Get All Access for $5/mo

''ჟუჟუნა'' იაპონიის ბაზარზე გავიდა "ძალიან გახარებულები ვართ, ეს ჩვენთვის რიგით მეორე ექსპორტია"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სულ ახლახან, ნახევრად ცქრიალა ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ "ჟუჟუნა", ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ იაპონურ იმპორტიორ კომპანიასთან და პირველი საექსპორტო პარტია ტოკიოს მიმართულებით უკვე რამდენიმე დღეში გაიგზავნება.

ამ აღსანიშნავი სიახლის შესახებ, Entrepreneur კომპანიის თანადამფუძნებელ ვასკა ჩუბინიძეს გაესაუბრა.

"ბუნებრივია, ძალიან გახარებულები ვართ. ეს ჩვენთვის რიგით მეორე ექსპორტია. პირველი სატესტო შეკვეთა მიმდინარე წლის აგვისტოში შანხაიში გავგზავნეთ. იაპონური მხარის შემთხვევაშიც, მცირე სატესტო შეკვეთაზე იყო საუბარი, თუმცა ახლა გაცილებით დიდ მოცულობასთან − 12 000 ბოთლთან გვაქვს საქმე. სასიხარულოა, რომ იაპონურ იმპორტიორ კომპანიასთან ექსკლუზიური ხელშეკრულება დავდეთ, რაც იმ თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რომ იაპონური მხარე იღებს ვალდებულებას კონკრეტული მინიმალური შეკვეთის მოცულობაზე წლის განმავლობაში და "ჟუჟუნას" მათთან საიმედო პარტნიორობის იმედი აქვს. შეიძლება ითქვას, ეს შეკვეთა დღე-დღეზე გაიგზავნება ტოკიოში", − აცხადებს ვასკა ჩუბინიძე

"ამ იმპორტიორ კომპანიაზე პროგრამის "აწარმოე საქართველოში" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელ თეიმურაზ ლეჟავას შუამდგომლობით გავედით, რისთვისაც მადლობელი ვართ. ექსკლუზიური ხელშეკრულების მიხედვით, იაპონური მხარე იღებს ვალდებულებას ყოველწლიურად მზარდი მოცულობის შეკვეთების განხორციელებაზე, რაც ჩვენი ზომის კომპანიისათვის საკმაოდ დიდი რიცხვებია".

ვასკამ ასევე აღნიშნა, რომ გუნდი უკვე მუშაობს დამატებითი ინვესტიციების მოძიებაზე, რათა გაზარდონ საწარმოო მოცულობა და წარმადობა. ამით ისინი შეძლებენ გაუმკლავდნენ როგორც ადგილობრივ მოთხოვნას, ისე დააკმაყოფილონ საექსპორტო ბაზრებით.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად "ჟუჟუნას" თანადამფუძნებლები იმყოფებიან გერმანიაში ერთ-ერთ ფესტივალზე, სადაც ევროპული ბაზრის დაინტერესებასა და საექსპორტო პოტენციალის გაფართოებას ეცდებიან.

"ჟუჟუნა" მომხმარებელმა პირველად 2018 წელს გაიცნო. თავდაპირველად, ამ ნახევრად ცქრიალა ღვინის რეალიზაცია ჩამოსასხმელი სახით ხდებოდა, თუმცა პანდემიურმა გამოწვევებმა და კვების ობიექტების დროებითმა დახურვამ, კომპანიას საცალო წარმოებისაკენ უბიძგა და დღეს "ჟუჟუნას" უკვე ბოთლებშიც შევხვდებით.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia