Get All Access for $5/mo

ცხოვრებასთან და ფულთან დაკავშირებული 7 გაკვეთილი, რომელიც ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თაობებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს – ეს ახალგაზრდებსაც ეხებათ და ხანდაზმულებსაც, თუმცა ასაკს არ აქვს მნიშვნელობა და სწორედ ეს ხდის სიცოცხლეს კიდევ უფრო საინტერესოს. ამ განსხვავების მიუხედავად, არ შეცვლილა ძირითადი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიო ცხოვრებაში წარმატებას.

მე ორი ვაჟი, ქალიშვილი და რამდენიმე შვილიშვილი მყავს, და უახლოეს მომავალში პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, უწინდებურად ვხელმძღვანელობ მილიარდობით დოლარად შეფასებულ კაპიტალის მართვის კომპანიას, სადაც ათწლეულები გავატარე და ამავე დროს, ჩემს მეცამეტე წიგნზეც ვმუშაობ.

ასეთი პრაქტიკული გამოცდილება ცოტას თუ ექნება და ამიტომ გთავაზობთ ცხოვრებასთან და ფულთან დაკავშირებულ 7 გაკვეთილს, რომელიც ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს:

1. პროფესიონალი სადილზე (ვირტუალურად) მიიწვიეთ

მომავლის განჭვრეტაში ყველაზე მეტად წარსულის ცოდნა დაგეხმარებათ და ამიტომ ყოველთვის ვურჩევ ახალგაზრდებს, თავიანთი კომპანიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანები ან ისინი, ვინც იქ ძალზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ, სადილზე მიიწვიონ. თუ ისინი დღესაც მუშაობენ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რაღაც იციან, რის გაზიარება თქვენთვისაც შეუძლიათ.

ისინი სიამოვნებით დაგთანხმდებიან, გამოცდილებასაც გაგიზიარებენ და თავიანთ ისტორიებსაც გაიხსენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ სთხოვთ. ამ დროს, მათი ისტორიების წყალობით სრულიად სხვაგვარად შეაფასებთ მოვლენებს და სხვა წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენს ბიზნესსა და ინდუსტრიაზე. ეს ბევრად ფასეული იქნება თქვენთვის, ვიდრე სრულიად არაფრისმომცემი უთვალავი შეხვედრა, რომლებსაც რეგულარულად ესწრებით. თუმცა, ამ პანდემიის დღეებში, ეს სადილი დიდი ალბათობით ვირტუალური უფრო იქნება.

მართალია, ამ შემთხვევაში გარემო ნაკლებად ინტიმური აღმოჩნდება, მაგრამ ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. თქვენ დროს მოიგებთ და თან, არცთუ ცოტას: არც მიმტანს დაელოდებით, არც საჭმელს და არც ჩეკს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც მომაკვდინებელი ვირუსების შეგეშინდებათ.

2. არასოდეს დაურეკოთ ან მისწეროთ დაკავებულ ადამიანს ორშაბათ დილით

დაკავებული ადამიანები თავიანთ საქმიან კვირას როგორც წესი, ორშაბათ დილით იწყებენ და ალბათ ყველაზე ნაკლებად თქვენი ხმის მოსმენა სურთ. საქმე ის არის, რომ მათთვის თქვენთან ურთიერთობა აუცილებლობას არ წარმოადგენს და ბუნებრივია, თუ ეს საუბარი არაფრის მომტანი იქნება მათთვის, არც დროის დაკარგვას მოისურვებენ.

თუ ორშაბათ დილით დარეკავთ, ძალიან გააღიზიანებთ მათ, ამიტომ სჯობს სამშაბათს, შუადღისას დაურეკოთ, ან კიდევ, სადილის შემდეგ. ამ დროისთვის დაკავებული ადამიანები უფრო მეტი ალბათობით პასუხობენ ზარებს, რადგან ისინი უკვე სამუშაო ფორმაში არიან.

3. ესე იგი, თქვენ ბიზნესის დაწყება გსურთ...

რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, რომელიც დიდ დროსა და ფულს დაგიზოგავთ (იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამწყები ანტრეპრენერი არ ხართ):

სწრაფად იმოქმედეთ. ბიზნესგეგმა საერთოდ დაივიწყეთ. მე უთვალავი ანტრეპრენერი მინახავს, რომლებიც თვეებს ანდომებდნენ სხვადასხვა კვლევის ჩატარებასა და ცხრილების შედგენას. უკეთესი იქნება, თუ ორგვერდიან გეგმას შეადგენთ, რომელიც თქვენი ბებიისთვისაც კი გასაგები იქნება და შემდეგ დაუყოვნებლივ გადახვალთ შემდეგ პუნქტზე.

საქმეზე გადადით და თქვენი მომსახურება გაყიდეთ! ფული შეაგროვეთ. ისეთი კლიენტები მოძებნეთ, რომლებიც დითირამბებს გიმღერებენ და ზედმეტად ნუ ინერვიულებთ თქვენს მარჟაზე. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, ეს იქნება დადასტურება იმისა, რომ ამ სამყაროში ვიღაცას ნამდვილად სურს ის, რასაც თქვენ ქმნით.

ახალგაზრდობიდანვე დაიწყეთ საქმიანობა. ასაკის მატებასთან ერთად ყველაფერი უფრო რთული ჩანს. ზოგიერთებს მოსწონთ საკუთარი ბიზნესის წარმოების იდეა, მაგრამ თუ ძალიან გვიან იწყებენ, გამბედაობა არ ყოფნით, ან საკუთარ თავს გარისკვის უფლებას ვერ აძლევენ. არ დაივიწყოთ, რომ თქვენ სავარაუდოდ რამდენიმეჯერ მოგეცარებათ ხელი, მაგრამ ჭეშმარიტი ანტრეპრენერი საბოლოოდ მაინც ყოველთვის მიაღწევს წარმატებას.

ბუღალტერია შეისწავლეთ. ეს კურსი ჰარვარდის სკოლაში გავიარე და ის ჩემთვის ნამდვილად შეუცვლელი აღმოჩნდა. მე ფინანსებს ან ეკონომიკას კი არ ვგულისხმობ, ზარალი/მოგების ანგარიშებისა და ბალანსების კითხვა მაქვს მხედველობაში. თუ ამას შეძლებთ, უფრო ეფექტური ურთიერთობა გექნებათ ფინანსისტებთან და უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს პოტენციურ პარტნიორებთან და მყიდველებთან.

ბიზნესიდან გასვლის სტრატეგიას ადევნეთ თვალი. მე ისეთ ინდუსტრიაში ვიყავი, სადაც უამრავი ჭკვიანი ადამიანი ტრიალებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ამ სტრატეგიას არასოდეს განიხილავდნენ, სანამ ძალიან გვიანი არ აღმოჩნდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა რა თანხის ინვესტიციებს განახორციელებთ და რამდენს დახარჯავთ (რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად განსხვავებული განაკვეთებია ქონების ზრდის შემოსავალზე გრძელვადიან პერიოდში), გადაწყვეტილებებმა, რომლებსაც ძალიან ადრეულ დღეებში მიიღებთ, შესაძლოა ლოგიკურად მიგვიყვანოთ ბიზნესიდან გასვლამდე, ან კიდევ, შეიძლება საბოლოოდ დაგიკეტოთ კარი.

4. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავისგან ვერ იხსნი

საკუთარი მწარე გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ხან რას მოითხოვენ და ხან რას, განსაკუთრებით ხშირად კი, თქვენს დროს ითხოვენ. ეს იგივეა, აქციები გქონდეთ, რომელთა ყიდვაც თქვენი აზრით, კარგი იდეა იყო. თქვენ $50-ად იყიდეთ ისინი, იცოდით, რომ მომგებიანი იქნებოდა თქვენთვის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, აქციების ფასი დაეცა. თქვენ დაიტოვეთ ეს აქციები, იმ იმედით, რომ მათი ფასი $45-ზე დაბლა არ ჩამოვიდოდა. მაგრამ, $40-ზე ჩამოვიდა და დაჯერებაც არ გსურდათ, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდით. ბოლოს, მათი ფასი $20-ზე ჩამოვიდა, თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ ამის ყურება და ყიდით ამ აქციებს.

რამდენად სასტიკადაც უნდა ჟღერდეს, თქვენ უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ურთიერთობებშიც გექნებათ დანაკარგები. ფაქტია, რომ ურთიერთობებსაც აქვს უარყოფითი მხარეები და თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს იმის ცოდნა, თუ რა "იწოვს" მთელ თქვენს ენერგიასა და მთელ თქვენს ფულს.

5. თქვენს ფინანსურ მრჩევლებს სწორი შეკითხვები დაუსვით

ეს შეკითხვები თითქმის არასოდეს არავის დაუსვამს ჩემთვის. ეს მთავარი შეკითხვებია, რომლებიც ნებისმიერს უნდა დაუსვათ, ვინც ფინანსურ საკითხებში გეხმარებათ:

"რას ფიქრობთ ინვესტირების საკითხებზე?"

თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი მოსაზრებების ჩამოყალიბებას სრულიად მარტივი ენით რამდენიმე წინადადებაში, ძიება განაგრძეთ.

"რა იყო თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრიუმფი ბაზარზე? რა გადაწყვეტილების მიღებამ მიგიყვანათ ამ ტრიუმფამდე? რა ისწავლეთ ამ პროცესის მაგალითზე?"

შემდეგ ეს ჰკითხეთ: "რას იტყვით თქვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომაზე? რა მოხდა არასწორად და რა ისწავლეთ?"

"რა გხდით თავდაჯერებულს? სად აბანდებთ თქვენს ფულს?"

ბევრ ადამიანს, ვისაც თქვენი ფულის გაკონტროლება სურს, საკუთარი კაპიტალი არ გააჩნია. მე ვისურვებდი, რომ ფინანსური მენეჯერიც იღებდეს მონაწილეობას თამაშში, და საკუთარ თავზე გამოცადოს ყველაფერი, რასაც აკეთებს. ასე რომ, თუ მათ არ შეუძლიათ დამაჯერებელი პასუხი გასცენ თქვენს შეკითხვას, ძიება განაგრძეთ.

6. საკუთარი უპირატესობის შეგრძნება ადრე თუ გვიან დაგღუპავთ

თუ არ ფიქრობთ, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ, იცოდეთ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მე საინტერესო ბავშვებთან ერთად ვსწავლობდი კოლეჯში, რომლებიც სპორტშიც წარმატებულები იყვნენ და სოციალურ ცხოვრებაშიც. მათ უპირატესობის გრძნობა ჰქონდათ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი ცხოვრება კოლეჯის შემდეგაც დაუსრულებელი წვეულება იქნებოდა და ამაში უჩვეულოს არაფერს ხედავდნენ. ეს ცხოვრების საუკეთესო ხანა იყო თითქმის თითოეული მათგანისთვის, მაგრამ შემდეგ ერთ იმედგაცრუებას მეორე მოჰყვა და მათ გაუჭირდათ საკუთარი თავის ხელახლა პოვნა.

თუ თავიდანვე შესანიშნავი ცხოვრება გაქვთ, შესაძლოა, სრულიად არასწორი აზრი გაგიჩნდეთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება ასეთი იქნება. მაგრამ სინამდვილეში, ასე არ ხდება. მამაჩემი ბავშვობიდანვე მიმეორებდა სიტყვებს, რომლებიც თვითონ ძალიან მოსწონდა: "უბრალოდ დაიმახსოვრე, ცხოვრება მართლაც რთულია, მაგრამ პერიოდულად მას შესანიშნავი გამონათებებიც ახლავს".

7. თქვენი ცხოვრების უჩვეულო ასპექტებს ყველა კარის გაღება შეუძლიათ

სხვადასხვა ასაკის ადამიანების ასობით რეზიუმეს ვეცნობი ყოველწლიურად, რომლებსაც კარიერული რჩევების მიღება სურთ. თითქმის ყოველი მათგანი ერთი და იგივეა: განათლება, სამუშაო ისტორია... ნამდვილად მოსაწყენია.

ერთხელ ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა მაჩვენა თავისი რეზიუმე, რომელსაც ინტერვიუზე არ გაუმართლა. მართალია, მისი რეზიუმე საკმაოდ კარგი იყო, მაგრამ მაინც მშრალი ჩანდა, თითქოს რაღაც აკლდა, და მაშინვე დავინტერესდი, რაიმე გატაცება ხომ არ ჰქონდა. "შავი ქამარი მაქვს კარატეში", – მიპასუხა მან. ეს რომ გავიგე, ვუბიძგე, ჰობი დაემატებინა თავის რეზიუმეში.

ორიოდე კვირაში მას რამდენიმე სამუშაო შესთავაზეს. იმ აღმასრულებელი დირექტორების სახელით დაუკავშირდნენ, რომლებიც მისი თავდადებითა და დისციპლინით ინტერესდებოდნენ და მეტის გაგება სურდათ იმის თაობაზე, თუ როგორ მოიპოვა შავი ქამარი. ასე რომ, იცოდეთ, თქვენი ცხოვრების უჩვეულო ასპექტები არა მხოლოდ გაამდიდრებენ და გააუმჯობესებენ თქვენს სამუშაო გამოცდილებას, არამედ მეტიც – მათ ყველა კარის გაღება შეუძლიათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი