ვიდეოინდუსტრია 2.0: რას (ვერ) ჩაანაცვლებს AI?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად რომ ნახავ ვიდეოს და ერთი წამით მაინც შეგეპარება ეჭვი – "ეს ნამდვილია?" – სწორედ იმ წამს ხვდები, რომ რაღაც უკვე შეიცვალა.

ეკრანზე გოგონა საუბრობს. კამერა ნელა უახლოვდება. შუქი რეალისტურად ეცემა სახეზე. კადრი დამაჯერებელია. იმდენად, რომ მაყურებლისთვის თითქმის შეუმჩნეველია, რეალური მსახიობია თუ ალგორითმის მიერ შექმნილი პერსონაჟი.

სწორედ ასეთ ზღვარზე მოძრაობს დღეს ვიდეოინდუსტრია – რეალობასა და სიმულაციას შორის.

ამ ტრანსფორმაციის მიზეზი ნათელია: დღეს ვიდეოინდუსტრია ციფრული შედეგების 95%- განაპირობებს.

აქ ვალუტა არა ლარი ან დოლარი, არამედ ის წამებია, რომლებსაც მომხმარებელი თქვენს კონტენტს უთმობს.

თუ ადრე რეკლამას ჰქონდა ფუფუნება, ნელა დაეწყო თხრობა, შეექმნა ატმოსფერო და მხოლოდ ბოლოსკენ ეთქვა სათქმელი, დღეს ეს მიდგომა ბიზნესის თვითმკვლელობის ტოლფასია. მოდი, ამას ე.წ. ყურადღების ეკონომიკა ვუწოდოთ.

"ყურადღების ეკონომიკაში" პირველი 3 წამი გადამწყვეტია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი და ვიზუალურად ზუსტი ვიდეო კონვერტაციას (გაყიდვებს) საშუალოდ 80%-ით ზრდის. ადამიანებს საშუალოდ 3 წამი აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად – დარჩნენ თუ გააგრძელონ სქროლვა.

უწყვეტი ვიზუალური ხმაურის პირობებში, სადაც ბრენდების გადარჩენა წამებში იზომება, ძველი მეთოდები აღარ ჭრის – აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც ტექნოლოგიურ პროგრესს საკუთარ შემოქმედებით იარაღად აქცევს და ახერხებს შექმნას გამოსახულება, რომელიც მაყურებელს თავს დაამახსოვრებს.

სწორედ ამ რეალობაზე სასაუბროდ შევხვდით გოგიტა ჩიკვაიძეს, საქართველოში პირველი ვიდეოკონტენტ-სააგენტო CONTACT-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ კრეატიულ დირექტორსა და Makers and Visual Solutions AI-ის პარტნიორს.

გოგიტასთვის ხელოვნური ინტელექტი (AI) არა შორეული ფანტასტიკა, არამედ ის ყოველდღიური ინსტრუმენტია, რომლითაც CONTACT დღეს ვიდეოწარმოების პროცესს გარდაქმნის. სააგენტოს ავტორიტეტს მისივე შედეგები ამყარებს: სამას მილიონზე მეტი ნახვა და 800-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტი. სწორედ ამ შედეგებზე დაყრდნობით გახდა CONTACT ვიდეოკონტენტ-მარკეტინგის მიმართულებით ბაზრის ლიდერი, რომელსაც დღეს წამყვანი ბრენდები ენდობიან.

CONTACT-ის მიდგომა ყველასგან გამორჩეულია: ეს არ არის ტრადიციული პროდაქშენი, რომელიც მხოლოდ გადასაღებ მოედანზე ოპერირებს. ეს არის გუნდი, რომელიც ვიდეოს სტრატეგიას იდეიდან საბოლოო კადრამდე აშენებს და ზუსტად იცის, როგორ აქციოს გამოსახულება ბიზნესის ხელშესახებ შედეგად.

როგორ შლის AI ფიზიკურ ბარიერებს შემოქმედებაში?

ფიზიკური შეზღუდვები ტრადიციული ვიდეოწარმოების კრიტიკული ბარიერია.

ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, რაც კადრში არ ჩანს: ტრანსპორტირება, კვება, ლოკაციების მართვა და ტექნიკური პერსონალი. ხელოვნურ ინტელექტს ეს "უხილავი ხარჯები" მინიმუმამდე დაჰყავს და მათ კრეატიულ ენერგიად გარდაქმნის.

თუ ადრე კომპანიას 100 ათასი ლარი სჭირდებოდა ერთი საშუალო დონის რეკლამისთვის, დღეს იმავე რესურსით მას შეუძლია შექმნას მთელი ვიზუალური სამყარო, რომელიც ათეულობით პლატფორმაზე იქნება ადაპტირებული. AI საშუალებას იძლევა, რომ ბრენდი საუბრობს არა ერთი, არამედ ათასი ხმით, თითოეული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ამ თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა – ხარისხიანი კომერციული წარმოება მოითხოვს ლიცენზირებულ ინსტრუმენტებსა და იმ ექსპერტების ჩართულობას, რომლებსაც სრულად ესმით აღნიშნული სფერო.

ვიდეოინდუსტრიის ბაზარზე ფინანსური ეფექტურობა იზომება არა დაზოგილი თეთრებით, არამედ მიღებული "ვიზუალური კაპიტალით". კომპანიები, რომლებიც AI-ს მხოლოდ ეკონომიის მიზნით იყენებენ, ხშირად აგებენ ხარისხში. ბაზარზე ბევრი კომპანია შეეცადა AI-ის "უფასო" რესურსად გამოყენებას, რამაც საშინელი შედეგები გამოიწვია. გოგიტა სიცილით იხსენებს ე.წ. ხაჭაპურში მოცურავე კაცების ტიპის ვიზუალებს – ეს არის AI-ის შესაძლებლობების ყველაზე საბაზისო დონე. ხელოვნური ინტელექტი კი იმაზე მეტია, ვიდრე მსგავსი ტიპის ვიზუალები. დღეს კომპანიების პრიორიტეტი ვიდეოინდუსტრიაში მდგომარეობს იმაში, რომ გათავისუფლებული რესურსი მიიმართოს იქ, სადაც მანამდე ფინანსური კედელი იდგა. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს AI-წარმოება არის ინვესტიცია და არა ხარჯების შემცირების იაფი გზა:

"ბიზნესს დღეს აქვს უნიკალური შანსი გააკეთოს ის, რაც ადრე ფინანსურად მიუწვდომელი იყო. თუ ადრე 100 ათასად ვიღებდით ერთ პროდუქტს, ახლა შეგვიძლია მივიღოთ პროდუქტი, რომლის ღირებულებაც ადრე 500 ათასი იქნებოდა. მთავარია, კომპანიებმა არ დაიჯერონ ილუზია, რომ AI-ით შექმნილი ყველაფერი უფასოა. უფასო კონტენტი ბაზარზე მხოლოდ ხმაურს ქმნის, ჩვენ კი შედეგი გვჭირდება".

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ე.წ. Opportunity Cost (ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის ფასი). სანამ კონკურენტი ტრადიციული მეთოდებით ერთ ვიდეოს ამონტაჟებს, ვიზუალური ინჟინერიის გამოყენებით ბრენდი ახერხებს ბაზარზე ათი სხვადასხვა მიდგომის ტესტირებას. ეს სისწრაფე დღეს ბიზნესის გადარჩენის მთავარი პირობაა. ბიუჯეტირება დღეს არის არა ციფრების ჯამი, არამედ სტრატეგიული მანევრირების ინსტრუმენტი.

გლობალური ტენდენციები აჩვენებს, რომ 2027 წლისთვის კომპანიების 60% ვიდეოწარმოების ბიუჯეტის მინიმუმ მესამედს AI ინსტრუმენტებში მიმართავს. ვიზუალური კონტენტი ხდება ადაპტირებადი, რაც ნიშნავს მის მუდმივ ტრანსფორმაციას სხვადასხვა ფორმატსა და აუდიტორიებზე მინიმალური დანახარჯებით.

საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის დემოკრატიზაცია ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს აღარ სჭირდება მილიონიანი აპარატურა იმისთვის, რათა მილიონიანი შთაბეჭდილება მოახდინოს. ეს არის გარდამტეხი მომენტი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც ახლა შეუძლიათ გიგანტებთან თანასწორ კონკურენციაში ჩაბმა და საკუთარი ადგილის დაკავება ვიზუალურ ველზე.

რას ცვლის AI ვიდეოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის?

ვიდეოინდუსტრია ეგზისტენციალური ცვლილებების წინაშეა. უახლოეს წლებში პროფესიები, რომლებიც მხოლოდ მექანიკურ შესრულებას ეფუძნებოდა, სრულად ავტომატიზებული გახდება. ეს იწვევს შიშს, მაგრამ Entrepreneur-ის რესპონდენტი ამას ახალ შესაძლებლობად განიხილავს. სპეციალისტი აღარ არის შემსრულებელი, ის ხდება კრეატიული არქიტექტორი, რომელიც მართავს რთულ ალგორითმულ პროცესებს. ადამიანი ხდება "დირიჟორი", სადაც AI თითოეული ინსტრუმენტის როლს ასრულებს.

რუტინული და მექანიკური პროცესების ავტომატიზაციის შედეგად, სპეციალისტის პროდუქტიულობა 300-400%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ნაცვლად ტექნიკურ რუტინაზე საათების ხარჯვისა, ადამიანი ხდება პროცესის მმართველი და იდეის მთავარი გენერატორი. თუმცა, ეს მოითხოვს სრულიად სხვა ტიპის განათლებასა და ხედვას. ადამიანი უნდა იყოს იდეის გენერატორი, რადგან AI თავისთავად ახალს არაფერს ქმნის – ის მხოლოდ კაცობრიობის მიერ დაგროვილი მონაცემების გენიალური კომბინატორია.

პროფესიული ტრანსფორმაცია ეხება არა მხოლოდ ვიდეოს შემქმნელებს, არამედ სცენარისტებს, ხმის ინჟინრებსა და ქოლორისტებს. დღეს სპეციალისტის ღირებულება იზომება არა კონკრეტული პროგრამის გამოყენების ცოდნით, არამედ იმით, თუ როგორ შეუძლია მას სხვადასხვა AI მოდელების სინთეზირება ერთიანი მიზნისთვის. ეს არის ინტელექტუალური მულტიპოტენციალიზმის ხანა.

"ტრადიციული მეთოდების დრო დასრულდა. ახლა კრეატიული არქიტექტურის ერაა. ჩვენი შემოქმედებითი უნიკალურობა არის ერთადერთი რამ, რასაც AI ვერ ჩაანაცვლებს, პირიქით ის ჩვენს ხედვაზე იკვებება. სპეციალისტი, რომელიც მხოლოდ ტექნიკურ უნარებს ეყრდნობოდა, ბაზარს ჩამოსცილდება, მაგრამ ის, ვინც AI- საკუთარ ინსტრუმენტად აქცევს, გახდება შეუცვლელი", – აღნიშნავს გოგიტა.

AI ვერ ჩაანაცვლებს იმ მოსამზადებელ ეტაპს, რა დროსაც იბადება ბრენდის შინაარსი

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ბიზნესი დღეს უშვებს, არის ფიქრი, რომ AI-თან მუშაობა მარტივი, ტექნიკური პროცესია. სინამდვილეში, წარმოების სიმძიმის ცენტრი გადავიდა მოსამზადებელ ეტაპზე (Pre-production). აქ ხდება ბრენდის "ციფრული დნმ-ის" განსაზღვრა. თუ საწყის ეტაპზე არ არსებობს ბრენდის შინაარსი და ზუსტი სტრატეგია, AI-ის მიერ შექმნილი ვიზუალი იქნება ლამაზი, მაგრამ სრულიად უფუნქციო.

მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს არა მხოლოდ სცენარს, არამედ ვიდეოს შინაარსის ემოციურ დაპროექტებას. ამ დროს იქმნება პერსონაჟების ხასიათი, განათების ფსიქოლოგია და ნარატიული სტრუქტურა. მომხმარებელი არ პატიობს სიყალბეს – ის მომენტალურად გრძნობს, როცა ვიდეო მხოლოდ ტექნოლოგიური დემონსტრირებაა და მასში აზრი არ დევს. შინაარსი არის ის, რაც ვიდეოს ვირუსულს ხდის.

ვიზუალური ინჟინერია მოითხოვს მკაცრ დისციპლინას მოსამზადებელ ფაზაში. Prompt-ის წერა არ არის მხოლოდ სიტყვების თამაში – ეს არის კოდირება ბუნებრივ ენაზე. სპეციალისტმა უნდა იცოდეს ხელოვნების ისტორია, ფიზიკა (როგორ იქცევა სინათლე) და ფსიქოლოგია, რათა ალგორითმს ზუსტი დავალება მისცეს. რაც უფრო მეტ დროს ხარჯავს გუნდი დაგეგმვაზე, მით უფრო "ცოცხალი" გამოდის საბოლოო პროდუქტი.

სტრატეგიული დაგეგმარება ასევე გულისხმობს სამართლებრივ ვალიდაციას. ეს არის ვალდებულება და არა ფუფუნება. კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ გენერირებული კონტენტი დაცულია და პლატფორმები მას არ დაბლოკავენ.

ასევე, ეს არის ის ექსპერტიზა, რომელსაც ვიდეოინდუსტრიაში მომუშავე სააგენტოები სთავაზობს ბაზარს – არა უბრალოდ ვიდეოს, არამედ უსაფრთხო და ეფექტურ ბიზნესპროდუქტს. სამართლებრივი გამართულობა დღეს ხარისხის ერთ-ერთი სინონიმია.

"მოსამზადებელი ეტაპი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ აქ წყდება, იქნება თქვენი ვიდეო მორიგი ციფრული ნაგავი თუ რეალური შედეგის მომტანი ინსტრუმენტი. დამკვეთს უნდა ესმოდეს: AI- სჭირდება ექსპერტი მმართველი, რათა შედეგი იყოს მათემატიკური სიზუსტის და არა შემთხვევითობის ნაყოფი. შინაარსი არის ის, რასაც მომხმარებელი არასდროს უღალატებს", – განმარტავს რესპონდენტი.

Pre-production ფაზაში ხდება ე.წ. Visual Consistency-ს (ვიზუალური თანმიმდევრულობის) უზრუნველყოფა. AI-ს ხშირად უჭირს ერთი და იმავე პერსონაჟის სხვადასხვა კადრში შენარჩუნება. სწორედ აქ ვლინდება ექსპერტის როლი – შექმნას მეთოდოლოგია, რომელიც ბრენდის იდენტობას უცვლელს დატოვებს ნებისმიერ ვიზუალურ გარემოში.

თანამედროვე ვიდეოწარმოებაში მოსამზადებელი ეტაპი არის პროექტის "ხერხემალი". თუ ის სუსტია, მთელი ვიზუალური ფასადი დაინგრევა. გოგიტა ჩიკვაიძეს მტკიცედ სწამს, რომ კრეატივი იწყება არა გადასაღებ მოედანზე, არამედ თეთრ ფურცელზე, სადაც AI-ის შესაძლებლობები ბრენდის მიზნებთან არის სინქრონიზებული.

ციფრული ეთიკა და ავთენტურობის ახალი სტანდარტი

როდესაც ზღვარი რეალობასა და სიმულაციას შორის იშლება, უმთავრეს საკითხად ციფრული ეთიკა იქცევა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვიდეოკონტენტი აღარ არის მხოლოდ გამოსახულება – ის არის პასუხისმგებლობა. Entrepreneur-თან საუბარში გოგიტა აღნიშნავს, რომ სააგენტოს მუშაობის პროცესში ეთიკური ფილტრი ერთ-ერთი საკვანძოა. კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ, რომ AI-ით გენერირებული პერსონაჟები თუ გარემო არ არღვევს საავტორო უფლებებს და არ შეჰყავს მომხმარებელი შეცდომაში მავნე მიზნით.

გლობალური რეგულაციები სულ უფრო მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში AI-ით შექმნილი ნებისმიერი კომერციული პროდუქტი გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს ნიშნავს "ლიცენზირებულ კრეატივს". თუ ბიზნესი იყენებს ციფრულ მოდელს, მან უნდა იცოდეს მისი წარმომავლობა და სამართლებრივი სტატუსი. ეთიკური მიდგომა ბრენდისადმი ნდობას ზრდის – მომხმარებელი პატივს სცემს გულწრფელობას, თუნდაც ის სრულიად ციფრული სამყაროდან მოდიოდეს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ავთენტურობა არ იკარგება, ის სახეს იცვლის. ავთენტურობა ახლა იზომება იმ ემოციური გზავნილით, რომელსაც ბრენდი მაყურებლამდე მიიტანს. ეთიკური ვიზუალური ინჟინერია ნიშნავს ტექნოლოგიის გამოყენებას ადამიანური ისტორიების გასაძლიერებლად და არა მათ ჩასანაცვლებლად. ეს არის ახალი სოციალური კონტრაქტი ბრენდსა და აუდიტორიას შორის.

ვიზუალური ინჟინერია არ არის მომავლის ტექნოლოგია – ეს დღევანდელი დღის გადარჩენის ენაა. AI გვაძლევს შანსს, გავთავისუფლდეთ რუტინისგან და დავუბრუნდეთ შემოქმედების საწყისებს. წარმატება ეკუთვნის მათ, ვინც გაბედავს ადაპტაციას, მაგრამ არასოდეს დათმობს უმთავრესს – ადამიანურ ემოციასა და სტრატეგიულ სიღრმეს, – ამბობს გოგიტა.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and Entrepreneurship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.