ცუდი ამბები კარგი კონტენტის წყარო არიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც ბიზნესი უდიდეს გამოწვევებს აწყდება, დამფუძნებლები ხშირად ამაზე ხმის ამოუღებლად, მარტო იტანჯებიან. თუმცა სულ უფრო მეტი მათგანი აცნობიერებს, რომ ფარული კრიზისი გამოტოვებული შანსია. სოციალურ ქსელებში კი ნებისმიერ კატასტროფას ძალუძს, მომხმარებლების ერთგულების მთავარ მამოძრავებლად იქცეს.

კელი და კოლტ ბოზიგიანებმა ეს გაკვეთილი თებერვალში ისწავლეს, როდესაც მათ ბიზნესში ყველაზე ცუდი (და საბოლოო ჯამში, ყველაზე კარგი) რამ მოხდა. სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა საიუველირო ბიზნესი, სახელწოდებით Coastal Caviar, წამოიწყო. სანაპირო თემატიკაზე შექმნილი მათი შარმ-ყელსაბამები და სამაჯურები მალევე გახდა პოპულარული და პირველსავე თვეში 100 000 დოლარის გაყიდვები მოიტანა. იმისათვის, რომ ეს ტემპი შეენარჩუნებინათ, მათ ჩარლსტონში ფლაგმანური მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს.

თუმცა იმ დღეს, როდესაც მაღაზიის გასაღებები ჩაიბარეს, კელიმ შოკისმომგვრელი მეილი მიიღო: მათ უჩივლეს. საიუველირო კომპანიას Lagos, რომელსაც სიტყვა "caviar" საიუველირო ხაზისთვის ჯერ კიდევ 1992 წელს ჰქონდა დაპატენტებული, მოთხოვდა, რომ ბოზიგიანებს ამ სიტყვის გამოყენება შეეწყვიტათ.

ბოზიგიანებისთვის Lagos-ის არსებობა უცხო არ იყო: შესაძლო კონფლიქტის შესახებ ჯერ კიდევ 2025 წელს, სასაქონლო ნიშნის განაცხადის განხილვისას შეიტყვეს. თუმცა, როდესაც წინა წელს სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციისთვის მიმართეს, იურისტებმა ურჩიეს, რომ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის რისკი არ არსებობდა და მუშაობა გაეგრძელებინათ.

სასამართლო დავის შესახებ რომ შეიტყვეს, ახლახან ჰქონდათ ხელმოწერილი სამი წლის იჯარის ხელშეკრულება. როგორც კელი ამბობს, ისინი "პანიკამ და სრულმა სასოწარკვეთამ" მოიცვა.

"ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იქნებოდა. სოციალური ქსელებისა და უკვე შექმნილი ბრენდის ცნობადობის ფონზე, მჯეროდა, რომ სახელის შეცვლა ბიზნესს მთლიანად გაანადგურებდა".

თავიდან ბოზიგიანები სასამართლოში იბრძოდნენ. თუმცა, სამართლებრივი დავის დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში მიხვდნენ, რომ მათი ბიზნესი ასეთ ფინანსურ დარტყმას ვერ გაუძლებდა. უკვე დანებებას აპირებდნენ, როდესაც კელის "გონება გაუნათდა".

"თავში ელვასავით გაიელვა აზრმა, რომ უნდა გამოგვეყენებინა ეს გამოწვევა, როგორც კონტენტის ძრავა იმ საზოგადოების გასაძლიერებლად, რომელიც უკვე შევქმენით", – ამბობს ის.

მათ გადაიღეს ვიდეოები, სადაც ღიად საუბრობდნენ სასამართლო დავაზე, სტრესსა და იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც გეგმავდნენ.

"უზარმაზარი რაოდენობის კონტენტის შექმნა და მასში იუმორის გამოყენება დავიწყეთ. ცხადია, ეს ძალზე სერიოზული სიტუაცია იყო. ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო აუდიტორიის ჩართულობის გაზრდა".

მომხმარებლების მხრიდან რეაქცია მოულოდნელად ძლიერი აღმოჩნდა. ადამიანები აქტიურად აზიარებდნენ თავიანთ ყელსაბამებს და ბრენდისადმი სიყვარულს გამოხატავდნენ. ამან წყვილს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ დაანახა:

"მივხვდით, რომ ჩვენი ბრენდის ნამდვილი გული სწორედ ის ონლაინკლუბია, რომელიც შევქმენით".

ამის შემდეგ კომპანიას სახელი შეუცვალეს და Club Coastal დაარქვეს. ამას სწრაფი და მასშტაბური რებრენდინგი მოჰყვა – შეიცვალა ყველაფერი, აბრებიდან დაწყებული, ჩანთებითა და შეფუთვებით დამთავრებული.

კელის თქმით, ფაქტობრივად, მაღაზიის გახსნამდე ყველაფრის თავიდან გაკეთება გახდა საჭირო.

მიუხედავად განცდილი სტრესისა, ქაოსი შესანიშნავ საკომუნიკაციო ძალად იქცა. მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში ბრენდის TikTok-ის აუდიტორია 80 000-დან თითქმის 125 000-მდე გაიზარდა, ხოლო გაყიდვები 114%-ით აიწია. ჩარლსტონის ფლაგმანური მაღაზიის გახსნამ (სადაც სტუმრებს, მთელი ამ იურიდიული დრამის საპასუხოდ, ირონიული მენიუთი – ხიზილალით გაუმასპინძლდნენ) ყველა რეკორდი მოხსნა: ერთ დღეში 30 000 დოლარის პროდუქტი გაიყიდა, სადაც ყოველი ახალი შარმ-ყელსაბამი სულ რაღაც 70 წამში იყიდებოდა.

"ახლა კონტენტზე სრულიად განსხვავებული შეხედულება მაქვს. დააფიქსირეთ ყველაფერი. სთორითელინგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია. ძალიან ხშირად, უბრალოდ, ტელეფონის აღება და იმის გადაღებაა საჭირო, რაც გარშემო ხდება. გულახდილად რომ ვთქვათ, ხშირად ყველაზე საინტერესო კონტენტი სწორედ ცუდი ამბებიდან იბადება. გამოიყენეთ ეს თქვენივე სასიკეთოდ", – ამბობს კელი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი