელია მრავალ ტრენინგსა და კონსულტაციას გავდივარ კომპეტენტურ ადამიანებთან. ასევე, წელს ჩავაბარე კასპის პროფესიულ კოლეჯში, სადაც ვსწავლობ კურსზე "სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა საწარმოში". ვინაიდან ვგეგმავთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის საწარმოს აშენებას, პროდუქციის გამრავალფეროვნებას, სხვადასხვა ქსელურ მარკეტსა და კვების ობიექტში ჩვენი პროდუქციის შეტანას, ამისთვის სათანადოდ აღჭურვილი საწარმო აუცილებელია", − განმარტავს მეწარმე.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რას ურჩევდა მარიამი ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმის დაწყება სურთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, მეწარმე გვპასუხობს, რომ მნიშვნელოვანია, არ დანებდნენ და ოცნებაზე არ თქვან უარი. როცა მიაღწევენ საწადელს, გავლილი გზა სიამაყით გაახსენდებათ და იქნებიან მრავალი სხვა ადამიანის მისაბაძი მაგალითები. უნდა დაიჯერონ, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ ნებისმიერ სფეროში, მთავარია გულით უყვარდეთ საკუთარი წამოწყებული საქმე.

ნათია ბედენაშვილი BiserNati

ბრენდი "ბისერნათი/BiserNati" 2020 წლის ზაფხულში დაფუძნდა და მას შემდეგ მომხმარებლებს ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი მინერალებისგან დამზადებულ ფერგამძლე სამკაულებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აქსესუარების უმეტესობა არ მეორდება და მზადდება მხოლოდ ერთეული რაოდენობით.

"სამკაული ყოველთვის მიყვარდა, თავადაც ვამზადებდი ჩემთვის და მეგობრებისთვის. ჩემი გატაცება იყო, მიყვარდა საღამოობით განმარტოება და სხვადასხვა აქსესუარის დამზადება. ყველას მოსწონდა, დადებით შეფასებებს ვიღებდი და კითხულობდნენ, თუ სად შეიძლებოდა შეძენა. ოჯახის და მეგობრების გვერდი დგომით დაფუძნდა "ბისერნათი/BiserNati". ხშირად გამოვდივართ სხვადასხვა გამოფენზე, რათა ბევრმა ქალმა გაგვიცნოს და გახდეს ჩვენი ერთგული მომხმარებელი.

სულ ერთი კვირაა, რაც დავამატეთ ახალი სერვისი: სასაჩუქრე ბარათი/Gift Card. საჩუქრად სასურველი თანხის ბარათის გაგზავნისას, ადრესატ თავად შეძლებ აქსესუარის შერჩევა და შეძენა როგორც ონლა, ასევე ჩვენს პარტნიორ მაღაზიებში", − განმარტავს BiserNati-ის დამფუძნებელი, ნათია ბედენაშვილი.

ნათია პროფესიით ექიმი და ფინანსისტი გახლდათ, ახლა კი, უკვე მეწარმეა. მისი აღნიშვნით, უამრავი წელი დაუთმო სწავლა-განათლებასა და კარიერულ ზრდას. წლების განმავლობაში მუშაობდა უამრავ წარმატებულ კომპანიაში, სადაც არა მხოლოდ პიროვნულად განვითარდა, არამედ მიიღო ის რჩევები და გამოცდილება, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის სამომავლო განვითარებაში. ნათიას აზრით, სწორედ ასეთია ანტრეპრენერი − პიროვნება, რომელიც არის ცნობისმოყვარე, კრეატიული და არ ეშინია გარისკვის, ვინაიდან ყოველი ახალი წამოწყება ახალ გამოწვევასთან ასოცირდება.

"უნდა ვაღიარო და ვთქვა, რომ ძალიან შრომატევადია საკუთარი საქმიანობის წამოწყება. დიდ რესურს, ენერგიასა და დროს მოითხოვს. აკვირდები ყველა დეტალს, ყველა ნიუანსს. შენს თავს წარმოიდგენ მომხმარებლის ადგილზე და ცდილობ, მიაწოდო და შესთავაზო ის სერვისი, ომელსაც თავად მოითხოვდი სხვისგან. მარტო ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდებოდი, რომ არა ჩემი ოჯახი და მეგობრები, რომლებიც "ბისერნათის" დაფუძნების დღიდან გვერდი მიდგანან. მადლობა მინდა მათ გადავუხადო და ასევე, მადლობა ჩემს მომხმარებლებს. მათგან მიღებული თითოეული შეფასება თუ კომენტარი ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა", − აღნიშნავს მეწარმე.

"ბისერნათს/BiserNati"-ს საკმაოდ მასშტაბური სამომავლო გეგმები აქვს. კომპანიის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტ ქალს გაულამაზონ დღეები აქსესუარებით და გაუზიარონ ის სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეული სამკაულის შექმნისას აქსოვენ. ამ ეტაპზე აქტიურად ეძებენ პარტნიორს ქალაქ ბათუმში, სადაც უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავთ. რა თქმა უნდა, სამომავლო გეგმებში საზღვარგარეთ ექსპორტიც განიხილება, მათ შორის: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ჩეხეთი და სხვა.

რაც შეეხება ქალებს, რომლებსაც საკუთარი საქმის წამოწყება სურთ, ნათია ბედენაშვილი საკუთარი გამოცდილებით ურჩევს: "არასდროს თქვა არასდროს / Never Say Never − ეს არის ჩემი დევიზი. არასდროს თქვათ უარი საყვარელ საქმეზე. ბევრი იშრომეთ, აკეთეთ ყვარლით, გაუზიარეთ პოზიტივი ერთმანეთს, გაიღიმეთ და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ".


USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი