Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia – როგორ იქცა პროგრამის ბენეფიციარ ქალთა სამეწარმეო ოცნებები წარმატებულ ქართულ ბრენდებად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წარმატებული სამეწარმეო ისტორიები დიდი შრომის, ენთუზიაზმისა და საქმისა თუ მომხმარებლის მიმართ ერთგულების ხარჯზე იწერება. ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ლოკომოტივის, მთავარი კონტრიბუტორები კი, სწორედ ინდივიდუალური მეწარმეები არიან, რომელთაც შეძლეს თავიანთი ჰობი, გატაცება თუ პროფესიული სფერო დამოუკიდებელი შემოსავლის წყაროდ ექციათ, დაესაქმებინათ სხვა ადამიანები და შეექმნათ ძლიერი ქართული ბრენდები.

Entrepreneur-ს სწორედ ასეთი მეწარმე ქალბატონები სურს წარმოგიდგინოთ, რომლებიც USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს დახმარებით, გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს და ამტკიცებენ, რომ საქართველოში წარმატებული ბიზნესის წარმოება სავსებით შესაძლებელია.

თამარ გელაშვილი − Tamis

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარ თამარ გელაშვილის საბავშვო სამოსისა და აქსესუარების ბრენდი Tamis 2017 წელს შეიქმნა. როგორც დამფუძნებელი გვიამბობს, დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყების წინაპირობა, მისი საყვარელი ჰობის განვითარება და შემოსავლის წყაროდ გარდაქმნის სურვილი იყო, რის გამო ბიზნესი ჯერ საბერძნეთში დაიწყო, ხოლო მოგვიანებით წარმოება საქართველოში, კერძოდ კი სენაკში განაგრძო.

Tamis საბავშვო პროდუქციის რამდენიმე მიმართულებაზეა ორიენტირებული და მოიცავს: ტანსაცმელს, თეთრეულს, აქსესუარებს და ნახატებს სეზონური კოლექციების სახით. ბრენდის პირველი გამოფენა-გაყიდვა 2019 წელს შედგა. მას შემდეგ Tamis-ის პროდუქცია არაერთ პლატფორმაზე იყო წარმოდგენილი და საკმაოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელიც ჰყავს. დღესდღეობით, ბრენდის ნაწარმი ონლაინ არხებით იყიდება, ხოლო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

"ამ ბიზნესის წარმოებისას სირთულე იყო ის, რომ მარტოს მიწევდა მუშაობა, ვინაიდან ნაწარმის ზოგიერთი ტიპი სრულად ხელნაკეთია, სამკერვალო ხაზით კი, ამ ეტაპზე, საწარმოში დასაქმებულია ორი თანამშრომელი. პანდემიის გამოცხადებისთანავე საწარმო სრულად გადართული იყო პირბადეების წარმოებაზე. ხოლო კრიზისის გადავლის შემდეგ, კვლავ დავუბრუნდით პროდუქციის წარმოებას", − აცხადებს თამარ გელაშვილი, − "პროგრამა USAID YES-Georgia-ს ინტერესი და მხარდაჭერა აშკარაა ჩემი საქმიანობის მიმართ. Tamis წარდგენილი იყო Buzz Women Global-ის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ჰოლანდიაში, როგორც "Buzz საქართველოს" ელჩი. მინდა აღვნიშნო, რომ ახლო მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას და ბრენდის ცნობადობის გაზრდას, ხოლო USAID-ის ხელშეწყობით ჩატარებულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და კავშირები აუცილებლად დამეხმარება სამომავლოდაც".

თინათინ ლეთოდიანი − АБВГДейка

ქუთაისში პირველი (მრავალწლიანი პაუზის შემდეგ) ქართულ-რუსულენოვანი ბაგა-ბაღი − АБВГДейка თინათინ ლეთოდიანმა მეგობართან, ანა დოღონაძესთან ერთად 2016 წელს გახსნა და დღემდე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მსგავსი დაწესებულების გახსნის იდეა მეგობრებს მას შემდეგ დაებადათ, რაც თავიანთი შვილებისათვის რუსული ენის შესასწავლი დაწესებულება ვერ იპოვეს და მცირე მოკვლევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მოთხოვნა ბაზარზე ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი იყო. მალევე, მეგობრებმა თავიანთი ძალისხმევით მოაწყვეს მცირე კერძო ბაღი, რომელმაც თავდაპირველად 5 აღსაზრდელით დაიწყო მუშაობა, თუმცა სულ მალე მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ბაგა-ბაღის მიზნობრივ სეგმენტს, ძირითადად ქუთაისის მცხოვრებელი რუსულენოვანი საზოგადოება წარმოადგენს (უკრაინელები და რუსები), თუმცა ნაწილი, თავიანთი შვილებისთვის რუსული ენის შესწავლის მსურველი ქართველი მოსახლეობაა. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, ორიენტირებულია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე, ხოლო რუსულ ენას ბავშვები ურთიერთობაში, თამაშით და სიმღერებით ეუფლებიან.

"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და ჩვენც გადავწყვიტეთ შეგვეცვალა მიმართულება. მალევე სხვა ფუნქციაც შევითავსეთ და საკუთარი საქმიანობით ვეცადეთ დავხმარებოდით უკრაინიდან ლტოლვილ პატარებს. მათ სწორედ ჩვენთან შეძლეს სათანადო თავშესაფრის პოვნა, რაც ნაკლებ სტრესული იყო მათთვის ენობრივი ბარიერის არარსებობის გამო. ამჟამად, დიდი ნაწილი ჩვენი აღსაზრდელებისა, სწორედ უკრაინელი პატარები არიან, რომლებმაც თანამემამულეებთან ერთად მშობლიურ გარემოში იგრძნეს თავი", − აღნიშნავს თინათინ ლეთოდიანი.

თინათინი და ანა პროფესიით პედაგოგები არიან (სწავლების მეთოდიკის მაგისტრები) და ბავშვებთან ურთიერთობა ორივეს განსაკუთრებულად უყვარდა, რაც პროფესიულ ცოდნასთან ერთად, ბაგა-ბაღის იდეის განხორციელებაში ძალიან დაეხმარათ. პანდემიის დროს მათ საქმიანობის შეჩერება დაახლოებით წელიწადნახევრით მოუწიათ, თუმცა ენთუზიაზმისა და საქმის მიმართ სიყვარულის წყალობით, არ დანებდნენ და პირველივე შანსის გამოჩენისთანავე, გამოწვევების მიუხედავად, აღსაზრდელებთან მუშაობა განაგრძეს.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ტრენინგებს სწორედ იმ დროს პირველად დავესწარი, როცა ჩვენი ბიზნესი პანდემიის გამო უკვე შეჩერებული იყო და მართლაც რთული პერიოდი გვქონდა. ტრენინგებმა ახალი ძალა და შემართება მომცა, მოტივაციაც დამიბრუნდა, გადარჩენის იდეებიც დაიბადა და რაც განსაკუთრებით საჭირო იყო ჩვენთვის, ტრენინგზე ფინანსური კუთხითაც ახალი გზები დამანახეს, ახალი მიმართულებები მომცეს. ამჟამად, ჩვენი უახლოესი მიზანია როგორმე მოვახერხოთ საკუთარი შენობა შევიძინოთ ან ვიგირაოთ, რათა მომდევნო სასწავლო წლიდან განვაახლოთ გარემო და ახალ სტანდარტს არ ჩამოვრჩეთ", − აცხადებს თინათინი.

მარინე ხინკილაძე Marine

შემოქმედებით სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მარინე ხინკილაძემ, საკუთარ ბრენდ Marine-ს დაფუძნება პანდემიის დროს, ურთულეს პერიოდში გადაწყვიტა. მან ქალის აქსესუარების დიზაინზე, კონკრეტულად კი საყელოებზე დაიწყო მუშაობა და აღმოაჩინა, რომ ეს დეტალი სამოსს არა მარტო დასრულებულ იერს სძენს, არამედ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე და კარგად გამოხატავს პერსონალურ იდენტობას.

Marine-ს პროდუქცია სრულად ხელნაკეთი და ექსკლუზიურია, და საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით მზადდება. საყელოები განსხვავდება მასალების, ფერის, მოდელისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით, რაც უნიკალურს ხდის ამ პროდუქტს ბაზარზე. ბრენდი ორიენტირებულია ქალებისათვის თავდაჯერებულობის, გაბედულების ამაღლებაზე და მისი ნაწარმის გამოყენება შესაძლებელია როგორც სადღესასწაულო გარემოში, ისე ყოველდღიურად, ტელესივრცეში, ოფიციალურ შეხვედრებზე და ა.შ. Marine-ს მომხმარებლები ძირითადად 25-იდან 40 წლამდე ქალბატონები არიან, რომლებიც თავის მოვლას, გემოვნებასა და გარეგნულ იერსახეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ამჟამად მარინე საქმიანობას შინიდან ეწევა და მომხმარებლებს ონლაინარხებით ემსახურება, ხოლო პროდუქტის მიწოდება ხდება საკურიერო სერვისის გამოყენებით. Marine ხშირადაა წარმოდგენილი მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვებზე სხვადასხვა სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ბრენდის პროდუქცია განთავსდა ამერიკულ ელექტრონულ პლატფორმაზე ETSY, რაც Marine-ს გლობალურ ბაზარზე გასვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მარინე ხინკილაძეს დამთავრებული აქვს ბათუმის პროფესიული კოლეჯი "ბლექსი" სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის მიმართულებით და ფლობს გამოცდილებას როგორც სხვადასხვა სახეობის ტანსაცმლის შექმნის, ისე ქსოვილებთან მუშაობისა და ქარგვის კუთხით. ამჟამად, იგი ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლაში სწავლობს და დამოუკიდებელი საქმიანობის პარალელურად, ქალ მეწარმეთა განვითარების სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობს.

"საქმიანობის განხორციელების პროცესში გავაცნობიერე, რომ ხელოვნებისა და ბიზნესის დაკავშირება დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. სხვადასხვა პროგრამაში აქტიურად ჩართვამ მასწავლა, რომ ბიზნესის მართვა პირდაპირ იყო დაკავშირებული პიროვნულ განვითარებასთან, რამაც დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოებისა და წინსვლის სტიმული მომცა. USAID-ის პროგრამა YES-Georgia დამეხმარა მოტივაციის, პიროვნული ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში. ტრენინგის პროცესში სხვადასხვა მეწარმე ქალთა გამოცდილების მოსმენა, მტკიცე დამოკიდებულება გამოწვევებთან, ასევე, კეთილგანწყობილი, ყურადღებიანი დამოკიდებულება ორგანიზატორების მხრიდან, ქმნის ძლიერ ჯაჭვს, რაც დიდი მხარდაჭერაა თითოეული ჩვენგანისთვის", − აცხადებს მარინე.

ახლო მომავალში, მარინე საკუთარ საქმიანობაში ქსოვის მიმართულების შემოტანას გეგმავს, რაც გაამრავალფეროვნებს ბრენდის ასორტიმენტს. გარდა ამისა, ბათუმში Marine-ს ფიზიკური მაღაზიის გახსნაც იგეგმება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ისე უცხოელი ვიზიტორებისათვის.

სალომე ნიკურაძე "სულოს"

პროგრამის ბენეფიციარ სალომე ნიკურაძის ბრენდი − "სულოს" კანის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი ბაზარზე, რომელთა შექმნის ისტორია 70 წლის წინ იღებს სათავეს. ცნობილმა კოსმეტოლოგმა სულიკო ბახიამ, გერმანელ სპეციალისტთან ერთად, ათწლეულების წინ შეიმუშავა კანის მოვლის საშუალებების უნიკალური რეცეპტურა, რომელიც მისი ქალიშვილისგან − მარინა თავაძისგან რძლებს − სალომე ნიკურაძესა და მაკა ნებიერიძეს ერგოთ. პანდემიის დროს კი, ამ კრემების ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად, სალომესა და მაკას თავიანთი ბრენდის შექმნისა და დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყების იდეა გაუჩნდათ, რომელიც მალევე განახორციელეს. ასე შეიქმნა ბრენდი "სულოს".

"პირადად ჩემთვის, ინსპირაციის წყარო იყო ქალბატონი სულიკო, რომელიც ძლიერი და საქმიანი ქალი და ამავდროულად, ოთხი შვილის დედაც გახლდათ. მეც, როგორც მრავალშვილიან დედას, მისი ისტორია ყოველთვის დიდ ძალას მაძლევდა. ამიტომ გადავწყვიტეთ პროდუქციისათვის პრეზენტაბელური და სარეალიზაციო სახე მიგვეცა, გაგვეკეთებინა ბრენდინგი, რაშიც ჩემი პირველკურსელი დიზაინერი შვილი − ანა ბერიშვილი დაგვეხმარა და საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი", − გვიამბობს სალომე.

ამჟამად, "სულოს" ტრადიციული რეცეპტითა და თანამედროვე მიდგომებით, სახისა და ტანის მოვლის ნატურალურ საშუალებებს აწარმოებს, როგორებიცაა: სახის კრემები, შრატები, მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი, ნატურალური საპნები, ტანის ლოსიონი, სახის მასაჟის ზეთები, აკნეს ხაზის კანის მოვლის საშუალებები (საპონი, გამწმენდი ნიღაბი, არაკომედოგენური კრემები), ეთერზეთები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბრენდი პროდუქციის წარმოებისას INCI კოსმეტოლოგიის საერთაშორისო ნომენკლატურით ხელმძღვანელობს. მისი მომხმარებლები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, რომელთათვისაც ცალკე ხაზის შექმნაა დაგეგმილი. პროდუქციის რეალიზება ძირითადად ონლაინპლატფორმით ხორციელდება, თუმცა "სულოს" რამდენიმე სალონსა და აფთიაქშიცაა წარმოდგენილი.

სალომე ნებიერიძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა მოგვიანებით, რიგი მიზეზების გამო, ფინანსების შესწავლა გადაწყვიტა და ამჟამად, დამოუკიდებელი საქმის პარალელურად, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "რეჰაბს" ხელმძღვანელობს.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ის ტრენინგი აღმოჩენა იყო ჩემთვის. გავიცანი უამრავი ქალი მეწარმე, რომელთა ისტორიები იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაციისა და ენერგიის წყარო. ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერები მუდმივად გვერდით გვიდგანან, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ხელს გვიწყობენ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაში. სწორედ პროგრამის დახმარებით, "სულოს" სულ ახლახან ნიდერლანდებშიც იყო წარმოდგენილი", − აცხადებს სალომე, − "ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მოლებთან წარვდგეთ უფრო ფართო მომხმარებლის წინაშე. უკვე ვმუშაობთ საახალწლო შეთავაზებების მზადებაზე, რაც მოიცავს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრებს, როგორც საცალო, ასევე კორპორაციული შეკვეთებისთვის".

სოფიო ტუაევი − "სომა ქიდს"

ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო "სომა", უკვე რვა წელია, რაც ადგილობრივ ბაზარზე როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე ქართულ ბრენდებს ემსახურება და მაღალი ხარისხის სამოსის წარმოებაზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ "სომას" სამკერვალოში შექმნილი პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გადის სხვადასხვა ბრენდის ეგიდით.

"სომას" დამფუძნებელი სოფიო ტუაევი გვიამბობს, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა საკუთარი სამკერვალო საწარმოს დაფუძნება, ვინაიდან ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებდა ზურგს.

"საკუთარ თავთან მკაცრი პირობა დავდე, რომ თავიდანვე მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით დავიწყებდი საქმიანობას, თუმცა ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა არადამაკმაყოფილებელი ხარისხის ნედლეულით დაწყებული, შესაფუთი მასალების არარსებობით დამთავრებული ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, გვქონდა ჩაფიქრებული ეკოლოგიურად სუფთა, ბამბის მაქსიმალურად მაღალი შემცველობის მქონე ქსოვილით და ნაქარგი ქართული ორნამენტებით ჩვილი ბავშვის სამოსის წარმოება, რაც საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს და პირველები ვიქნებოდით ამ მიმართულებით ადგილობრივ ბაზარზე. მიმდინარე წლის გაზაფხულზე დავიწყეთ ნედლეულის მოძიება მეზობელ ქვეყნებში, გავეცანით თურქეთში არსებულ წარმოების პროცესს, პროდუქტის შექმნის ეტაპებს და გადავწყვიტეთ, რომ ამის გამეორება საქართველოშიც შესაძლებელი იქნებოდა. მალევე, მოვახერხეთ ნედლეულის მოძიება და დადგა ის ბედნიერი დღე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებელი წარმოება მცირე მასშტაბით. ასე შეიქმნა ჩვილი ბავშვის სამოსის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია "სომა ქიდს", გვიამბობს სოფიო, "მინდა აღვნიშნო, რომ YES-Georgia-ს პროგრამამ, როგორც მეწარმეს, მომცა სწორი ნაბიჯების გადადგმის გამბედაობა. პროგრამა შექმნილია მცირე მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ თავიანთი წამოწყების განვითარების სწორი ვექტორი დაისახონ და განახორციელონ რეალობაში".

ამჟამად, "სომას" პროდუქციის რეალიზება სოციალური ქსელებისა და ინტერნეტმაღაზიების მეშვეობით ხორციელდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბავშვო სამოსის ცნობილ მაღაზიებთან "სომას" სტენდის განთავსების თაობაზე. ასევე, სულ მალე თბილისში მდებარე ორ სამშობიარო კლინიკაში მოხდება ბრენდის ჩვილი ბავშვებისათვის საჭირო სამოსის, ბოდეებისა და სხვა აქსესუარების სასაჩუქრე ყუთების შეტანაც. ახლო მომავალში, "სომა ქიდსი" გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

ცირა აბსანძე − ORKOL STUDIO

"ორკოლ სტუდიოს" დამფუძნებლის, ცირა აბსანძის ურთიერთობა თიხასთან და კერამიკასთან, ბავშვობიდან იღებს სათავეს. იგი მხატვარ-კერამიკოს რობერტ აბსანძის შვილი გახლავთ და მთელი ბავშვობა უყურებდა, თუ როგორი რუდუნებითა და სიყვარულით ქმნიდა მამა მიწისაგან ჯერ თიხას, ხოლო თიხა ოსტატის ხელში საოცარ ნიმუშებად გარდაიქმნებოდა.

"ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ჩემდა უნებურად ჩავერთე. თიხისაგან ჯერ გასართობად სხვადასხვა სამკაულის დამზადება დავიწყე, შემდეგ ჭურჭელზე გადავედი, ეტაპობრივად ჩავერთე მამის საქმიანობაშიც. 2019 წელს ბიზნესსაქმიანობას ბრენდის სახე მივეცით და ვუწოდეთ "ორკოლ სტუდიო". ცნობისთვის, "ორკოლ" მეგრული სიტყვაა და "თიხის დოქს" ნიშნავს", გვიამბობს ცირა.

"ორკოლ სტუდიო" ქართული თიხისაგან დეკორატიულ, გამოყენებით, სარესტორნო ჭურჭელს აწარმოებს, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, ამოვლებული ჰიგიენური ჭიქურით და გამშვენებული ოსტატების მიერ ქართულ მოტივებზე შექმნილი მრავალფეროვანი ორნამენტებით. აღსანიშნავია, რომ "ორკოლი" ტრადიციული, შავპრიალა კერამიკის ტექნიკით მუშაობს, რომელიც ბრენდის ნაწარმს გამორჩეულს ხდის ქართულ ბაზარზე არსებული სხვა კერამიკისგან. მისი მომხმარებლები ხელოვნების სფეროთი, კერამიკითა და მხატვრობით დაინტერესებული ადამიანები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელი ვიზიტორები, რომლებთანაც კომუნიკაცია ძირითადად სოციალური ქსელების დახმარებით ხორციელდება.

"პანდემიის დროს "ორკოლ სტუდიომ" შემოქმედებითად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. გავამრავალფეროვნეთ ჩვენი ნამუშევრების კოლექცია, დავხვეწეთ შეფუთვა და მომსახურება. USAID-ის "ზრდა საქართველოს" კონკურსში მოვიპოვეთ დაფინანსება და თანამედროვე ტექნიკითა და ღუმელით აღიჭურვა ჩვენი სახელოსნო, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენთან მასტერკლასებზე მოსულ ვიზიტორებს დროის უმოკლეს ვადაში გამოვუწვათ და თან გავატანოთ კერამიკა. ადგილზე მოსულ ვიზიტორებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, რობერტ აბსანძის შემოქმედებითი სივრცე დაათვალიერონ, გაეცნონ მის ნამუშევრებს და თვალი ადევნონ "ორკოლის" სამუშაო სივრცეში ჭურჭლის წარმოების უწყვეტ პროცესს", აღნიშნავს ცირა აბსანძე.

ცირა აბსანძის თქმით, საქმიანობის დამოუკიდებლად მართვა თავდაპირველად საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა და პროფესიულ განვითარებას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, მან არაერთი კურსი და ტრენინგი გაიარა, რათა უშუალოდ კერამიკასთან მუშაობის გარდა, მენეჯერული უნარებიც შეეთვისებინა.

"USAID-ის პროგრამა YES-Georgia ჩემთვის საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა ბიზნესის სწორად წარმართვისთვის. პროგრამის დახმარებით გავაუმჯობესე ბიზნესის ციფრული მხარე, რამაც გამიმარტივა საქმიანობა და შემოქმედებითი კუთხით სამუშაოდ დრო გამითავისუფლა. როგორც Buzz-ელჩს კი, მომეცა შესაძლებლობა უკვე მეორედ შევხვედროდი ამერიკის ელჩ კელი დეგნანს და პირადად გადამეცა საჩუქრად ჩემი ხელით მოხატული ნამუშევარი", აცხადებს ცირა.

აღსანიშნავია, რომ "ორკოლ სტუდიო" ახლო მომავალში საკუთარი პროდუქციის B2C პლატფორმაზე განთავსებასა და საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისთვის სერვისის გაუმჯობესებას გეგმავს.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას. მათი მხარდაჭერით 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, ბუღალტრულ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ