Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - შემოსავლის წყაროდ ქცეული საყვარელი საქმე: ხელნაკეთი აქსესუარები და დეკორატიული ნაკეთობები პროგრამის ბენეფიციარებისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელნაკეთი აქსესუარები და ხელით შექმნილი დეკორის ელემენტები ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდება. სიყვარულით შექმნილი ნივთები საჩუქრების შერჩევის გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის და ადრესატებს დადებით ემოციასა და ბედნიერებას უზიარებს.

USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს ბენეფიციარები წარმატებით აწარმოებენ ხელნაკეთ აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს, რომელთა პროდუქცია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი მეწარმეები ქმნიან პერსონიფიცირებულ ნივთებს, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავენ მათ ისტორიასა და გზას შინ დამზადებული აქსესუარებიდან საერთაშორისო ბაზრამდე.

ამჯერად, Entrepreneur პროგრამის ხელნაკეთი აქსესუარებისა და დეკორატიული ნაკეთობების მწარმოებელი ბენეფიციარების ისტორიებს გთავაზობთ და გაგაცნობთ ქალ მეწარმეებს, რომლებმაც უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ხორცი შეასხეს თავიანთ იდეებს, განავითარეს ბიზნესი და ექსკლუზიურ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს.

ნინო თორაძე

ნინო თორაძე USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარია, რომელმაც ახალი წარმატებული ბრენდი − "ლილიტი" შექმნა. მისი მთავარი მიზანია, აქსესუარების მეშვეობით გოგონებს შთააგონოს თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის სიყვარული და მიზნებისკენ სწრაფვა. კომპანია დაახლოებით მეორე წელია ფუნქციონირებს და ამ დროში ანტრეპრენერმა მოახერხა შემოეკრიბა ადამიანები, რომლებსაც ამ იდეის სჯერათ და უკვე აქტიური მხარდამჭერები არიან.

ამჟამად "ლილიტში" აქტიურად წარმოებს ხის მასალაზე დამზადებული გულსაბნევები, რომლის მთავარი გმირებიც ძლიერი, საინტერესო და უნიკალური ქალები არიან. აქსესუარებით "ლილიტის" გუნდი ცდილობს, დაანგრიოს გავრცელებული სტერეოტიპები გოგონებისა და ქალების მიმართებით. თითოეულ გულსაბნევს აქვს თავისი ისტორია, რომელიც, თავის მხრივ, წარმოაჩენს ქალების სხვა ისტორიებს. აქსესუარებს მოჰყვება წერილი, სადაც წერია შთამაგონებელი სიტყვები და პერსონიფიცირებული მესიჯი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ გულსაბნევთან.

მიუხედავად იმისა, რომ "ლილიტი" დიდი ხანი არაა, რაც ბაზარზე შემოვიდა, მისი შექმნის იდეა და სურვილი წლებია არსებობს. პროგრამის ბენეფიციარ მეწარმეს ბავშვობიდან უყვარდა სამკაულების საკუთარი ხელით შექმნა, სწორედ ამიტომ, პირველ კურსზე გადაწყვიტა, მცირე ბიზნესი დაეწყო. ამავდროულად, მისი განმარტებით, ბავშვობიდან ხედავდა იმას, რომ საკუთარი თავიდან დაწყებული, უამრავი გოგონა/ქალბატონია, რომელსაც არ სჯერა თავისი თავის და გავრცელებული სტერეოტიპებისა და სილამაზის სტანდარტის გამო, ფაქტობრივად, სხვების ცხოვრებით ცხოვრობენ. "მინდა ყველა გოგონას შევახსენო, რომ ყველაფრის მიღწევას შეძლებენ, რასაც მიზნად დაისახავენ. ვფიქრობ, საკუთარი თავის სიყვარული, თვითრწმენა და გამბედაობა ეხმარება გოგონებს/ქალბატონებს, გახდნენ უფრო პროდუქტიულები, იყვნენ რეალიზებულები როგორც პირად, ისე კარიერულ ცხოვრებაში. ამიტომ, გადავწყვიტე შემექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც აქსესუარზე უფრო მეტი იქნებოდა", − განმარტავს ნინო თორაძე.

ბრენდის დამფუძნებლის თქმით, როდესაც "ლილიტის" შექმნა დაიწყო, ბიზნესზე, ბრენდინგსა და მარკეტინგზე არაფერი იცოდა. ამ პერიოდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა ცდილობდა, მონაწილეობა მიეღო ყველა პროექტში, რაც ბიზნესუნარების განვითარებაში დაეხმარებოდა. ნინოს განმარტებით, ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა იყო ის ადგილი, სადაც რეალურად მოუყარა თავი იდეებს, მიიღო დაფინანსება და შექმნა პირველი სატესტო პროდუქცია. ამჟამად, ცდილობს, მიღებული ცოდნა ბრენდინგის სფეროშიც გაიღრმაოს და ამისათვის მაგისტრატურაზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სწავლობს.

გამოცდილების მიღების გზაზე, წარმატებული მეწარმის აღნიშვნით, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს USAID YES-Georgia-ს პროექტს, რომელმაც, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულადაც დაანახა სამომავლო განვითარების ნაბიჯები. "Yes Georgia-სგან, რომლის ფარგლებშიც უკვე წარმატებული ქალი მეწარმეები გავიცანი, მივიღე დიდი მოტივაცია და პრაქტიკული რჩევები როგორც პროექტის მენტორებისგან, ასევე ბენეფიციარებისგან. პროექტის შემქმნელებისგან ძალიან დიდია მხარდაჭერა. მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწიონ, მოგვცენ რჩევები, რეკომენდაციები და მეწარმეებს საჭირო ცოდნა აგვიმაღლონ. სამომავლოდ ძალიან გვინდა, გვქონდეს ჩვენი ფერადი მაღაზია, სადაც გვექნება სივრცე იმისათვის, რომ ჩავატაროთ შეხვედრები გოგონებისთვის. კაფეში კი ვისაუბრებთ გოგონებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე", − განმარტავს ნინო თორაძე.

მარიამ მაისურაძე

USAID YES-Georgia-ს პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარი − მარიამ მაისურაძე, ქართული წარმოების ბრენდ "მაისუს" დამფუძნებელია. კომპანია, რომელიც მარიამმა დებთან ერთად დააფუძნა, მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და გამორჩეულ ჩანთებს, აქსესუარებს და აძლევს საშუალებას, გაიხალისონ ყოველდღიურობა. "მაისუს" მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ბედნიერება იპოვონ დეტალებში და საკუთარი ხასიათი გამოხატონ აქსესუარებში.

"მაისუს" იდეა გაჩნდა რამდენიმე წლის წინ − მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ანტრეპრენერი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა. პირად ნივთებთან ერთად ყოველდღიურად უწევდა უნივერსიტეტში წიგნებისა და ლეპტოპის ტარება, ამიტომ ჩანთა მისი მუდმივი თანამგზავრი იყო. ერთ დღესაც, როდესაც სწორედ ასეთ მარტივ და ფერად ჩანთას ეძებდა, გადაწყვიტა, თავად მოეძებნა პარტნიორი და მასთან ერთად შეექმნა ახალი ბრენდი. "როდესაც ჩვენი პირველი ნამუშევრების უნივერსიტეტში ტარება დავიწყე, ყოველდღიურად ვიღებდი სასიამოვნო შეფასებებს და ხშირად მეკითხებოდნენ, სად შევიძინე. თავიდან მხოლოდ მეგობრებისთვის ვქმნიდით, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფერადი ჩანთები ჩვენი შემოსავლის ნაწილი გახდა, დავამატეთ სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთებიც და იდეაც ბიზნესად იქცა. დღეს "მაისუ" მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყოველდღიური გამოყენების ჩანთებსა და აქსესუარებს, საცურაო კოსტიუმებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს", − აღნიშნავს მარიამ მაისურაძე.

"მაისუს" შექმნამდე, ბენეფიციარის განმარტებით, არ ჰქონიათ ბიზნესგამოცდილება. "როცა საქმე შენს ბიზნესს, ფაქტობრივად შვილს, ეხება, ყველაფერი უფრო რთულადაა" − სწორედ ამ მიზეზით დაიწყეს ყველაფრის ნულიდან შესწავლა. მარიამი გვიყვება, რომ თითოეული საქმიანობის შესწავლა თავად მოუხდათ: კერვა, ქსოვა, ფოტოების გადაღება, ბუღალტერია, წარმოება, გრაფიკული დიზაინი და სხვა. ამ გზაზე აუცილებელი იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სტაბილური შემოსავლის დათმობა. ამ დრომდე მარიამი IT-პროექტების მენეჯერი გახლდათ და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, თუმცა ერთ გარდამტეხ დღეს, გადაწყვიტა მთელი ენერგია ახალი წამოწყებისთვის მიეძღვნა.

ახალგაზრდა მეწარმის განვითარებასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის USAID-ის პროგრამა YES-Georgia-ს, რომლის დამსახურებითაც, მარიამ მაისურაძის განმარტებით, იდეა რეალურ ბიზნესად იქცა. "პროგრამისგან მივიღეთ გრანტი, რომლითაც სახელოსნო გავაფართოვეთ და "შინაური" წარმოებიდან ნამდვილ წარმოებაში გადავეშვით. როცა მეკითხებიან, როდის დაიწყეთ ბიზნესი და შექმენით "მაისუ", სწორედ იმ თარიღს ვასახელებ, როცა მათი გრანტი მივიღეთ, რადგან ამან ყველაფერი შეცვალა. გრანტის მიღებასთან ერთად, ბევრი მოულოდნელი პრობლემა გამოჩნდა, რომლის მოგვარებაში ისევ YES-Georgia-ს ტრენერები და ტრენინგების დროს მიღებული ცოდნა გვეხმარება. მათ ჩვენი ცხოვრება შეცვალეს: ვიყიდეთ ახალი დანადგარები, დავამატეთ ახალი პროდუქტები, მოვიძიეთ ახალი პარტნიორები და გაყიდვების ახალი არხები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მუდმივად ზრუნავენ ჩვენს განვითარებაზე, გვაქვს შეხვედრები მენტორებთან, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან ინდივიდუალურად დაგვეხმარონ პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში. გვეხმარებიან ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და წარმოების გაზრდაში", Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს პროგრამის ბენეფიციარი.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვას, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მარიამი წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას, ახალი პროდუქტების დამატებასა და უცხოური პარტნიორი კომპანიების მოძიებას გეგმას. ამჟამად, აქტიურად მუშაობს სახელოსნოს გაფართოებაზე, რაც მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს დიდი კორპორაციული შეკვეთები არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კომპანიებისგან და აითვისოს სრულიად ახალი მიმართულებები.

ნათია მუჯრიშვილი

სარეკლამო კომპანია "სხივის" დამფუძნებელმა, ნათია მუჯრიშვილმა, საქმიანობა 2 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ მომხმარებელს ბეჭდვით მომსახურებას სთავაზობს: პერსონალური ეტიკეტები შოკოლადებსა და ღვინის ბოთლებზე, ფოტოსურათები და სუბლიმაციური ჭიქები, დიპლომებისა და სიგელების ბეჭდვა და სხვა. კომპანიას მომხმარებელთა მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს, იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურება ფართო სეგმენტზეა გათვლილი და არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ასაკზე, პროფესიასა თუ სქესზე, ეს ყველაფერი კი, პროდუქტს მეტად გაყიდვადს ქმნის.

პროგრამის ბენეფიციარს ყოველთვის ჰქონდა დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოების სურვილი. შვილის გაჩენის შემდეგ ნათიას დროებით მოუწია სამსახურიდან წამოსვლა. შინ ყოფნის პერიოდმა კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა, დაეწყო ბიზნესსაქმიანობა, რომელიც მისცემდა საშუალებას, არ შეეწყვიტა საკუთარი თავის რეალიზება, იქნებოდა საინტერესო და ამასთან, გაუუმჯობესებდა ფინანსურ მდგომარეობას. "ვინაიდან ოჯახში გვქონდა ფოტოპრინტერი, რომელსაც მხოლოდ საოჯახო ფოტოების დასაბეჭდად ვიყენებდით, მეგობრისთვის საჩუქრის სახით დავბეჭდე პერსონალური ეტიკეტი ღვინის ბოთლზე და ასევე, ლენტზე აკინძული ფოტოსურათები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. აქედან გამიჩნდა იდეა, სასიამოვნო საქმიანობა ბიზნესად მექცია", − აღნიშნავს ნათია მუჯრიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკვე ანტრეპრენერი, წლების განმავლობაში განსხვავებული პროფესიით მუშაობდა, არ შეუშინდა გამოწვევებს და შეისწავლა ახალი მიმართულებები, რომელიც წარმოებაში დაეხმარებოდა. ნათია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა და რამდენიმე წელი სამედიცინო სფეროში მუშაობდა, თუმცა ჰქონდა სურვილი და მოტივაცია, დაუფლებოდა ახალ ტექნოლოგიებს: სოციალური მედიის მართვას, ფოტოშოპს, სოციალურ მარკეტინგს და ა.შ. თავდაუზოგავმა შრომამ, ენთუზიაზმმა და საქმის სიყვარულმა კი გამოიღო შედეგი და ნათია პროექტის "აწარმოე საქართველოში" გამარჯვებული გახდა, რაც საშუალებას მისცემს, გაამრავალფეროვნოს წარმოება და მომხმარებელს უნიკალური პროდუქტები შესთავაზოს.

USAID YES-Georgia-ს პროექტს რამდენიმე თვეა რაც შეუერთდა, თუმცა ნათია აღნიშნავს, რომ "ბაზ ელჩის" ტიტული მისი პროფესიული საქმიანობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. პროექტმა მისცა უდიდესი მოტივაცია და ინფორმაცია, რაც ბიზნესის უფრო ეფექტიანად მართვაში ეხმარება. ამასთან, ნათიას მიაჩნია, რომ პროგრამის ფარგლებში შეძენილი სანაცნობო წრე და ბიზნესკონტაქტები მის ბიზნესს მნიშვნელოვნად განავითარებს.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, ნათია სოციალური მიმართულების გაძლიერებას გეგმავს და აპირებს დისტანციურად დაასაქმოს ქალები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს დასაქმება ან უკვე არსებული სამსახურის გაგრძელება. ანტრეპრენერის აზრით, ქალებს ფინანსურ კეთილდღეობაზე მეტად სჭირდებათ, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ, ჰქონდეთ მაღალი თვითშეფასება და ადვილად დაძლიონ ორსულობის შემდგომი დეპრესია.

ქრისტინა ქუთათელაძე

Kristi's − ასე ჰქვია კომპანიას, რომელიც ქრისტინა ქუთათელაძემ ბავშვობის საყვარელი საქმიანობის − ქსოვის, ინსპირაციით შექმნა. ქსოვა ბებიამ ასწავლა და დიდი სიყვარულით ქმნიდა სხვადასხვა ნამუშევარს, თუმცა აბიტურიენტობის, სტუდენტობის, სამსახურისა და ოჯახის გამო, ქსოვისთვის დრო აღარ რჩებოდა. როდესაც პირველი შვილი შეეძინა და დეკრეტში გავიდა, ქრისტინამ შვილს კომბინეზონი მოუქსოვა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ დაამატა სხვა ნამუშევრებიც და ეტაპობრივად აღიდგინა ბავშვობაში ნასწავლი ხელობა. "ერთ საღამოს Facebook-ზე იმ ადამიანების გვერდებს წავაწყდი, რომლებიც ქსოვდნენ და ონლაინ ყიდდნენ. ვიფიქრე, განმეთავსებინა ჩემი ნამუშევარიც − მაშინ ძალიან ტრენდული იყო გვირილებიანი, მაღალყელიანი წინდები და სწორედ ეს განვათავსე სოციალურ ქსელში. როგორც კი ეს გავაკეთე, თბილისიდან მომწერა მომხმარებელმა, ჩემს შეყვარებულს ძალიან უყვარს გვირილები და იქნებ მომიქსოვოთო. წინდები და ქუდი შემიკვეთა... ძალიან მოულოდნელი იყო − ძაფიც კი არ მქონდა შინ. მეორე დილითვე გავიქეცი, ვიყიდე და შევუდექი ქსოვას. შეკვეთა დროულად გავგზავნე სრულიად უცნობ პიროვნებასთან და დავეხმარე საყვარელი ადამიანის გაბედნიერებაში. მათმა კმაყოფილმა და მადლიერებით სავსე შეტყობინებებმა იმდენად ამავსო, რომ მივხვდი − ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა", აღნიშნავს ქრისტინა ქუთათელაძე.

მოგვიანებით, ანტრეპრენერმა სათამაშოების ქსოვაც დაიწყო. აქტიურად გაჰქონდა გამოფენებზე და ამ პროცესში პროდუქტებზე მოთხოვნაც იზრდებოდა. ახლა კი Kristi's მომხმარებელი ნებისმიერი ასაკის ადამიანია, რომელსაც ექსკლუზიური და ანტიალერგიული სათამაშოს შეძენა სურს. გარდა ამისა, ქრისტინა ქმნის ტანსაცმელსა და დეკორატიულ აქსესუარებს. მისი აზრით, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც უამრავ გარშემომყოფს აბედნიერებს.

პროგრამის ფარგლებში, "ბაზ ელჩის" სტატუსით, ქრისტინამ საინტერესო ადამიანები გაიცნო და განივითარა ის უნარ-ჩვევები, რომელიც უკვე დავიწყებული ჰქონდა. მისივე განმარტებით, USAID YES-Georgia-ს პროექტი განგრძობითია და არასდროს წყვეტს ბენეფიციართა გადამზადებასა და დახმარებას ბიზნესის გასაფართოებლად. "ეს არ არის პროექტი პროექტისათვის − პროგრამა გამუდმებით თვალყურს ადევნებს თავისი ბენეფიციარების საქმიანობას, გვერდით გვიდგას და მუდმივად ზრუნავს ჩვენს განვითარებაზე. მინდა, არასდროს დასრულდეს პროგრამა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს ამ შესანიშნავი წამოწყებისთვის და წარმატებას ვუსურვებ მათ", − განმარტავს USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი.

ლიკა ვაწაძე

USAID YES-Georgia-ს ბენეფიციარი ლიკა ვაწაძე, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში ცხოვრობს, შინ სხვადასხვა ნამუშევარს ქმნის: ქარგავს საეკლესიო ნივთებს, სუფრებს, სამოსსა და სურათებს. პროდუქცია, რომელსაც ლიკა სიყვარულით ქმნის, შესრულებულია ხელით და თითოეულ დეტალში გათვალისწინებულია მომხმარებლის სურვილი და ინტერესი. პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე ერთგული მომხმარებლებისთვის ონლაინ გაყიდვასაც აწარმოებს და მათთვის კომფორტულ სერვისს ქმნის.

ქარგვისადმი განსაკუთრებული ინტერესი სკოლაში აღმოაჩნდა, სადაც გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკულ კურსს გადიოდა და ასწავლიდნენ ქარგვას, ქსოვას, თექასა და გობელენზე მუშაობას. ამის შემდეგ, ლიკამ ქარგვის წრეზე დაიწყო სიარული, სადაც პროფესიულ დონეზე შეისწავლა "ზეზით" ქარგვა. ხელსაქმე არც სკოლის დასრულების შემდეგ მიუტოვებია და მისი აღნიშვნით, ყოველთვის ჰქონდა გამოყოფილი დრო ქარგვისთვისა და ქსოვისთვის.

ლიკამ, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საკუთარი პროფესიული ინტერესი წარმატებულ საქმიანობად აქცია და დიდი სურვილი აქვს, ეს ისტორია საკუთარ ნამუშევრებშიც ასახოს. აქსესუარებით ცდილობს სხვა ქალებს მისცეს ინსპირაცია, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია საკუთარი ოცნებები საჭირო საქმეში მოაქციონ. "USAID Yes-Georgia-ს პროექტმა შემძინა დიდი გამოცდილება, გავიცანი ძალიან ნიჭიერი, საქმისადმი ერთგული, ჩემ გვერდით მდგარი ქალები, რომლებიც ძალიან მიწყობენ ხელს და მეხმარებიან ბიზნესის სწორად წარმართვაში. ვარ შშმ-პირი და პროექტ USAID Yes-Georgia-მ მომცა ძალა და ენერგია, ჩემი ბიზნესი წარმატებული გახდეს და ჩემი ოცნებები მხოლოდ ოცნებებად არ დარჩეს. ნებისმიერ ქალს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას − ამისათვის მთავარია მონდომება და დაუღალავი შრომა. ჩემთვის დიდი სტიმულია ის, რომ ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროექტის ფარგლებში ბაზ-ელჩად დაასახელეს. მადლობა მათ ნდობისთვისა და მხარდაჭერისთვის", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ლიკა ვაწაძე.

ხათუნა გაბრიჭიძე

ხათუნა გაბრიჭიძისთვის ხელოვნება მუდამ იყო მისი ცხოვრების თანამგზავრი: ხშირად ხატავდა, ქარგავდა და ქსოვდა, თუმცა ოჯახის, სამსახურისა და ყოველდღიური პრობლემების გამო, დროებით თავის დანებება მოუწია. დაახლოებით 5-6 წლის წინ, მისმა მეგობარმა ექიმის წარმატებული კარიერა მიატოვა და მინანქრის შესწავლა დაიწყო, თავისი ბრენდი შექმნა და წარმატებასაც მიაღწია − სწორედ მაშინ გაუჩნდა ხათუნა გაბრიჭიძეს იდეა, დაეტოვებინა ყველაფერი და დაბრუნებოდა საყვარელ საქმიანობას. სწორედ ასე გაჩნდა ბრენდი "დიადი", რომელიც მომხმარებლებს მინანქრის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს სთავაზობს. "შევისწავლე მინანქრის კეთება, დავიწყე ისევ ხატვა და ნელ-ნელა შევუდექი ახალ გზას, რომელიც არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მალევე ჩემი ნახატები შეარჩიეს ხელოვან ქალთა კვირეულზე, სადაც 200-ზე მეტი ხელოვანი ქალი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს გახლდათ პირველი ფართომასშტაბიანი ციფრული გამოფენა და ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო მასში მონაწილეობა. ამის შემდეგ დავიწყე სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გამოფენა იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში − "მიდა 2022", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა "ფლორენციის სამკაულის კვირეული". ამან უდიდესი გამოცდილება შემძინა. საერთოდ, ამ ღონისძიებაზე მიწვევა ჩემთვის, როგორც ახლად შექმნილი ბრენდისთვის, ძალიან დიდი წარმატება იყო. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე ბათუმში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტში VIP-არტი, რომლის მონაწილე ხელოვანები თავიანთ შემოქმედებას ასევე წარადგენენ შვედეთის სამეფოსა და გერმანიაში. მაქვს უამრავი მოწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს ძალას მაძლევს იმისათვის, რომ კონკურენციის ურთულეს პირობებში მუდამ წინ ვიარო", − Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს პროგრამის ბენეფიციარი.

"მინანქარი ჩვენი ისტორიაა" − განმარტავს რესპონდენტი. მისი აზრით, მინანქრისა და საიუველირო ბიზნესში ყოველთვის გვყავდა პროფესიონალები, რომელთაგან ხათუნას გამორჩეული შემოქმედებიც ჰყავს. "ყოველთვის შინაგან რიდს ვგრძნობ, როდესაც ხმამაღლა ვამბობ, მემინანქრე ვარ-მეთქი, თუმცა რეალურად მიმაჩნია, რომ ნამდვილ ოსტატობამდე და მემინანქრეობამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, ამიტომ მუდმივად სწავლისა და ძიების პროცესში ვარ. ყველას ვეკითხები, რა და როგორ უნდა გავაკეთო და ხარბად ვისრუტავ ყველა რჩევას (ერთი შეხედვით უმნიშვნელოსაც კი). ძალიან მიხარია, რომ მხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არასოდეს იშურებენ ჩემთვის რჩევებს და ჩემში კონკურენტს კი არა, წინსვლისა და განვითარების მსურველ გოგოს ხედავენ. რაც შეეხება გამოწვევებს, სწორედ ეს კონკურენციაა ჩემთვის უდიდესი გამოწვევა, რომელიც სტიმულს მძენს მუდმივად წინ ვიარო, განვვითარდე და არ გავჩერდე. ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის ჩემი მასწავლებლის, მაია მესხის სიტყვები, როდესაც ჩემი პირველი ნამუშევარი დავასრულე − "შენ არ უნდა გაჩერდე!" და ყოველთვის, როდესაც რამეს ვაკეთებ, პირველი, რასაც ვფიქრობ, ეს არის: "ნეტავ, მაიკო როგორ შემიფასებდა", − განმარტავს ბენეფიციარი მეწარმე.

ხათუნას სახელოსნო სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად შეიქმნა. ღუმელი, რომელიც მინანქრის გამოსაწვავად არის აუცილებელი, საკმაოდ ძვირია და მისი განმარტებით, ამაზე ოცნებაც კი არ შეეძლო. ხათუნას მამა, პროფესიით ელექტროინჟინერი, სხვადასხვა დროს მინისა და ქვის გადამამუშავებელ ქარხნებში მუშაობდა. აღმოჩნდა, რომ მის მეგობარს ერთ-ერთი ძველი ქარხნიდან შემორჩენილი ჰქონდა ღუმელი, რომელიც ხათუნას საქმიანობაში გამოადგებოდა. მოულოდნელად კი, დაბადების დღეზე, მეუღლემ ე.წ. ბორ-მანქანაც აჩუქა. ამის შემდეგ, წვრილმანი ინვენტარის გარდა, მეწარმეს უკვე ყველაფერი ჰქონდა საყვარელი საქმის აქტიურად დასაწყებად. "მამასთან საუბრიდან რამდენიმე დღეში უკვე მქონდა ჩემი სანატრელი ღუმელი! ამის შემდეგ საჭირო იყო ე.წ. ბორ-მანქანა, რომელიც მოულოდნელად მეუღლემ დაბადების დღეზე მაჩუქა. ქალები სამკაულებს და ყვავილებს იღებენ საჩუქრად, მე კი ბორ-მანქანა მივიღე და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ამის შემდეგ წვრილმანი ინვენტარიღა იყო შესაძენი, რომელიც ნელ-ნელა შევიძინე. დასაწყისისთვის ფერები ჩემმა მეგობრებმა და მასწავლებელმა მაჩუქეს და ასე დავიწყე ჩემი საქმიანობა", − იხსენებს ხათუნა გაბრიჭიძე.

რაც შეეხება USAID-ის პროგრამა YES-Georgia (Buzz)-ში მოხვედრას, ხათუნას დამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში იპოვა და თავად დაარეგისტრირა. მალევე, ბენეფიციარი ამბასადორი ქალების სიაში მოხვდა და სწორედ აქედან დაიწყო მისი ბაზ-თავგადასავალი: მხიარული, საინტერესო, სასარგებლო და სტიმულის მომცემი. ხათუნა აღნიშნავს, რომ პროგრამას უდიდესი წვლილი მიუძღვის მისი სამეწარმეო უნარების განვითარებაში. გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, პროექტმა უამრავი მეწარმე ქალი გააცნო, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად უზიარებენ გამოცდილებას და აძლიერებენ ერთმანეთს. "მინდა ყველას, ვისაც უნდა რაღაც ახლის დაწყება და რაიმე აფერხებს, ვუთხრა, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი ნაბიჯის გადადგმა! თითოეული ქალის ისტორია, რომელიც ბაზ-ჯორჯიამ გამაცნო ამის ნათელი მაგალითია. ვნახე ქალები რომლებიც მართლაც ფენიქსივით აღდგნენ, ვნახე ქალები, რომლებმაც ცარიელი ხელებით დაიწყეს ყველაფერი ჩემსავით და იმ ფაქტმა, რომ მარტო არ ვიყავი ამ გზაზე, უფრო მეტი სტიმული მომცა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ. როცა რაღაცის გაკეთება მინდა და ეჭვი შემიპყრობს, ჩემს თავს ვეუბნები: "ნამდვილად გინდა? ესე იგი შეგიძლია!" , − განმარტავს მეწარმე.

ხათუნა გაბრიჭიძე 6 წელია საქველმოქმედო ფონდს "დედის ხელები" ხელმძღვანელობს და სამომავლოდ აქვს სურვილი, ბენეფიციარი მარტოხელა დედები თავის სახელოსნოში დაასაქმოს. ამისათვის საჭიროა სამინანქრო საქმიანობის გაფართოება და სათანადო გარემოს შექმნა. ნაკეთობებს ახლაც აქტიურად გზავნის საზღვრებს გარეთ, თუმცა ხათუნა გეგმავს, უფრო მასშტაბური გახდეს "დიადის" საქმიანობა და ქართული უნიკალური ნაკეთობების რიცხვს, რომელსაც მსოფლიოში კარგად იცნობენ, მისი ნამუშევრებიც შეემატოს.

აღსანიშნავია, რომ USAID-ის პროგრამა YES-Georgia ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. 2015 წლიდან პროგრამა მხარს უჭერს ახალგაზრდებისა და ქალების მეწარმეობის განვითარებას. მათი მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება; პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები და ქალი მეწარმეები იღებენ ცოდნას და საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია