Get All Access for $5/mo

Women in Wine Expo 2022 - ევროპის პირველ გლობალურ ინიციატივას საქართველომ უმასპინძლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონებიდან პროფესიონალი მეღვინე ქალების გასაერთიანებლად საქართველოში პირველი გლობალური ინიციატივა ევროპაში − Women in Wine Expo, ჩატარდა.

ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელი ქალები ღონისძიების ფარგლებში, დარგის განვითარების მიზნით კახეთში, მეღვინეობის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღვინის მწარმოებელ რეგიონში შეიკრიბნენ. პროექტში მონაწილეობდნენ ქალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და სცენა დაეთმოთ ახალგაზრდა ლიდერ ქალებს, რომლებმაც ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ღვინის ინდუსტრიაში ქალთა სამეწარმეო საქმიანობა, ინდუსტრიაში არსებული ტრენდები, მომხმარებელთა გამოცდილება, სტატისტიკური მონაცემები და სხვა. გარდა ამისა, GIZ Georgia-სთან ერთად ინიციატივამ Women in Wine Expo პრაქტიკულ ვორქშოფსა და პანელურ დისკუსიას უმასპინძლა. დისკუსია ადგილობრივი და რეგიონული ბიზნესისთვის ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დეგუსტაციის კომისიამ ქართული ღვინის მასტერკლასს უმასპინძლა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი გაიმართა გამოფენა, რომლის ფარგლებშიც მეღვინე ქალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ღვინის პოპულარიზაცია ფართო საზოგადოების წინაშე განეხორციელებინათ.

"როდესაც ღვინის ბიზნესი წამოვიწყე, როგორც Benelux-ში ღვინის იმპორტიორმა, უამრავ ქალს შევხვდი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის: თურქეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ავსტრია, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სურვილი ამოძრავებდა, რომ ერთმანეთის შესახებ შეეტყოთ არა მხოლოდ ბიზნესის მართვის კუთხით, არამედ თუ რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი მეღვინე ქალი ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც წარმატების მიღწევა უდიდეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული, და როგორაა შესაძლებელი, წავახალისოთ ერთმანეთი უფრო გლობალური მიზნებისთვის? სწორედ აქედან დაიბადა იდეა, ჩამოგვეყალიბებინა ღვინის გამოფენის კონცეფცია − პლატფორმა, სადაც ქალები გაერთიანებას და იდეების გაზიარებას შეძლებენ. პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის შევქმენი − მოგვესმინა მეღვინე ქალების ისტორიები ყველაზე ნაკლებად ცნობილი ღვინის რეგიონებიდან, განსაკუთრებით უძველესი ადგილებიდან, სადაც ღვინის აკვანია", − აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი და Women in Wine Expo-ს დამფუძნებელი, სენაი ოზდემირი.

"საქართველოში მეღვინე ქალთა ექსპოზე დასწრებამ ცხოვრება სრულად შეცვალა. როდესაც სხვადასხვა სფეროდან ამდენი წარმატებული ქალი დავინახე, გამიჩნდა განცდა, რომ "მეც შემიძლია ამის გაკეთება". მას შემდეგ, რაც დავბრუნდი სამხრეთ აფრიკაში, შევქმენი ღვინის ბლოგი, სახელწოდებით Soulsista Wine Diaries, სადაც დავწერ როგორც საქართველოში ჩემი მოგზაურობის, ასევე სამხრეთ აფრიკის ღვინის სახეობებისა და ღვინის ქარხნების შესახებ. ასევე, ამჟამად გავდივარ ღვინის ბიზნესის მოკლე კურსს კეიპტაუნის უნივერსიტეტში, რათა უახლოეს პერიოდში უკეთ შევძლო ჩემი ბიზნესის მართვა", − აღნიშნავს Women in Wine Expo-ს მონაწილე, შეროლ მუკენდი კლაასი (სამხრეთ აფრიკა).

"Women in Wine Expo ჩემთვის ფასდაუდებელი გამოცდილება იყო. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილნი იყვნენ ღვინის პროფესიონალები და მათგან მცირე დროში უამრავი ცოდნა შევიძინე. გარდა ამისა, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და საფუძველი ჩავუყარეთ სამომავლო თანამშრომლობას. მოუთმენლად ველოდები შემდეგ გამოფენას და ვიმედოვნებ, ძალიან მალე გაიმართება", − აცხადებს Women in Wine Expo-ს მონაწილე კარინ როკსტადი (ამერიკის შეერთებული შტატები).

"უპირველესად, მეღვინე ქალთა გამოფენა იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება საერთაშორისო დონეზე ღვინის სექტორთან დაკავშირებული პიროვნებებისა თუ ასოციაციების გასაცნობად. ამასთან, გვქონდა შესაძლებლობა, პროფესიულ დონეზე ჩაგვეტარებინა ჩვენი ღვინის დეგუსტაცია, რამაც მოგვცა საშუალება, ფართო საზოგადოებისთვის წარგვედგინა პროდუქტი. საბოლოოდ, შევიძინეთ ისეთი ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტები, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია", − განმარტავს Women in Wine Expo-ს მონაწილე, ბაია აბულაძე (Baia's Wine, CEO).

"თავად ღონისძიების არსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ქართველ მეღვინე ქალებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა და გამოცდილება არა მხოლოდ ადგილობრივი წარმატებული ადამიანებისგან, არამედ საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი მეღვინეებისგან. გარდა ამისა, პროექტი იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული, რამაც მოგვცა საშუალება, მცირე დროში გაგვეზიარებინა და შეგვეძინა ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები", აცხადებს Women in Wine Expo-ს მონაწილე ნათია ნინიკელაშვილი (პროექტების მენეჯერი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია).

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია