Get All Access for $5/mo

USAID Yes Georgia – ''ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა'' ანტრეპრენერთა რიგით მეათე ნაკადს მასპინძლობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში USAID-ის მისიის მიერ განხორციელებული პროექტები, წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და ადამიანების კეთილდღეობის, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნავს. ამ პროგრამებიდან ერთ-ერთი გამორჩეული YES-Georgia-ა − საქართველოში ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდამჭერი ინიციატივა, რომელსაც პერსპექტიული, მოტივირებული ადამიანების წარმოჩინებისა და ხელშეწყობის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. სწორედ მათი პერმანენტული ჩართულობის დამსახურებაა, რომ არაერთმა დამწყებმა ანტრეპრენერმა, პროფესიული ბიზნესტრენინგებისა და მენტორობის სესიის გავლით, სამეწარმეო უნარების გაუმჯობესება შეძლო და აუცილებელ ფინანსებზე წვდომა მოიპოვა.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" 2016 წელს USAID YES-Georgia-ს თაოსნობით დაარსდა, რომლის მთავარი მიზანი, ქვეყნის ეკონომიკაში სწორედ ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათთვის მნიშვნელოვანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა. უკვე 5 წლის განმავლობაში, პროექტმა 5000-ზე მეტი განაცხადი მიიღო, ინტენსიური ტრენინგ-კურსის გავლის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ ახალგაზრდას მისცა, ხოლო 500-მდე კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რაც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" მხრიდან, 100-მდე პროექტის თანადაფინანსების წინაპირობა აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას კი, პროექტს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დამწყები ანტრეპრენერებისათვის შესანიშნავი შანსია, თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლა მოახერხონ. Entrepreneur, ამ პროგრამის, მისი ეფექტურობისა და სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მენტორებსა და კურსდამთავრებულებს გაესაუბრა, რომლებიც ბევრ საინტერესო დეტალს გვიზიარებენ.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" უფროსი ბიზნესკონსულტანტი გიორგი ტუხაშვილია. გიორგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტარტაპ-გაერთიანების წევრ Startup Grind Tbilisi-ს დირექტორია. მას საკმაოდ აქტიური როლი აქვს შესრულებული საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის ფორმირებასა და განვითარებაში. გიორგი ტუხაშვილი უკვე 15 წელზე მეტია, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ფინტექ-ინდუსტრიაში პროდუქტის მენეჯმენტის კუთხით.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მენტორობას ვუწევ დაფინანსებულ მეწარმეებს, რათა მათ საკუთარი იდეა ბიზნესად გარდაქმნან და წარმატებას მიაღწიონ. რეალურად, ეს ყველაზე რთული ეტაპია, ვინაიდან მაღალია რისკი, ხოლო გამოცდილება − ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი. საქართველოში მეწარმეთა მხარდასაჭერად უამრავი პროგრამა არსებობს, მაგრამ ახალგაზრდა, დამწყები ქალი მეწარმეებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ სტარტაპს, არამედ სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესის წამოწყებას გეგმავენ, არც ისე ბევრია. სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, მონაწილეები აქ სწავლების ორ ეტაპს გადიან. პირველი, რომელიც უფრო თეორიული ნაწილია და ეხმარება მონაწილეებს მეტი გაიგონ ბიზნესის კეთების შესახებ, და მეორე, პრაქტიკული ნაწილი, სადაც ისინი თავიანთი იდეის რისკის მინიმუმამდე დაყვანას სწავლობენ, აღმოაჩენენ, თუ ვისთვის აგვარებენ კონკრეტულ პრობლემას, იღებენ დაფინანსებას, იწყებენ შემოსავლის გენერირებას და ბიზნესის წარმოებისას მეტ თავდაჯერებულობას იძენენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მხოლოდ მონაწილეები პირველ ეტაპს ამთავრებენ, ხოლო უშუალოდ ბიზნესის დაწყებას გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვეტენ. ზოგიერთი კურსდამთავრებული განმეორებით სწავლის სურვილსაც კი გამოთქვამს, ხოლო რამდენიმე მათგანი მალევე შეუდგა ბიზნესის წარმოებას და დღეს უკვე საკმაოდ წარმატებით ოპერირებს", − აცხადებს გიორგი ტუხაშვილი, − "სასიხარულოა, რომ "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ბოლო ნაკადები ბევრად მიზანდასახული, მონდომებული და შედეგებზე ორიენტირებულია. ადამიანები ჩვენთან უფრო მეტად პრაქტიკული ნაწილის შესასწავლად მოდიან. აინტერესებთ, როგორ გაყიდონ, როგორ მოიყვანონ კლიენტები და ა.შ. თუმცა ბევრი მათგანი გზადაგზა ხვდება, რომ თეორიული ცოდნა მნიშვნელოვანია და მეტი წარმატების მისაღწევად ამ მიმართულებით მუშაობაც სჭირდებათ".

2018 წლიდან, ანუ პროექტის მესამე ნაკადიდან მოყოლებული, ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირებისა და ფინანსურ ნაწილში სამომავლო პროგნოზირების კუთხით, მენტორობას "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ბენეფიციარებს მონიკა ფილიშვილი უწევს. გარდა ამისა, იგი დაფინანსებულ მონაწილეებს 2 წლის განმავლობაში ეხმარება მართვის მიმართულებით, როგორც ფინანსების, ისე მარკეტინგის ანალიზისა და სხვა ბიზნესპროცესების კუთხით."ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მეშვეობით, პროგრამა USAID Yes Georgia მხარს უჭერს ახალგაზრდა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ქვეყანაში. ტრენინგკურსის განმავლობაში, მონაწილეები გადიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ბიზნესმოდელი, ბიზნესპროექტის დამუშავება, გაყიდვებისა და მარკეტინგის დაგეგმვა, ფინანსური ნაწილი, რაც სამომავლოდ მათ საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმონ ბიზნესსაქმიანობა და ბიზნესიდეა წარმატებულ ბიზნესპროექტად გარდაქმნან", − გვიამბობს მონიკა ფილიშვილი, − "სულ ახლახან, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" მეათე ნაკადის ტრენინგები დაიწყო. ყოველი მომდევნო ნაკადისთვის, მონაწილეობის მიღების მსურველთა მომართვიანობა, როგორც წესი, იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მეწარმეობა ახალგაზრდა ქალებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. წინა ნაკადებიდან მიღებული გამოცდილების, უკუკავშირის, მონაწილეების საჭიროებებსა და ინტერესებზე დაკვირვების საფუძველზე, ყოველი მომდევნო ნაკადებისათვის სასწავლო პროცესის დახვეწა და განახლება ხორციელდება, რაც თავის მხრივ, კურსის ეფექტურობასა და შედეგებზე აისახება".

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებული, Mini Theater-ის დამფუძნებელი ნანო მიქელაშვილია. როგორც ჩვენთან საუბრისას ახსენა, მას ყოველთვის იტაცებდა კერვა და სხვადასხვა ხელსაქმე, რაც მისი სტარტაპის შექმნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

"მოგეხსენებათ, პანდემიამ შეცვალა რეალობა და მოგვიწია, ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობა სულ სხვანაირად აგვეწყო. მყავს მცირეწლოვანი ბავშვები, და სწორედ მათ მომაწოდეს იდეა, შემექმნა საბავშვო მინითეატრი, თავისი სათამაშოებითა და სხვადასხვა აქსესუარით. პირველმა ცდამ გაამართლა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სულ მალე, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე YES-Georgia-ს პროექტი, რომელზეც დავრეგისტრირდი და ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. მივიღე დიდი გამოცდილება, შევხვდი უმაღლესი დონის მწვრთნელებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ჩემს გამხნევებასა და მოტივირებას. ალბათ, ყველა ქალს ვურჩევდი, ეს გზა გაიაროს. არ აქვს მნიშვნელობა, შემდეგ როგორ წარიმართება მათი ბიზნესი, მიიღებენ თუ არა დაფინანსებას. ის სამი თვე, რომელიც "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" გავატარე, ყოველთვის იქნება ჩემი სიძლიერისა და მიზანდასახულობის მიზეზი და ვფიქრობ, ნებისმიერი მონაწილე, სწორედ ამგვარი ემოციით დაიმუხტება", − აცხადებს ნანო მიქელაშვილი, − "Mini Theater, რომელსაც უფრო სტარტაპს დავარქმევდი, ბევრ შრომას, ენერგიასა და მოთმინებას საჭიროებს. დიდი იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევ და ბევრი ქალისთვის მაგალითი ვიქნები, რომ მიუხედავად ყოველდღიური საქმეებისა, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მაინც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და იყვნენ დამოუკიდებლები".

გვსურს გაგაცნოთ "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" კიდევ ერთი კურსდამთავრებული, ANATE-ს დამფუძნებელი, ანა ქურდაძე. ანა აღნიშნავს, რომ საცალო ვაჭრობის სფეროში დიდი გამოცდილებისა და სხვადასხვა ბრენდულ მაღაზიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მიუხედავად, ყოველთვის საკუთარი მაღაზიის გახსნაზე ოცნებობდა.

"ANATE-ს ისტორია 2018 წელს იწყება. ჩემი იდეის სრულყოფილად განხორციელება საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ იმდენად მინდოდა დამოუკიდებელი საქმის დაწყება, რომ ვიფიქრე მცირედით მაინც დამეწყო. "თბილისი მოლში" გავხსენი აქსესუარების მაღაზია "ანათე", რომელიც განსხვავებული დიზაინის საყურეებითა და ჩანთებით ქალბატონებს ყოველდღიურობას უფერადებდა. პანდემიის დროს, როდესაც მოლები დაიხურა, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეკეტა მაღაზია, პროდუქციის მარაგი წამოგვეღო და დაგვეწყო ონლაინრეალიზაცია. მხოლოდ facebook და instagram არ აღმოჩნდა საკმარისი და შევქმენი ვებგვერდი: www.anate.ge საიტი თითქმის სრულად ჩემი ძალისხმევით ავაწყვე და დავიწყე ონლაინ მუშაობა. მალევე მივხვდი, რომ მხოლოდ აქსესუარებით ვეღარ შემოვიფარგლებოდი და ასორტიმენტის გასაზრდელად, ქალის თეთრეული დავამატე. ამისათვის, მოვიძიე კომპანია, რომელიც აწარმოებს ქალის თეთრეულს და დავიწყე მოლაპარაკებები. ჩემთვის მთავარი იყო, პროდუქცია ყოფილიყო ხარისხიანი, ხოლო დიზაინი − განსხვავებული და ორიგინალური. პირველი სატესტო შეკვეთის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ძალიან კარგი ხარისხის თეთრეული მქონდა და ისღა მრჩებოდა, ახალ პროდუქტზე მომხმარებლის რეაქცია გამეგო. რეაქციამაც არ დააყოვნა და დიდი მოწონება დაიმსახურა პირველ კლიენტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან გვსურდა მიგვეწოდებინა ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც იქნებოდა დახვეწილი დიზაინის, და ფასიც ექნებოდა ადეკვატური. სატესტო შეკვეთის შემდეგ, როდესაც გავიგე მომხმარებლის მოთხოვნებიც და ბაზარიც შევისწავლე, დავიწყე ახალ შეკვეთაზე მუშაობა. მინდოდა, ნებისმიერ ქალს, მაღალი იქნებოდა თუ დაბალი, ჭარბწონიანი თუ გამხდარი, "ანათეს" თეთრეულში თავი სრულყოფილად და სრულფასოვნად ეგრძნო. ამიტომ მეორე შეკვეთაში გავზარდე ზომები, რათა ყველა ქალს შესძლებოდა "ანათეს" თეთრეულით სარგებლობა. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ბრენდის განვითარებაზე ვმუშაობდი, შევიტყვე "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ, რომელიც ქალ მეწარმეებს პროექტში ჩართვისა და დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობდა. პირველ ეტაპზე, 500 ქალს შორის აგვირჩიეს და გადავედი მეორე ეტაპზე, მაგრამ თავიდანვე ვიცოდი, რომ ბოლომდე გავიდოდი და გავიმარჯვებდი. ეს რწმენა მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება ბარიერების გადალახვაში. პროექტის მიმდინარეობის სამი თვის განმავლობაში, გავიცანი შესანიშნავი ადამიანები, მივიღე დამატებითი ცოდნა, რომელიც დამეხმარა ჩემი პროექტის განვითარებაში", − გვიყვება ანა ქურდაძე.

ბრენდის სახელი − "ანათე", როგორც თავად დამფუძნებელი განმარტავს, ერთგვარი მოწოდებაა იმისაკენ, რომ ყველა ქალი უნიკალურია საკუთარი შინაგანი სილამაზითა და შარმით, და ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად, ისინი აუცილებლად უნდა იღიმოდნენ და ანათებდნენ. თეთრეულის გარდა, "ანათე" ფერად ორეულებსაც აწარმოებს საქმიანი ქალბატონებისათვის, რომლებიც არ უშინდებიან ფერებს და სურთ იყვნენ გამორჩეული. "სამომავლოდ, ვგეგმავ გაფართოებას და პირველი მაღაზიის გახსნას, სადაც ქალბატონებს ექნებათ საშუალება ადგილზე მოვიდნენ, შეარჩიონ "ანათეს" აქსესუარები და თეთრეული, და ანათონ ჩვენთან ერთად", − აღნიშნავს ანა ქურდაძე.

საინტერესოა ნინო და თაკო ბეჟაშვილების ისტორიაც, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" სწავლისა და პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად დაიწყეს. როგორც თავად გვიყვებიან, სტარტაპი − "ლილიუმი", რომელიც თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ონლაინ-პლატფორმას წარმოადგენს, სულ რამდენიმე თვის წინ დააფუძნეს. მათი მიზანი იყო, ქართველი მომხმარებლისთვის ხარისხიანი საერთაშორისო ბრენდები შეეთავაზებინათ, რომლებიც, არა მარტო ადამიანებისთვის, არამედ გარემოსთვის და ცხოველებისთვისაც უსაფრთხო იქნებოდა.

"თავიდანვე გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა პროდუქტებზე, რომელთა ტესტირება ცხოველებზე ხორციელდება და შეგვეთავაზებინა უფრო პასუხისმგებლობიანი და ეთიკური მიდგომა. დღეს, უკვე რამდენიმე ბრენდის პირველი ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში და გვყავს არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი. ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს კონსულტაციისთვის, ჩვენ კი, მათ საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ პროდუქციას ვთავაზობთ", − აცხადებენ ნინო და თაკო ბეჟაშვილები, − "რაც შეეხება "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლას", გაგვიმართლა, რადგან სწორ დროს მოვხვდით სწორ ადგილას და ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ბრენდი, სწორედ მათთან ერთად ჩამოყალიბდა. შესაძლებლობა გვქონდა, ყველა ის საკითხი, რაც პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს იყო მნიშვნელოვანი, განგვეხილა მენტორებთან ერთად, რომლებმაც ეს გზა ჩვენზე ადრე გაიარეს. მათ მოგვამზადეს სირთულეებისთვის, წარმატებისთვის თუ წარუმატებლობისთვის, და დაგვეხმარნენ სწორი მიმართულების ჩამოყალიბებაში. ვფიქრობთ, ახლად შექმნილი ორგანიზაციისთვის ფასდაუდებელია ასეთი მხარდაჭერა, ყველა შესაძლო რესურსით".

ნინომ და თაკომ თავიანთი სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეს. უახლოეს მომავალში, ისინი პლატფორმის WWW.Lilium.Ge გამრავალფეროვნებას გეგმავენ. გარდა ამისა, ისინი საქართველოში მეტი საერთაშორისო ბრენდის შემოყვანაზე და მათ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე მუშაობენ. "გვსურს ადგილობრივ ბაზარზე პასუხისმგებლობიანი ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ − როგორც მომხმარებლების, ასევე სოციალური საკითხების მიმართ. გარდა ამისა, გვინდა წავახალისოთ ადამიანები, რათა პროდუქტის შერჩევის პროცესში უფრო გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ და გაიზიარონ ჩვენი ღირებულებები", − აცხადებენ "ლილიუმის" დამფუძნებლები.

ამ ეტაპზე, "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" მონაწილეთა მეათე ნაკადს მასპინძლობს. ტრენინგკურსებისათვის მეწარმეობისა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველი და უკვე შემდგარი ახალგაზრდა, 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალები შეირჩნენ. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგკურსი ონლაინფორმატში ტარდება, რაც საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობას სთავაზობს.

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" კურსის მონაწილეები ეუფლებიან: მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და ინსტრუმენტებს; ბიზნესიდეის ბიზნესმოდელად გარდაქმნას; "ბიზნესმოდელის ტილოს" შექმნას; ბიზნესპროექტის წერას და ფინანსურ დაგეგმარებას.

ტრენინგკურსი "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ორ დონეს მოიცავს. პირველი დონე 4 ტრენინგ-სემინარს აერთიანებს, რომელზეც მონაწილეები მეწარმეობის ზოგად კურსს გაივლიან და "ბიზნეს ტილოს" პრინციპებს გაეცნობიან. რაც შეეხება მეორე დონეს, ესაა 6 ტრენინგსემინარი, სადაც დამწყები მეწარმეები დაეუფლებიან ბიზნესიდეების ბიზნესპროექტებად გარდაქმნას, მიიღებენ მათთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და დახვეწენ პრეზენტაციის უნარებს. მეორე დონე მხოლოდ იმ მონაწილეებისთვისაა გათვლილი, ვისაც ზუსტად აქვს გადაწყვეტილი ბიზნესის პრაქტიკაში განხორციელება. კურსდამთავრებულები საკუთარ ბიზნესგეგმებს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან წარადგენენ და თანადაფინანსების მოპოვებას ეცდებიან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია