Get All Access for $5/mo

5 უდიდესი შეცდომა, რომლებსაც კომპანიები Instagram-ზე უშვებენ კომპანიათა უმრავლესობისთვის Instagramმნიშვნელოვანი პლატფორმაა. თქვენთვისაც ასე იქნება, თუ ამ გავრცელებულ შეცდომებს არ დაუშვებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

Instagram-ის მომხმარებელთა რიცხვმა მილიარდიან ნიშნულს უკვე გადააჭარბა და, ბუნებრივია, ბიზნესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი მარკეტინგული პლატფორმა გახდა. ზოგიერთი ბიზნესმენი ამ საშუალებას მართლაც შესანიშნავად იყენებს და Instagram-ის საშუალებით დიდი გაყიდვებიც აქვს, სხვები კი თავს იმტვრევენ, ვერ გაუგიათ, რატომ ვერ აღწევენ წარმატებას.

დღეისათვის მრავალი სხვადასხვა სოციალური მედია და მარკეტინგული არხი არსებობს. ბუნებრივია, კომპანიის მფლობელებს უზომოდ უჭირთ განსაზღვრა, რომელ მათგანზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომ გაყიდვებსაც შეუწყონ ხელი და შთამბეჭდავი მოგებაც მიიღონ. იხილეთ გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ბიზნესმენები Instagram-ზე უშვებენ.

თქვენი ბიზნესი Instagram-ისთვის შესაფერისია?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ყველა ბიზნესი Instagram-ს ნამდვილად არ შეეფერება. იგი ორინეტირებულია ცხოვრების სტილსა და ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ლამაზ ფოტოსურათებზე აისახოს. Instagram შესანიშნავი პლატფორმაა მათთვის, ვისაც აინტერესებს მოდა, სილამაზე, შესაბამისი პროდუქცია და მოგზაურობა. თუ თქვენი კომპანია სხვა ტიპისაა (მაგ.: B2B – "ბიზნესი ბიზნესისთვის"; ან SaaS - პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც მომსახურება ), შესაძლოა Instagram სულაც არ იყოს ის ადგილი, სადაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვას მოახერხებთ. როცა იგი თქვენი აუდიტორიის არხი არ არის, არ შეგეშინდეთ იმის გაცნობიერების, რომ Instagram თქვენს ბიზნესს არ შეესაბამება. მართალია, ამ გარემოს შესწავლა ბრენდინგის ან კლიენტების მოსაზიდად არანაირად არ გაზარალებთ, მაგრამ გული არ გაგიტეხოთ იმან, რომ ვერც შედეგებს დაინახავთ.

თუ თქვენი ბიზნესი ნამდვილად შეეფერება Instagram-ს და შედეგებს ვერ ხედავთ, ალბათ ის გავრცელებული შეცდომები მოგდით, რომლებსაც კომპანიები Instagram-ზე უშვებენ.

1. თქვენი Instagram feed-ით გაყიდვა შეუძლებელია

კომპანიებს, რომლებიც საკუთარი პროდუქციის Instagram-ით გაყიდვას ცდილობდნენ, ყველაზე მეტად ერთმა ფაქტმა გაუცრუა იმედები. კერძოდ, ეს არხი თავის მომხმარებელს არ აძლევს საშუალებას, გამოქვეყნებულ ფოტოსურათთან ერთად პროდუქტების ლინკებიც მიუთითოს. მიუხედავად ამისა, ბოლო ხანებში ახალი საშუალება გამოჩნდა – პროდუქტების თეგები – რამაც გაცილებით გაამარტივა საცალო მოვაჭრეთათვის პროდუქციის გაყიდვა, ხოლო მომხმარებლისთვის – ყიდვა. კანადური კომპანია Shopify.com პირველი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელმაც საცალო მოვაჭრეებს Instagram-ის ფოტოდან საკუთარ ვებგვერდზე, უშუალოდ პროდუქტებზე გადასვლის საშუალება მისცა.

2. მეტისმეტად ბევრი ცვლილება

შესაძლოა თქვენს პოსტებს მეტისმეტად ბევრი თეგი და ჰეშთეგი აქვს. თუ წარმოგიდგენიათ, რამდენად რთული იქნება თქვენი კლიენტებისთვის მათი ნახვა? ონლაინ გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ ნებისმიერ ნაბიჯზე (დაწკაპუნება იქნება ეს, თუ კლიენტის მიერ ფორმის შევსება) შესაძლებელი იყოს პოტენციურ კლიენტთა მოქმედების დაფიქსირება. Amazon-ს აქვს ერთი დაწკაპუნებით გადახდის სისტემა, რამაც მის წარმატებაში დიდი როლი შეასრულა.

ნუ დაივიწყებთ, რომ Instagram-ით უმთავრესად მობილურ ტელეფონების მფლობელები სარგებლობენ. შესაბამისად, ფაქტია, რომ თქვენს კლიენტებს პატარა ეკრანები აქვთ და მოთმინება არ ჰყოფნით. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს მომხმარებლის თვალით უნდა შეხედოთ. კერძოდ, გაითვალისწინოთ, რამდენად მარტივი და მოსახერხებელი იქნება მათთვის პროდუქტების დათვალიერება და მათი შეძენა თქვენი Instagram-ის გვერდიდან.

3. თქვენ არარეალური გამომწერები იყიდეთ

შესაძლოა, თავგზა აგიბნიოთ იმაზე დაფიქრებამაც კი, რომ ბიზნესს 50 მიმდევრით იწყებთ და გაგიჭირდებათ მათი რიცხვის გაზრდა 1.000-მდე ან საკვანძო 10.000-მდე, ანდა რამდენიმედღიანი შრომის შემდეგ მხოლოდ მცირე რაოდენობის ახალი მომხმარებლის მოზიდვა მოახერხოთ. ბევრი კომპანია სწორედ ამის გამო ებმება მახეში და მიმდევრებს ყიდულობს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელიც შეიძლება მოგივიდეთ.

პირველ რიგში, Instagram-ის ნებისმიერი მუდმივი მომხმარებელი აღმოაჩენს კომპანიას, რომელსაც არარეალური მიმდევრები ჰყავს. გამოთვლა იოლია, მაგალითად: 10.000 მიმდევარი, მაგრამ მხოლოდ 10 მოწონება ფოტოს. ასეთი ანგარიში მთელი ხმით ყვირის, რომ მიმდევრები ნაყიდია! ამას თქვენს ბრენდზე ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია. გარდა ამისა, რეალურ ადამიანებს კი არა, მხოლოდ მოწონებებს ყიდულობთ რობოტებისგან, რომლებიც სინამდვილეში თქვენგან ვერასოდეს ვერაფერს იყიდიან. ეს კი არც ბიზნესისთვის ივარგებს და არც ურთიერთობებისთვის.

თქვენი აუდიტორიის გაზრდა 100-დან 1000 მომხმარებლამდე ბევრ მუშაობასა და მოთმინებას მოითხოვს. აქტიური და ადეკვატური მიმდევრების მოზიდვა დიდი დროისა და შრომის შემდეგ მოდის. რეგულარულად უნდა განათავსოთ ამომწურავი ინფორმაცია კომპანიაზე, საკუთარ აუდიტორიასთან ურთიერთობა კომენტარებით დაამყაროთ და პოტენციური კლიენტების გვერდებსაც ეწვიოთ. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ თუ შეამჩნევთ, რომ საქმე დაიძრა და თქვენი მიმდევრების რიცხვი ნელ-ნელა იზრდება.

4. როცა აქტივობა მხოლოდ გაყიდვებს უკავშირდება

Instagram ის პლატფორმაა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრებაში ჩახედვა, სახალისო მოგონებებზე გაცინება ან შთაგონება შეუძლიათ. ეს სავაჭროზე მეტად სოციალური პლატფორმაა. კომპანიებმა გაყიდვებზე მეტისმეტი კონცენტრირებით შესაძლოა მომხმარებლის გაღიზიანება გამოიწვიონ. არ მიუძღვნათ თქვენი გვერდი მთლიანად პროდუქტების გაყიდვებს. საკუთარ ბრენდთან დაკავშირებულ მოვლენებს ფოტოები და შეტყობინებებიც დაურთეთ, მიმდევრებს თქვენი პერსონალის სასაცილო და სახალისო ფოტოებიც უჩვენეთ, წარმოსახვაც გამოიყენეთ და გახსოვდეთ, რომ ყველა პოსტში არ ღირს გაყიდვებზე კომენტარის გაკეთება.

კომპანია Apple, ცხადია, ტელეფონებსა და კომპიუტერებს ყიდის, მაგრამ მისი Instagram-ის გვერდი მთლიანად იმას ეძღვნება, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ამ ბრენდის ტელეფონებს. ზუსტად ასე ხდება ცნობილი ადამიანებისა და პოპ ვარსკვლავების შემთხვევაშიც. საბოლოოდ, მათ სიმღერებისა და კონცერტის ბილეთების გაყიდვა სურთ, მაგრამ ამ ადამიანთა Instagram გვერდები თითქმის ყოველთვის სავსეა მათი საინტერესო ცხოვრებისა და თავგადასავლების ამსახველი წუთებით, ახალი ტურის დაწყების თარიღს ან ახალ სიმღერას კი პერიოდულად ახსენებენ აუდიტორიას.

5. საკმარისად არ იყენებთ Instagram Stories-ის ფუნქციას

ბევრი კომპანია არ იყენებს Instagram stories, მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების მოსაზიდად და ახალი მიმდევრების გასაჩენად ეს მართლაც შესანიშნავი საშუალებაა. ვიდეოკლიპის გადაღება სულაც არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ, ისტორიის მოსაყოლად კადრები გამოიყენოთ და ტექსტური გვერდები შექმნათ, ხოლო თეგებით მას არხი მოარგოთ. კიდევ ერთხელ გირჩევთ, ამ პლატფორმას მხოლოდ პროდუქციის გასაყიდად ნუ გამოიყენებთ – გაერთეთ, ხალხი მოიზიდეთ და ღიმილი მოჰგვარეთ მიმდევრებს. ეს ფუნქცია ბრენდის ინდივიდუალობის ხაზგასასმელად გამოიყენეთ, მიმდევრებისადმი სიყვარული გამოხატეთ და ისეთი გარემო შექმენით, რომ ადამიანები ბევრჯერ დაუბრუნდნენ სანახავად თქვენს ისტორიას. Louis Vuitton-მა რა არ გააკეთა თავისი ფისუნიებიანი ჩანთების მარკეტინგული კამპანიის წარმატებისათვის. საამისოდ Instagram stories-ში უამრავი ხალისიანი ვიდეო, ინტერვიუ და კიდევ სხვა საშუალებებიც ჩართო.

ნუ დაუშვებთ ამ ხუთ შეცდომას და თქვენი ბრენდი მთელი სამყაროს Instagram მიმდევრებისგან უკეთეს სარგებელს მიიღებს. წარუმატებლობისას მხრების აჩეჩვის ნაცვლად, შეეცადეთ, დაადგინოთ, რას აკეთებთ არასწორად. თუ ამ საშუალებამაც არ გაამართლა, მაშინ დროულად მიმართეთ სააგენტოს ამ მძიმე სამუშაოს შესასრულებლად.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან