Get All Access for $5/mo

ვოლტის ბიზნესის მართვა 126-მილიონიან ბაზარზე - ქართველი გენერალური მენეჯერის იაპონური გამოწვევა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველა წარმატება ნიშნავს ახალ, უფრო ამბიციურ გეგმებს - ამბობს ნატალია ხიზანიშვილი - ვოლტის ახალი გენერალური მენეჯერი იაპონიაში, ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკაში, 126-მილიონიან ბაზარზე გლობალური კომპანიის ბიზნესის მართვა ჩაიბარა.

ნატალია ხიზანიშვილის საქმიანობა ვოლტი საქართველოს გუნდში 2018 წლიდან იწყება და მოიცავს არაერთ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. ვოლტი იაპონიის გენერალურ მენეჯერობამდე ნატალია ხიზანიშვილი ხელმძღვანელობდა ვოლტის რეგიონულ ოფისს, რომელიც სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს აერთიანებს. ამბობს, რომ კომპანიამ მასზე არჩევანის გაკეთებისას გამოცდილებით და ბიზნესის პრიორიტეტებით იხელმძღვანელა.

როგორია ახალი გენერალური მენეჯერის გეგმები იაპონიის მრავალმილიონიან ბაზარზე, რა გამოწვევებს და სირთულეებს უკავშირდება განსხვავებული ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაში ბიზნესპროცესების მართვა და როგორ უთავსებს წარმატებულ კარიერას ოჯახს - ვოლტი იაპონიის ახლად დანიშნული გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილი ინტერვიუში გვესაუბრა.

ნატალია, უპირველეს ყოვლისა, გვიამბეთ იაპონიაში ვოლტის ოფისის მართვასთან დაკავშირებით სათავო ოფისის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.?

დავინიშნე ვოლტი იაპონიის გენერალურ მენეჯერად, მყავს საკმაოდ ძლიერი გუნდი, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს. მეოთხე წელია, ვოლტი იაპონიაში საქმიანობს. ცოტა ხნის წინ აქ შეიცვალა მენეჯმენტი, რის შემდეგაც ვოლტის სათავო ოფისისგან მივიღე შემოთავაზება, წამოვსულიყავი, მეხელმძღვანელა გუნდისთვის და იაპონიაში ვოლტი წარმატების შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით. მეორე თვეა, ვარ ტოკიოში და ყოველ დღეს სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს არის ძალიან საინტერესო გამოწვევა.

როგორ მიიღო ვოლტმა ეს გადაწყვეტილება? დღემდე, როგორც რეგიონული გენერალური მენეჯერი, რომელ ქვეყნებში არსებულ ოფისებს ხელმძღვანელობდით?

დღემდე ვიყავი ვოლტის რეგიონული მენეჯერი სამ ქვეყანაში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. იაპონიაში ჩემი გადასვლის გადაწყვეტილება ბიზნესპრიორიტეტებიდან გამომდინარე იყო მიღებული. მაქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება რეგიონში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია ვოლტის საქმიანობაში. შესაბამისად, ის, რომ ეს გამოცდილება გამოვიყენოთ სხვა, მათ შორის ისეთი უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანაში, როგორიც იაპონიაა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ვოლტისთვის.

რას ნიშნავს ის, რომ იაპონიას იბარებთ, ნიშნავს ეს თქვენს ხანგრძლივად წასვლას იაპონიაში თუ იქ მენეჯმენტის სისტემის აწყობას და შემდეგ უკან დაბრუნებას?

ამ ეტაპზე ხანგრძლივად ვარ წამოსული იაპონიაში, ტოკიოში, ოჯახთან ერთად. დაგეგმილია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში საქმიანობას ტოკიოში გავაგრძელებ.

იაპონია ძალიან მსხვილი, რამდენიმე მილიონიანი ბაზარია, ამავდროულად არის რთული და საინტერესო, ბევრი სპეციფიკით. როგორ ფიქრობთ, როგორ მიიღებს ვოლტის სერვისებს იაპონიის მომხმარებელი და თუ შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, რამხელა ბაზარზეა საუბარი?

თუ აქამდე ჩემს რეგიონში შედიოდა სამი ქვეყანა და სამივე ქვეყნის მოსახლეობის ჯამური პოტენციალი იყო დაახლოებით 30 მილიონი, იაპონიის მოსახლეობა 126 მილიონს შეადგენს. აქ მილიონზე მეტი მხოლოდ რესტორანია. იაპონია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ეკონომიკაა, შესაბამისად, გაცილებით დიდი მასშტაბის პოტენციალის მქონე ქვეყნის ბაზრის მართვა გაცილებით რთული და კომპლექსური პროცესია. ეს გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული მართვის ტაქტიკებია საჭირო, პარტნიორობის მასშტაბი განსხვავებულია და გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი პოტენციალია.

რა სირთულეების დაძლევა მოგიწევთ?

არის ძალიან მკაფიო ენობრივი ბარიერი, რომელიც ართულებს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებს. ამას ემატება კულტურული ბარიერები, რომლებიც ჩემთვის ახალია და მათ შესახებ ყოველდღიურად ვსწავლობ. განცვიფრებული ვარ იმით, თუ როგორ გადმოითარგმნება ტრადიციები ბიზნესში და როგორ აქტიურად მოქმედებს ბიზნესპროცესებზე ის ტრადიციები, რითაც იაპონია ცხოვრობს. ბევრი განსხვავებული პროცესია, რომელიც უნდა გაიარო, რომ შეძლო კონსენსუსამდე მისვლა. ცვლილებების დანერგვა სხვა რეჟიმში ხდება და ძალიან ბევრი ბიზნესი ურთიერთობებს ეყრდნობა. ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, რაც ძალიან რთული მოსახვეჭი და ძალიან ადვილი დასაკარგია. თუ არ გაქვს ნდობა და ორმხრივად სასარგებლო ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები, იაპონიაში ძალიან რთულია წარმატების მიღწევა. სხვებზეც ხარ დამოკიდებული გარკვეულწილად და საბოლოო ჯამში ეს ურთიერთობები ქმნის წარმატებას. ყველაფერს მარტო, პარტნიორების გარეშე ვერ გააკეთებ. პარტნიორობა და ბიზნესურთიერთობები კი აქ ნდობას ეფუძნება, რაც ამავდროულად კარგიც არის.

იაპონიაში სად მდებარეობს ვოლტის ოფისი, ეს იქნება მხოლოდ ტოკიო თუ ქვეყნის მასშტაბით სხვა ოფისებიც ექნება ვოლტს, რომლებსაც ასევე თქვენ გაუძღვებით? რამდენ თანამშრომელზეა საუბარი?

ტოკიოში არის ჩვენი სათავო ოფისი. საკმაოდ დიდი ოფისი გვაქვს ქალაქის ცენტრში. ქვეყნის მასშტაბით სულ 4 ოფისი გვაქვს, სადაც გვყავს დიდი და მოტივირებული გუნდი, რომელიც იაპონიის სხვადასხვა რეგიონში მსხვილ ქალაქებს მართავს.

აზიის ბაზრებზე კიდევ სად არის წარმოდგენილი ვოლტი და როგორი იქნება თქვენი მიდგომები იაპონიის ბაზრისადმი, არსებული სპეციფიკის გათვალისწინებით? განსხვავებული მიდგომები გექნებათ თუ იმუშავებთ არსებული ტრადიციული, აპრობირებული მეთოდებით?

აზიაში ვოლტი ამ ეტაპზე მხოლოდ იაპონიაშია წარმოდგენილი. სამომავლო გეგმებზე, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ გესაუბრებით.

ვინ არიან თქვენი კონკურენტები იაპონიის ბაზარზე?

იაპონია ამ მიმართულებით ძალიან განვითარებული ბაზარია და გვყავს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონკურენტები, თუმცა მათი რიცხვი კოვიდ-პანდემიის შემდეგ შემცირდა და რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა, ბაზრიდან გასულიყო.

როდის იტყვით, რომ წარმატებული იყო თქვენი გადასვლა იაპონიაში? რა იქნება თქვენი წარმატებული საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი, წარმატების ერთგვარი საზომი და დაახლოებით რა ვადები გაქვთ ამისთვის განსაზღვრული?

ჩვენი ბიზნესის, ჩვენი ინდუსტრიის მთავარი ამოცანა არის მასშტაბებზე გასვლა და იმ გეგმების მიღწევა, რომლებსაც თვითონვე ვსახავთ. შესაბამისად, წარმატების მთავარი საზომი იქნება, რამდენად ეფექტურად მივაღწევთ ჩვენს მიერ გაწერილ გეგმას და არსებული ბაზრის წილის ზრდას. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის ვიტყვით რამდენად დიდი იყო წარმატება. თუმცა, ყველა წარმატება ნიშნავს უფრო მეტ ამბიციურ გეგმას, შესაბამისად, საბოლოო წერტილი დასახული არ გვაქვს. ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც ხანგრძლივი ვადის ჭრილში უნდა შევხედოთ, ვინაიდან ყველა წარმატებას მოსდევს უფრო ამბიციური გეგმები.

ნატალია თქვენ ხართ ახალგაზრდა ქალი, მეუღლე, დედა, წარმატებული მენეჯერი შთამბეჭდავი კარიერით. პროფესიული გამოწვევების გარდა, გვესაუბრეთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ პერსონალურ, ადამიანურ მხარეებზე, როგორ უთავსებთ კარიერას და ცხოვრების წესის ცვლილებას? როგორია თქვენი ოჯახის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?

ბოლო 17 წლის განმავლობაში სულ აქტიურად ვმუშაობდი, შესაბამისად ეს უკვე ჩემი ცხოვრების სტანდარტული რეჟიმია. რა თქმა უნდა, როდესაც ხარ დედა, ეს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვინაიდან ყველა მშობელს სჭირდება, რომ ოჯახს დრო და ენერგია დაუთმოს. ამაში ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ის დრო, რომელსაც ოჯახის წევრებს ვუთმობ, მაქსიმალურად მათზე იყოს კონცენტრირებული. თუმცა, როდესაც ვმუშაობ, მაქვს იმის საშუალება, სრულად ვიყო კონცენტრირებული საქმეზე. ეს უფრო არის ე.წ work life integration - სამუშაოს და ცხოვრების ინტეგრაცია, ვიდრე ბალანსი, განსაკუთრებით ისეთ სამუშაო პირობებში, როდესაც რამდენიმე ქვეყნის დროით სარტყელს უნდა გაუსწორდე - აშშ-დან დაწყებული ევროპით დამთავრებული, შესაბამისად, გვიწევს რაღაც დროის გამოყოფა სხვადასხვა შეხვედრისთვის საღამოს საათებში, ან სამუშაო დღის ძალიან ადრე დაწყება. ყოველთვის ვიყენებ იმ შუალედებს, როდესაც შემიძლია სრულად ვიყო ფოკუსირებული ოჯახზე და როცა ვახერხებ, მათ მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობ.

იაპონიაზე თქვენი პერსონალური დამოკიდებულების შესახებაც გვითხარით. იაპონიაში, სადაც ცოტა ხნის წინ ალბათ საქართველოს შესახებ არც კი იცოდნენ, დღეს ტოჩინოშინით და გაგამარუთი გვიცნობენ. შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა ქართველმა ქალმა მენეჯერმა ახალი წარმატების ისტორია დაწეროს, თუნდაც ბიზნესის მიმართულებით?

ქართველ სპორტსმენებს ძალიან დიდ პატივს სცემენ ამ ქვეყანაში, რადგან მათ უდიდეს წარმატება აქვთ მიღწეული. რა თქმა უნდა, სპორტი უფრო საინტერესო საყურებელია. ბიზნესსფეროში ჩვენი ხილვადობა გაცილებით უფრო მცირეა, თუმცა მე მაქსიმუმს გავაკეთებ და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ხელი შევუწყო ჩვენი ქვეყნის წარმატებას ყველგან, სადაც ამის საშუალება მომეცემა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სოციალური მედია

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი

ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ