Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - პროგრამის ბენეფიციარები სოციალური მეწარმეობის მიმართულებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბოლო რამდენიმე წელია, რაც საქართველოში მეწარმეობის შედარებით ახალმა მიმართულებამ − სოციალურმა მეწარმეობამ სულ უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიქცია და ბაზარზე სრულიად გამორჩეული, არაფორმალური ნიშა − სოციალური საწარმოები გამოჩნდა. დღესდღეობით, ადამიანები, რომლებსაც თავიანთი დამოუკიდებელი საქმიანობის წამოწყება და ბიზნესში წარმატების მიღწევა სურთ, არა მარტო პირად, არამედ საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე და მათ გარშემო არსებული სოციუმის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე იწყებენ ზრუნვას.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia, რომელიც საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა და ქალი მეწარმეებისათვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს, აძლიერებს მათ და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზაზე მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს, კვლავ აგრძელებს მეწარმეობის მხარდაჭერას. ვინაიდან Entrepreneur-ი მუდმივად თვალს ადევნებს პროგრამის ბენეფიციართა მიღწევებსა და წარმატებას, გვსურს გაგაცნოთ YES-Georgia-ს მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმოები და ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით არა მარტო პირადი მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, არამედ საზოგადოებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობისთვის იბრძვიან.

თამარ კობახიძე

თამარ კობახიძის ბრენდი "ჰენდიკრაფტი" 2018 წლიდან აწარმოებს განმავითარებელ სათამაშოებს, ინტერაქტიულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის (ADHD) მქონე ბავშვებისთვის. ბრენდის ნაწარმი ევროპული სტანდარტის შესაბამისია, რაც ითვალისწინებს EN71 დირექტივის მოთხოვნებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ.

"ბრენდის დაფუძნების გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც თავად გავხდი დედა და აღმოვაჩინე ბავშვებისთვის ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარებისა და სათამაშოების აუცილებლობის მნიშვნელობა. თავდაპირველად დავიწყეთ საძილე ტომრებით, საწოლის თეთრეულით და ბალიშებით. ოდნავ მოგვიანებით კი უკვე განმავითარებელი სათამაშოები დავამატეთ ჩვენი პროდუქტების ასორტიმენტში, რადგან ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი განვითარება და ადრეულ ასაკში თანადგომა. დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის ძირითადი ხაზი აერთიანებს განმავითარებელ ხალიჩებს, წიგნებს და ახლა უკვე ინტერაქტიულ ტანსაცმელს. ჩვენი წიგნები და ხალიჩები დამუშავებულია ფსიქოლოგებთან ერთად, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს მივაწოდოთ სწორად შერჩეული სათამაშო შესაბამის ასაკში. განმავითარებელი ხალიჩების ასაკობრივი ჯგუფი 0 თვიდან 2 წლამდე მერყეობს, ხოლო წიგნების − წლიდან 6 წლამდე, ისევე, როგორც ჩვენი ტანსაცმლის ხაზი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ბრენდისთვის, პატარების რეაქცია და ინტერესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ საკუთარი პროდუქტების მათ ხელში მოხვედრისას. სწორედ ეს გვმატებს მოტივაციას და გვაძლევს ძალას ვიზრუნოთ ჩვენი ბრენდის განვითარებაზე, რომელიც ავტომატურად ბავშვთა განვითარებაზე იმოქმედებს", − აცხადებს თამარი.

როგორც თამარი გვიყვება, მას ბავშვობიდან უყვარდა შემოქმედებითი საქმიანობა და ახლის ძიება, თუმცა სამკერვალო მიმართულებასთან და სათამაშოების შექმნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით, შემდგომ გააგრძელა მაგისტრატურაზე სწავლა საფრანგეთში. 10 წლის განმავლობაში კორპორაციულ სამყაროში იმუშავა და მენეჯერულ თანამდებობასაც მიაღწია, მაგრამ საკუთარი ბრენდის შექმნის იდეამ საბოლოოდ თამარს სამეწარმეო გზის დაწყებისკენ უბიძგა.

"სწორედ ამ პერიოდში შემეძინა პატარაც და დავიწყე აქტიურად ქართულ ბაზარზე პროდუქტების ძიება. ბევრ პრობლემას და უხარისხო პროდუქტს წავაწყდი და ძალიან ბევრ სათამაშოს თუ აქსესუარს ვიწერდი უცხოური ონლაინმაღაზიებიდან, რაც გამიმარტივებდა ყოველდღიურ დედობრივ რუტინას და მეტ დროს მომცემდა, რომ ჩემს პატარასთან დრო გამეტარებინა. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია, რომ დამეარსებინა ქართული ბრენდი, რომელიც დედებისთვის შექმნიდა კომფორტულ ყოველდღიურ პროდუქტებს", − ამბობს თამარ კობახიძე.

დღესდღეობით, "ჰენდიკრაფტი" პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი ბაზარზე და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. USAID-ის პროგრამის YES-Georgia ფარგლებში, თამარმა ინდუსტრიაში მომუშავე ბევრი საინტერესო მეწარმე გაიცნო, რომლებთანაც აქტიურად მეგობრობს, თანამშრომლობს და უზიარებს ბრენდის წარმატებულ ნაბიჯებს. პროგრამის ბენეფიციარებმა ასოციაციის შექმნაც კი გადაწყვიტეს, რათა სხვა მეწარმეების მხარდაჭერისა და მოტივირებისათვის უფრო მასშტაბური სახე მიეცათ.

ამჟამად, ბრენდი უცხოური ბაზრების ათვისებაზე აქტიურად მუშაობს და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯიც გადაიდგა ამ მიმართულებით. სულ ახლახან, "ჰენდიკრაფტმა" ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ესტონეთში და პოტენციური მყიდველების ინტერესიც დაიმსახურა.

"ჩვენს ძირითად ამოცანას წარმოადგენს, გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე, რისთვისაც როგორც სტანდარტის დაკმაყოფილების, ისე პროდუქციის მარაგების კუთხით მზად ვართ. "ჰენდიკრაფტი" გახდა "სპარკის" ექსპორტის სტიმულირების პროგრამის გამარჯვებული, რაც დაგვეხმარება, ჩვენი პროდუქცია სათანადოდ წარმოვაჩინოთ ETSY-ისა და AMAZON-ის პლატფორმებზე. ვიმედოვნებთ, შემოდგომიდან ჩვენი პროდუქტები უკვე მოხვდებიან როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის ბაზრებზე", − აღნიშნავს თამარი.

მაკო ჭკადუა

ორგანიზაცია "ხელები მშვიდობისთვის" მაკო ჭკადუამ ახალგაზრდა დევნილ ქალებთან ერთად 2019 წელს ქალაქ ზუგდიდში საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ "აფხაზეთის" მხარდაჭერით დააფუძნა. დაგროვილმა გამოცდილებამ და კონტაქტებმა ხელსაქმეზე მომუშავე სპეციალისტებს სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებისკენ უბიძგა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარებოდა ქალებს.

"ჩვენი სოციალური საწარმოს ერთ-ერთი სოციალური ფუნქცია არის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა, რისთვისაც სხვადასხვა დონორთა ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტებს ხელსაქმის შემსწავლელ კურსებზე, ვუტარებთ ტრენინგებს სამეწარმეო საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგია, სამეწარმეო სტატუსები, საგრანტო ფონდების მოძიება, ბიზნესგეგმების შედგენა და სხვა. რაც შეეხება ბენეფიციარებს, გვყავს მოწყვლადი ჯგუფების ახალგაზრდა ქალები და გოგონები. მათი მოზიდვა და შერჩევა ხდება სააპლიკაციო განაცხადებისა და კონკურსის მეშვეობით", − აცხადებს მაკო ჭკადუა, − "რაც შეეხება ჩვენს პროდუქტს, რომელსაც ვქმნით და ვახდენთ რეალიზაციას, გახლავთ აქსესუარები და დეკორაციები. ვმუშაობთ რამდენიმე ტექნიკით, ესენია: პოლიმერული თიხა, სუტაჟი, ბისერები, ქარგვა და ქსოვა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კი დაგვემატა ტანსაცმლის დიზაინისა და ტრიკოტაჟის მიმართულებაც".

ამ საქმიანობის პარალელურად მაკომ შექმნა დამოუკიდებელი ბრენდი − "ჰობი არტი", რომელზეც მალე გაჩნდა მოთხოვნა და წარმოების მოცულობაც გაიზარდა. როგორც მაკო აღნიშნავს, მისი მეგობრებიც აწარმოებდნენ სხვადასხვა სახის აქსესუარს, რამაც გააჩინა ძალისხმევის გაერთიანების, მეწარმე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებისა და მათთვის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის სოციალური საწარმოს შექმნის იდეა.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-სგან მივიღე დროული, საჭირო და საინტერესო ინფორმაცია ბევრი მიმართულებით, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩვენი სოციალური საწარმოს უფრო ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ გარდა ინფორმირებულობისა, აღნიშნულმა პროექტმა შემძინა ახალი სანაცნობო წრე და კონტაქტები, რაც გახდა წინაპირობა და ინსპირაციის წყარო ახალი იდეების გენერირებისა. იდეების, რომლებიც უკვე ფორმულირდა, როგორც პროექტები და აუცილებლად განხორციელდება უახლოეს მომავალში. ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი საწარმოს სოციალური დატვირთვის კუთხით მუშაობას სხვადასხვა დონორთა ხელშეწყობით. ხოლო რაც შეეხება საწარმოს თვითმყოფადობის ნაწილს, ვაპირებთ საქმიანობის გაფართოებას − აქსესუარებისა და დეკორაციების ხაზს უახლოეს მომავალში დაემატება ტანსაცმლის დიზაინისა და ნაქსოვი სათამაშოების ხაზი", − გვიამბობს მაკო ჭკადუა.

მარიამ კუკავა

USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი − 26 წლის მარიამ კუკავა, არაფორმალური განათლებისა და უცხო ენების შემსწავლელ ცენტრ "მარიას სკოლის" დამფუძნებელი გახლავთ. ორგანიზაცია, საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდა ქალებს ინგლისური ენის უფასო სამთვიან კურსებს სთავაზობს და ეხმარება მათ თვითრეალიზებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაში.

მარიამი ფლობს ინგლისური ენის ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული გაცვლით პროგრამაში პორტოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე ლინგვისტიკის განხრით, რის შემდეგაც საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში სამი თვე შვედეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში დაყო. მარიამს ყოველთვის აინტერესებდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა და საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა, თუმცა მსგავსი აქტივობები მის მშობლიურ ზუგდიდში იშვიათი მოვლენა იყო. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა თავად დაეფუძნებინა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების განვითარებასა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემაზე იქნებოდა ორიენტირებული. იგი თავად დაეუფლა ბუღალტერიას, სოციალური მედიის მართვას, გრაფიკულ დიზაინს და სრულიად დამოუკიდებლად, სოციალურ გვერდზე საკუთარი ორგანიზაციის პოპულარიზაციას შეუდგა. დღესდღეობით, მისი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში უკვე ხუთ წელს ითვლის და ამ პერიოდის განმავლობაში, მარიამი უკვე 80-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა უცხო ენების ათვისებაში.

"მახარებს ის ფაქტი, რომ დროთა განმავლობაში ჩემი პროფესია − მასწავლებლობა სულ უფრო მეტად ფასდება. ჩემი საქმიანობის დაწყება მარტივი არ ყოფილა. თავიდანვე ვიცოდი, რომ "ლურჯ ოკეანეში" არ შევდიოდი, თუმცა ამის მიუხედავად, მქონდა ულევი ენთუზიაზმი და მოტივაცია, რაც არ მაძლევდა ფარ-ხმლის დაყრის უფლებას. ვარ 26 წლის და მყავს 10 წლის გოგონა, სახელად ელი. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ბევრი შვილი. ნაადრევ ასაკში დავოჯახდი, თუმცა რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რიგი მიზეზების, მათ შორის ძალადობის ფაქტის გამოც, მარტოხელა დედა აღმოვჩნდი. რაც ყველაზე მეტად მამშვიდებდა, იყო წიგნის კითხვა და ადამიანებთან ურთიერთობა. რამენაირად უნდა დამეღწია თავი რთული დღეებისთვის და ამანაც მიბიძგა იმისკენ, რომ დამელაგებინა სურვილები, მიზნები და თანმიმდევრულად დამეწყო იმ საქმის კეთება, რომელიც ისეთივე განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების, როგორიც სუნთქვა", − აცხადებს მარიამი.

ამჟამად, "მარიას სკოლა" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება, ხოლო სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ, მსმენელთა საჭიროებაზე მორგებულ ფორმატში. ამ ეტაპზე ცენტრში ისწავლება ინგლისური ენა და ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა − "მარიას საბავშვო კლუბი". ორგანიზაციას აქვს საკუთარი ვებგვერდი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, ცენტრის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალგაზრდა ქალებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ინგლისური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსი სრულიად უსასყიდლოდ და მიიღონ სერტიფიკატები.

"USAID-ის პროგრამის YES-Georgia-ს ფარგლებში გაცნობილმა გულანთებულმა ქალებმა გადავწყვიტეთ ზუგდიდში "მეგობართა რაზმის" ჩამოყალიბება, სადაც გავერთიანდით ბაზ-ელჩები და ახლა მიმდინარეობს იდეათა გენერირების პროცესი, თუ როგორი მიმართულებით უნდა შევძლოთ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა ქალებს. დახურული ჯგუფის მეშვეობით ბევრი მეგობარი შევიძინე სხვადასხვა კუთხეში, ავიმაღლე ცნობიერების დონე სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებითაც, გავეცი საკუთარი გამოცდილება და მივიღე უკუკავშირები, რჩევები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ", − აღნიშნავს მარიამ კუკავა, − "ჩვენი სამომავლო გეგმა რამდენიმე ეტაპად იყოფა. ორგანიზაციაში გვსურს დავამატოთ გერმანული და ფრანგული ენის კლუბები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ლატვიასთან და ვცდილობთ შევქმნათ რამდენიმედღიანი გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდებისათვის. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ეს ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში ევროპული ენების საუკეთესო, თანამედროვე შემსწავლელ ცენტრად ჩამოყალიბდება და იქცევა მოთხოვნად ბრენდად ბაზარზე".

იზა ცაგარელი

პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი, 49 წლის ია ცაგარელი, 7 შვილის დედა გახლავთ და როგორც თავად აცხადებს, მისთვის მრავალშვილიანობა ცხოვრების მთავარი მიღწევაა. Entrepreneur-თან საუბრისას იზამ აღნიშნა, რომ სწორედ მისი ოჯახის მრავალრიცხოვნობა იქცა მისთვის მთავარ მოტივატორად, 2019 წელს ქალაქ რუსთავში დაეარსებინა ა(ა)იპ მრავალშვილიან ოჯახთა კავშირი "მტევანი", რომლის მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების მორალური და მატერიალური მხარდაჭერაა.

"პროფესიით ექიმი ვარ და ამჟამად სკოლაში ვმუშაობ ამ მიმართულებით. სკოლამ მომცა სტიმული, ახალ პროფესიაშიც მეცადა ბედი და მიმდინარე წლის 5 ივლისს დავასრულე სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე, რის შემდეგაც მომენიჭა უფროსი მასწავლებლის წოდება ბიოლოგიაში. წელსვე "ევექსის" კლინიკის საოჯახო მედიცინაში გადასამზადებელი კურსი გავიარე და მივიღე ოჯახის ექიმის სერტიფიკატი. ბოლო დროს ამ ორი მიღწევით უზომოდ ვამაყობ, რადგან ძალიან რთულია მათი შეთავსება, ამის საჭიროებას კი დღევანდელი სოციალური ფონი ქმნის. სამწუხაროდ, საქართველოში ერთი პროფესიით მრავალშვილიანი ოჯახის საკმარისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია", − აცხადებს იზა ცაგარელი, − "2012 წელს ოჯახური მიზეზების გამო რუსთავიდან საჩხერეში მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა, თუმცა 2019 წელს კვლავ დავუბრუნდით მშობლიურ ქალაქს, რა დროსაც გავაცნობიერე, რომ თუკი სახელმწიფო არ ეხმარებოდა სათანადოდ მრავალშვილიან ოჯახებს, ეს მისია ჩემს თავზე უნდა ამეღო. შემოვიკრიბე მრავალშვილიანი ოჯახები და დავაფუძნე ორგანიზაცია. დამფუძნებლისა და თავმჯდომარის რანგში, ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგში, შეხვედრებში, კონფერენციებში, საგრანტო კონკურსებში და თავადაც ვცდილობთ სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ქ. რუსთავში მოწვეული ვარ საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრად, სადაც შიდა სამუშაო ჯგუფშიც ამირჩიეს და საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან. ტრენინგებიდან, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ YES-Georgia-ს მიერ ორგანიზებული შეხვედრა იყო, რომელმაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მომცა, გავცნობოდი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებს ჩემი იდეების განხორციელებისთვის, შევხვედროდი საინტერესო ადამიანებს და ბევრ შეკითხვაზე მეპოვა პასუხი".

ამჟამად, იზა ცაგარელი და მისი ოჯახი ფლობენ საოჯახო მეურნეობას და აწარმოებენ რძის პროდუქტებს შემდგომი რეალიზაციისათვის. გასულ წელს მან მეუღლესთან ერთად პატარა სასურსათო მაღაზიაც გახსნა და როგორ თავად მიიჩნევს, მიღებული სამეწარმეო გამოცდილება მას მომავალი მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებაში დაეხმარება.

რაც შეეხება გეგმებს, იზა ახლო მომავალში აპირებს ჯანსაღი კვების კაფეს გახსნას, რომელსაც სოციალური დატვირთვაც ექნება და დაასაქმებს მრავალშვილიანი ოჯახების წევრებს, მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

"იდეა რამდენიმე გრანტზე წარვადგინეთ, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმედს ვკარგავთ და აღარ ვეცდებით. როგორც ჩანს, საჭიროა მეტი მონდომება და განვითარება, რასაც არ ვუშინდებით. ამასობაში, კიდევ ერთი საინტერესო იდეა გვაქვს: გვსურს მოსახლეობას შევთავაზოთ საათობრივად ბავშვების დატოვების სივრცე. დღეს ბევრ მშობელს აქვს ამის საჭიროება, რომ ბავშვი დატოვოს საიმედო, საინტერესო ადგილზე და ამ იდეას აქტიურად ვამუშავებთ ორგანიზაციაში", − განაცხადა იზა ცაგარელმა.

მარინა ბენდელიანი

USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარი და 2022 წლიდან უკვე ბაზ-ელჩი − მარინა ბენდელიანი 39 წლის სოციალური მეწარმეა ზუგდიდიდან. აფხაზეთიდან დევნილი მარინა ბენდელიანი 2009 წლიდან მუშაობს სამოქალაქო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო 2015 წლიდან დაინტერესდა გარემოსდაცვითი თემებით, რაც მისი სოციალური საწარმოს დაარსების წინაპირობა გახდა. მარინა დღეის მდგომარეობით, უკვე ორი "მწვანე" სოციალური საწარმოს დამფუძნებელია და მიაჩნია, რომ სოციალური მეწარმეობა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც მას ბიზნესსაქმიანობის პარალელურად, ჩვენ გარშემო არსებული გამოწვევების მოგვარებაში ეხმარება.

სოციალური სამკერვალო-საწარმო 7R-ის შექმნის იდეა, მარინას 2020 წლის აგვისტოში გაუჩნდა და უკვე 2021 წლის მარტში პირველი სახელოსნოს ამოქმედება და წარმოების დაწყება მოახერხა. DRC-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარინამ შეიძინა შესაბამისი ტექნიკა, ავეჯი და მას შემდეგ სამკერვალო საწარმოში ქსოვილის ნარჩენებისაგან ამზადებს სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის: განსხვავებული ფორმის და ზომის ჩანთებს, აქსესუარებს, დეკორატიულ ნივთებს და ა.შ.

მარინას თქმით, სამწუხაროდ ამ ეტაპზე მას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული ნახევარ განაკვეთზე. თავდაპირველად, მის საწარმოში სამი თანამშრომელი და ორი შეგირდი მუშაობდა, თუმცა პანდემიის დროს არსებული გამოწვევების ფონზე, მარინას მოუწია მათი შემცირება. გამოწვევების მიუხედავად, მარინა ბენდელიანი არ ნებდება და ცდილობს ეს რთული პერიოდი დაძლიოს, გაამრავალფეროვნოს წარმოება და გაზარდოს გაყიდვები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოს განვითარებას და მდგრადობას. როგორც თავად აღნიშნავს, მას რამდენიმე წელში სურს შექმნას მულტიფუნქციური სივრცე ზუგდიდში, რომელიც განთავსდება ძველი ქარხნის ტერიტორიაზე. "ამ სივრცეში იმუშავებს სახელოსნოები, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი ნივთების აღდგენა, ნარჩენებისაგან ახალი ნივთების შექმნა. აგრეთვე იარსებებს ნულოვანი ნარჩენების მაღაზია და კაფე, საერთო სამუშაო სივრცე. ყველა სახელოსნო თუ სივრცე ეკოფილოსოფიის ქვეშ გაერთიანდება და მოემსახურება გარემოსდაცვითი მისიის განხორციელებას, ნარჩენების მართვის პოპულარიზაციას რეგიონში, ხელს შეუწყობს მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას და ა.შ.", − აცხადებს მარინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მარინა დაესწრო ზუგდიდში გამართულ USAID YES-Georgia პროგრამის კომპონენტის, Buzz-საქართველოს ქალთა მეწარმეობის გაძლიერების და ხელშეწყობის ტრენინგს და პროგრამის ფარგლებში, ბაზ-ელჩის ტიტული მიენიჭა.

ნანა შედანია

პროგრამის ბენეფიციარი − 34 წლის ნანა შედანია, სერტიფიცირებული ახალგაზრდა მუშაკია ზუგდიდიდან, რომელიც განათლებით სამართალმცოდნე, სოციალური სამუშაოს მაგისტრი გახლავთ.

როგორც თავად აღნიშნავს, მისი ცხოვრების საწყისი ეტაპი ასოცირდება აფხაზეთთან, სოხუმთან, სადაც დაიბადა და სამწუხაროდ მხოლოდ 5 წელი იცხოვრა ოჯახთან ერთად. დევნილობის შემდეგ კი, ნანას ცხოვრება სრულიად უკავშირდება ზუგდიდს, სადაც დღემდე ცხოვრობს და აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში.

2011-2013 წლებში ნანა ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში, სადაც დაუგროვდა ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ, 2015 წელს, თანამოაზრეებთან ერთად მან დააარსა ა(ა)იპ "ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის", რომელიც მუშაობს სამეგრელოს რეგიონში არაფორმალური განათლებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით. 2017 წელს, სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე, რეგიონში პირველი სოციალური საწარმო-კაფე − "მეგო ბარი"/MegoBar დაფუძნდა, რომლის მიზანია, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უფასო სამუშაო სივრცეზე და რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც ნანა აღნიშნავს, საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ქალაქში არსებული "მეგო ბარის" სივრცის მიერ შეთავაზებული სერვისები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ძველი ავტობუსის ბაზაზე შეიქმნა მობილური სივრცე − "მეგო ბასი", რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდულ სერვისებზე ხელმისაწვდომობას იმ ადგილებში, სადაც ამის საჭიროება აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს "მეგო ბარი" გახდა წლის სოციალური საწარმოს ნომინანტი და ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილი აიღო.

"მეგო ბარის" სივრცეში, დღის განმავლობაში ტარდება ტრენინგები, გამოფენა/გაყიდვები, სამუშაო და უცხო ენის კლუბის შეხვედრები. ახალგაზრდებს სივრცე და იქ არსებული ტექნიკური აღჭურვილობა დღის განმავლობაში უსასყიდლოდ ეთმობათ. 18:00-იდან სივრცეში ფუნქციონირებს ბარი, სამზარეულო, ბილიარდის სივრცე, რომლის შემოსავალი სწორედ დღის განმავლობაში გამართული აქტივობებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას ხმარდება. აქვე იმართება მუსიკალური და ლიტერატურული საღამოები, კინოჩვენებები, ინტელექტუალური თამაშები, კულტურათაშორისი საღამოები (უცხოელი მოხალისეების დახმარებით), რაც მთლიანობაში ერთგვარ ახალგაზრდულ პლატფორმას ქმნის ქალაქში.

2022 წელს "მეგო ბარმა" უმასპინძლა USAID YES-Georgia პროგრამის კომპონენტ Buzz-საქართველოს ფარგლებში, ქალთა მეწარმეობის გაძლიერებისა და ხელშეწყობის ტრენინგს, ხოლო ნანა შედანიას ბაზ-ელჩის ტიტული მიენიჭა.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდი "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. მათი მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია