ტრანსფერ ფრაისინგი: როგორ მყარდება წესრიგი საერთაშორისო ბიზნესში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერ ფრაისინგზე არსებული წარმოდგენები ჯერ კიდევ აბსტრაქტულია, რეალურად, საქმე გვაქვს მნიშვნელოვან მექანიზმთან, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის საგადასახადო რისკებზე, ფინანსურ სტაბილურობასა და საერთაშორისო ოპერაციების გამჭვირვალობაზე.
წარმოვიდგინოთ, რომ საერთაშორისო ჰოლდინგს საქართველოსა და გერმანიაში შვილობილი კომპანიები აქვს. ერთმა ფილიალმა პროდუქტი აწარმოა, მეორემ გაყიდა. იმ ფასზე, რომლითაც პროდუქტი შიდა ოპერაციებში გადაიცემა, დამოკიდებულია მოგების გადანაწილება ქვეყნებს შორის. სწორედ ამ ფასის მართებულად განსაზღვრისთვის არსებობს ტრანსფერ ფრაისინგის წესები, რომელიც კომპანიებს საერთაშორისო შიდა ჯგუფური გარიგებების საბაზრო ფასებით განხორციელებისკენ მოუწოდებს.
რა ვალდებულებებს აკისრებს ტრანსფერ ფრაისინგი კომპანიებს, რა ფორმით უზრუნველყოფს სამართლიან დაბეგვრას და როგორ შეუძლია BDO-ს, პრაქტიკული გამოცდილებით და სიღრმისეული ანალიზით მხარი დაუჭიროს ბიზნესებს, ეფექტურად მართონ ტრანსფერ ფრაისინგის ოპერაციები, BDO-ს საგადასახადო მიმართულების პარტნიორი, ქეთევან აბუსერიძე და საგადასახადო მენეჯერი, დავით აბესაძე საინტერესო თემით ექსკლუზიურად Entrepreneur-ისთვის.
რა ფუნქცია და მიზანი აკისრია ტრანსფერ ფრაისინგს თანამედროვე საგადასახადო სისტემაში?
ქეთევან აბუსერიძე: ტრანსფერ ფრაისინგი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ტექნიკური რეგულაცია, ის არის გლობალური ეკონომიკური სამართლიანობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რომელიც იცავს ქვეყნის ფისკალურ ინტერესებს და ამყარებს წესრიგს საერთაშორისო ბიზნესში. მისი მთავარი მიზანია, კომპანიებმა მოგება გადაიხადონ იქ, სადაც რეალურად იქმნება ეკონომიკური ღირებულება.
რა ტიპის ვალდებულებებს აკისრებს რეგულაციები კომპანიებს და როგორია მათი პრაქტიკული აღსრულების მექანიზმი?
დავით აბესაძე: საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიები წარადგენენ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს შიდა ჯგუფურ ოპერაციებში გამოყენებული ფასების შესაბამისობას საბაზრო პირობებთან. დოკუმენტაცია არ წარმოადგენს სტანდარტულ დეკლარაციას, ის უფრო ანალიტიკურ/შეფასებითი ანგარიშია და მოიცავს ფინანსურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ არგუმენტაციას. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მისი ყოველწლიურად მომზადების ვალდებულება, დოკუმენტაციის წარდგენის ვადა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეა და როგორც წესი, იგი სულ მცირე, ერთ კალენდარულ წელზე მზადდება. მაგალითად, თუ ქართულმა კომპანიამ პროდუქცია გერმანიაში თავის შვილობილს მიჰყიდა, მან დოკუმენტაცია საქართველოში, ხოლო გერმანულმა კომპანიამ გერმანიაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად უნდა მოამზადოს.
რით ჰგავს ან განსხვავდება ტრანსფერ ფრაისინგის პრინციპები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
დავით აბესაძე: ტრანსფერ ფრაისინგის ძირითადი პრინციპები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, შესაბამისად, საბაზრო ფასების პრინციპი, დოკუმენტაციის მომზადების ლოგიკა და შეფასების მეთოდოლოგია საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებს მისდევს. თუმცა გარკვეული ტექნიკური განსხვავებები მაინც არსებობს. მაგალითად, ასეთია დამოკიდებული მხარის განსაზღვრა წილობრივი ფლობის ნაწილში. ზოგ ქვეყანაში ერთი მხარე დამოკიდებულად ითვლება, თუკი მას 25%-იანი წილი აქვს კომპანიაში, მაშინ, როცა საქართველოში ამ სტატუსის მინიჭება 50%-ზე მეტი წილის ფლობას მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას შედარებითი ანალიზის მონაცემებზე - სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებულად განსაზღვრავს, რომელი ბაზრების მონაცემებს უნდა დაეყრდნოს კვლევა. ეს გავლენას ახდენს შესადარებელი კომპანიების ან ფინანსური მაჩვენებლების შერჩევაზე. საქართველოში მოქმედი მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ასევე ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია. მართალია, ეს მოდელი არ ახდენს პირდაპირ გავლენას ტრანზაქციის საბაზროობის დადგენაზე, მაგრამ სპეციფიკას განსაზღვრავს იმასთან მიმართებით, თუ როდის იბეგრება შესაძლო ფასთა შორის სხვაობა.
რა არის მთავარი სტრატეგიული და პრაქტიკული გამოწვევა ტრანსფერ ფრაისინგის სფეროში დღეს?
ქეთევან აბუსერიძე: ტრანსფერ ფრაისინგის სფეროში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად გადამხდელებში ინფორმაციის ნაკლებობა რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი რეგულაციები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ჯერ კიდევ 2011 წელს ამოქმედდა, პრაქტიკაში კონტროლის მექანიზმები მოგვიანებით, შემდეგ წლებში გააქტიურდა. შემოსავლების სამსახური პროაქტიულად ახორციელებს კომპანიებისგან სატრანსფერო ფასებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენაზე მოთხოვნის ინიცირებას. თუმცა პრაქტიკაში ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ ეს რეგულაცია მასზე ვრცელდება.
რა სანქციები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია არ წარედგინება, ან წარედგინება არასრულად?
დავით აბესაძე: ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაციის წარუდგენლობაზე ან არასრულად წარდგენაზე კონკრეტული სანქციები კანონით არ არის განსაზღვრული. თუ კომპანია არ უზრუნველყოფს დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება, ოპერაციები დამოუკიდებლად შეაფასოს, რაც ხშირად კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო დავის საფუძველი ხდება. ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილების გაბათილება რთულია – პროცესი გადადის საჩივრის განხილვისა და დავის ეტაპებზე, რაც ხანგრძლივი პროცესია. ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია კომპანიას ეხმარება განსაზღვროს საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციის შესაბამისობა გაშლილი ხელის პრინციპთან და გამოვლენილი სხვაობის შემთხვევაში, საშუალებას აძლევს, თავად უზრუნველყოს შესაბამისი გადასახადის ადმინისტრირება. ამავდროულად, იგი მას მხარს უჭერს, სამომავლო ოპერაციები დაგეგმოს ეფექტურად გაშლილი ხელის პრინციპთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
რას სთავაზობს კომპანიებს BDO ტრანსფერ ფრაისინგის მიმართულებით?
ქეთევან აბუსერიძე: BDO-ს არჩევით, კომპანია იღებს არა მხოლოდ ტექნიკურ სერვისს, არამედ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტი ეყრდნობა ინდუსტრიულ ანალიზს, ეკონომიკურ კონტექსტს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, ითვალისწინებს ფასების შედარებას და კომპანიის სპეციფიკას. როგორც საერთაშორისო ქსელის წევრ კომპანიას, გვაქვს სფეროს მრავალმხრივი ექსპერტიზა და მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებსა და ექსპერტებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ კონკრეტული ქვეყნის რეგულაციები, ბიზნესგარემო და პრაქტიკა. ჩვენი მასალები მზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტი ადვილად გასაგებია როგორც საგადასახადო ორგანოს, ისე ოპერაციაში მონაწილე მხარეებისთვის, მათ შორის უცხოელი პარტნიორებისთვის. ჩვენი სერვისის მთავარი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე დოკუმენტაციის მომზადება - ჩვენთვის პრიორიტეტია რისკების პრევენცია და კომპანიებისთვის რეალური ფასეულობის შექმნა. როდესაც ბაზრის პირობები იცვლება ან ოპერაცია სტანდარტულ ჩარჩოში ვერ ჯდება, ვახორციელებთ ანალიტიკურ შეფასებას სწორი არგუმენტაციისა და გამჭვირვალე სტრატეგიის გამოყენების პირობებში. მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც დაგროვილია დოკუმენტაციის მომზადების, მისი შემოსავლების სამსახურში წარდგენის, კომპანიების საგადასახადო დავების წარმართვის კუთხით, გვაძლევს ყველანაირ საშუალებას, ჩვენ მიერ მომზადებული მასალები იყოს მკაფიო, არგუმენტირებული და დამაჯერებელი.
ტრანსფერ ფრაისინგის რეგულაციები გლობალური ბიზნესის თამაშის წესებია, რომელიც ქმნის სამართლიან და მდგრად გარემოს საერთაშორისო ოპერაციებისთვის. საქართველოში ეს წესები სულ უფრო მეტად ექცევა ბიზნესსექტორის ყურადღების ცენტრში და გარდაუვალი ხდება როგორც რეგულაციების დაცვის, ისე გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში. BDO, როგორც გამოცდილი ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული მხარდაჭერისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რომ კომპანიებმა ტრანსფერ ფრაისინგი აღიქვან როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი სტანდარტი და არამხოლოდ რეგულატორული მოთხოვნა.