Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Entrepreneur-ის ჩვენს წინა ნომერში ის ქალბატონები გაგაცანით, ვისთვისაც ცხოვრებისეული გამოწვევები არათუ ფარ-ხმლის დაყრის, არამედ სიახლეების დასაწყისად იქცა. მათ წარდგენას ამჯერადაც განვაგრძობთ. საინტერესო სირთულეებს შეჭიდებულ ქალბატონებს მხარში USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" უდგას, რომელიც ფონდ "კრისტალის" მიერ ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში მიმდინარეობს. დამატებით ფინანსურ დახმარებას კი პროექტს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს. სწორედ პროექტის ერთ-ერთ ქვეკომპონენტს წარმოადგენს Buzz Georgia, რომელიც საგანგებოდ შერჩეულ ტრენინგ და სასწავლო პროგრამებს გულისხმობს და მონაწილეებს იმ საჭირო ცოდნის მიღებაში ეხმარება, რაც მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში შეუწყობს ხელს.

Entrepreneur-ი კი ამჯერადაც იმ ორ ახალგაზრდა ქალბატონსა და მათ ისტორიებს წარმოგიდგენთ, რომლებიც შესაძლოა თქვენთვისაც შთაგონების წყაროდ იქცნენ და ცხოვრებაში გაბედული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე დაგაფიქრონ.

ლარისა გვენეტაძე

მე ლარისა გვენეტაძე ვარ ქუთაისიდან, 43 წლის. მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. მოგეხსენებათ, ცხოვრება ბრძოლაა და მით უმეტეს, თუ ოჯახში მხოლოდ ქალი იბრძვის. ჩემი შვილები პატარები იყვნენ, როდესაც ქალაქ ქუთაისში ოჯახებში დავიწყე მუშაობა 20-ლარიან ანაზღაურებაზე. ძალიან მიჭირდა შვილების გამოკვება. ამას დამატებული სკოლა, კომუნალურები, ბინის ქირა. ასე გადიოდა წლები. გაიზარდა ჩემი ვაჟი და 9 კლასის დამთავრებისთანავე, თურქეთში წავიდა სამუშაოდ. მაშინ, როცა ნაბრძოლს ფარ-ხმალი დაყრილი მქონდა, უეცრად იმედის სხივი ჩამესახა. იმედი ისევ ჩემმა შვილმა მომცა. მითხრა, ოჯახებში აღარ იარო და ისეთი სამსახური მონახე, ძალიან რომ არ დაიტვირთო თავიო. ამ დროს ქუთაისში სოლომონ პირველის 43-ში მამიდამ და ბიძიამ სასტუმრო გახსნეს. მუშაობა სწორედ იქ დავიწყე. ავითვისე ყველაფერი, მათ შორის ადმინისტრატორის საქმე, და მასთან შეთავსებით, სამზარეულოსა და დალაგების საქმეებსაც კარგად ვასწრებდი.

მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, ავტომობილი მყოლოდა. ერთ დღესაც ახდა ჩემი ოცნება და ჩემმა შვილმა მითხრა, დედა დაბადების დღეზე მანქანას გიყიდიო. მართლაც, "ნისანის" მარკის ავტომობილი მალე ჩემი გახდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. სინათლის სხივი სულ უფრო ღვივდებოდა ჩემს გულში. მალევე, მე და ჩემმა ქალიშვილმა ზაფხულობით არდადეგებზე ანტალიაში დავიწყეთ სიარული ჩემს შვილთან. ცხოვრება ისე წავიდა, რომ 2 წელიწადში დამოუკიდებლად შევძელი კიდევ ერთი მანქანის ("ტოიოტა" "პრიუსის") შეძენა. ამავდროულად, სასტუმრო "რიოში" ვმუშაობდი მამიდასთან და ბიძიასთან. ბიძაჩემს რამდენიმე მანქანა ჰყავდა, რომელსაც ტურისტებზე ამუშავებდა. როგორი საფიქრალია, 2012-წლიანი მანქანა, ავტოლიზინგით გამოყვანილი, გააქირაო, მაგრამ იმედიანად ვიყავი. გავრისკე, ბიძამ მასწავლა ყველაფერი. მანქანა დავაზღვიე და სასტუმროდან მანქანის გაქირავებას შევუდექი. ძალიან გამიჭირდა, 2 კვირა არ მეძინა, ისე ვნერვიულობდი. წარმოიდგინეთ, რად ღირდა ის მანქანა ჩემთვის. თავად კი ამ დროს სხვაგან ვათენებდი. თუმცა როცა გიჭირს, ყველაფერს რისკავ. შედეგით კი ძალიან კმაყოფილიც დავრჩი. ავტოგაქირავება 24 საათის განმავლობაში 80 ლარი ღირს. ჩემს საქმიანობას ხედავდა ჩემი შვილის ნათლია და ჩემი უახლოესი მეგობარი − ასე ვთქვათ, "შეძენილი ძმა". შემომთავაზა, ერთად გამოგვეყვანა რამდენიმე მანქანა და გაგვექირავებინა. ისევ წავედი რისკზე და ორი მანქანა ვიყიდეთ ავტოლიზინგით. მთლიანად ამ საქმიანობაზე გადავერთე. თავიდან გამიჭირდა: მთელი დღეები გარეთ ვიყავი, ვუვლიდი მანქანებს. თურმე ცოტას რომ დაინახავ, მერე მეტის სურვილი გიჩნდება. ერთ წელიწადში კიდევ შევიძინეთ მანქანები. ამჟამად 9 ავტომობილი გვყავს. არავინ და არაფერი საქმეში არ ჩამირთავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეწილემ არც მანქანის მართვა იცის და არც მართვის მოწმობა აქვს, მაგრამ მე ვუთხარი: "მე შევძლებ ამას".

წარმოიდგინეთ, ყველგან მე ვარ: მანქანა, სახელოსნო, კლიენტთან ურთიერთობა. ყველაფერს ვაკეთებ, რაც საქმეს სჭირდება. ერთი რამ მინდა გითხრათ: თუ მართლა მოინდომებთ, არ არსებობს, ვერ შეძლოთ. 3 წლის წინ ვიყიდეთ საკუთარი 4-ოთახიანი ბინა. ბანკში სესხი ავიღე და გავარემონტე კიდეც. დღეს უკვე ფეხზე მყარად ვდგავარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობებს შორის არ არსებობს განსხვავება − თუ გინდა, გააკეთებ და შექმნი.

შარშან, როდესაც მსოფლიოში პანდემია დაიწყო, ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ქართველებზე ისევ ვაქირავებდი მანქანებს. ბევრჯერ დამიზიანეს და დამიმტვრიეს. ეს პერიოდი ტანჯვით გავიარეთ, რათა იძულებული არ გავმხდარიყავით, მანქანები გაგვეყიდა, ან ბანკს არ წაერთმია. მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ეს მცირე ბიზნესი. დღეს კი ისევ გაჩნდა იმედი და მეც ბედნიერი ვარ. საქართველოსკენ ტურისტები ნელ-ნელა დაიძრნენ. ძალიან მინდა, ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო გავზარდო. ეს საქმე უზომოდ შემიყვარდა. ამასთანავე, კარგი მზარეულიც ვარ, მაგრამ წინსვლის პერსპექტივას უფრო ამ სფეროში ვხედავ. ადამიანებისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ უმთავრესი მაინც ისაა, რომ ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყაროთ და ბედნიერები იყოთ. გარისკეთ, გააკეთეთ, შექმენით და აუცილებლად გამოგივათ.

ხათუნა ღურჭუმალიძე

მე ხათუნა ღურჭუმალიძე ვარ ლეჩხუმის სოფელ ნასპერიდან. ამ სახლში დავიბადე, თუმცა ქუთაისში გავიზარდე და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. 4 ქალიშვილიდან ნაბოლარა მე ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ 3 შვილით მარტოხელა დედა აღმოვჩნდი და სოფელში დავბრუნდი, რადგან არ მინდოდა მამა-პაპისეული კერა გაციებულიყო. მე სოფლის და ამ მიწის უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან 3 შვილი გამაზრდევინა და უამრავი რამ მასწავლა. მათ შორის საკუთარი მიწის, შრომისა და ადათ-წესების სიყვარული. აქ ჩამოსვლის შემდეგ, გამოგიტყდებით, და აღმოვაჩინე, რომ სოფელთან შეჭიდება და გამკლავება მარტივი არ ყოფილა. ბევრი შრომა და ჯაფა დამადგა. ყველაფრის სწავლა და კეთება თავად მომიწია, მათ შორის თიბვისა და თივის ზვინვისაც, რომელსაც წამოზრდის შემდეგ უკვე ჩემი შვილები აკეთებდნენ. გასტრონომია და კულინარია ყოველთვის მაინტერესებდა. ლეჩხუმი ამ მხრივ ძალიან მდიდარია. მინდოდა მივიწყებული ტრადიციების აღდგენისა და ლეჩხუმური სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის შემეწყო ხელი. ამიტომ გადავწყვიტე რეცეპტები შემეგროვებინა. ახლა უკვე 200-ზე მეტი რეცეპტი მაქვს მოძიებული და მათ აქტიურად ვიყენებ ჩემი ბრენდის − "ლეჩხუმელი დიასახლისის" სანელებლებში, აჯიკებში, კერძებში, მწნილებში და ა.შ. საკმაოდ ბევრ რამეს ვამზადებ. ჩვენთან გასტრონაირსახეობების დიდ არჩევანს შეხვდებით. უზომოდ მადლობელი ვარ ლეჩხუმის, ჩემი სოფლისა და ეზო-კარის, რომელმაც შვილების გამოკვების, გაზრდისა და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მომცა. ჩემი საზოგადოების წინაშე წარდგენა პირველად ონის გასტროფესტივალზე შედგა, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა საწებლებმა, აჯიკებმა და სხვადასხვა გასტროქმნილებებმა. ამის შემდეგ, სტიმული ათმაგად მომეცა და საქმიანობის ზრდა-განვითარებას დიდი მონდომებით შევუდექი.

როგორც უკვე გითხარით, "ლეჩხუმელი დიასახლისის" ბრენდით სხვადასხვა გასტრონაირსახეობას ვქმნი. მათ შორის უკვე საფირმო სუნელებს, საწებლებს, ე.წ. ბებოს მარილს ხმელი სანელებლებისგან, ტრადიციულ ლორს, აღვადგინე ხალმის ყველისა და თიხის ჭურჭელში მჟავეს ტრადიცია. რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველაფერს ადგილობრივი პროდუქტებით ვაკეთებ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სოფელსა და ადგილობრივ წარმოებას განსაკუთრებით უნდა შეეწყოს ხელი. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს ყველაფერს სულ სხვა ფასი. ამიტომ მაქსიმალურად ყველაფერი ჩემით მომყავს. ამავდროულად, დაინტერესებული ვარ მივიწყებული ჯიშების მოძიებითა და აღდგენით, განსაკუთრებით ლეჩხუმური ვაშლისა და კომშის. ეს ყველაფერი სინამდვილეში ნამდვილი საგანძურია, რომელიც არ უნდა მივივიწყოთ. მათი სწორად აღდგენისა და მიხედვის შემთხვევაში კი, სოფელში დასაქმების შესაძლებლობაც იქნება. ახალგაზრდები დაბრუნდებიან და სოფელი აღარ დაიცლება. უკვე ისედაც თითქმის მთლიანად დაცლილია, რაც გულს მიკლავს. ხშირად მგლებიც კი გვსტუმრობენ. მინდა ყველა დაუბრუნდეს საკუთარ ფესვებს და ნახავენ, რომ თითოეულ ნაშრომს სოფელი ერთიათად დაუბრუნებს. ვიცი, რომ უკვე რამდენიმე ადამიანისთვის, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, სტიმულიც აღმოვჩნდი, რაც ძალიან მახარებს. აქ ცხოვრებამ სულ სხვანაირად დამანახვა უამრავი რამ და გადამაფასებინა. ძალიან მინდა ლეჩხუმს საკადრისი ყურადღება დაეთმოს ყველას მხრიდან და აქ ცხოვრება ისევ დუღდეს. ჩემი მიზანი კი ამ ყველაფერში საკუთარი წვლილისა და წილის შეტანაა. მთავარია, ადამიანმა გული არ გაიტეხოს, მიწაზე შრომა არ დაიზაროს და ისიც ამ მადლს აუცილებლად ასმაგად დაუბრუნებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?