Get All Access for $5/mo

ქართველი რობოტის ამერიკული ოდისეა მე-12 კლასელთა დიდი გამოწვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ეს სამი ახალგაზრდა, ბატონი ილია და რობოტი "ვანო" მექსიკაში მიემგზავრებიან. ლიკა, სოფო და ნიკა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელები არიან. ბატონი ილია ფიზიკის მასწავლებელია, "ვანო" კი თავდაპირველად მათ ცხოვრებაში ხის დიდი ყუთით გამოჩნდა. რამდენიმეკვირიანი ექსპერიმენტირების შემდეგ კი ასეთი სასიამოვნო გარეგნობის ელექტროარსებად გადაიქცა. First Global – ასე ჰქვია საერთაშორისო კონკურსს, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით შექმნილ ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მთელი მსოფლიოდან ერთვებიან – მიუხედავად სქესისა, რასისა, ეროვნებისა და რელიგიისა. საქართველო მეორე წელია, ამ დიდი კომუნის ნაწილია.

ილია მესტვირიშვილი ლიკა მიხელაშვილის, ნიკა გეგეჭკორისა და სოფო კევლიშვილის მენტორია. უკვე მეორე წელია, ახალგაზრდები First Global-ზე მიჰყავს, ეხმარება შეჯიბრების მთავარი ატრიბუტის, რობოტის აწყობაში, აძლევს პრაქტიკულ რჩევებს. სიამაყეს ვერ მალავს – მისმა მოსწავლეებმა გასულ წელს საერთაშორისო კონკურსზე 170 მონაწილიდან მე-14 ადგილი დაიკავეს. წლევანდელ ღონისძიებაზე არანაკლებ ამბიციური გეგმები აქვთ.

"მეორე წელია ეს კონკურსი ტარდება. დიდი ხანია ამერიკაში რობოტიკის შეჯიბრება – First არსებობს. ბავშვები დავალებას იღებენ და მასზე სფეროს სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ, აწყობენ რობოტს. შემდეგ კი შეჯიბრება იწყება. გუნდები ქმნიან ჰიმნს, ფორმას, სახელს, ჰყავთ უამრავი თაყვანისმცემელი. შეჯიბრების ტრანსლაცია ტელევიზიით მიმდინარეობს, მის გახსნას შეერთებული შტატების პრეზიდენტიც ესწრება. კონკურსის მიზანი პროფესიონალი კადრების გასაზრდელად საფუძვლის შემზადებაა. პროექტი სოლიდურად ფინანსდება და დიდი ყურადღებაც ექცევა", – ამბობს ილია მესტვირიშვილი.

First-ის გუნდმა 2017 წელს ახალი კონკურსი – First Global დააარსა. წესები მარტივია. წელს მექსიკაში 175 ეროვნების ბავშვები ჩავლენ. ისინი ალიანსებად დაიყოფიან და გუნდურად შეეცდებიან საკონკურსო დავალება რაც შეიძლება მეტი ქულით დაასრულონ. პირველი ტურის შემდეგ ალიანსის წევრები საკუთარი საერთო ქულით მომდევნო ალიანსში გადანაწილდებიან. შემდეგ მეორე ტურის ქულებს დაიმატებენ და მესამე ალიანსში გადავლენ. ასე გაგრძელდება 6 ტურის განმავლობაში.

"მექსიკაში გამგზავრებამდე სტრატეგიაზე ფიქრი დავიწყეთ. ბევრი ვიმსჯელეთ და რობოტი "ვანოს" საბოლოო დიზაინიც ჩამოვაყალიბეთ. მაქსიმალურად შევეცადეთ, ჩვენი რობოტი მოქნილი გამოსულიყო. თუმცა, ალიანსში ვთამაშობთ და შეიძლება სხვა სტრატეგიითაც მოგვიწიოს თამაში, ამიტომ "ვანომ" ყველაფერი უნდა შეძლოს", – ამბობს სოფო.

ალიანსიდან ალიანსში მოგზაურობა 6 ტურის განმავლობაში გაგრძელდება. საბოლოო ჯამში კი გამარჯვებული ყველაზე მეტი ქულის მფლობელი გუნდი გახდება.

ბავშვებს მოეთხოვებათ სკოლებში ისეთი რობოტები ააწყონ, რომელთა ხელოვნური ინტელექტიც სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებული პროგრამით იმართება. რობოტებმა მარტივი ქმედებების შესრულება უნდა შეძლონ. მოაგროვონ ყუთები, გადაანაწილონ სხვადასხვა სივრცეში, აიტანონ სპეციალურ შემაღლებულ წერტილამდე და ასე შემდეგ.

Energy Impact – ასე ჰქვია შეჯიბრებას, რომლის მთავარი და ზოგადი თემა ენერგოეფექტურობაა. სწორედ ამიტომ, სიმულაციაში მზის, ქარისა და წყლის ენერგიის გამოყენებაზეა გამახვილებული აქცენტი.

"ენერგიის სხვადასხვა წყარო გაქვს. სხვადასხვა ტიპის ენერგიის გამომუშავებით, ქულებს აგროვებ. მაგალითად, უნდა დაქოქო ქარის წისქვილი, გამოიმუშავო მზისა და წყლის ენერგია. თითოეული შესრულებული ქმედება ქულას განიჭებს", – გვიხსნის სოფო.

გუნდები საკუთარი ხელით აწყობილი რობოტით ცდილობენ მინი მზის პანელები მათთვის გამოყოფილ სივრცეში განათავსონ, აამუშაონ ქარის ელექტროსადგური კუბების სლოტში განთავსებით და ასე შემდეგ.

ყოველი გუნდი თავად ირჩევს სტრატეგიას და მიმართულებას, რომელზეც აქცენტირება სურს – მზის ენერგიაზე, ქარის ელექტროსადგურზე, თუ ყველაფერზე ერთად. თუმცა, სტრატეგია ალიანსის სხვა გუნდებთან ერთად ადგილზე ხშირად იცვლება.

First Global-ის დამფუძნებლის, დინ კამენისთვის ამოსავალი წერტილი სწორედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდების რობოტიკითა თუ პროგრამირებით დაინტერესებაა. საბოლოო ჯამში კი, კონკურსი STEM-ის (მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროს ერთიანობა) პოპულარიზაციას ემსახურება.

სკოლაში, შეთავაზების მიღების შემდეგ, კონკურსის მონაწილეთა შერჩევის პროცესი იწყება.

წლევანდელ ღონისძიებაში 3-იდან 5 ადამიანამდე გუნდებს იღებენ. საქართველო სამი მონაწილითაა წარმოდგენილი. მოზარდები მექსიკაში მენტორთან ერთად მიემგზავრებიან.

კონკურსის მონაწილეების ცხოვრება მას მერე იცვლება, რაც მათი სკოლა, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ამერიკის საელჩოებისგან და წარმომადგენლობებისგან შეთავაზებას იღებს. "ინფორმაცია ბევრ ადამიანს დავუგზავნე. შემდეგ მოსწავლეებს ავუხსენი, რა სიხშირით მოგვიწევდა შეხვედრა. ვუთხარი, რომ ფინანსების მოძიებაში თავადაც უნდა ჩართულიყვნენ, მივეცი დავალებები. იქიდან გამომდინარე, ვინ როგორ შეასრულა დავალება, რამდენიმე მოსწავლე შევარჩიე. რობოტის აწყობაზე 16-მა ბავშვმა იმუშავა. მექსიკაში 3 მათგანი მიემგზავრება. ისწავლეს, როგორ ააწყონ მექანიზმი. ერთმანეთი თავად ბავშვებმაც შეაფასეს და საბოლოოდ სწორედ ამ სამ მოსწავლეზე შევჯერდით", – გვიყვება ილია მესტვირიშვილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც კონკურსზე გასვლის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, ფინანსების მოძიებაა. მიუხედავად იმისა, რომ First Global-ს მონაწილეთათვის სტიპენდიებიც აქვს, ღონისძიების აუცილებელი მოთხოვნა დაფინანსების საკუთარი რესურსებით მოპოვებაა. გუნდებმა ლოკალურად, თავიანთი ძალებით უნდა შეძლონ ღონისძიებაზე დასასწრები ბიუჯეტის შეგროვება.

"თანხების მოძიება, თავდაპირველად, სკოლაშივე ვცადეთ. ყველას იმეილებით დავუკავშირდით. გამოვიკითხეთ, ვინმეს თუ ჰქონდა სურვილი, შემოწირულობით დაგვხმარებოდა. მომდევნო ეტაპზე უკვე მეგობარ კომპანიების დავუკავშირდით და იგივე თხოვნით მივმართეთ. უპირველესად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალს" შევეხმიანეთ და მათგან დახმარებაზე დასტური მაშინვე მივიღეთ. მათი დახმარებით შევძელით რობოტის გამოწერა და პირველი ნაბიჯების გადადგმა. კომპლექტი მაისში ჩამოგვივიდა და აწყობას შევუდექით", – იხსენებს სოფო.

კონკურსში არაერთი მოსწავლე ჩაერთო. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა შიდა შეჯიბრების შემდეგ კი მექსიკაში გასაგზავნი 3 მოსწავლე შეირჩა. "ყველაფერი მას მერე ვისწავლეთ, რაც რობოტი ჩამოგვივიდა", – ამბობს ნიკა გოგოჭური, – "ელ. წერილებს ვიღებთ და ვნახულობთ, როგორ აწყობენ საკუთარ რობოტს სხვადასხვა ქვეყანაში. შეიძლება მათი გამოცდილებაც გავითვალისწინოთ".

კონკურსანტებს მეგობრები ხშირად ეხმარებიან, თუმცა ძირითად სამუშაოს ბავშვები თავად ასრულებენ. ნელ-ნელა გუნდმა პოზიციებიც გადაინაწილა. მაგალითად, ნიკამ რობოტის პროგრამირება შეისწავლა და სპეციალურ პლატფორმაზე რობოტის ტვინს ახალი ქმედებების შესრულებას ასწავლის. ლიკა და სოფო კი, უმეტესწილად, მისი აწყობითა და დახვეწით არიან დაკავებული. "თავიდან პატარა რობოტის აწყობით დავიწყეთ, რომელიც დადიოდა. დავწერეთ ძრავის მოძრაობის პროგრამა. საიტზე მისი აწყობის ინსტრუქციები მოვიძიეთ, ვისწავლეთ, როგორ შეგვეერთებინა ჭანჭიკები. არის გარკვეული ფუნქციები, რომელსაც რობოტი უნდა ასრულებდეს. გავუკეთეთ ხელი, ბორბლების სისტემა. მოკლედ, ისე განვავითარეთ, როგორც საჭირო იყო", – ამბობს ლიკა.

სოფო, ლიკა და ნიკა მეთორმეტე კლასში გადავიდნენ. კარიერული გეგმები სამივეს დალაგებული აქვს. მაგალითად, ნიკა ასტროფიზიკოსობას აპირებს, ლიკას მიზანი კი ბიოსამედიცინო ინჟინერიის დაუფლებაა. სოფო საკუთარ თავს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტად, ან ეკონომისტად ხედავს – "მე ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიმართულება უფრო ჰუმანიტარული საკითხებია, ეს თემაც ძალიან მომწონს. რობოტის აწყობა ჩემთვის იყო პრობლემასთან შეხვედრა და მის გადალახვაზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, ვინმეს საერთაშორისო ურთიერთობები აინტერესებს თუ პროგრამირება, ასეთი უნარი ყველას გამოადგება". ნიკას კი პროექტმა წინდახედულება ასწავლა – "რამდენჯერაც რობოტს რაიმე ახალ ფუნქციას ვამატებთ, იმდენჯერ ვფიქრობთ, რამდენად შეგვიშლის ხელს და რამდენად დაგვეხმარება".

ინტერესები განსხვავებული აქვთ, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ რობოტის აწყობა და მართვა არ გამოსდით. პირიქით.

არდადეგების მიუხედავად, გუნდი მთელ დღეს სკოლაში, ფიზიკის კაბინეტში, ილია მასწავლებელთან ერთად ატარებს. ზოგჯერ მეგობრებიც უერთდებიან და რობოტის დახვეწაში იღებენ მონაწილეობას.

რობოტი "ვანოც", სხვათა შორის, უკვე განვითარდა – კარგად გამოსდის მოძრაობა, მარტივად აადგილებს კუბებს, გრძელი ხელები აქვს და ჭკვიანი ავტორები ჰყავს. "უნარების განვითარების მხრივაც საინტერესოა გამოსცადო შენი თავი სხვადასხვა სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ STEM-ით დაინტერესებულ გოგონათა რიცხვი ჯერაც ნაკლებია. დღემდე არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომ გოგონებს ჰუმანიტარული საგნები უკეთ გამოსდით. იმედია, სამომავლოდ რაღაც გარდატეხას ჩვენც შევიტანთ, საერთაშორისო კონკურსზე წავალთ და წარმატებასაც მივაღწევთ", –
გვეუბნება სოფო.

P.S.: რობოტს სახელი სკოლის თანამშრომლის, "ვანოს" პატივსაცემად შეურჩიეს. სასწავლებელში წესრიგის მთავარი დამცველის პროტოტიპი 16 აგვისტოს მექსიკაში ჩავა და ქართველ მონაწილეებს საერთაშორისო შეჯიბრების წარმატებით დასრულებაში დაეხმარება.

"კრისტალის" მისია, ფილოსოფია და 20-წლიანი ისტორია უტყუარი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება კომპანიამ მიაღწიოს ფინანსურ წარმატებას და ამის კვალდაკვალ, მისი კორპორაციული ფასეულობების ერთგული დარჩეს.

First Global-ის რობოტების მსოფლიო კონკურსში ქართველი მოსწავლეების მხარდაჭერაც შემთხვევითი არაა. წლევანდელი თემა – ენერგოეფექტურობა, სრულად ესადაგება კრისტალის "მწვანე" ფილოსოფიას და კორპორაციულ კულტურას. ამასთანავე, აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენი ეპოქისთვის მნიშვნელოვანი STEM-ის (ინგლისური აბრევიატურა მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის და მათემატიკის ერთობლიობის გამოსახატავად) მიმართულების და განსაკუთრებით STEM-ში გოგონების მხარდაჭერა (იუნესკოს 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 30%-ია მსოფლიოში ქალი მკვლევრების რაოდენობა).

გარდა ამისა, კონკურსის დაწყებამდე, მექსიკაში მოგზაურობისას და კონკურსის დროსაც, ახალგაზრდებს ბევრი საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპის გავლა უწევთ, სადაც ენერგოეფექტურობის თემაზე ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, ზოგადად, ცხოვრებაში საჭირო ბევრ სასარგებლო უნარ-ჩვევასაც შეიძენენ. და ვინ იცის, იქნებ როგორც HP-ის ცნობილი პირველი ავტოფარეხის გახსნა მიიჩნევა Silicon Valley–ის ეპოქის საწყისად, ასევე First Global-ის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაც გადაიქცეს მათი შთაგონების წყაროდ და ამ მიმართულებით მათ მიერ მომავალში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების ინსპირაციად?

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი