Sponsored Content

Webster University Georgia-ს ორგანიზებით პანელური დისკუსია Untold Stories: Women in Leadership გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Webster University Georgia-ს ორგანიზებით, 28 ნოემბერს სასტუმრო ROOMS Tbilisi-ში პანელური დისკუსია − Untold Stories: Women in Leadership გაიმართა. პანელის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მყოფმა წარმატებულმა ქალებმა ისაუბრეს იმ დაბრკოლებებსა თუ გამოწვევებზე, რომლებსაც კარიერის განმავლობაში შეხვდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალები არიან.

აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ, ACT-ის თანადამფუძნებელმა და Vision Leader-მა თინათინ რუხაძემ, Key Communications-ის დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძემ და პირველმა ქალმა უფროსმა ლეიტენანტმა ხატია გოგალაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაცია გაუწია UN WOMEN-ის წარმომადგენელმა ლილი დოფიძემ.

ღონისძიება Webster University-ის დოკუმენტური ფილმის Untold Stories: Webster Women Speak-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ფილმი 1960-იანი წლებიდან 2015 წლამდე Webster-ის ოთხი კურსდამთავრებულის კარიერასა და მიღწევებს შეეხება, თუ როგორ შეძლეს ქალებმა თავიანთ ინდუსტრიებში წარმატების მიღწევა.

"ჩვენ გვსურს, ეს ღონისძიება დღეს იყოს დასაწყისი იმისა, რომ საქართველოში ყველა ქალს მივცეთ შთაგონება. ჩვენი სპიკერები დღეს ძირითადად წარმოადგენენ სფეროებს, სადაც დომინირებენ მამაკაცები, ჩვენ გვყავს სამხედრო პირი, გვყავს ადამიანი ფერმერთა ასოციაციიდან, ჟურნალისტი და ბიზნესკონსულტანტი, ყველა მათგანი წარმატებულია და ჩვენ გვსურს აუდიტორიამ მოუსმინოს მათ ისტორიებს და გახდნენ უფრო შთაგონებულები და მოტივირებულები, რათა გადალახონ დაბრკოლებები და მიაღწიონ იმას, რის მიღწევაც სურთ", − აღნიშნავს Webster University Georgia-ს ვიცე-რექტორი ემინ ჰაჯიევი.

ძირითადი გზავნილები პანელური დისკუსიიდან

ქალების წინაშე არსებული გამოწვევები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ აქტუალური საკითხია. დისკუსიის განმავლობაში თითოეულმა სპიკერმა აღნიშნა, რომ სოციალური სტერეოტიპები და ქალების თვითრწმენა, თითქოს მათ რაღაც არ შეუძლიათ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან, არაერთხელ გამხდარა ხელისშემშლელი ფაქტორი კარიერულ გზაზე.

სტერეოტიპების მსხვრევისა და ნეგატიური თვითრწმენების პოზიტიურისკენ შესაცვლელად, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ საჭიროა ხშირი და ხმამაღალი დიალოგი ამ თემებზე, უფრო მეტი წარმატებული ქალის წარმოჩენა, რომელიც ერთგვარი როლ-მოდელი გახდება სხვა ქალებისთვის და რაც მთავარია, საჭიროა ქალების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება.

"მნიშვნელოვანია გაიაზრო, რომ ბალანსის მიღწევა თითქმის წარმოუდგენელია. გარკვეულ მომენტში მოგიწევს მსხვერპლზე წასვლა, შესაძლოა საკუთარი ოჯახის, კარიერის ან ძილის წინაშე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ გზა, რომელსაც გადიხართ, ყველასთვის ძალიან რთულია და თუ ვინმე გეტყვით, რომ მათი ცხოვრება არის ისეთი ლამაზი, როგორიც ეს Insagram-ფილტრებშია, უბრალოდ ისინი არ არიან გულწრფელები. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ჩვენი ჩათვლით, რომელმაც სადღაც გარკვეული ნაბიჯი გადადგა, იყო ძალიან დიდი ეჭვებით სავსე. ვფიქრობ, ამ ეჭვებთან ურთიერთობა და მათი მოთვინიერება უნდა ვისწავლოთ", − აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ პანელური დისკუსიის პროცესში.

თინათინ რუხაძე

ACT-ის თანადამფუძნებლისა და Vision Leade-ის, თინათინ რუხაძის თქმით, მისთვის კომპანიის ჩამოყალიბების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა საკუთარი ბიზნესის ფლობის ძლიერმა სურვილმა ყველა სახის წინაღობისადმი შეუპოვარი გახადა. როგორც თინათინი აღნიშნავს, კომპანია ჯერ კიდევ 2002 წელს დააფუძნა, მაშინ, როდესაც არც სფეროსადმი და არც ქალების მიმართ ნდობა არ იყო ძლიერი, განსაკუთრებით კი ქალი კონსულტანტების მიმართ. შესაბამისად, მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.

"თუნდაც ის, რომ მამაკაცივით ვიცვამდი. ახლა ვარდისფერი ბაფთები რომ გავიკეთო, ზუსტად ვიცი, მაინც მომისმენენ, მაგრამ მაშინ ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ საჭირო იყო მამაკაცს ვგვანებოდი, რათა ჩემთვის მოსმინათ. მამაკაცივით უნდა ვმართო, ათა გამომივიდეს, მამაკაცივით უნდა მოვიქცე, რათა მაღიარონ როგორც ლიდერი და სხვა. ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისათვის, რათა მივმხვდარიყავი − რა საოცარია, რომ ქალი ხარ და რამდენი სიძლიერე გაქვს. 21 წლის განმავლობაში დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. მიუხედავად იმისა, რომ თავი ძლიერი ქალი მეგონა, აღმოვაჩინე, რომ საკუთარ პერსონას საზღვრებს ვუწესებდი, იმიტომ, რომ ქალი ვარ", − აღნიშნა თინათინმა.

ნინო ზამბახიძე

როგორც "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აღნიშნავს, პირველად, როდესაც ბიზნესინდუსტრიაში შეაბიჯა, ქალები თითქმის არ იყვნენ ამ სფეროში. მანაც არაერთი წარუმატებელი მცდელობა გადალახა იმისათვის, რათა დღევანდელ დღემდე მოსულიყო − ხშირად აკრიტიკებდნენ და სერიოზულადაც არ აღიქვამდნენ მის მცდელობებს. თუმცა ყველა "არა"-ს შეეწინააღმდეგა და მიზანს მიაღწია.

"ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში და ქალმა უნდა მიხედოს ოჯახს. ერთ დღეს დავფიქრდი − ოჯახის მართვაზე რთული ბიზნესი არ არსებობს. როდესაც ოჯახს მართავ, უნდა მართო ლოისტიკა, დროის მენეჯმენტი, კომუნიკაცია, დიპლომატია. ამაზე კომპლექსური არაფერი არსებობს. ვთქვი, რომ თუ ქალს შეუძლია ოჯახის მართვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბიზნესის მართვა შეუძლია", − აღნიშნა ნინომ.

თბილისიდან რეგიონში წასვლის შემდეგ, 3 წლის განმავლობაში მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, ადგილობრივები ვერ აღიქვამდნენ, რომ მას უბრალოდ საქმის კეთება სურდა და ამიტომ იყო იქ. ნელ-ნელა, სწორედ ზრუნვითა და მხარდაჭერის ჟესტებით მან ნდობა და ადგილობრივების მხრიდან აღიარებაც მოიპოვა.

"ნელ-ნელა ნდობა მოვიპოვე და ერთ-ერთ შეხვედრაზე − სოფლის ყრილობაზე, სადაც ბევრი მამაკაცი იყო, მეც დამიძახეს, რადგან ქარხანა მქონდა. საუბრისას უცებ ერთ-ერთი მამაკაცი ამბობს, აბა ერთი ნინოს მოვუსმინოთ რას იტყვისო. თითქოს აღიარება მაშინ დაიწყო", − გაიხსენა ნინომ.

ხატია გოგალაძე

ხატია პირველი ქალია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფის ასეულის მეთაურად დაინიშნა. ამ გზაზე მას არაერთი გამოწვევა შეხვდა, ასმეთაურობამდე განვითარების არაერთი ეტაპი განვლო და ყოველ ჯერზე უწევდა დაემტკიცებინა − ფაქტი, რომ იგი ქალია, არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს. საბოლოოდ საკუთარი საქმის სიყვარულმა და საჭირო ადამიანების მხარდაჭერამ ქართული თავდაცვის ძალების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა შექმნა და არაერთ ქალს გზა გაუხსნა.

"ამ ყველაფრის მისაღწევად დამჭირდა დიდი ემოციური რესურსი, რომელიც მივიღე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც გვერდში მედგნენ, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და არ მაძლევდნენ დანებების საშუალებას. უნდა აღინიშნოს ჩემი ჯარისკაცები, რომლებიც დამიდგნენ გვერდი, ვინაიდან მათი ნდობა მოვიპოვე. მათ დაინახეს, სხვა მიმართულებით როგორი შეიძლება იყოს მეთაური. არაა აუცილებელი იყოს ბულერი, ღრიალებდეს, ვინმეს ჩაგრავდეს ან მუშტის ბრახუნით აგვარებდეს პრობლემებს. თურმე არაჩვეულებრივია, როდესაც მეთაური გიღებს როგორც პიროვნებას და გაგრძნობინებს, რომ მისი თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანი. მათი გვერდი დგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო", − აღნიშნა ხატიამ პანელის განმავლობაში.

თეონა ბაღდავაძე

თეონა Key Communications-ის დამფუძნებელია და კომუნიკაციების სფეროში აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, ყველა სხვა სპიკერისგან განსხვავებული გზა განვლო, რადგან გარემო-ფაქტორებისგან არ ჰქონია ზემოქმედება. თუმცა, როგორც აღნიშნავს, წარმატების გზა ამის გარეშეც საკმაოდ რთულია, ერთი მიზეზი გამო − თავად უქმნი ბარიერს საკუთარ თავს.

"ადამიანი თავად ძალიან ხშირად უკეთებ საბოტაჟს საკუთარ თავს და ფიქრობ რამდენად სწორად აირჩიე ის, რასაც აკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია, სტერეოტიპებთან ბრძოლისას არ გავხდეთ უშუალოდ ამ სტერეოტიპის ნაწილი. არ დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაფერი ვიღაცებნაცნობობამ მოგვიტანა, ან გარკვეული პრივილეგიები გვაქვს, არამედ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენში არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც გვხდის განსაკუთრებულს. პირველი ამოსავალი წერტილია ინდივიდუალიზმი, ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ და ლიდერობის სწორედ ის გზა აირჩიო, რომელიც შენ გინდა. იყავი საკუთარ თავთან მართალი", − აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.