"ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს" - ირაკლი კობახიძე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სააგენტოს 10 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანობა, რასაც ის საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის ახორციელებს.
"სააგენტოს ათწლიანი საქმიანობის შედეგები შთამბეჭდავია. საგრანტო პროგრამების ფარგლებში, დაახლოებით, 38 მილიონი ლარით დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. შედეგად, ბენეფიციარებმა დააგენერირეს ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კერძო ფინანსური სარგებელი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შექმნეს 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ-3-ში შემავალი აქსელერატორი - "500". საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამაში, რომელსაც იგი ახორციელებს, ქართულთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ. ეს ფაქტი საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ჰაბის, როლს უსვამს ხაზს. აქსელერაციის პროგრამის შედეგად, 2022 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი კერძო ვენჩერული ფონდი 20 მილიონი დოლარის კაპიტალით. საქართველოს მასშტაბით შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომლებიც ერთი ფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფენ ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეების დახმარებას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში," - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები.
"საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: პირველი - დღევანდელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების გარეშე გლობალურ კონკურენციაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება შეუძლებელია. ამ ახალი რეალობის საპასუხოდ, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება; შემდეგი საკვანძო მიმართულებაა ფაგები. მოგეხსენებათ, საქართველო ამ ტექნოლოგიებში პიონერია და ქვეყანას აქვს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით; დაბოლოს, აგროტექნოლოგიები - აგრარულ სექტორში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილია დასაქმებული. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას, რომლებიც ქართველ ფერმერებს პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სააგენტოს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ ინიციატივებს მომავალშიც დაუჭერს მხარს.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტარტაპერები დაესწრნენ.