"ვარდისფერი მაიმუნის" მხიარული კონცეფცია - შოკოლადის განსხვავებული ამბავი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვარდისფერი მაიმუნი" (Pink Monkey) ხელნაკეთი შოკოლადების ბიზნესია, რომელიც არა მხოლოდ გემოვნურ სიამოვნებაზე ფოკუსირდება, არამედ ისტორიასაც ჰყვება. მისი დამფუძნებელი ნათია ვაჭარაძეა, ვინც საკუთარი იდეები და უნარ-ჩვევები ახალი და უნიკალური მიმართულებით გარდაქმნა.
ნათია ბიზნესს სრულად მარტო, დამოუკიდებლად უძღვება და, როგორც ამბობს, მას "მაიმუნურ ხასიათსაც" ანიჭებს.
როგორ დაიწყო "ვარდისფერი მაიმუნის" ისტორია, რამ მისცა დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობისკენ ბიძგი და როგორია მათი გეგმები - ამის შესახებ Entrepreneur დამფუძნებელს, ნათია ვაჭარაძეს ესაუბრა.
როგორც ფიქრობთ, რა პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?
როდესაც ხელნაკეთი შოკოლადების ბიზნესზე დავიწყე ფიქრი, ჩემი მიზანი იყო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც მხოლოდ შოკოლადზე არ იქნებოდა დაფუძნებული. ამიტომ გეგმაშივე ყველაფერი მივუსადაგე ბრენდს, მის ხასიათსა და მდგომარეობას და არა პროდუქტს.
"ვარდისფერი მაიმუნი" მომხარებლისთვის ქმნის საინტერესო, დასამახსოვრებელ მომენტებს, რომელსაც მოაქვს ემოციები და ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის აგვარებს ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხს - უნიკალური და პერსონალიზებული საჩუქრის ნაკლებობას. ჩვენი ერთ-ერთი სახასიათო პროდუქტი არის - შოკოლადების ყუთებზე გადმოტანილი სიტუაციური ნახატები, რომელიც ასახავს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა და მოვლენებს. ის ნებისმიერ თემას შეგვიძლია მივუსადაგოთ, დავხატოთ მასზე როგორც სკეტჩები, ასევე, კარიკატურები.
როგორ გაჩნდა იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?
ეს აზრი დიდხანს მიტრიალებდა თავში. შოკოლადებს ჩემი ოჯახის წევრი აკეთებს და იმ წამიდან, რაც გავსინჯე, სულ ვფიქრობდი, რომ ბაზარზე ამ პროდუქტით საინტერესო ბრენდის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი.
ერთ დღესაც სამსახურიდან წამოვედი, დამატებით პროექტებზეც უარი ვთქვი და გადავწყვიტე ახალ ეტაპზე გადავსულიყავი, სადაც მხოლოდ "ვარდისფერი მაიმუნი" იქნებოდა. ჩვენი შოკოლადის უნიკალური დიზაინი და "მაიმუნური" ხასიათი ახალ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს – პროდუქციას, რომელიც არა მხოლოდ გემოს, არამედ ისტორიას ჰყვება.
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ, დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?
დიახ, ვფიქრობ, ასეთ ნაბიჯებს გამბედაობა ნამდვილად სჭირდება, მით უფრო, როდესაც პირველივე ეტაპებზე წინააღდეგობებს აწყდები, რაც, ალბათ, ბუნებრივი პროცესია. ამ ამბავში მთავარი არის წინსვლის, არგაჩერების და ამ ყველაფრით სიამოვნების მიღების გადაწყვეტილება. ასეთი დამოკიდებულება ბევრ რამეში მეხმარება, მათ შორის, გამბედაობაშიც.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
ყველაზე რთული იყო მინიმალური ფინანსური რესურსით მიმეღო შედეგები. ამისთვის, პირველ რიგში, ჩემი სამოგზაურო დანაზოგი "გავიმეტე", შემდეგ უკვე რამდენიმე შეკვეთის მიხედვით ვაბრუნდებდი თანხას ისევ "ვარდისფერ მაიმუნში", რათა შემდეგი ნაბიჯები გადამედგა. წინააღდეგობა იყო ყველაფერში, დაწყებული ტექნიკური საკითხებიდან, დამთავრებული პირადი და ზოგადი გარემო ფაქტორებით. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ზუსტად ამ მომენტებისგან ვისწავლე, როგორ შევხედო მარტივად დაბრკოლებებს.
რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?
შოკოლადების ჭამა. მართლა, ბავშვობიდან შოკოლადზე შეყვარებული ვარ. გამოცდამდე, შეხვედრამდე, მეცადინეობამდე ყოველთვის შოკოლადს ვჭამდი და რაც "ვარდისფერი მაიმუნის" შოკოლადი გავსინჯე, მას შემდეგ ამით ვიწყებ ახალი რაღაცების დაგეგმვას.
ჩვენი ერთ-ერთი სკეტჩია "შოკოლადი გონებას ხსნის", ეს სკეტჩი მგონი ჩემზეა. თუმცა, საბოლოოდ ჩემი მთავარი ინსპირაცია მომხმარებელი და მისთვის ჩვენი შოკოლადის მიერ მოტანილი დადებითი ემოციებია.
როგორია თქვენი განვითარების ხედვა?
"ვარდისფერი მაიმუნის" პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ. ამასთან, შემდეგი წლის განმავლობაში გვინდა, ბრენდი რაც შეიძლება მეტ მომხმარებელთან მივიტანოთ და მათთვის უნიკალური გამოცდილება შევქმნათ. "ვარდისფერ მაიმუნს" წინ საინტერესო და სახალისო გზა აქვს!