''უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ'' - ვილი ისიანი თავიდან ფეხბურთით დავიწყე. მაშინ 6 წლის ვიყავი...
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Entrepreneur-ის სპორტული რუბრიკის მორიგი სტუმარი ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანია, რომელიც ამჟამად კოლეჯის კლუბ "დეტროიტ მერსის" მოთამაშეა. ჯერჯერობით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) არ არის, მაგრამ ყველაფერი წინაა და რაც მთავარია, გათავისებული აქვს ფაქტი, თუ რაოდენ რთულია იქ მოხვედრა და რა დონის შრომაა საჭირო.
ფეხბურთით დაწყება, მოგზაურობა ესპანეთში – ამ და სხვა საინტერესო თემაზე ვილის ვესაუბრეთ.
პირველი ნაბიჯები კალათბურთში...
"თავიდან ფეხბურთით დავიწყე. მაშინ 6 წლის ვიყავი. სიმაღლის გამო, მეკარე გახლდით. 5 წელიწადში უკვე კალათბურთში გადავედი. ჩემი პირველი მწვრთნელი სერგო იშხნელი გახლდათ, რომელთან ერთადაც 1,5 წელიწადი ვიმუშავე. შემდეგ იყო "დინამოში" გატარებული 3-წლიანი პერიოდი, სადაც არჩილ ჟღენტთან ვვარჯიშობდი".
მოტივატორი
"ჩემთვის მთავარი მოტივატორი ბებია იყო. როდესაც სერიოზულად დავიწყე ვარჯიში, ჩემთან ერთად საათობით ჩამოდიოდა ეზოში და ყველაფერში მაქსიმალურად მეხმარებოდა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩემი მწვრთნელები და + ჩემი მეგობარი საბა ნერგაძე, რომელმაც სროლის საკმაოდ საინტერესო სტილი დამიყენა, რასაც დღემდე ვიყენებ".
წასვლა ესპანეთში
"როდესაც 16-წლამდელთა ნაკრები ვიყავით ბოსნიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სწორედ მაშინ წამოვიდა ინტერესი ესპანელებისგან, კერძოდ − "გრან კანარიასგან". იქ 4 ძალიან ნაყოფიერი წელიწადი გავატარე, რამაც უზომოდ ბევრი მომცა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სულ სხვაგვარად დავინახე კალათბურთიც და ზოგადად, ცხოვრებაც. კონკრეტულად სპორტის კუთხით რომ ვისაუბროთ, ინდივიდუალურად ძალიან ბევრი ვარჯიში გვქონდა; გვასწავლიდნენ, კონკრეტულად სად უნდა გეთამაშა, რა იყო შენი როლი, რაც ასევე სიახლე გახლდათ ჩემს კარიერაში, რადგან როცა პატარებში ასპარეზობ, იქ როლები ასე განაწილებული არაა, ესპანეთში კი უკვე პროფესიულ დონეზე შევდგი ნაბიჯი, რის შემდეგადაც უკვე აშშ-ში გადავწყვიტე წასვლა".
ამერიკა
"ყოველთვის მსურდა ამერიკაში და კერძოდ, NBA-ში თამაში. ჯერ კოლეჯში ვარ, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს. თან, ესპანეთისა და ამერიკის სათამაშო სტილებს შორის საინტერესო განსხვავებები ვიპოვე: ესპანეთში გუნდური და სისტემური თამაშია, ამერიკაში კი 1-2 გამოკვეთილი ლიდერი მუდამ არის. ჩვენი მწვრთნელი კალათბურთს ყოველთვის ამსგავსებს ხოლმე ჰოლივუდის სამყაროს და ამბობს, როგორც იქაა საჭირო მთავარი და მეორეხარისხოვანი როლების ერთნაირად პროფესიულად შესრულება, ასეა კალათბურთის სამყაროშიც. გარდა ამისა, ამერიკაში გაცილებით დიდი გამძლეობაა საჭირო, ესპანეთში კი მეტი შეცვლაც იყო".
NBA-ში მოხვედრის სირთულე...
"ეს წარმოუდგენლად რთულია. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შენი კონკურენტია და დრაფტზე (როცა გუნდების ხელმძღვანელები ამა თუ იმ კალათბურთელს ირჩევენ – ავტ.) დადგომაც კი ურთულესი ამბავია. ერთი, ყველასგან გამორჩეული საოცარი თვისება უნდა გქონდეს, რათა ყველას თვალში მოხვდე".
ფავორიტი კალათბურთელები
"რასაკვირველია, პირველი მაიკლ ჯორდანი უნდა ვთქვა. ასევე, ძალიან მომწონდა კობი ბრაიანტიც, ლებრონ ჯეიმსიც და ტიმ დანკანიც. დიდი სიამოვნებაა, როცა ასეთი დონის კალათბურთელებს უყურებ. არაამერიკელებიდან გამოსარჩევია დირკ ნოვიცკი, მანუ ჯინობილი".
გუნდურობა და მწვრთნელის როლი
"გუნდურობის გარეშე, გამარჯვება ძალზე ძნელია. მაგალითად, ბოლო ფინალი რომ გავიხსენოთ − "მილოუკი"-"ფინიქსი". ეს უკანასკნელი უმეტესად კრის პოლსა და დევიდ ბუკერს ტვირთავდა, ხოლო "მილოუკი"გაცილებით გუნდურად თამაშობდა და გაიმარჯვეს კიდეც. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მწვრთნელი როგორ გამოიყენებს თავის კალათბურთელებს, რას ეტყვის მატჩის წინ, როგორ გაანაწილებს როლებს".
სპორტსმენის თვისებები ბიზნესში
"ზოგადად, სპორტსმენის თვისებები ბევრ რამეში დაგეხმარება, რადგან სპორტი, უპირველეს ყოვლისა, დისციპლინას გასწავლის. უნდა გქონდეს რუტინა და იმის უნარი, რომ არ მოგბეზრდეს, არ გატყდე, თუნდაც წარუმატებლობის შემთხვევაში. სპორტი ძლიერ მენტალიტეტს გიყალიბებს".
რჩევა დამწყებ სპორტსმენებს
"უპირველესად, უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ, რადგან მას დღეში მინიმუმ 5-7 საათი უნდა დაუთმო. როდესაც სპორტსმენი ხარ, რეჟიმიც უნდა დაიცვა, რაც ბევრს არ შეუძლია. ამიტომ ფასობენ ასე ძვირად უმაღლესი დონის ათლეტები, რომ ბევრ სიამოვნებაზე უარს ამბობენ".