Get All Access for $5/mo

უკრაინა – თავისუფლებისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
იოანეს სახარება

სიტყვაზე მინდა დავწერო. სიტყვის ძალაზე. პასუხისმგებლობაზე, ნათქვამი სიტყვა სიტყვის მთქმელს რომ აკისრებს. სიტყვის თქმის გაბედულებაზე. სიტყვაზე, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ადამიანების გულებსა და გონებაში.

მართალ სიტყვაზე, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს, დააჯეროს, შეცვალოს, შეაჯანჯღაროს, აამოქმედოს, გააბედინოს...

სიტყვაზე და სიტყვის კაცზე მინდა დავწერო.

ისტორიას ახსოვს ისტორიული სიტყვები, რომელთა უმრავლესობა სწორედ რთულ, გარდამტეხ მომენტებშია წარმოთქმული. რაც უფრო რთული იყო ესა თუ ის ისტორიული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, მით უფრო მეტი ძალა ქონდა ლიდერის სიტყვას, რომელიც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად თავს იყრიდა ლიდერის გონებაში და ათასობით და ათიათასობით ადამიანს შთააგონებდა, არწმუნებდა, რომ საჭირო იყო ახლებურად ფიქრი, ახლებურად მოქმედება, გადამწყვეტი მოქმედება!

იმ ენით აუწერელ გმირობასთან და სამშობლოსათვის თავდადებასთან ერთად, რასაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებაში მოჰყავს უკრაინით და უკრაინელი ხალხით, ისტორია შემოინახავს თანამედროვე მსოფლიოს გამორჩეული ლიდერის, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვებს, რომლებიც მან როგორც საკუთარი ხალხის, ისე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წარმოთქვა და ისტორიას შემოუნახა კაცობრიობის ფუნდამენტური ღირებულების – თავისუფლების შესახებ წარმოთქმული სიტყვები. თავისუფლების, რომლისთვისაც სიცოცხლის გაწირვაც შესაძლებელია.

2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში პრეზიდენტი ზელენსკი იტყვის – "დღეს თქვენ, უკრაინელები, დაუმარცხებლობის სიმბოლო ხართ. სიმბოლო იმისა, რომ ნებისმიერი ერი ნებისმიერ მომენტში დედამიწის საუკეთესო ერად შეიძლება იქცეს".

2022 წლის მარტის ბოლოს არ ვიცი იმაზე ღირებული რა შეიძლება დავწერო ჩემს სარედაქტორო სტატიაში, ვიდრე თავისუფალი ხალხის სახელით თავისუფალი სამყაროს თანამედროვე ლიდერის, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ რუსეთთან ომის პერიოდში წარმოთქმული შთამაგონებელი სიტყვებია. სიტყვები ღირსებასა და თავისუფლებაზე, რომელსაც ვერასოდეს დაამარცხებს ბოროტება, ძალადობა და სისასტიკე.

ეს არის სიტყვები, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში, სიტყვები, რომელიც მომავალ თაობებს დარჩება, როგორც საუკეთესო მაგალითი ლიდერობისა, პასუხისმგებლობისა, სამშობლოს ერთგულებისა და თავისუფლების სიყვარულისა.

დაე ეს სიტყვები, უფრო სწორად ამონარიდები ამ სიტყვებიდან, აქაც დარჩეს, ქართული Entrepreneur-ის 2022 წლის მარტის ნომერში:

24 მარტი, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე

"რუსული ჯარების თავდაპირველი გეგმა თავდასხმის პირველივე დღეებში ჩავარდა. მათ ეგონათ, რომ უკრაინელებს შეეშინდებოდათ. მათ ეგონათ, რომ უკრაინელები არ იომებდნენ. ისინი შეცდნენ. მათ არაფერი იციან ჩვენს შესახებ, უკრაინელების შესახებ. მათ საერთოდ არაფერი იციან თავისუფლებაზე. თუ რამდენად ძვირფასია ის ჩვენთვის. მათ არ იციან, როგორ ამდიდრებს ცხოვრებას თავისუფლება, როგორ ანიჭებს აზრს სიცოცხლეს.

რუსეთის ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი. მისი მნიშვნელობა გაცილებით დიდია. რუსეთმა ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ დაიწყო. რუსეთისთვის უკრაინის მიწა მხოლოდ დასაწყისია. რუსეთი ცდილობს ევროპელი და მსოფლიო ხალხების თავისუფლების დამარცხებას.

ის ცდილობს აჩვენოს, რომ მხოლოდ ნავთობი და დაუნდობელი ძალაა მთავარი და ხალხი არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც არაფერს ნიშნავს დანარჩენი ყველაფერი, რაც ადამიანებად გვქმნის. სწორედ ამის გამო უნდა შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი.

მე ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მოქმედებს უკრაინის მხარდასაჭერად. თავისუფლების მხარდასაჭერად.

მაგრამ ომი გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვე გავიდა. ამდენი დრო! ეს გულს მიტეხავს მეც და ყველა უკრაინელსაც, ისევე როგორც ყველა თავისუფალ ადამიანს ამ პლანეტაზე.

ამიტომაც მოგიწოდებთ, დღეიდან – 24 მარტიდან, რუსეთის შემოჭრიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, დადგეთ ომის წინააღმდეგ! გამოდით თქვენი ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან. გამოდით მშვიდობის სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით უკრაინის მხარდასაჭერად, თავისუფლების მხარდასაჭერად, სიცოცხლის მხარდასაჭერად!

გამოდით სკვერებსა და ქუჩებში. გააგონეთ თქვენი ხმა და დაანახეთ თქვენი თავი. თქვით, რომ ადამიანია მთავარი. თავისუფლებაა მთავარი. მშვიდობაა მთავარი. უკრაინაა მთავარი".

16 მარტი, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში

"ძლიერი არ ნიშნავს დიდს. ძლიერი არის მამაცი, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისა და მსოფლიოს მოქალაქეების სიცოცხლისთვის. ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსეულად სიცოცხლის უფლებისთვის – როცა კვდები მაშინ, როცა ამის დრო მოვა და არა მაშინ, როცა ამას სხვა, შენი მეზობელი მოინდომებს.

დღეს უკრაინელი ხალხი არა მხოლოდ უკრაინას იცავს, არამედ ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისა და მსოფლიოსთვის, მომავლის სახელით მსხვერპლად ვწირავთ საკუთარ სიცოცხლეს.

სწორედ ამიტომ, დღეს ამერიკელი ხალხი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპას და მსოფლიოს ეხმარება იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩეს ჩვენი პლანეტა, იმისათვის, რომ ისტორიას სამართლიანობა შევუნარჩუნოთ.

მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როცა ასზე მეტი ბავშვის გულისცემა შეწყდა. მე ვეღარ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ის არ შეაჩერებს სიკვდილს. ეს არის დღეს ჩემი მთავარი მისია როგორც ჩემი ხალხის, დიადი უკრაინელების ლიდერისა.

და როგორც ჩემი ხალხის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს.

თქვენ ხართ თქვენი დიადი ხალხის ლიდერი. მე კი გისურვებთ, რომ გახდეთ მსოფლიოს ლიდერი. მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის ლიდერობას ნიშნავს".

8 მარტი, პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში

"დიდი ბრიტანეთი!

უკრაინა სიდიდისკენ არ მიისწრაფოდა, მაგრამ ის დიდი ომის დღეებში გახდა. უკრაინა, რომელიც დამპყრობლების ტერორისგან იცავს ადამიანებს. იცავს თავისუფლებას მსოფლიოს ყველაზე დიდი არმიის შემოტევისგან, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ცა კვლავ ღიაა რუსული რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის.

"ყოფნა არყოფნა?" – თქვენ კარგად იცით შექსპირის ეს კითხვა.

13 დღის წინ ეს კითხვა უკრაინაზე შეიძლებოდა დასმულიყო, მაგრამ არა დღეს, რადგან დღეს პასუხი ნათელია – რა თქმა უნდა, ყოფნა! რა თქმა უნდა თავისუფლება! ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და არ უნდა დავეცეთ"!

28 თებერვალი, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა უკრაინელ ხალხს

"დილა მშვიდობის უკრაინელო გმირებო! რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს ჩვენ მტკიცედ ვდგავართ. ამ დღეებში ჩვენ იმაზე მეტი გამოვცადეთ, ვიდრე სხვა ერებს ათწლეულების მანძილზე გამოუცდიათ. ჩვენ დიდ ხანს გვეუბნებოდნენ, რომ ამა თუ იმ საკითხში რაღაც არ გვქონდა წესრიგში, რომ ჩვენ, უკრაინელებს, ეგრეთ წოდებული "საშინაო დავალება" გვქონდა შესასრულებელი. ამის გამო იყო, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევდით, თუ რა შეგვეძლო სინამდვილეში. და დღეს ჩვენ ბოლომდე გამოვავლინეთ საკუთარი თავი. ეს აღმაფრთოვანებელია. ყველასათვის!

როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია. იმიტომ, რომ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინის წინაშე. და დღეს დადგა დრო, როცა თითოეული ჩვენგანი მეომარია. და მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს.

უკრაინელების ბედი უკრაინელების ხელშია. ჩვენს გარდა ვერავინ გააკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენი სულისკვეთების განადგურება შეუძლებელია. მსხვილკალიბრიანი იარაღი უძლურია ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ".

და ბოლოს, 10 მარტს პრეზიდენტი ზელენსკი ამ სიტყვებით მიმართვას უკრაინელებს – "მადლობა ჩვენს მცველებს. უკრაინელები არ გახდნენ მონები და არც არასოდეს გახდებიან"!

მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!

მადლობა ყველა სიტყვისთვის!

მადლობა გმირობისთვის!

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ