"ციფრული ტრანსფორმაცია" - იუნესკოს პროექტი შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შემოქმედებითი საქართველო 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს და ხელს უწყობს შემოქმედებით მეწარმეებს გაძლიერებაში. პროექტი "ციფრული ტრანსფორმაცია" ხორციელდება UNESCO-ს ფინანსური მხარდაჭერით და იგი მიზნად კულტურული ორგანიზაციების გაციფრულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შესაბამისი უნარების გამომუშავებას ისახავს.
დღევანდელ ეპოქაში, სადაც ციფრული გარემო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მნიშვნელოვანია, კულტურული ორგანიზაციები ციფრულ სამყაროში სრულფასოვნად იყვნენ წარმოდგენილი. ციფრულმა ტრენდებმა ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში შეაღწია, მათ შორის შემოქმედებით ინდუსტრიებში. ბოლო წლებია, აღნიშნული ინდუსტრიების სექტორების წარმომადგენლებისთვის ციფრულ სივრცეში პოზიციონირება თავის დამკვიდრებისა და გადარჩენის ერთადერთი გზაა.
"შემოქმედებითი ბიზნესების გაციფრულება აღარ აღიქმება მხოლოდ ტექნიკურ პროცესად. აღნიშნული მოიაზრებს ბევრ ისეთ ასპექტს, რის გარეშედაც შეუძლებელია მომხმარებელს შესთავაზოს სერვისი ან პროდუქტი; დააინტერესოს სამიზნე აუდიტორია საკუთარი შემოქმედებით; მიიღოს შემოსავალი ამ საქმიანობიდან. ციფრული ტექნოლოგიები ამარტივებს კომუნიკაციას, ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფ და ფართომასშტაბიან გავრცელებას, დაინტერესებული მხარეებისა და მომხმარებლების მოზიდვას, საავტორო კონცეფციის გაძლიერებას და სხვადასხვა მედიუმში ასახვის შესაძლებლობას", - ქეთევან ეფაძე, კულტურული კვლევების დოქტორი, პროექტის მკვლევარი.
იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და განხორციელდება 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში. "ციფრული ტრანსფორმაცია" გამოიკვლევს შემოქმედებით ინდუსტრიებში გაციფრულების მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს გაციფრულების შესახებ ცნობიერების გაზრდას, ასევე, გადაამზადებს კულტურული ორგანიზაციების თანამშრომლებს და აუმაღლებს მათ შესაბამის კომპეტენციას. პირველი ეტაპი მოიცავს კვლევას, რომელიც გამოარკვევს შემოქმედებით ინდუსტრიებში გაციფრულების მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს, ასევე, მოიძიებს საერთაშორისო კარგ პრაქტიკებს, რომელთა ინტეგრირება შესაძლებელია საქართველოს სივრცეში. გამოიკვლევს გაციფრულებისა და ტურიზმის ურთიერთკავშირს, რათა აამაღლოს ცნობიერება გაციფრულების სიკეთეების შესახებ. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სატრენინგო მოდულის შედგენასა და ტრენინგების ჩატარებას შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული აქტივობის მიზანია, უშუალოდ, კვლევაზე დაფუძნებული მიგნებების შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდის დანერგვა ბენეფიციარებში, რათა მოხდეს ციფრული სამყაროს ინტეგრირება კულტურული ორგანიზაციების ყოველდღიურ საქმიანობაში. ინიციატივის მესამე ეტაპი მოიცავს: ა) სატრენინგო მოდულის დაბეჭდვასა და კულტურული ორგანიზაციებისთვის გაზიარებას ციფრულად და ფიზიკურად, რაც იქნება ე.წ. სახელმძღვანელო დოკუმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის და ბ) ტრენინგების ფარგლებში მონაწილე კულტურული ორგანიზაციებისთვის დემოვერსიის ვებგვერდის შექმნასა და გატესტვას.
"გაციფრულების პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს სასიხარულო ძვრები შემოქმედებით ინდუსტრიებში. თუმცა ამ მოსაზრებას ვერ განვაზოგადებთ ყველა ორგანიზაციასა თუ არტისტზე. შემოქმედებითი სექტორის კვლევა დიფერენცირებულ სურათს გვაჩვენებს და მაკროპროცესების სიცხადისთვის ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ერთი მხრივ, აქ შეიმჩნევა უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება გამოფენების, ინსტალაციების, მუსიკალური თუ საშემსრულებლო პერფორმანსების გამართვისას; მეორე მხრივ კი, გვყავს ორგანიზაციები და არტისტები, რომელთაც არ იციან, რა სიახლეებია მათი საქმიანობის სფეროში, როგორ შეიძლება ციფრული ტრენდები მათ შემოქმედებას დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში ვხვდებით ცნობიერების ამაღლების საჭიროებას. გარდა ამისა, სხვა გამოწვევებად შეიძლება დავასახელოთ განვითარებადი ქვეყნებისთვის არსებული პრობლემები - ფინანსები, ადამიანური რესურსი, ინფრასტრუქტურა", - ქეთევან ეფაძე, კულტურული კვლევების დოქტორი, პროექტის მკვლევარი.
კვლევამ აჩვენა, რომ შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და არტისტების სრული უმრავლესობა იყენებს სოციალურ მედიას კომუნიკაციისთვის, მათ შორის დიდი წარმატებით სარგებლობს ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტიკტოკი. ორგანიზაციების ნაწილი, ასევე, იყენებს ვებსაიტს და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე სპეციფიკურ არხებს, როგორიცაა სპოტიფაი მუსიკალურ სექტორში. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის გაძლიერება სხვადასხვა დონეზე მოითხოვს ცვლილებებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და ციფრული მექანიზმების ინტეგრირება შემოქმედებით საქმიანობაში. ასევე, შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და არტისტებისთვის ფონდების მოძიების სტრატეგიების სწავლება და ამ მიმართულებით გამოცდილების დაგროვება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება. აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბევრი ქვეყანა მუშაობს კანონზე, რომელიც სავალდებულო შემოქმედებით სექტორში გაციფრულებას წაახალისებს. უნგრეთმა მსგავსი კანონი უკვე მიიღო. ასევე, მნიშვნელოვანია გაციფრულების პროცესის პრიორიტეტულ რანგში დაყენება. კვლევის პროცესში ჩართულია უნგრელი მკვლევარი, თეკლა ბალოგ ბოდორი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობით გასცემს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება შემოქმედებითი ინდუსტრიების გაციფრულების პროცესში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის გაძლიერება და არსებული რესურსებით ეტაპობრივად სასიკეთო ცვლილებების მიღწევა.
კვლევის დასრულების შემდეგ პროექტის მეორე ფაზა გულისხმობს შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისა და კულტურული ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ ტრენინგების ჩატარებას. ეს იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი, სადაც მონაწილეები შეძლებენ აითვისონ გაციფრულების საბაზინო უნარები, ციფრული ტენდენციები და საშუალებები, ვებგვერდების შექმნა, სოციალური მედიის მართვის ტექნიკები და სხვა.
"საქართველოს შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს შემოქმედებით ინდუსტრიებში კვლევისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტი "ციფრული ტრანსფორმაცია" არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, დავეხმაროთ სხვადასხვა სექტორს გაფიცრულების პროცესში, მათ შორის - ავამაღლოთ ცნობიერება ციფრული ტრანსფორმაციისა და მექანიზმების შესახებ, გავაზიაროთ არსებული სიკეთეები და ხელი შევუწყოთ ჩვენი პროექტის მონაწილეებს შესაბამისი უნარების ჩამოყალიბებასა და კომპეტენციის გაზრდაში. ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერს იუნესკო და ერთად ვცდილობთ უკეთესი გარემოს შექმნას შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის", - თინათინ ბაღაშვილი, პროექტის მენეჯერი.