''ტურიზმის ორგანიზაცია'' - მეტი განათლება ტურიზმს "ტურიზმის ორგანიზაცია" ქართულ საგანმანათლებლო და ტრენინგ-ინდუსტრიის ბაზარზე უკვე თითქმის 2 წელია ოპერირებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მეტი განათლება ტურიზმს" − სწორედ ეს ფრაზა წარმოადგენს "ტურიზმის ორგანიზაციის" დაარსების მთავარ მოტივს, რომელიც სფეროში უახლესი გამოცდილების გაზიარებისა და მაღალპროფესიონალი კადრების გადამზადებას ისახავს მიზნად. "ტურიზმის ორგანიზაცია" ქართულ საგანმანათლებლო და ტრენინგ-ინდუსტრიის ბაზარზე უკვე თითქმის 2 წელია ოპერირებს. არსებობის მეორე წლის დადგომისთანავე კი COVID-19-ით გამოწვეული სირთულეები მისთვისაც გამოწვევად იქცა. თუ რას სთავაზობს ორგანიზაცია მსურველებს და როგორ უმკლავდება ახალ რეალობას, Entrepreneur-ს "ტურიზმის ორგანიზაციის" დამფუძნებელი, გოგა ფიროსმანაშვილი ესაუბრა.
გვიამბეთ ტურიზმის ორგანიზაციის შესახებ − როდის შეიქმნა და რას სთავაზობთ ბაზარს?
2018 წლის მიწურულს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე "ტურიზმის ორგანიზაციამ" დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც ტურიზმით დაინტერესებულ პირებს ხარისხიან და პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. ორგანიზაცია ატარებს ტრენინგებს/მასტერკლასებს მხოლოდ ტურიზმის სფეროში, ტრენერები კი არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები.
საინტერესოა, რა გავლენა იქონია პანდემიამ და რაზე ფოკუსირდა ორგანიზაცია ბოლო დროს?
პანდემიის მიზეზით იძულებულები გავხდით შეგვეცვალა ჩვეული დღის წესრიგი და ფოკუსირება დისტანციური მუშაობის რეჟიმზე მოგვეხდინა, რომელიც ჩვენთვის ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ტურიზმის ორგანიზაციას საკმაოდ მრავალფეროვანი ტრენინგები აქვს ტურიზმის სფეროში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოგვიწია არსებული ტრენინგების მოდიფიკაცია, რათა გამხდარიყო ონლაინპლატფორმის შესაბამისი.
პანდემიის პერიოდში განვახორციელეთ ასევე პირდაპირი ჩართვები ფეისბუქგვერდის საშუალებით (ჩანაწერები ხელმისაწვდომია), სადაც დაინტერესებულ პირებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორიცაა: შიდა, გამყვანი და შემომყვანი ტურიზმი, სოფლის, ღვინისა და გასტროტურიზმის მიმართულებები.
შესაბამისად, ორგანიზაცია ფოკუსირდა ისეთი ტიპის/შინაარსის ტრენინგებზე, რომელსაც ექნებოდა წვდომა რეგიონებზე, იქნებოდა ონლაინ და ფართო სეგმენტზე გათვლილი, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ორგანიზაციის ხარისხიანი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
როგორც ვიცით, ახლაც ონლაინსწავლების რეჟიმზე ხართ გადასული. რამდენად რთული იყო ახალ რეალობასთან ადაპტირება და როგორ გაართვით თავი ამ გამოწვევას?
ახალი რეალობა ყველასთვის რთული და სტრესული აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ სწრაფად მოვახერხეთ მობილიზება და მიგვაჩნია, რომ კომპანიამ ადაპტაცია საკმაოდ უმტკივნეულოდ გაიარა. უჩვეულო ონლაინსწავლება ძლიერ მხარედ ვაქციეთ. კერძოდ, შევქმენით ტურიზმის საგანმანათლებლო ბაზარზე ამჟამად ყველაზე აქტუალური მიმართულების − სოფლის ტურიზმის ონლაინტრენინგი, რომელიც მოვარგეთ ყველა იმ საჭიროებას, რომელიც მას ჰქონდა. ხელმისაწვდომმა ფასმა, სწორად შერჩეულმა დრომ და კვალიფიციური/პრაქტიკოსი ტრენერების ერთობლიობამ დადებითი შედეგი გამოიღო და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებლები დაფიქსირდა. კერძოდ კი, პირველ ნაკადს 42 ადამიანი დაესწრო, ხოლო მეორეს 30, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. იმის ფონზე, რომ დღესაც კორონაკრიზისი აქტიურ ფაზაშია და ადამიანებს უწევთ შეზღუდულად გააგრძელონ ცხოვრება, ორგანიზაციის ეს წარმატება ჩვენთვის საამაყოა.
ამგვარმა წარმატებამ მოგვცა მოტივაცია და ამჟამად გასტრონომიული ტურიზმის ონლაინტრენინგს ვთავაზობთ მომხმარებლებს. უახლოეს პერიოდში კი დავიწყებთ შემომყვანი ტურიზმის ტრენინგს. წინ კიდევ ბევრი განსხვავებული ტრენინგი ელოდებათ ტურიზმით დაინტერესებულებს.
როგორ ფიქრობთ, რომელია დღეს წამყვანი ტრენინგები? რას ეხება და თქვენი აზრით, რა საჭიროებიდან მომდინარეობს?
მიუხედავად იმისა, რომ საგანმანათლებლო სფერო საკმაოდ კონკურენტულ ბაზარს წარმოადგენს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, აქტუალურ და მოთხოვნად თემებზე პირველებმა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტრენინგები. ტურიზმის ორგანიზაციის პირველი ასეთი ონლაინტრენინგი პანდემიის დროს სოფლის ტურიზმის ტრენინგი აღმოჩნდა. ჩვენ შევძელით და დღესდღეობით ორი ყველაზე აქტუალური თემა – სოფელი და ტურიზმი გავაერთიანეთ და მომხმარებელს მსგავსი შინაარსის ტრენინგი შევთავაზეთ.
რატომ განვახორციელეთ ეს ტრენინგი? მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა ის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სოფელში დაბრუნდა და მამა-პაპისეულ სახლში აქტიურად შეუდგა ფერმერულ თუ აგროსაქმიანობას. ნაწილი მათგანი კი დაინტერესდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ საკუთარ საცხოვრებელ გარემოში ტურისტების მიღებას და მათთვის შეთავაზებების გაკეთებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტურისტების გარკვეული ნაწილი ახალ გამოცდილებას ეძებს და ბოლო პერიოდში ასეთი ადგილებით (ოჯახური გარემოთი) ინტერესდებიან, მივიღებთ დასმულ კითხვაზე პასუხსაც. რაც შეეხება მეორე, მიმდინარე ონლაინ ტრენინგს – "გასტრონომიული ტურიზმი", შეიძლება ითქვას, რომ ესეც აქტუალურობიდან გამომდინარე დაიგეგმა. ის, ვინც მუშაობს ან გეგმავს მუშაობას ტურისტულ სეგმენტზე, უნდა იცოდეს, როგორ შესთავაზოს მათ ჩვენი ქვეყნის სამზარეულო სწორად. რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რა ინტერესები აქვთ გასტროტურისტებს.
როგორც ცნობილია, მჭიდროდ თანამშრომლობთ ტურიზმის სფეროში წამყვან ასოციაციებთან და კომპანიებთან. საინტერესოა, რა ფორმით ერთვებიან ისინი ტრენინგებში და როგორ აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას...
დიახ, ეს ფაქტი ერთდროულად სასიხარულო და საამაყოცაა, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხარისხიანი, საინტერესო და პრაქტიკაზე დაფუძნებული ტრენინგები.
ამ ეტაპისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ასოციაციებთან, როგორიცაა: საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია და ა.შ. ასევე, ტურიზმის სფეროში წამყვან და წარმატებულ კომპანიებთან. როდესაც ჩვენს ტრენინგებში ასეთი ორგანიზაციებიდან არიან კვალიფიციური ტრენერები ჩართული და საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ დამსწრეებს, ეს გვაძლევს სტიმულს, რომ არ მოვდუნდეთ. პირიქით − აქტიურად გავაგრძელოთ საგანმანათლებლო საქმიანობა და მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა.
როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ინდუსტრიის ამჟამინდელი გამოწვევა და როგორ უნდა უპასუხოთ მას? განსაკუთრებით, ტრენინგების თვალსაზრისით?
ტურიზმის განათლება, ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანი და აქტუალური გახდება, რადგან მაშინ, როცა პანდემია საბოლოოდ დამარცხდება და თანამედროვე სამყარო ამ ვირუსზე გაიმარჯვებს, წინა პლანზე აუცილებლად წამოიწევს ტურიზმი. ყველას გვესმის, რომ პანდემიის შემდგომაც სამყარო აღარ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ამიტომ, საჭიროა ფეხი ავუწყოთ ახალ რეალობას და მომზადებული შევხვდეთ მას. ამჟამინდელი გამოწვევაა, მოვახერხოთ შეუფერხებლად ცოდნის გაცემა ამ მიმართულებით, რადგან სამომავლოდ ტურიზმის სექტორი იქნება ჩვენი ქვეყნის დასაყრდენი ძალა სოფლის მეურნეობასთან ერთად, როგორც ეს პანდემიამდე იყო.
რაც შეეხება ტრენინგებს და ამ ინდუსტრიას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭიროა დროებით გავაგრძელოთ ონლაინ მუშაობა და შესაძლებლობა მივცეთ ადამიანებს, მიიღონ ახალი ცოდნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოწვევამ საშუალება მისცა ადამიანებს ჩართულიყვნენ მაღალმთიანი რეგიონებიდან, სოფლებიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რამაც ორმაგად საინტერესო გახადა ტრენინგები.
ტურიზმის ორგანიზაციის ძლიერი მხარე პრაქტიკული სწავლებაა, რა კრიტერიუმებით ირჩევთ ტრენერებს?
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტრენინგების გარკვეული ნაწილი თეორიული ცოდნის გაზიარებას გულისხმობს, თითოეული ტრენინგი მაინც გაჯერებულია პრაქტიკული კომპონენტებით. არ გვაქვს ტრენერების შერჩევის რაიმე კონკრეტული მეთოდი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ტრენინგის მონაწილემ პრაქტიკოსი ადამიანებისა და დარგის სპეციალისტებისგან მიიღოს ახალი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება, კონსულტირება და რჩევები. სწორედ ამიტომ, ჩვენი ტრენერები ტურიზმის სფეროში წამყვანი სპეციალისტები და შეიძლება ითქვას, საერთაშირისო დონის ტრენერ-ექსპერტები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ დონეზე არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ ტრენინგის მსვლელობისას. ჩვენს ტრენერებს შორის კი არიან: წარმატებული ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელი/მენეჯერი პირები, ასოციაციების ხელმძღვანელი/წევრი პირები, პროფესიონალი გიდები, უცხოური ტურ-ოპერატორების წარმომადგენლები, ბრენდი სასტუმროს მენეჯერები და ა.შ. რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.
მას, ვისაც სურს ამ სფეროში თავის დამკვიდრება, რას ურჩევთ? რისი სწავლით უნდა დაიწყოს და რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი?
მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ ტურიზმის სფეროს შესწავლა/გაცნობა, ვურჩევთ ზოგადი ტურიზმის მენეჯმენტის კურსს, სადაც ზოგადად არის მიმოხილული ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ტურიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
პრაქტიკაში გვქონია შემთხვევა, რომ აღნიშნული ტრენინგის გავლამდე, აინტერესებდათ გამყვანი ტურიზმი, თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ შემომყვანი ტურიზმი უფრო საინტერესო იყო მათთვის და სწორედ ამ მიმართულებით განაგრძეს სწავლა. აქედან გამომდინარე, საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად მოვახდინოთ ჩვენი მიზნებისა და ინტერესების ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ჩვენი სამომავლო საქმიანობა წარმატების მთავარ წყაროდ ვაქციოთ.
ადამიანებს ვურჩევთ მუდამ ჰქონდეთ მიზანი და ოცნება, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს და იბრძოლონ წარმატებისთვის. არასოდეს დანებდნენ და ყოველთვის ეცადონ, სისუსტე ძლიერ მხარედ აქციონ.
მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როგორია თქვენს ტრენინგებზე დაინტერესების მაჩვენებელი და რეგიონების ჩართულობა?
ონლაინტრენინგები მაისის ბოლოს დავიწყეთ − მაშინ, როდესაც პანდემია აქტიურ ფაზაში იყო. მიუხედავად ამისა, მცირე დროში დიდი ინტერესი გამოიწვია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საგანმანათლებლო სივრცეში კერძო ტრენინგ-ცენტრებს გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის 20-30%-ით შეუმცირდათ, ვფიქრობთ, ჩვენთვის ეს პერიოდი წინსვლის, განვითარებისა და ტრენინგების გამრავალფეროვნების ეტაპი აღმოჩნდა. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში შევძელით ჩვენი დიდი ხნის ჩანაფიქრი გაგვეხორციელებინა და რეგიონებზეც გავსულიყავით, რათა ტრენინგებზე წვდომა ყველას ჰქონოდა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: დღეს ჩვენს ტრენინგებზე შეხვდებით დამსწრეებს მთელი საქართველოდან, რაც ჩვენთვის სასიხარულო ფაქტია.
უახლოეს პერიოდში ვიწყებთ გასტრონომიული ტურიზმის ტრენინგს, რომელზე რეგისტრაციაც ამჟამად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ინტერესი ამ ტრენინგზეც საკმაოდ მაღალია და წინა ტრენინგის მსგავსად, რეგიონებიდან ბევრი რეგისტრირდება.
როგორია ტურიზმის ორგანიზაციის სამომავლო გეგმები და რა სახის ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
უახლოეს პერიოდში "ტურიზმის ორგანიზაცია" გეგმავს ახალი ონლაინტრენინგების დამატებას ტურიზმის სხვადასხვა საინტერესო, აქტუალურ და საჭირო ისეთ თემებზე, როგორიცაა შემომყვანი ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, შიდა ტურიზმის კონკრეტული მიმართულებები და ა.შ. იგეგმება ასევე მასტერკლასები (როგორც ფასიანი, ისე უფასო) და ვებინარები.
რა თქმა უნდა, ყველა ის მოქმედი ტრენინგი, რომელიც აქამდე ჩაგვიტარებია, კვლავ გაგრძელდება, რადგან მოთხოვნა და ინტერესი არსებობს.
რაც შეეხება ორგანიზაციის სხვა სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ დავამატოთ კორპორაციული ტრენინგები, რომელიც მორგებული იქნება დამკვეთის მოთხოვნასა და საჭიროებებზე. ასევე, ვაპირებთ საკონსულტაციო შეხვედრების დამატებას – დარგის სპეციალისტებისგან.
ვგეგმავთ ტრენინგების დონეების მიხედვით დაყოფას. პირველი ასეთი კი იქნება შემომყვანი ტურიზმის ტრენინგი დამწყებთათვის და უკვე მოქმედი ოპერატორებისათვის/მენეჯერებისათვის.