ვერ გამტეხ: გონების დამორჩილებისა და ბედისწერასთან დაპირისპირების დევიდ გოგინსისეული ფორმულა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დევიდ გოგინსი — გადამდგარი საზღვაო ქვეითი, ერთადერთი წევრია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც გავლილი აქვს SEAL-ის წვრთნა, აშშ-ის არმიის რეინჯერების სკოლა და საჰაერო ძალების ტაქტიკური საჰაერო კონტროლის წვრთნა. გოგინსს მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ ულტრამარათონში, ტრიათლონსა და ულტრატრიათლონში, დამყარებული აქვს ახალი სარბენი ტრასის რეკორდები და რეგულარულად იკავებდა ადგილს პირველ ხუთეულში. გინესის მსოფლიო რეკორდის მფლობელია 4 030 აზიდვის შესრულებისთვის 17 საათში.

ცოტა ხნის წინ "ლურჯმა ოკეანემ" დევიდ გოგინსის მსოფლიო ბესტსელერი "ვერ გამტეხ" ქართულად გამოსცა. გთავაზობთ წიგნის ქართულენოვანი გამოცემის წინასიტყვაობას, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის უპირატესობებში დაგარწმუნებთ:

"საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა კომფორტის შექმნისკენ მიისწრაფოდა, თუმცა, ბედის ირონიაა, რომ სწორედ იმ ეპოქაში, როცა საბოლოოდ ეს საუკეთესოდ შევძელით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ კომფორტი, როგორც ცხოვრების უმთავრესი მიზანი, სასჯელს ემსგავსება. მთავარი იარაღი - კომფორტია, მსჯავრდადებული - ადამიანი, განაჩენი კი - საკუთარი თავის უკეთეს ვერსიაზე უარის თქმა.

რა პოტენციალი გაქვს? რას ფლობ სინამდვილეში? და რა არის შენი მისია ცხოვრებაში? - ჩემთვის ამ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხების ძიებამ მრავალ ცხოვრებისეულ თავგადასავალში ჩამრთო, რა დროსაც მანამდე წარმოუდგენელ გამოწვევებთან პირისპირ დავდექი, თუმცა, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, საკუთარი თავის ძველი ვერსიის დათმობა მაინც ყველაზე დიდ ბრძოლად მოგვევლინება ხოლმე. საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული ყველა ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მიდის ამის გააზრებამდე.

ჩემთვის ასეთი მომენტი ყველაზე მკაფიოდ 2022 წელს დადგა. საქართველოდან ესტონეთში სასწავლებლად ჩამოსული, სწავლისა და მუშაობის პარალელურად, ესტონეთის თავდაცვის ლიგის (იმავე ესტონეთის ტერიტორიული თავდაცვის) რიგებში მოვხვდი, როგორც პირველი ქართველი მოხალისე, სადაც დღემდე აქტიურ წევრად ვირიცხები. აქ უნიკალური შანსი მომეცა, NATO-ს სტანდარტებით ინტენსიურ სამხედრო სწავლებებში მიმეღო მონაწილეობა წლის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით კი, მკაცრ კლიმატურ პირობებში, საზოგადოების თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლების წყალობით, შეუპოვრობასა და დისციპლინას ბავშვობიდან მივეჩვიე, ჩემი მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობები ნამდვილი გამოცდის წინაშე მაშინ აღმოჩნდა, როცა სამხედრო წვრთნების დროს, ჩრდილოეთის დაუნდობელი კლიმატისა და ზამთრის პირობებში, -10/-15°C-ში, გაყინული საძილე ტომრის, მშრალი სამხედრო საკვებისა და თბილ კლიმატს მიჩვეული გონების ამარა სიმშვიდის შენარჩუნება, ბრძანების ზედმიწევნით შესრულება და ღია ცის ქვეშ, თოვლის საფარქვეშ ძილიც კი მიწევდა.

ყოველ ჯერზე, ასეთი სწავლებიდან დაბრუნებულს რამდენიმე დღე მიმყვებოდა მადლიერების შეგრძნება და ფიქრი, რომ იყო რაღაც წარმოუდგენლად მიმზიდველი ასეთ სირთულეებში ჩემი ყოველდღიური ქცევითი ნორმები აღარ ჰგავდა სხვისას. ეს სხვა კი, პირველ რიგში, ჩემი თავის მანამდე არსებული ვერსია იყო, რომლის მავნე ჩვევებს საკუთარი გონების მოთვინიერების გზით ეტაპობრივად გარდავქმნიდი, თანაც ისე, რომ ეს ცხოვრების ყველა სფეროზე აისახებოდა. საქმე ამით არ შემოფარგლულა: წლის სწორედ იმ პერიოდში, როცა ტალინის სანაპიროებზე, ბალტიის ზღვას მყარი ყინულის ფენები ედება, პირველად გამოვცადე ჩრდილოეთის ქვეყნების კულტურის განუყოფელი ნაწილი - ცივი წყლის თერაპია. ეს აუტანელი პროცესი, რომლისგანაც გონება გაქცევას ყოველ ჯერზე გთხოვს, იმდენად შევიყვარე, რომ ის ჩემთვის მენტალური ბრძოლის ველად იქცა და ამ მენტალობის წყალობით, წლების შემდეგ, თავად გავხდი ინსტრუქტორი.

ამ პროცესში გამოწვევების ძიებამ ჩრდილო-ყინულოვან ოკეანემდეც კი მიმიყვანა, სადაც გათბობის საშუალე-ბების გარეშე, -20°C-ში გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები. ყოველთვის ვამბობ, რომ სხვები იქ სიცივესა და ყინულებს ხედავენ, მე კი - გამოწვევას და მენტალური გამტკიცების კიდევ ერთ შანსს. ასე გაჩნდა სოციალურ ქსელებში ჩემი პერსონაჟი- "ქართველი აისმენი", რომლის მთავარი კრედოცაა: "ეწვიე სტრესს, სანამ სტრესი თავად გეწვევა".

სწორედ ამ პროცესებში ჩამოყალიბებული მენტალიტეტის ერთ-ერთი ინსპირაცია გახდა დევიდ გოგინსი, რომელმაც თავისი ცხოვრებით უჩვენა ყველას, რომ სირთულის, დისკომფორტის, წინაღობებისა და ტკივილის გადალახვით შექმნი შენი თავის ყველაზე შეუპოვარ, ძლიერ და მიზანდასახულ ვერსიას, რომლისთვისაც დაბრკოლებები თამაშის ნაწილი ხდება და - არა ტანჯვის მიზეზი.

წინასიტყვაობის დასაწყისში დასმული ჩემი კითხვები დევიდ გოგინსის მთავარ პასუხგაუცემელ კითხვებად რჩებოდა მანამ, სანამ საკუთარ შიშებს, კომპლექსებს და თვით ბედისწერას არ დაუპირისპირდა. გოგინსი იმ გარემოში გაიზარდა, რომელშიც სიღარიბე, რასიზმი და ოჯახში ძალადობა ყოველდღიურობის ნაწილი იყო. თუმცა, ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილი იყო. ამას დაემატა აშშ-ის სამხედრო ძალებში მოხვედრის წარუმატებელი მცდელობები, უმუშევრობა, ჭარბი წონა და სხვა მრავალი განსაცდელი. ყველაფერი კი ერთ დილას შეიცვალა, როცა გაიაზრა, რომ ის თავად იყო საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი, ამიტომაც გადაწყვიტა, მსხვერპლის მენტალიტეტისგან დროულად გათავისუფlებულიყო და ყველაფერი თავიდან დაეწყო. ოღონდ ამჯერად, თუ შედეგი სურდა, საკუთარი თავის ძველი ვერსია უნდა ჩაეკლა და შედეგის მიღწევა გონების კარნახით კი არა, გონების დამორჩილებით ეცადა.

ეს წიგნი დევიდ გოგინსის განვლილ გზას როდი ასახავს, ის მტკიცებულებაა იმისა, რომ ტრავმებისა და განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს უნარი, გაიგონოს შინაგანი ხმა, რომელსაც კომფორტისკენ მიდრეკილი გონების მოთვინიერება შეუძლია.

წიგნში გოგინსი აღწერს სხვადასხვა მეთოდს, რომლებითაც შენს გონებას დაიმორჩილებ. როგორც ის აღნიშნავს, ცხოვრების მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ; მთავარი მიზანია, რომ თქვენი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ და ამით დაამტკიცოთ - ცხოვრებისეული სირთულეები ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად არაჩვეულებრივი ცხოვრებისთვის ამზადებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ წიგნით ავტორი არ ცდილობს, შენგან მეორე გოგინსი შექმნას; ის ცდილობს, შენი თავის ერთადერთი და განუმეორებელი ვერსიის შექმნაში დაგეხმაროს.

კარგად მახსოვს, როცა გოგინსის წიგნის კითხვა დავასრულე, შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა, მისი ყდის შიდა მხარეს დავწერე: "ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა ჩემს ნებისყოფას: ვინ, თუ არა მე?". ამ გადმოსახედიდან ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანის გარე სამყაროს დაპყრობა მხოლოდ საკუთარი თავის დაპყრობით იწყება და ყველა გავლილი სირთულე მენტალური რეპეტიციაა უფრო დიდ სირთულეებთან შესახვედრად, სადაც წარმატება გარდაუვალი ხდება.

ამ წიგნის გამოცემის დროისთვის, გოგინსს საქართველოში ადამიანთა უმრავლესობა მარათონებზე მიღწეული შედეგებით იცნობს, თუმცა მე, შენ და დევიდ გოგინსს საერთო მტერი გვაერთიანებს - კომფორტისკენ მიდრეკილი გონება, მასთან მებრძოლი - შეუპოვარი ხასიათი და ამ ბრძოლის მთავარი იარაღი - დისციპლინა.

გოგინსის წიგნი ხშირად არასწორად აღიქმება, როგორც მოწოდება ექსტრემალური ფიზიკური ტანჯვისკენ. სინამდვილეში, ავტორი არასოდეს ითხოვს, რომ მკითხველმა ზუსტად გაიმეოროს მისი ქმედებები; მეტიც, ის გვირჩევს, არ გავაკეთოთ ეს.

მისი მთავარი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ძალიან ადვილად ვნებდებით. ამიტომ, დისკომფორტთან შეგუებითა და დისციპლინით ის გიჩვენებს, რომ შესაძლებელია ყველანაირი შედეგის მიღწევა, რომელსაც მანამდე შეუძლებლად მივიჩნევდით, მთავარია გონების წვრთნისთვის სწორი ბრძოლის ველი აირჩიო - იქნება ეს სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი თუ უბრალოდ, ახალი უნარების დაუფლება.

ავტორი მუდმივად იმეორებს, რომ მოტივაცია საწვავია, რომელიც თავდება, დისციპლინა კი იმ მანქანას ჰგავს, რომელიც ავტოპილოტზეა და შენგან საწვავი არ ესაჭიროება მაშინაც კი, როცა დანებება გინდა. მე ვფიქრობ, რომ დისციპლინა საკუთარ თავთან აუცილებლად გასაღები მსხვერპლია. ეს არის ბრძოლა საკუთარ თავმოყვარეობასა და სიზარმაცეს შორის, ბრძოლის ველი კი - ჩვენი ყოველდღიური ჩვევებია.

საბოლოოდ, ცხოვრებაში ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, მხოლოდ მორჩილი გონება, უდრეკი სული და ძლიერი ნებისყოფა გამოიღებს სასურველ შედეგს და სწორედ მაშინ იქნები ყოველი მომენტის მადლიერი, როცა სირთულეებში გააზრებულად, თავით ხტები.

წიგნის არსი არ შემოიფარგლება გოგინსის ფიზიკური გამძლეობით. ის არა მხოლოდ იმ ამბავზე ფოკუსირდება, თუ როგორ ირბინა 70-ზე მეტი ულტრამარათონი და მოხსნა გინესის მსოფლიო რეკორდი ძელზე აზიდვაში, არამედ ის იყენებს თავის ტრაგედიებს, სირთულეებსა და გამოწვევებს იმისთვის, რათა დაგვანახვოს - რაც არ გვტეხს, გვაწრთობს და საბოლოოდ, აუცილებლად უკეთესს გვხდის.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ შენ აღარ იქნები საკუთარი თავის, წარსულის ჩრდილების და ხალხის აზრის მსხვერპლი, არამედ გახდები ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რომ სამოთხისკენ მიმავალი გზა ჯოჯოხეთს ჰგავს, ხოლო ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა - სამოთხეს."

გიორგი ლაზარიაშვილი

იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი,

ცივი წყლის თერაპიის ინსტრუქტორი