"ყოველი მარცხი ინოვაციის გზაზე ფასდაუდებელი მასწავლებელია", – როგორ შექმნა სერ ჯეიმს დაისონმა მრავალმილიარდიანი კომპანია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
არსებობს კლიშე, თითქოს ზოგიერთ ადამიანს უცაბედად "მილიარდდოლარიანი იდეა" უჩნდება და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. სერ ჯეიმს დაისონის – ლეგენდარული ინჟინრისა და დიზაინერის, Dyson-ის მტვერსასრუტის შემქმნელის შემთხვევაში ეს კლიშე რეალობასთან ახლოს დგას.
ჯეიმს დაისონის სახელი დღეს ინოვაციურ პროდუქტებთან ასოცირდება. როგორც თავად ამბობს, მისი დიდი იდეის სათავე სრულიად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პრობლემა იყო: მტვერსასრუტი, რომელიც ვერ ასრულებდა თავის საქმეს. ამით გაღიზიანებულმა გადაწყვიტა შეექმნა რაღაც, რაც "სრულყოფილად შეისრუტავდა ყველაფერს". დაისონმა ამ მიზანს მიაღწია – და ბევრად მეტსაც. დღეს ჯეიმს დაისონი და მისი ბრენდი Dyson საყოფაცხოვრებო და თავის მოვლის ტექნოლოგიების სფეროში უპირობო ლიდერებად მიიჩნევა – ბრენდად, რომელიც ტექნოლოგიურ ინოვაციასა და ცხოვრების სტილს ერთმანეთთან ორგანულად აერთიანებს.
ჯეიმს დაისონი 1947 წლის 2 მაისს გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. მისი მამა კიბოთი გარდაიცვალა, როდესაც ის ცხრა წლის იყო. 1956-1965 წლებში დაისონმა განათლება გრეშემის სკოლაში – დამოუკიდებელ კერძო პანსიონში მიიღო. სწავლის საფასურს ის სტიპენდიის მეშვეობით იხდიდა.
ჯეიმს დაისონი ჩრდილოეთ ნორფოლკის სოფლის სანაპიროზე, ჭაობებსა და ქვიშის ბორცვებს შორის გაიზარდა. სწორედ აქ აღმოაჩინა მან გრძელ დისტანციებზე სირბილისადმი გატაცება – დისციპლინა, რომელმაც მიზანდასახულობა და გამძლეობა ასწავლა. ბავშვობაზე საუბრისას ის ამბობდა: "ფული მაშინ ჩემთვის უმნიშვნელო იყო – ყველაზე დიდი საჩუქარი ბუნება, სანაპირო, ქვიშის დიუნები და თავისუფლება გახლდათ".
1966-1970 წლებში დაისონი სწავლობდა Royal College of Art-ში. სამეფო ხელოვნების კოლეჯში თავდაპირველად სახვით ხელოვნებას ეუფლებოდა, თუმცა მოგვიანებით, სასწავლებლის ხელმძღვანელის რჩევით, დიზაინისკენ გადაინაცვლა და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულება აირჩია.
მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ბაკმინსტერ ფულერის იდეებმა. "მის ნამუშევრებს ისეთი ინჟინრული სტრუქტურა ჰქონდა, რომელიც საოცრად ლამაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულ მხარეზე არც კი ფიქრობდა. მისი ელეგანტურობა დიზაინიდან კი არა, ინჟინერიიდან მოდიოდა და სწორედ ეს მაოცებდა", – ამბობს დაისონი.
ამგვარი ნამუშევრებით შთაგონებულმა, 1970 წელს მონაწილეობა მიიღო Sea Truck-ის დიზაინის კონკურსში – მაღალი სიჩქარის ნავის შექმნაში, რომელიც სანაპიროზე დაშვებისთვის იყო განკუთვნილი.
ჯეიმს დაისონის პირველი ორიგინალური გამოგონება ბაღის ურიკის მოდიფიცირებული ვერსია იყო. ეს ნამუშევარი BBC-ის სატელევიზიო პროგრამაში, Tomorrow's World-ში იყო წარმოდგენილი. გამოგონება კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ბიზნესის განვითარების პროცესში სერ ჯეიმსი ინვესტორების კონტროლს დაექვემდებარა და პროდუქტი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყიდა. როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ამ გამოცდილებამ ასწავლა, რომ მომდევნო გამოგონებებზე მსგავსი შეცდომა აღარ დაეშვა.
1970-იანი წლების ბოლოს დაისონს გაუჩნდა იდეა, შეექმნა ციკლონური მეთოდით მომუშავე მტვერსასრუტი. მოწყობილობა არ საჭიროებდა მტვრის ჩანთას: ჰაერი მაღალი სიჩქარით ბრუნავდა, ქმნიდა ციკლონს და მტვერს ცენტრიდან გარეთ ფანტავდა.
ოთხწლიანი შრომისა და 5 000-ზე მეტი პროტოტიპის შემდეგ, დაისონმა შექმნა მტვერსასრუტი, რომელიც მის სტანდარტებს აკმაყოფილებდა – ეს იყო G-Force მოდელი. Dyson-მა პროდუქტი პირველად იაპონიაში გაყიდა, სადაც დიზაინის პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა. 1980 წელს ჯეიმს დაისონმა ციკლონური ვაკუუმის პატენტები დაარეგისტრირა, ხოლო 1993 წელს კომპანია დააარსა. Dyson-ის ბრენდის პირველი მტვერსასრუტი ბრიტანეთის ბაზარზე პირველად 1993 წელს გამოჩნდა და მალევე ქვეყნის ყველაზე გაყიდვად მოდელად იქცა.
2016 წელს Dyson-მა თმის საშრობებისა და ე.წ. სტაილერების წარმოება დაიწყო, რითაც თავის მოვლის ტექნიკის სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა.
სერ ჯეიმს დაისონის ქონება 2025 წლის მონაცემებით დაახლოებით 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი ბრენდი დღეს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და სასურველ სახელად მიიჩნევა როგორც მედიისთვის, ისე ცნობილი ადამიანებისა და ინტერნეტკრეატორებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თავის მოვლის ტექნიკის სფეროში Dyson წამყვანი ბრენდია.
სერ ჯეიმს დაისონი ბრიტანეთის ინოვაციების წამყვანი ფიგურაა და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში. James Dyson Foundation-ისა და Dyson Institute-ის მეშვეობით, ჯეიმს დაისონი აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო და ინჟინერიულ განათლებას. მისი მიზანია, შთააგონოს და ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ნოვატორებს.
ჯეიმს დაისონი საკუთარ წარმატებაზე საუბრისას ხშირად იხსენებს პროცესს, რომელიც ფინანსურად წარმატებული მოდელის შექმნამდე გაიარა. მისი თქმით, მარცხი საინტერესოა, რადგან ის პროგრესის ნაწილია. "წარმატებისგან არ სწავლობ, მაგრამ სწავლობ მარცხისგან", – ამბობს ის. მარცხის შიშის ნაცვლად პროცესისგან იღებს სიამოვნებას. "პროტოტიპების შექმნა შეიძლება შრომატევადად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში სახალისოა – ამ დროს რაღაცის ძიებაში ხარ", – აღნიშნავს ის და ხაზს უსვამს, რომ ყოველი მარცხი ინოვაციის გზაზე ფასდაუდებელი მასწავლებელია.
სერ ჯეიმს დაისონის თქმით: "შთაგონება მოდის იმ ემოციიდან, როცა რაღაც გაღიზიანებს, როცა რამე სწორად არ მუშაობს ან რაღაც ფუჭდება". ეს უკმაყოფილება მასში აღვიძებს სურვილს, ინოვაციური გზებით გადაჭრას გამოწვევა. დაისონისთვის ეს არის პროგრესი – ადამიანმა თავისი ნიჭითა და ცნობისმოყვარეობით შეძლოს, ყველაფერს ფუნქცია მიანიჭოს, არსებული ტექნოლოგიები გააუმჯობესოს და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. სწორედ ასეთი სწრაფვა, დამუხტული ცნობისმოყვარეობით, აიძულებდა დაისონს უკეთესი გადაწყვეტილებების მოძიებას – მაგალითად ისეთის, როგორიც არის მსოფლიოში ცნობილი ციკლონური ვაკუუმი.
ჯეიმს დაისონი მომავალ ანტრეპრენერებსაც ურჩევს, უკმაყოფილება შემოქმედებით ენერგიად გადააქციონ და პრობლემების გადაჭრაში გამოიყენონ.
სერ ჯეიმს დაისონი დღემდე ტექნოლოგიების განვითარებას უძღვნის თავს – თანამშრომლობს ინჟინრების და მეცნიერების გუნდებთან მთელი მსოფლიოდან. Dyson-ის ზრდისა და გაფართოების პარალელურად, მას კვლავ ღრმად სწამს, რომ ინჟინერიისა და მეცნიერების მთავარი მისია მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაა.