Google-ში საკუთარ თავზე ინფორმაციის ძიება მხოლოდ გართობა კი არა, აუცილებლობაა არასწორი ინფორმაცია შეიძლება ნებისმიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს
By იოავ ვილნერი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ინტერნეტში თქვენ შესახებ არასასურველი ინფორმაცია ძალიან დიდ რისკებს უკავშირდება და შეიძლება, სულ მცირე, საოცნებო სამსახურის ფასად დაგიჯდეთ, უარეს შემთხვევაში კი ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი პირადი უსაფრთხოება. როგორ უნდა დაადგინოთ, არსებობს თუ არა ინტერნეტში ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ?
ამისათვის Google-ში საკუთარი სახელი და გვარი შეიყვანეთ და ძიება დაიწყეთ.
უკანასკნელად როდის სცადეთ ინფორმაციის მონახვა ამგვარი გზით? Google-ს მარტივი საძიებო სისტემა აქვს და პიროვნების საანკეტო მონაცემთა სიზუსტის შემოწმება ნამდვილად არ შეუძლია. სცადეთ და გაოცდებით, რას არ წააწყდებით პირველივე გვერდებზე.
საკუთარ თავზე ინფორმაციის ძიებას Google-ში ბევრი მიმართავს - არა მხოლოდ ცნობისმოყვარების დასაკმაყოფილებლად, არამედ საკუთარი თავის დასაცავად და ინფორმაციის გასაკონტროლებლადაც.
თუ ადრე ინტერნეტში საკუთარ თავზე ინფორმაციას მილენიელთა ნახევარზე მეტი ეძებდა, ახლა ამას ყოველდღიურად ათიდან ორი Z თაობის წარმომადგენელი აკეთებს.
იხილეთ Google-ში საკუთარ თავზე ინფორმაციის მაძიებელთა სია თაობების მიხედვით:
- 48% – Z თაობა;
- 57% – მილენიელი;
- 45% – X თაობა;
- 37% – "ბეიბი ბუმერები" (1946-1964).
უმეტესობა Google-ში საკუთარ თავზე ცნობების ძებნისას მოგვარეებს აწყდება, ზუსტ ინფორმაციას 5-დან მხოლოდ 1 თუ პოულობს. ერთი რამ არასოდეს დაგავიწყდეთ, ყველას შეუძლია Google-ზე იმის მოძიება, რასაც თქვენი სახელისა და გვარის შეყვანით ახერხებთ, მათ შორის, პოტენციურ დამსაქმებელსაც და ბოროტმოქმედსაც.
Google-ში ძიების შედეგებს ერთი უცნაური ინციდენტი უკავშირდება, რომელიც კინაღამ ფატალურად დასრულდა. 2004 წელს ერთ ავსტრალიელ მამაკაცს უცნობი პირები დაესხნენ თავს და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აღმოჩნდა, რომ მასზე ინტერნეტში სრულიად შეუსაბამო და ცრუ ინფორმაცია არსებობდა, თითქოს ამ სახელისა და გვარის ადამიანს ადგილობრივ განგსტერებთან ჰქონდა კავშირი. ინფორმაცია დადასტურებული იყო მისი გამოსახულებითაც. გაირკვა, რომ ეს ცნობები მამაკაცზე ბლანკში თვითონ Google-მა შეიყვანა ავტომატური რეჟიმით, გავრცელებული დეზინფორმაცია კი მას კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ფაქტია, ინტერნეტში თქვენ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეიძლება სრულიად წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვეს, იმ შემთხვევაშიც, თუ მასთან არანაირი კავშირი არ გაქვთ.
გაოცდებით, მაგრამ:
- Google-ში ადამიანთა 20% საკუთარ თავზე მოძველებულ ან არაზუსტ ინფორმაციას ნახულობს;
- 12% სრულიად "უსიამოვნოდ გაკვირვებული" რჩება ძიების შედეგებით, თუმცა შესაძლოა, ინფორმაცია ზუსტი იყოს;
- სამწუხაროდ, 8% საკუთარ თავზე უხერხულ ან რეპუტაციის შემლახველ ცნობებს პოულობს.
ამერიკელთა 50% მიიჩნევს, რომ ინფორმაციის უსაფრთხოება 5 წლის წინათ გაცილებით უკეთ იყო დაცული და ამაში, საკუთარი თავის გარდა, ვერავის დავადანაშაულებთ. მთავარი ბრალეული კი გახლავთ სოციალურ მედიაზე ჩვენი ემოციური დამოკიდებულება და საკუთარ თავზე საუბრის აკვიატებული სურვილი.
სრულწლოვნები რეგულარულად, საშუალოდ, სამი სახის განსხვავებულ ინტერნეტწყაროს იყენებენ – სოციალური მედიით დაწყებული, ფინანსური და სამედიცინო ინფორმაციით დამთავრებული. შედარებით უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს, როდესაც ინტერნეტპლატფორმებზე სხვადასხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას გამოიყენებთ და ანგარიშს რამდენიმესაფეხურიანი პაროლით დაიცავთ. მაგრამ უსაფრთხოება ამ შემთხვევაშიც არ არის გარანტირებული.
- სრულწლოვან ინტერნეტმომხმარებელთა 35%-ის პირადი ინფორმაცია რისკქვეშ დგას;
- 29%-ს ელექტრონული ფოსტა ან სოციალური მედიის ანგარიში უცნობმა პირმა გაუტეხა.
კიბერდამნაშავეები მეტისმეტად გონიერები არიან – კანონსაც უვლიან გვერდს და თქვენი უსაფრთხოების დაცვის ზომებსაც. მათ კარგად იციან, სად მოიძიონ და შეაგროვონ საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დეტალები. ადამიანთა უმრავლესობა Facebook-ის პროფილის ყველა ინფორმაციას ავსებს. ეს, Google-ის სრულიად მარტივი ძიებით, ადვილი აღმოსაჩენია, რაც, თავის მხრივ, ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას ართულებს.
კიბერდამნაშავეები, სოციალური ინჟინერიის მეშვეობით შეგროვილი ინფორმაციის გამოყენებით, პერსონალურად თქვენთვის ადგენენ თაღლითურ სქემას. ელექტრონული ფოსტის გამოყენებით თაღლითობა კი ყველაზე პოპულარული და გაიძვერული აფერაა. თაღლითები ადრესატის სხვადასხვა ქმედებაზე დათანხმებას ცდილობენ, დაჟინებით ითხოვენ დახმარებას რაღაც "პრობლემის" გადაჭრაში. ხშირად იმდენად ემოციურია და ზეწოლითი მათი მიმართვა, რომ უმრავლესობას სხვა გზა არ რჩება, დათანხმების გარდა. ასევე ძალიან სახიფათოა უცნობი ელექტრონული ფოსტიდან მოსული შეტყობინებები და გარკვეულ დომენებზე შესვლის თხოვნა.
Google-ის ძიებიდან თქვენი ინფორმაციის წაშლა საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ ფაქტია, ეს აუცილებელია. ყველაფერი, რასაც ინტერნეტში აკეთებთ, შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ავსტრალიელი განგსტერების შემთხვევა ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა.
იცით, Google თქვენი სახელისა და გვარის უკან რა ინფორმაციას ინახავს?
მიიღეთ ჩვენი რჩევა: დაინტერესდით!