Get All Access for $5/mo

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხელს უწყობს ქართულ ბიზნესებს, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით, 27 სექტემბერს თბილისში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება, სახელწოდებით - "ბიზნესკავშირები კაპიტალსა და ინოვაციურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის". ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორებმა ქართულ კომპანიებს ინოვაციური ფინანსური პროდუქტები წარუდგინეს. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა ქართული ბიზნესების მხარდაჭერას ბიზნესკავშირების დამყარებაში ფინანსურ მრჩევლებსა და ინვესტორებთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები და ინვესტორები. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს ფინანსურ მრჩეველთა მხარდაჭერის პროექტი, რომელიც გასული წლის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ახალი კონცეფციით ქართულ კომპანიებს დაეხმარება, გამოიყენონ წამყვან ფინანსურ მრჩეველთა მომსახურება, რაც წინა წლის მსგავსად, დიდწილად დაფინანსდება USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მიერ.

"USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებას, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოებას. ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიებთან და ვმონაწილეობთ მათი მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებაში. აღნიშნულით კომპანიებს ვეხმარებით ინვესტორებთან დაკავშირებასა და მათთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვებაში, რაც წარმატებისთვის აუცილებელია", - აღნიშნა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელმა, ქრისანტოს მილიარასმა.

ფინანსურ მრჩეველთა მხარდაჭერის პროექტი გასული წლის განმავლობაში საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებდა. საპილოტე ეტაპზევე პროექტი ფინანსური მრჩევლების ჩართულობით უკვე არაერთ კომპანიას დაეხმარა ინვესტიციებისა და ფინანსების მოზიდვაში. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან პროექტმა განახლებული კონცეფცია შეიძინა და კიდევ უფრო აქტიურად და დიდი მასშტაბით დაეხმარება ქართულ კომპანიებს, მიიღონ და ეფექტიანად გამოიყენონ წამყვანი ფინანსური მრჩევლების სერვისი. პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო კომპანიების მომსახურება წინა წლის მსგავსად, დიდწილად USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის მიერ დაფინანსდება.

ღონისძიების ფარგლებში წამყვანი ფინანსური საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი სერვისების შესახებ აუდიტორიას პრეზენტაციები წარუდგინეს. ღონისძიების მთავარი ნაწილის დასრულების შემდეგ კი ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაციის გზით გასაუბრებოდნენ ფინანსურ მრჩევლებს და პირდაპირი ბიზნესკავშირები ე.წ. B2B ფორმატის ფარგლებში დაემყარებინათ.

ღონისძიებას ასევე დაესწრო Entrepreneur-ი. ჩვენთან საუბრისას პროგრამის ორგანიზატორებმა, ფინანსურმა მრჩევლებმა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს.

გიორგი დარჩია, USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე:

"ეს ღონისძიება მრავალი აქტივობიდან ერთ-ერთი მექანიზმია, რომ ბიზნესსექტორს პროგრამა გავაცნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა ამ პროგრამის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. ჩვენი ამოცანაა, ქართულ კომპანიებს დავეხმაროთ ბიზნესის განვითარებაში, რაც მოიცავს ბიზნესკავშირების დამყარებას ინვესტორებთან და არამარტო. პროექტის მიზანია, რომ ქართულმა კომპანიებმა იცოდნენ ფინანსური მრჩევლების, ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების როლი ბიზნესის განვითარების, ინვესტორებთან ურთიერთობისა და დაფინანსების მოძიების პროცესში. ფინანსურმა მრჩეველმა შესაძლოა, კომპანიის წარმომადგენელს უთხრას, თუ რა სახის ფინანსებია მისი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, დაეხმაროს ამ ფინანსების მოზიდვაში საფინანსო ორგანიზაციებიდან ან მოაზიდვინოს კერძო ინვესტორი. ჩვენი პროგრამა სწორედ ამის შესაძლებლობებს აცნობს კომპანიებს და ფინანსური მრჩევლების სერვისით სარგებლობისას ფინანსური მხარდაჭერის სახით თანადაფინანსებას სთავაზობს".

ფინანსური საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროებისამებრ საბანკო დაფინანსება ინვესტიციებით ჩაანაცვლონ და დიდი კაპიტალი მიიღონ.

"არსებული პრაქტიკით საქართველოში კომპანიები მეტად იყენებენ საბანკო დაფინანსებას. ეს პროექტი კი ორიენტირებულია, რომ კომპანიებმა კაპიტალი მოიზიდონ. ამისათვის ბიზნესს ინვესტორებთან ურთიერთობისას შესაბამისი მზაობა სჭირდებათ. ინვესტორებთან ურთიერთობის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ეს პროცესი ბევრი კომპანიისათვის რთულია და ჩვენი როლი სწორედ აქ არის, რომ ბიზნესით ინვესტორები დავაინტერესოთ", - აღნიშნავს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის წარმომადგენელი.

Entrepreneur-თან საუბრისას პროგრამის მნიშვნელობა შეაფასეს ქართული კომპანიების წარმომადგენლებმაც.

"მე განათლების სფეროს წარმოვადგენ, უფრო კონკრეტულად კი დაწყებითი და საშუალო განათლების კერძო სკოლას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რაც ამ სფეროს ყველა წარმომადგენლისთვის მეტ-ნაკლებად მსგავსია. პირველ რიგში, ჩვენ გვიწევს საჯარო სკოლებთან კონკურენციის გაწევა და გვჭირდება მეტი რესურსი, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ასევე, საგანმანათლებლო სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობს გარკვეული შეზღუდვები და მოთხოვნები, რისი დაკმაყოფილებაც გვიწევს, რაც ასევე მოითხოვს ფინანსური რესურსების მოზიდვას. პროექტი, რომელსაც დღეს გავეცანით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვიმედოვნებთ, ის მოგვცემს საშუალებას, თანამშრომლობა დავიწყოთ ფინანსურ მრჩევლებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ინვესტირების მოზიდვაში", - თინათინ წითელაური, კერძო სკოლა NK-ის დამფუძნებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესს არ ჰყავს გუნდში საკმარისი რაოდენობის ფინანსისტი, რომ დიდ საინვესტიციო გარიგებებზე ფოკუსირდნენ. შესაბამისად, ეს პროექტი ხელს შეუწყობს ბიზნესს, მსხვილი ინვესტორები წარმატებით მოიზიდონ. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბიზნესის ჩართულობაც. აუცილებელია, რომ ისინი კარგად გაეცნონ მსგავს პროექტებს, მიიღონ ინფორმაცია იმ სარგებლის შესახებ, რასაც პროგრამა სთავაზობს და აქტიურად ისარგებლონ ფინანსური მრჩევლების სერვისებით", - ამბობს ღვინის კომპანია Amosa-ს დამფუძნებელი და ანტრეპრენერი, თამუნა მარკოზაშვილი.

ფინანსურ მრჩეველთა მხარდაჭერის პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს ამერიკელი ხალხი შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების განვითარებას, ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსების მობილიზების მიზნით.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია