Get All Access for $5/mo

USAID-ის პროექტი "ზრდა" მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის კოლხეთის ეროვნული პარკი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კოლხეთის განთქმული ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და საკუთარი ავთენტური ხასიათითა და ბუნებით ყველას აღაფრთოვანებს. აქ მოხვედრის შემდეგ კი ხედვისა და რაკურსის ყოველი წერტილის შეცვლისას კარგად იგრძნობა, რომ ეს სივრცე გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის მასშტაბი და ბევრად მეტს "გვიყვება" ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებსა და უნიკალურ მახასიათებლებზე, ვიდრე ეს მანამდე გვეგონა. აშკარაა მისი ფართომასშტაბიანი ეკოტურისტული პოტენციალი, რომელსაც ძალიან ფაქიზად და პროფესიულად სჭირდება მოვლა-ათვისება, რადგან სწორედ ეს ნაწილი გულისხმობს მდგრადობისა და მდგრადი ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტს.

სწორედ მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა USAID-ის პროექტ "ზრდას" ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომელსაც ის ჩვენს ქვეყანაში უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. პროექტის სამიზნე სივრცეებს შორის მოხვდა კოლხეთის ეროვნული პარკიც, რომლის განვითარების გეგმაზე საკმაო დრო და ძალისხმევა დაიხარჯა. თუ რას გულისხმობს სამოქმედო გეგმა და რა იგეგმება პროექტის ეგიდით კოლხეთის ეროვნულ პარკში, ამას Entrepreneur-ს ირაკლი უჯმაჯურიძე, პროექტ "ზრდის" უფროსი მრჩეველი უყვება:

"პანდემიის მიუხედავად, ჩვენ კოლხეთის ეროვნული პარკისთვის გავწერეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვადასხვა აქტივობისგან შედგებოდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკს აქვს სამი შესასვლელი: ფოთიდან, ანაკლიიდან (მდინარე ჭურიიდან) და გურიის მხრიდან. ჩვენი პროექტი მხოლოდ ანაკლიის მხრიდან პარკის განვითარებას ისახავს მიზნად. განვითარებაში მოიაზრება ისეთი სერვისების შექმნა, რომელიც აამაღლებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ტურისტების ნაკადს ანაკლიასა და მის მიმდებარე სოფლებში. თავდაპირველად, შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და "ზრდა" პროექტის წარმომადგენლებს შორის. ასევე, შედგა კოლხეთის ეროვნული პარკის საჭიროებების შესწავლა და მათი სიღრმისეული ანალიზი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ ანაკლიის მხრიდან შესასვლელი გამხდარიყო მიმზიდველი, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ტურისტისთვის. დამატებით, გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ კი შემუშავდა მემორანდუმი და გაიწერა კონკრეტული აქტივობები", − ირაკლი უჯმაჯურიძე.

კოლხეთის ეროვნული პარკი მრავალი ფაქტორითაა გამორჩეული. განსაკუთრებით კი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, სფაგნუმის თვალუწვდენელი ველით, ყვითელი ყაყაჩურით, ზღვის შროშანით, ჰართვისის მუხით, ლაფანით და კიდევ სხვა ბევრისთვის უცნობი თუ ნაცნობი მცენარეებითა და ხეებით. აქ მრავლად შეხვდებით გადამფრენი ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს, ტალღებზე მოცურავე აფალინებსა და თეთრგვერდა დელფინებს. თუმცა, ამ ყველაფრის ნახვა ახლოდან შეუიარაღებელი თვალით ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. USAID-ის პროექტ "ზრდას" დახმარებით კი კოლხეთის ეროვნულ პარკს გადაეცა ფრინველებზე დაკვირვების პროფესიული დურბინდი, რომელიც მისულ ტურისტს საშუალებას აძლევს ახლოდან დაინახოს და დააკვირდეს კოლხეთის დაბლობის უნიკალურ ეკოსისტემას.

როგორც ირაკლი უჯმაჯურიძე გვიყვება, მდინარე ჭურიაზე გადაადგილება დიდი დაბრკოლება იყო ტურისტებისთვის. კატარღა, სადაც მხოლოდ სამი ადამიანის ჩასხდომაა შესაძლებელი, შეუძლებელს ხდიდა დიდი ჯგუფების გამასპინძლებას. USAID-ის პროექტ "ზრდას" დახმარებით კი ჭურიის მხრიდან კოლხეთის ეროვნულ პარკს უკვე საშუალება აქვს ახალი პონტომით უმასპინძლოს 15-კაციან ჯგუფს, რომელიც როგორც ფინანსურად, ასევე დროის თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელია ვიზიტორებისთვის. პროექტის მიერ საგანგებოდ შეძენილი ანკესებით კი მოსულ ტურისტებს სპორტული თევზაობის საშუალებაც ეძლევათ. ახალი პონტომი სპორტულ მეთევზეებს ამ მხრივ დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, შევიძინეთ და დავამონტაჟეთ თოკების პარკი, რომელიც სავიზიტო ბარათად იქცა პარკისთვის. სააგენტოს მიერ, საპიკნიკე და საკემპინგე ტერიტორიის მოწყობის შემდეგ, შევიძინეთ ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც სტუმრად მისულ ვიზიტორთა ჯგუფს საშუალებას აძლევს კომფორტულად დაისვენოს და გაათენოს ღამე. წლის ბოლოს დასრულდება მეთევზის სახლის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია რამდენიმეკაციანი ჯგუფისთვის და არის გამორჩეული კონსტრუქციული გადაწყვეტილება კოლხური ჯუნგლების დასათვალიერებლად.

აგრეთვე, ვიზიტორებისთვის შევიძინეთ და დავამონტაჟეთ მზის ელექტროსადგური, რომელიც სრულყოფილად ყოფნის როგორც რეინჯერებს, ასევე თოკების პარკთან განთავსებულ ინფრასტრუქტურას. რეინჯერები თანამედროვე ინვენტარით და ფორმით აღვჭურვეთ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გადავამზადეთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უკვე დაიწყო მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და იმედია, მომავალ წელს მთლიანად დასრულდება გზის სამუშაოები, რაც უფრო გაუადვილებს ვიზიტორებს მდინარე ჭურიის მხრიდან კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებას", − ამბობს ირაკლი უჯმაჯურიძე.

მიუხედავად იმისა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი ბევრ განძსა და საიდუმლოს ინახავს და მის შესახებ ბევრი დაწერილა და თქმულა, USAID-ის პროექტმა "ზრდამ" მიზნად დაისახა აქამდე თითქოს უმნიშვნელო ან უცნობი ადგილებისა და ისტორიების თავიდან აღმოჩენა და ისეთი წიგნის შექმნა, რომელიც ნახევრად მხატვრული, ნახევრად დოკუმენტური და რაც მთავარია, ფართო ფენებისთვის იქნებოდა საკითხავი. თანაც, ილუსტრაციებითა და გაფართოებული რეალობის (Augmented Reality) ელემენტებით. ამისათვის "ილიას უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით შეირჩა ახალგაზრდა მწერალი ზურა (დილა) ჯიშკარიანი, რომელმაც წიგნზე მუშაობა უკვე დაასრულა, ახლა კი მისი ინგლისურ ენაზე თარგმნა მიმდინარეობს. სულ მალე მსოფლიოს ირგვლივ გაცილებით მეტი ადამიანი გაიგებს მაგიური კოლხეთისა და მისი პარკის შესახებ, რომლის როლი და მნიშვნელობა ქვეყნისათვის არაერთი თვალსაზრისით განუხრელად მზარდია.

"ბოლო წლებში, ეროვნულ პარკებში, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, საგრძნობლად იმატა როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვმა. უცხოელი ტურისტებისთვის ყველაზე სასურველი საქართველოს ბუნება და გარემოა. ჩვენი დაცული ტერიტორიები იზიდავს ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რაც დადებით ეფექტს ახდენს რეგიონის განვითარებაზე. ამის კარგი მაგალითებია მარტვილის კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი. მტირალას ეროვნული პარკის შექმნის დროს, მტირალას ტერიტორიაზე მხოლოდ 13 ოჯახი ცხოვრობდა. სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის ჯამში დასაქმებულია 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრებელი. 2016 წელს მარტვილში 80-მა ადგილობრივმა მენავემ შექმნა შპს "ოფუცხოი" და თითოეულმა 2 000 ლარის ინვესტიცია დააბანდა. სამ წელიწადში მათმა ჯამურმა შემოსავალმა 3 740 370 ლარი შეადგინა. იმედი მაქვს, მარტვილის მსგავსად, კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარება ფინანსურად გააძლიერებს ანაკლიას, მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს და რა თქმა უნდა, საქართველოს", − ირაკლი უჯმაჯურიძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან