Get All Access for $5/mo

ტოკიოს საერთაშორისო გამოფენის შემდეგ, ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი პერსპექტივა უჩნდებათ საქართველო - ღვინის სამშობლო!

By ხატია გელოვანი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ღვინის ეროვნული სააგენტო

საქართველოში მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8000 წელიწადს ითვლის. უკვე მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი ქართველ მეღვინეებს უზარმაზარ ასპარეზსა და პერსპექტივებს უშლის. იზრდება საექსპორტო ქვეყანათა ჩამონათვალი, ქართული ღვინის ღირებულება და ინტერესი − როგორც პროდუქციის, ისე ქვეყნის მიმართ. ENTREPRENEUR ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, პროექტის "საქართველო− ღვინის სამშობლო" ხელმძღვანელს, დავით ტყემალაძეს ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებსა და ტოკიოში მიღწეული წარმატების შესახებ ესაუბრა.

2019 წლის მარტში ტოკიოში პროექტის "საქართველო − ღვინის სამშობლო" განხორციელება დაიწყო. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის "ქართული ღვინო", ეროვნული მუზეუმისა და საქპატენტის საერთო ძალისხმევის შედეგად, იაპონიაში პროექტის დაწყებას დიდი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

"საქართველო − ღვინის სამშობლო", უპირველესად, მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის დადებითად წარმოჩენას ემსახურება. ამავე დროს, ეს ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმ მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტის აქცენტირება ხდება, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართული ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა − ქართული იდენტობის ნაწილია. იდენტობის ნაწილია ქართული სუფრაც და ქართული გასტრონომიაც. ამიტომ ჩვენი პროექტი, ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებასაც ეხება − ყველაფერს, რაც გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს კი, თავისთავად, ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ღვინოსთან ერთად, დავიწყეთ ქართული სუფრის, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილის, წარდგინება, ჩვენი კულინარიის პრომოცია", − ამბობს დავით ტყემალაძე.

იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ, კერძოდ კი Sony Music Communication-ის მფლობელობაში არსებულმა უზარმაზარმა საგამოფენო სივრცე Terrada Warehouse-მა, პროექტს "საქართველო − ღვინის სამშობლო" უმასპინძლა. გამოფენა მარტში გაიხსნა და 2 თვე გასტანა. ღონისძიების ფარგლებში 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დიდი და შედარებით პატარა კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის პარალელურად, ტოკიოში 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია: მეტროსადგურებში, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი გადაადგილდება, ქართული ღვინის ათასწლოვანი ისტორიის შესახებ დამზადებული ბროშურები დარიგდა, გაიკრა პოსტერები და განთავსდა სხვადასხვა სარეკლამო მასალა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის, ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა გააცნო. ღონისძიებას ისეთი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორებიცაა Intourist Japan, Toyota Tsusho corporation, Turkish Air & Travel და სხვა.

ღვინის ექსპორტის კუთხით, იაპონია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს ტოკიოში ქართული ღვინის ექსპორტი 37%-ით გაიზaრდა. მსგავსი მასშტაბური აქტივობის დამსახურებით კი რიცხვის სტაბილურ ზრდას მომავალშიც ელოდებიან.

"ტოკიოში წასასვლელად 2-წლიანი მზადება დაგვჭირდა. ღვინის სახეობები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებზე მიგვაქვს, ბევრ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. განაცხადების მიღების შემდეგ თითოეულ მათგანს განვიხილავთ, ვმართავთ დეგუსტაციას, ვარჩევთ კომპანიებს. ეს ყველაფერი გამჭვირვალე და საჯაროა. ყველას გვესმის, რომ მსგავსი თემები უაღრესად საფრთხილოა და პრესტიჟთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლოა დარგისთვის და ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის", − აცხადებს დავით ტყემალაძე.

ბორდოსა და ტოკიოში განხორციელებული პროექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია. განსხვავდება აქცენტები, რომლებიც თითოეულ ექსპოზიციას და ჩატარებულ ღონისძიებებს უკავშირდება. თუკი 2017 წელს ბორდოში გამართულ ღვინის გამოფენაზე საქართველოს სამეცნიერო თემატიკა და ისტორიული არტეფაქტები ჰქონდა წარდგენილი, ტოკიოს შემთხვევაში აქცენტი ტრადიციისა და თანამედროვეობის საინტერესო სინთეზზე გამახვილდა.

Warpsquare − ასე ჰქვია ვიდეოტექნოლოგიას, რომლის დახმარებითაც ქართული ღვინის ისტორია ინტერაქციულ ვიდეოპროექტად გარდაისახა. ღვინის ეროვნული სააგენტოს და Sony-ის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჯგუფი იაპონიიდან და გერმანიიდან ესტუმრა, თბილისი და კახეთი მოიარა და ერთგვარი სარეკლამო ხასიათის ფილმი გადაიღო.

პროექტის ფარგლებში, ღვინის სამშობლოს შესახებ ვიდეოს ნახვა დამთვალიერებელს უკვე უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით შეეძლო.

"ჩვენმა პარტნიორებმა 360-გრადუსიანი ვიდეოპროექცია დაამზადეს. ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლო გრაფიკულ გამოსახულებასთან ხელის შეხებით კადრში ასახულ არტეფაქტზე სრულფასოვანი ინფორმაცია მიეღო. ასევე, გაერკვია თითოეული ღვინის სახეობების წარმოშობის ადგილი, მიეღო ინფორმაცია ქართული ვაზის სახესხვაობების შესახებ და ა.შ." − გვიყვება დავით ტყემალაძე.

ისეთი უნიკალური ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, რა გასაკვირია, რომ 8000-წლიან ღვინის წარმოების ისტორიას ასეთი დიდი ინტერესი გამოეწვია.

იაპონურ ბაზარზე ექსპორტის ზრდა კი, თავისთავად, მთლიან აზიურ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ დაინტერესების მატებას ნიშნავს, რადგან იაპონია რეგიონში სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის ერთგვარად მოკარნახე და ტონის მიმცემია.

"ღვინო და ღვინოსთან დაკავშირებული ეს უდიდესი კულტურა, დღევანდელობამდე რუდუნებით მოვიტანეთ ქართველებმა. მართალია, საბჭოთა კავშირის პერიოდში სრულიად განსხვავებული მიდგომა არსებობდა, მაგრამ უნიკალური ტრადიცია მაინც არ დაგვიკარგავს".

მსგავსი ტიპის პროექტები და გამოფენები თითოეული კომპანიისთვის დიდ და ახალ შესაძლებლობებს აჩენს. სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა მწარმოებელთა ხელშეწყობით, მსგავსი ტიპის გამოფენების სრული თუ თანადაფინანსებით გამოიხატება. მომდევნო ეტაპზე კი ყველაფერი თავად კომპანიებზეა დამოკიდებული, მათ საერთაშორისო მარკეტინგულ სტრატეგიასა და ნაწარმის ხარისხზე.

ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივები, ისე თავად მწარმოებლები განსაზღვრავენ. მთავარი, რა თქმა უნდა, ხარისხია. შემდეგი პრიორიტეტი კი მარკეტინგული სტრატეგიაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ექსპორტი ერთიორად გაიზრდება. გაიზრდება იმ ქვეყანათა რიცხვიც, რომლებშიც ქართველი მწარმოებლები საკუთარი პროდუქციის შეტანას მოახერხებენ.

"არც იმას გამოვრიცხავთ, რომ სრულიად ახალ და არატრადიციულ ბაზრებზე დავიწყოთ მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანია საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება".

"ჩვენს ღვინოს სხვათაგან სწორედ ათასწლოვანი, უწყვეტი ისტორია განასხვავებს. ყურძენი რა გარემოშიც მოდის, იქაურ, ავთენტურ თვისებებს იძენს. საქართველოს თითოეულ კუთხეში კი ავთენტური 500-ზე მეტი ჯიშის ვაზი გვხვდება. შესაბამისად, საოცრად მრავალფეროვანია ქართული ღვინის სახეობების ტიპები, არომატები. უცებ და ერთბაშად არაფერი ხდება. ღვინის ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ჩვენ საკუთარი, უნიკალური ადგილის დამკვიდრებას ვცდილობთ. იმედი გვაქვს, რომ 10-15 წელიწადში ქართული ღვინო ექსპორტის რაოდენობის მაქსიმუმს მიაღწევს და ისევე, როგორც შამპანისა და ბორდოს რეგიონებში, გასასაღებელი ზედმეტი წვეთიც კი არ დაგვრჩება. ქართული ღვინის ინდუსტრიაში განვითარების კულმინაცია ჯერ არ დამდგარა. ასეთი პროექტების დამსახურებით კი იმასაც მივაღწევთ, რომ როგორც კი ვინმე ღვინოს ახსენებს, ყველას საქართველო გაახსენდება".

მიზნები ამბიციურია. ღვინის ეროვნული სააგენტო პარტნიორ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად, ინდუსტრიის ხელშემწყობ ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტად ბორდოსა და ტოკიოში ჩატარებულ და მათი დონის სხვა პროექტებს მიიჩნევენ. ერთ სივრცეში თავმოყრილი ქართული ღვინის სახეობების ასორტიმენტი, ღვინის წარმოების დადასტურებული და გაცოცხლებული 8000-წლიანი ისტორია და მუდმივ რეჟიმში ახალი პარტნიორი ქვეყნების ძიება ქართული ღვინის ინდუსტრიის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი