Get All Access for $5/mo

USAID/GEORGIA-ს წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვას კვლავ დედაენის ბაღი უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წინასაახალწლო სამზადისით დატვირთულ პერიოდში, დეკემბრის დასაწყისში, დედაენის პარკი უკვე ტრადიციადქცეულ USAID/საქართველოს პროგრამების ბენეფიციართა პროდუქტების ყოველწლიურ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს, რომელიც ასზე მეტ მეწარმეს აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით და როგორც წესი, წარმოდგენილი პროდუქციის სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საახალწლო სათამაშოები, სუფრები, ჭურჭელი, საზეიმო სუფრის ნობათი, ტრადიციული ტკბილეული, ხელნაკეთი აქსესუარები და კიდევ მრავალი სხვა ნაწარმი, ვიზიტორთა წინასაახალწლო განწყობის ასამაღლებლად გამოიფინება და გულგრილს არავის დატოვებს.

ყოველწლიური საახალწლო გამოფენები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეების პროფესიულ ზრდას, გააღრმაოს მათი საქმიანი ურთიერთობები და გააცნოს ისინი საზოგადოებას. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობას USAID საქართველოს მისიისა და მისი საქმიანობის შესახებ საქართველოში.

Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების საქმიანობა, რომლებმაც საგანგებოდ აღნიშნული ღონისძიებისთვის სტუმრებს საინტერესო სიურპრიზები მოუმზადეს.

ირინა შოთაძე − სტუდია-სახელოსნო Keramos Georgia-ს დამფუძნებელი, რომელიც კერამიკით თავდაპირველად 2015-2016 წლებში დაინტერესდა, შეიძინა მასალა, ხელსაწყოები და ამ საქმიანობის შესწავლას დამოუკიდებლად შეუდგა. პარალელურად, ირინა ფსიქოლოგიის მიმართულებით GIPA-ში სწავლობდა, თუმცა თიხაზე მუშაობა არ შეუწყვეტია, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. ერთ-ერთ საგრანტო პროექტში მოგებული თანხით მან გამოსაწვავი ღუმელი შეიძინა და ხელსაქმეს სრულყოფილი ბიზნესის სახე მისცა, ხოლო USAID YES-Georgia-ს დახმარებით კიდევ უფრო განავითარა ეს საქმიანობა.

სტუდია-სახელოსნო Keramos Georgia მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ, კერამიკულ პროდუქციას. ამჟამად ირინა რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ჭურჭელი, ხელნაკეთი ფილები, ნიჟარები, ხელით ნაძერწი მინიატიურული ფიგურები, დეკორატიული ნივთები. ნამუშევრების შექმნისას კი, უპირატესობა ენიჭება ქართულ თემატიკას. 2021 წელს ქალაქ გორში ირინამ განახორციელა პროექტი "1001 ქართული ორნამენტი", სადაც ხელნაკეთ ფილებზე წარმოდგენილი იყო ქართული ორნამენტები.

რაც შეეხება USAID-ის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას, Keramos Georgia წარმოდგენილი იქნება საახალწლო თემატიკის ფინჯნებით, თეფშებით, თასებით, ნაძვის ხის სათამაშოებით, პაწაწინა ფიგურებით და სხვა საინტერესო აქსესუარით.

ნინო სამხარაძე − პროფესიით ფერმწერ-რესტავრატორია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გარდა საკუთარი პროფესიისა, მხატვარი წლების წინ აქტიურად იყო ჩაბმული ზოგადად კულტურის განვითარებაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ნინომ ჯერ ქ. ახალციხის სამხატვრო სკოლა დააფუძნა და იყო მისი პირველი დირექტორი, ხოლო შემდეგ უკვე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მივლენილი კულტურის კოორდინატორი ქვეყნის იმავე რეგიონში.

ზემოაღნიშნული საქმიანობისა და მხატვრობის პარალელურად, ხელოვანს ყოველთვის იტაცებდა მრავალფეროვნება და დამატებით, წარმატებით იყო დაკავებული მაკრამეს მეთოდით ქსოვით, პოლიმერული თიხით ხელნაკეთი სამკაულების შექმნით და ასევე, კერვით ქვილთის ტექნოლოგიით.

ბოლო დროს, ხელოვანი დაკავებულია ხელნაკეთი დეკორატიული თოჯინებისა და საახალწლო დეკორაციების შექმნითაც, რაც ოსტატმა შეისწავლა დამოუკიდებლად და დროთა განმავლობაში დახვეწა. ამ მიმართულებით ნინო ჩართული იყო USAID/საქართველოს მიერ ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად მოწყობილ არაერთ გამოფენაში. ნინო სამხარაძის შექმნილმა და გამოფენილმა ნივთებმა საზოგადოებაში საკმაო ინტერესი გამოიწვია, რის შემდეგაც იგი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრიც გახდა.

ირინა მიქავა − "ირინა მიქავას სახელოსნო" გახლავთ საავტორო სტუდია, რომელიც ხელნაკეთი აქსესუარებისა და დეკორატიული ნივთების მიმართულებით ოპერირებს. ირინას სამეწარმეო ისტორია ზუსტად ოთხი წლის წინ, 2018 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს. სოციალურ ქსელში ატვირთულ, ოჯახისთვის დამზადებულ საახალწლო სუვენირების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ირინას საკუთარი ჰობის ბიზნესად გარდაქმნის მოტივაცია გაუჩინა და დიასახლისი მეწარმე ქალად აქცია.

რთული და გამოწვევებით აღსავსე გზის მიუხედავად, ირინამ მოახერხა რამდენიმე მნიშვნელოვანი გრანტის მოძიება, რამაც ბიზნესის განვითარებას და ჩანაფიქრის რეალიზებას შეუწყო ხელი.

ამ ეტაპზე, "ირინა მიქავას სახელოსნოს" პროდუქცია იყიდება როგორც ონლაინ-არხებით, ისე თბილისის მასშტაბით ორგანიზებულ სხვადასხვა ღია ბაზრობებზე. ირინას თქმით, ეს საქმე მისთვის ფინანსური შემოსავლის წყაროს გარდა, სულიერი საზრდოა, რაც დამატებით მოტივაციას სძენს, არ გაჩერდეს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

"ალმე"− ხელნაკეთი ნივთებისა და დეკორატიული აქსესუარების ბრენდ "ალმეს" შექმნის ინსპირაციად მედეა არჩილიასთვის 2019 წელს ზუგდიდის "ტექნოპარკში" ორგანიზებული გაცნობითი ექსკურსია იქცა, სადაც მას გაუჩნდა სურვილი, საყვარელი ჰობისთვის წარმატებული ბიზნესის სახე მიეცა. მალევე, იგი წამოვიდა სამსახურიდან და საკუთარი დრო და ძალისხმევა სრულად "ალმეს" განვითარებას მოახმარა.

მედეა ხელნაკეთ ნივთებს ხის მასალისგან აწარმოებს. მისმა პროდუქციამ თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა მეგობრებში, რაც საფუძველი და მოტივაცია გახდა, ამ საქმისთვის უფრო მასშტაბური სახის მისაცემად. მედეამ შექმნა ონლაინ-მაღაზია "ალმე", რასაც პროგრამისგან "აწარმოე საქართველოში" წარმოების გასაზრდელად პირველი გრანტი მოჰყვა.

დღესდღეობით, "ალმე" მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო არჩევანს: ჩანთებს, საყურეებს, გულსაბნევს, სახლის დეკორს, საათებს, მათ შორის სეზონურ და სადღესასწაულო აქსესუარებს. ბრენდის ნაწარმი ხელმისაწვდომია თბილისსა და ხობში, ხოლო USAID/საქართველოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე "ალმე" წარმოდგენილი იქნება სპეციალურად საშობაო თემატიკით შექმნილი აქსესუარების ფართო არჩევანით.

Macrame Art•მაკრამე ნინი გავაშელიშვილის ბრენდი "მაკრამე" უკვე წელიწადია, რაც ქართველ მომხმარებლებს თანამედროვე ინტერიერზე მორგებულ ხელნაკეთ დეკორს და აქსესუარებს სთავაზობს, როგორებიცაა: დეკორატიული სანათები და ჭაღები, სარკეები, კედლის დეკორაციები, ფარდები, საქანელები, საბავშვო აქსესუარები, საწოლები და ა.შ. ნინი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სულაც არაა აუცილებელი ცხოვრების ბოლომდე ერთი საქმე აკეთოს ადამიანმა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა საყვარელი საქმე დამოუკიდებელ ბიზნესად გარდაექმნა და "მაკრამე" დაეფუძნებინა.

ნინის ბავშვობიდან მოსწონდა მინიმალისტური სტილი, ბოჰემური შტრიხები ინტერიერში და სურდა ამ სტილის ნამუშევრებით საკუთარი სივრცის მორთვა, თუმცა საზღვარგარეთ სწავლის, მუშაობისა და დატვირთული გრაფიკის გამო, ამას ვერასოდეს ახერხებდა. გასულ წელს ნინი სამშობლოში დაბრუნდა და სწორედ ამ დროს დაფიქრდა ჰობისათვის სერიოზული სახის მიცემაზე.

ამჟამად, "მაკრამე" პროდუქტის რეალიზაციას ონლაინ, Facebook და Instagram-პლატფორმების მეშვეობით ახორციელებს და აქტიურად მონაწილეობს ფესტივალებზე, მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის დასამყარებლად. USAID/საქართველოს მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაზე, "მაკრამე" წარმოადგენს როგორც უშუალოდ საახალწლო, ისე სხვადასხვა თემატიკის პროდუქციას.

Gulu Art – Handmade − ბრენდის Gulu Art დამფუძნებელმა, ლიანა გულუამ ხელნაკეთი ნივთების დამზადება სასაჩუქრედ, მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ჰობის ბიზნესსაქმიანობის სახე შესძინა, შექმნა გვერდი სოციალურ ქსელებში და ონლაინგაყიდვებით დაკავდა.

ლიანა აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში დაიბადა და თბილისში ოჯახთან ერთად ხუთი წლის ასაკში გადმოსახლდა. როგორც თავად აცხადებს, ხელსაქმით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, თუმცა ამ კუთხით სერიოზულად მუშაობა საკმაოდ გვიან, უკეთეს მასალაზე გადასვლისა და გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ დაიწყო. ლიანა პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა. სულ რაღაც ერთი თვის წინ კი, იგი წამოვიდა სტაბილური სამსახურიდან, რათა საკუთარი ბიზნესისთვის დრო სრულად დაეთმო.

ამჟამად, ლიანა თავის ნაწარმს ონლაინ-არხებით ყიდის, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ბაზარზე. გარდა ამისა, იგი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის ტრენინგში და მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში.

"კაშ-კაში"− სალომე ჭანტურიას ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ბრენდი "კაშ-კაში", ბათუმში უკვე ათ წელზე მეტია რაც სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილ, თემატურ და რაც მთავარია, ექსკლუზიურ აქსესუარებს ქმნის. თავდაპირველად, ნონა და შორენა ზენაიშვილებისა და სალომე ჭანტურიას საქმიანობას ჰობის სახე ჰქონდა, რამაც საკმაო გამოცდილება დაუგროვა დამფუძნებლებს განსხვავებული თუ იშვიათი ნივთების შექმნის მიმართულებით და ბიზნესის წამოწყებისკენ უბიძგა.

ქალბატონებს განსაკუთრებით უყვართ საახალწლო სუვენირებზე მუშაობა, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით და მათივე ფანტაზიით ქმნიან ორიგინალურ ნაძვის ხეებს, ნაძვის ხის დეკორაციებს, თოჯინებს, მხიარულ თოვლის კაცუნებს, ქართული ხასიათის თოვლის ბაბუებს და ა.შ. რომლებიც სრულად ხელნაკეთია და დიდი შრომისა და ძალისხმევის ნაყოფია.

ნინო ენდელაძე"ნინოს ბეიქერის" დამფუძნებელი ნინო ენდელაძე თვითნასწავლი კონდიტერი გახლავთ, რომელიც ორცხობილებისაგან საახალწლო სახლებსა და სხვადასხვა ტკბილეულს ამზადებს. პროფესიით ბიოლოგს, კონდიტერია პატარაობიდან იტაცებდა. რიგი მიზეზების გამო, ნინოს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია და უკვე სამი წელია, რაც ორცხობილების, ტორტებისა და ნამცხვრების წარმოებას მიჰყო ხელი. ნინოს თქმით, მას ყოველთვის აწუხებდა კომპლექსი, რომ საკუთარი ნაწარმით ვერ დააინტერესებდა ფართო მასებს, რაც გასულ წელს ჩატარებულმა გამოფენა-გაყიდვამ ძირეულად შეცვალა.

"ნინოს ბეიქერის" ორცხობილას სახლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა აუდიტორიის მხრიდან, როგორც გემოვნური, ისე ხარისხობრივი და ვიზუალური კუთხით, ხოლო ნინოს მაგიდა ორგანიზატორებმა ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს, თავისი პროდუქციის მრავალფეროვნებითა და გაფორმებით. საერთო ჯამში, ამგვარმა გამოხმაურებამ ნინოს მეტი თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა შესძინა. მისი თქმით, წლევანდელ გამოფენასაც სიხარულით ელის და ვიზიტორებს საინტერესო სიახლეებს უმზადებს.

USAID/საქართველოს საახალწლო გამოფენაზე, ბავშვებისთვის, ისევე, როგორც უფროსებისთვის, დამატებითი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი. დედაენის პარკში მოწყობილ ღია სივრცეებში სპეციალური დახლები მოეწყობა, სადაც მსურველებს, პროგრამის ბენეფიციარებთან ერთად, სხვადასხვა სახალისო და შემეცნებით აქტივობაში შეეძლებათ ჩაბმა.

ერთ-ერთი ასეთი იქნება ანუკი ვეფხვაძის საახალწლო სემინარი, რომელიც სტუმრებს დაეხმარება მიიღონ ცოდნა, თუ როგორ აისრულონ საშობაო/საახალწლო სურვილები ენერგიის ფსიქოლოგიის დახმარებით, რათა ნაყოფიერად გაწერონ ახალი 2023 წლის გეგმები.

სემინარის ფარგლებში მოეწყობა კითხვა-პასუხის სესია, ჩატარდება თეორიული თუ პრაქტიკული მუშაობა და სტუმრები გაეცნობიან ვიზუალიზაციის ძალის სხვადასხვა ტექნიკას, რისი საშუალებითაც, სემინარის ავტორთა თქმით, საახალწლო სურვილები აუსრულდებათ. ბონუსად, გამოფენის დამსწრეებს მაგიდაზე დახვდებათ საახალწლო სურვილების ასასრულებლად ყველა აუცილებელი ინსტრუმენტი და ატრიბუტი, რომლებსაც შინ წაიღებენ.

სტუმრები მიიღებენ ახალ ცოდნას, დაეუფლებიან სხვადასხვა ტექნიკას, თუ როგორ დაგეგმონ 2023 წელი და გასულ წელთან შედარებით უფრო ნაყოფიერი გახადონ; დადებითად დაიმუხტებიან და აიმაღლებენ მოტივაციას, თავდაჯერებულობასა და ენერგიას.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილ მეორე სპეციალურ მაგიდაზე განთავსდება პროგრამის ბენეფიციარ ნინო შოშიაშვილის ბრენდის "გაამოს" პროდუქცია: ჯინჯერის საახალწლო ორცხობილები, ჯინჯერის სახლები და ორცხობილების მოსახატი ბოქსები. დამთვალიერებლებს კი შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე, საკუთარი ხელით მოხატონ ჯინჯერის ორცხობილების სახლები, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასში, დააგემოვნონ ნაწარმი და საახალწლო ნუგბარი შინ წაიღონ.

ნინო შოშიაშვილის ბრენდი "გაამოს" 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. როგორც დამფუძნებელი ამბობს, სამზარეულოში ფუსფუსის, განსაკუთრებით კი ცხობის სიყვარულმა, მას არა მარტო გემრიელი, არამედ ულამაზესი, თვალისმომჭრელი ორცხობილები აღმოაჩენინა, რომლებიც დღემდე მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მიმდინარე წელს მოპოვებული გრანტის დახმარებით, ნინომ საკუთარი საკონდიტრო გახსნა, დაასაქმა რამდენიმე ადამიანი და ჯინჯერის ორცხობილების წარმოება გააფართოვა. "გაამოს" იღებს როგორც კერძო, ისე კორპორაციულ შეკვეთებს და თანამშრომლობს მუდმივ პარტნიორებთან.

ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ორცხობილების მოსახატი შემოქმედებითი ბოქსი გახლავთ ბავშვებისთვის, რომელიც აერთიანებს ჯინჯერის ორცხობილების მოსამზადებლად საჭირო ნაკრებს და ბავშვებს ნამცხვრების დამოუკიდებლად დამზადების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ნინო აქტიურად ატარებს მასტერკლასებს პატარებისთვის და უფროსებისთვის. წელს კი მან მასტერკლასები ჩურჩხელების ამოვლების მიმართულებით დაამატა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნული ღონისძიების მესამე სპეციალური მაგიდა თამარ წიკლაურის ბრენდს AtaBata Accessories დაეთმობა, რომელიც მსჯავრდადებულ ქალთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 9 ქალის ნამუშევრებს წარმოადგენს.

პროფესიით ექიმმა თამარ წიკლაურმა ბავშვობის გატაცება, კერძოდ ხელსაქმე და დეკორატიული აქსესუარების დამზადება ბიზნესად გარდაქმნა, დათმო საკუთარი პროფესია და დრო სრულად ამ საქმიანობას დაუთმო. მისი თქმით, პირველი ნამუშევარი, რომელიც შემდეგ ბიზნესის ინსპირაციად იქცა, თავისი საქორწინო დიადემა გახლდათ. დიადემამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც თამარს უბიძგა Atabata Accessories-ის შექმნისკენ, რომელიც ხელნაკეთ საქორწილო და სადღესასწაულო აქსესუარებზეა ორიენტირებული.

არასაკმარისი სამეწარმეო გამოცდილების მქონე თამარმა მალე შეიტყო USAID YES-Georgia-ს პროგრამის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის შესახებ, რომელმაც მას მნიშვნელოვანი ცოდნა და ბიზნესუნარები შესძინა.

გარდა ამისა, თამარი "მეწარმე ქალთა ასოციაციის" საბჭოს წევრი და აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან და ქალ მსჯავრდადებულებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში, თამარმა მსჯავრდადებულ ქალებს საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება შეასწავლა და ცხრა მათგანი დაასაქმა კიდეც, რაც პატიმრობაში მყოფი ქალბატონებისთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა. USAID/საქართველოს პროგრამების მიერ ორგანიზებულ საშობაო გამოფენაზე კი, სწორედ ამ არაჩვეულებრივი ქალების საახალწლო სათამაშოები იქნება წარმოდგენილი, AtaBata Accessories-ის ბრენდულ პროდუქტებთან ერთად.

"განსაკუთრებით ველით ამ დღეს, რათა ჩვენი მეწარმე ქალებისა და ახალგაზრდების ულამაზესი და უგემრიელესი პროდუქტები გამოვფინოთ და დავეხმაროთ მათ გაყიდვებში, ერთმანეთის გაცნობაში და კავშირების დამყარებაში. ასევე, ვეხმარებით, რომ ფართო საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს ეს უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. ამ ადამიანებისთვის მოცემული ტიპის გამოფენა-გაყიდვები უმნიშვნელოვანესია, რადგან ბევრს სხვადასხვა მიზეზის გამო საშუალება არ აქვს საკუთარი პროდუქცია მაღაზიათა ქსელში განათავსოს, ჩვენი მხარდაჭერა კი ამ მიმართულებითაც შედეგის მომტანია. მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდება გალში, საოკუპაციო გამყოფ ზოლთან ახლოს მცხოვრები არაჩვეულებრივი მეწარმე ქალების პროდუქცია. ეს ქალები ახლახან გახდნენ ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რათა ისინი სრულყოფილად წარმოჩენილიყვნენ ამ ღონისძიებაზე. გვეამაყება, რომ გამოფენაზე მონაწილეობის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რაც უდავოდ იმის მიმანიშნებელია, რომ ქალებისა და ახალგაზრდების ინტერესი მეწარმეობისადმი და, ზოგადად, ბიზნესსაქმიანობისადმი, იზრდება", − ამბობს ნინო ლაგვილავა, USAID YES-Georgia-ს პროგრამის ხელმძღვანელი.

პროგრამა USAID YES-Georgia (ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში), USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ერთად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია. პროგრამა ხორციელდება ფონდ "კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროგრამის მხარდაჭერით, 1700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ტრენინგ-კურსები, მათ შორის 90-მა მიიღო სტარტაპ-დაფინანსება, ცოდნა და საკონსულტაციო მომსახურება ფინანსების, საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და დამოუკიდებელი საქმიანობის წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. USAID-ის პროგრამა YES-Georgia 2015 წლიდან მოყოლებული, ხელს უწყობს ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში და ზრუნავს როგორც განათლებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ისე ბენეფიციართა საქმიანობის ცნობადობის ამაღლებაზე.

აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გარდაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტეგრირებული იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ