''ვგეგმავ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოები შევქმნა'' - სანდრო თომაძე ამბროლაურის იდეათეკიდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ბანკმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პროექტ "იდეათეკის" განხორციელება 2020 წელს დაიწყო. პროექტი რეგიონის სკოლებში თანამედროვე და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების მოწყობას და განათლების ხელშეწყობას მოიაზრებს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე 7 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც მოსწავლეების საყვარელ ადგილად იქცა.
ამ სტატიაში პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ერთ-ერთ მოსწავლეს, სანდრო თომაძეს გაგაცნობთ, ამბროლაურის #1 საჯარო სკოლიდან. სანდროს წიგნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და მხატვრული წერის უნარი გამოარჩევს. მის ინტერესებს შორისაა გლობალური დათბობის საკითხი, რასაც მან მოთხრობაც მიუძღვნა.
"G5" - ასე ჰქვია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობას, რომლის მოქმედებაც 2073 წელს, გლობალური დათბობის შედეგად კოლაფსამდე მისულ სამყაროში ხდება. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, მაიკი, G5 დანაყოფის ინჟინერია. ერთხელ, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ საერთო საცხოვრებელში დაბრუნებულ მაიკს და სხვა ინჟინრებს მათივე კოლეგა, ანდრე, საიდუმლოს გაუმხელს. ისინი შეიტყობენ, რომ G5 დანაყოფის ინჟინრებს დიდი დრო აღარ დარჩენიათ - მათ უკვე ზედმეტად ბევრი იციან, რის გამოც ინჟინრებს თავიდან მოშორებას უპირებენ. ანდრე მათ ბუნკერიდან თავის დასაღწევად გეგმას მისცემს - სწორედ აქ იწყება მთავარი თავგადასავლებიც.
გთავაზობთ ინტერვიუს მოთხრობის ავტორთან:
სანდრო, მოგვიყევი შენს ინტერესებზე და ჰობიზე როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
თავისუფალ დროს ძირითადად წიგნების კითხვასა და მუსიკის მოსმენაში ვატარებ. ჩემი საყვარელი ლიტერატურული ჟანრია სამეცნიერო ფანტასტიკა (scifi), ხოლო მუსიკალური ჟანრი როკი და მეტალი. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით კი კალათბურთი. NBAის მატჩების ყურება ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა ჩემი ერთერთი ყველაზე დიდი ჰობი წერაა - ვწერ მოთხრობებს სხვადასხვა ჟანრში.
როგორ დაიწყე წერა ?
ჩემი პირველი მოთხრობა დაწყებით კლასებში მოცემული საშინაო დავალების დროს დავწერე. წერის პროცესი იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე კიდევ დამეწერა რაიმე. რამდენიმე წელიწადში ხუთი მოთხრობის დაწერის შემდეგ წერა შევწყვიტე. წერა მას შემდეგ გავაგრძელე, რაც აიზეკ აზიმოვის "გრძელი ღამე" წავიკითხე. ამ მოთხრობამ გამიჩინა სურვილი მეც შემექმნა მსგავსი ნაწარმოებები.
როდის და როგორ დაინტერესდი გლობალური დათბობის საკითხით და რა იყო ნაწარმოები "G5"-ის შექმნის ინსპირაცია?
გლობალური დათბობის საკითხით ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში დავინტერესდი. როცა მის შესახებ გავიგე მაშინვე გამიჩნდა სურვილი მეტი ინფორმაცია მიმეღო. რაც შეეხება ინსპირაციას "G5"ის მიღმა, ის ჩვენს გარშემო განვითარებული ეკოლოგიური კატასტროფებიდან გამომდინარეობს - გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული ტყის მასშტაბური ხანძრები, ან ადამიანის ხელით გაჩანაგებული ბუნება. "G5"-ის შექმნაზე ასევე დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა ნაწარმოებებმა და მოვლენებმა.
მოთხრობის შესავალი ინსპირირებულია მიმდინარე მასშტაბური პრობლემებით და იმით, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ბუნების კანონზომიერებაში ადამიანის ჩარევამ. რაც შეეხება ნაწარმოების დედააზრს, ესაა თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომლის მთავარი მოქმედი პირი მაიკია. მისი ინსპირაცია ისეთი ლიტერატურული გმირისგან მომდინარეობს, როგორიცაა უინსტონ სმიტი (1984). მაიკის მსგავსად, ისიც ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები პიროვნებაა, რომელსაც მერყევი დამოკიდებულება აქვს სისტემის მიმართ. მათი მერყეობა კი საბოლოოდ წინ უძღვის ქმედებებს გარემოების შესაცვლელად და აქედან იწყება ბრძოლა თავის დასაღწევად.
რა როლს თამაშობს იდეათეკა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? როგორ იყენებ ახალ სივრცეს?
იდეათეკა ძალიან საყვარელი ადგილი გახდა ჩემთვის როგორც უმდიდრესი წიგნთა ფონდით, ასევე ტექნიკური რესურსებით. მოხარული ვარ რომ სკოლაში გაჩნდა სივრცე, სადაც შეგიძლია ნახო შენთვის საინტერესო წიგნი, მოიძიო ინფორმაცია, გაიმრავალფეროვნო ცოდნა და სასიამოვნოდ გაატარო თავისუფალი დრო.
მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებზე აპირებ გლობალური დათბობის თემატიკაზე სხვა ნაწარმოების დაწერას/ აქტივობებში ჩართვას?
მომავალში ვგეგმავ პოსტაპოკალიფსურ თემატიკაზე ბევრად უფრო დიდი მოცულობის ნაწარმოების შექმნას, რომელსაც კიდევ უფრო დიდი დოზით ექნება sci-fi ელემენტები.
სანდრო ერთ-ერთია იმ 3800-მდე მოსწავლეს შორის, რომელსაც იდეათეკის დახმარებით თვითშემეცნებისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსზე (ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები) გაუმარტივდა წვდომა. სულ მალე ამ რიცხვს ახალქალაქის მე-3 და დუისის საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდებიან, სადაც 2 ახალი იდეათეკა მოეწყობა. ვრცლად საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე შეიტყობთ: https://bit.ly/3mxQeXI