Get All Access for $5/mo

ცხოვრება VUCA სამყაროში მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის მიჯნაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლელი ბლაგონრავოვა

ვინ იფიქრებდა, რომ ამერიკული სამხედრო ჟარგონი - VUCA – მალე მთელი სამყაროს ცხოვრების ახალი წესის ამსახველ ტერმინად იქცეოდა. თავდაპირველად ვორენ ბენსის და ბერტ ნანუსის მიერ 1987 წელს გამოყენებული ეს აკრონიმი, დღეს საქმიან გარემოში სულ უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვაა და ოთხი გამოწვევის ერთდროულად არსებობის მდგომარეობას აღნიშნავს - Volatility, Uncertainty, Complexity, Ambiguity.

V-olatility - ცვალებადობა. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტოდ ცვალებად გარემოში. ცვლილებები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს ისინი სულ უფრო და უფრო სწრაფად იჩენს თავს. სწორედ ცვლილებების სისწრაფე - როგორც ტექნოლოგიური პროგრესის გარდაუვალი გვერდითი მოვლენა - აქცევს დღევანდელ გარემოს განსაკუთრებულად. მაგალითად, ინტერნეტმა დაამკვიდრა გადაუდებელი რეაგირების კულტურა, რასაც ზოგჯერ "სისწრაფის დიქტატურას" უწოდებენ. ცვლილებების აჩქარება ყველგან თვალსაჩინოა - გეოპოლიტიკური რყევები, ფინანსური ბაზრები, ტექნოლოგიების დანერგვის ტემპი. ამას დაემატა ვირუსული ინფექციები - COVID-19 გავრცელების მაჩვენებლები ექსპონენციალური მოდელით იზრდება. ასეთი სწრაფი ცვლილებების სრულყოფილად აღქმა და შეფასება ადამიანის კოგნიტური უნარებისთვის საკმაოდ რთულია.

U-ncertainty - დაურწმუნებლობა. ან იგივე მერყეობა. როგორც არ უნდა ვთარგმნოთ ეს სიტყვა, მასში იგულისხმება გარემო, სადაც არაფერში ვართ ბოლომდე დარწმუნებული. სადაც ყოველი შემდეგი დღე არასტაბილურია და წარმოუდგენელია იწინასწარმეტყველო როგორ განვითარდება სიტუაცია. წარსული გამოცდილება, "ქეისები" და საუკეთესო მაგალითები კარგავენ თავის მნიშვნელობას, რადგან მათი მორგება არსებულ მოვლენებზე და პროგნოზირების მიზნით გამოყენება უკვე უსარგებლოა. ერთი შეხედვით საინტერესო მდგომარეობაა, შემოქმედებითობას ასტიმულირებს. მაგრამ მეორე მხრივ, ართულებს ინვესტირების გადაწყვეტილებას, აფერხებს ორგანიზაციულ განვითარებას, რადგან მიმდინარე "ტექტონიკური ძვრების" შედეგად, უცნობია როგორ გადანაწილდება გლობალური თუ ადგილობრივი ეკონომიკა, ან რა ელის კონკრეტულად რომელიმე ინდუსტრიის მომავალს.

C-omplexity - სირთულე. მრავალშრიანი, მრავალმხრივი, ურთიერთდაკავშირებული გამოწვევები. ეს ის ძველი ნაცნობი პრობლემები აღარ არის, ეს ბევრად უფრო კომპლექსური პრობლემებია, ვიდრე როდესმე ყოფილა. სირთულე უკავშირდება ერთმანეთზე გადაჯაჭვულ საკითხებს, რომელთა მოგვარება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ასევე ართულებს მდგომარეობას ჩვენი ცოდნის შეზღუდულობა უახლეს მიღწევებში - ციფრულ ტექნოლოგიებში, ხელოვნურ ინტელექტში, ნეირო ფსიქლოგიაში და სხვა. რადგან გარემო მოითხოვს რთული ადაპტაციური სისტემების მრავალკომპონენტიან მართვას - კორდინირებულ მექანიზმებს, ინოვაციურ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურულ მიდგომებს.

A-mbiguity - ბუნდოვანება. ასეთ გარემოში არაფერია ბოლომდე ნათელი და განსაზღვრული. ინფორმაცია, რომელსაც ვღებულობთ, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და პარადოქსულია. სიტუაციის მოულოდნელი განვითარება არღვევს მიზეზ-შედეგობრივი კავშირებზე აქამდე არსებულ წარმოდგენებს და ართულებს მათ აღმოჩენას. ეს ყოველივე აღრმავებს ინდივიდების ისედაც დაკარგულ კავშირს ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ასეთ პირობებში, გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი სიტუაციური და რეაქტიულია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შედეგების რაციონალურად გათვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

90-იან წლებში, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, სოციალისტური სისტემის დანგრევამ ამერიკულ სამხედრო წრეებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. სწორედ ამ პერიოდში გახდა VUCA ტერმინი პოპულარული აშშ სამხედრო ომის კოლეჯში [U.S. Army War College] და ასახავდა სამხედრო ლიდერებში ცივი ომის შემდგომ გაურკვევლობას. 2002 წლიდან კი VUCA სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა ზოგადად, სტრატეგიული ლიდერობის კონტექსტში და მიუთითებდა იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც დგანან ლიდერები თანამედროვე გარემოში გადაწყვეტილებების მიღებისას.

ეს კონცეფცია კიდევ უფრო აქტუალური გახდა დღეს, როდესაც VUCA რეალობა ყველას შეეხო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, კლაუს შვაბის მიხედვით, სახეზეა მე-4 ინდუსტრული რევოლუცია და როგორც ყველა აქამდე არსებული ინდუსტრიული რევოლუციების დროს ხდებოდა, დღესაც ამ გარდამავალ პერიოდს უამრავი გაურკვევლობა და სირთულეები ახლავს თან.

არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც შესაძლებლობები და სარგებელი არ მოჰქონდეს: პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს ორთქლის ძრავის გამოგონებამ ადამიანის კუნთის ძალა მექანიკური ძალით ჩაანაცვლა. მე-2 რევოლუციისას, ელექტროობამ და წარმოების ხაზებმა მას-პროდუქციის შექმნის საშუალება მოგვცა. მე-3 შედეგად, ციფრული კომპიუტერიზაციის და ინტერნეტის დახმარებით, ავტომატიზირებული წარმოება და ურთიერთ-დაკავშირებული სამყარო მივიღეთ.

მაგრამ მე-4 რევოლუცია, შვაბის დაკვირვებით, ყველა აქამდე არსებულ რევოლუციაზე ბევრად უფრო დიდი ცვლილებების მომტანია. ის შლის საზღვრებს ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის. ის ეხება არა მხოლოდ ინდუსტრიულ პროცესებს, როგორც ეს წინა შემთხვევებში ხდებოდა, არამედ საზოგადოების ყველა ასპექტს, გვეხება ჩვენ, როგორც ინდივიდებს. ის ცვლის ჩვენს კომუნიკაციის წესებს, პირად სივრცეებს და საზოგადოებრივ მოწყობას, იმას თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვურთიერთობთ და როგორ ვმუშაობთ.

ბუნებრივია, ასეთი სისტემური ცვლილების პროცესში ყველა ვიმყოფებით ახალ, VUCA გარემოში. ეს ყოველივე განსაკუთრებულად საგრძნობია ლიდერებისთვის, ინვესტორებისთვის, ანტერპრენერებისთვის, რადგან არაორდინალური პირობები ზემოქმედებს მაკრო და მიკრო გადაწყვეტილებებზე. რამდენად შემოქმედებითი და შესაძლებლობებით სავსეც არ უნდა იყოს ახალი რეალობა, ასეთ ცვალებად და ბუნდოვან გარემოში ეფექტური ფუნქციონირება არც ისე მარტივია და ლიდერებისგან განსაკუთრებულ განწყობას, ცოდნებს და უნარებს მოითხოვს:

  1. პირველ რიგში საჭიროა მენტალური ცვლილება - მოვლენების მასშტაბური და სრულად ახლებური გაცნობიერება და ხედვა.
  2. ახალი ცოდნის მიღება, სწავლა და განვითარება - ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ სინამდვილეში, ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი კომპეტენციების შეძენა ყველა აქტუალურ სფეროში, და მათ შორის ტექნოლოგიების მიმართულებითაც, რაც ყველა ინდივიდის და ორგანიზაციის მომავალია.
  3. და ბოლოს, ლიდერის ადაპტაციური უნარები - ემოციური სიმტკიცე, ემოციური ელასტიურობა, სწრაფი აღდგენის უნარი, სწრაფი მოგვარების უნარი, სწრაფი რეორგანიზების უნარი, ოპტიმიზმის შენარჩუნება, მიმღებლობა - ეს და ემოციური ინტელექტის სხვა კომპეტენციები ხდის შესაძლებელს, რომ დავძლიოთ კრიზისული სიტუაციები და მოვერგოთ მოულოდნელობებით აღსავსე, საინტერესო, მაგრამ უპრეცენდენტოდ რთულ გარემოს.
მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი