ოცწლამდელ ანტრეპრენერთა ახალი თაობა - გიორგი ტერაშვილი ბავშვებთან ყველაფერი რიგზეა!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გიორგი ტერაშვილმა 13 წლის ასაკში დაიწყო სტარტაპსაქმიანობა და დღეისათვის უკვე 3 სტარტაპის ავტორია. პირველად, ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინის ბიზნესი წამოიწყო და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა და მოლებში ყიდდა. შემდეგ იყო ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ეკოსაპონი "ქაფი", რომლის საქმიანობამ 2 წელი გასტანა. გიორგი მის დისტრიბუციას როგორც სავაჭრო ცენტრებში, ასევე ცალკეულ მაღაზიებში ახორციელებდა. მისი ამჟამინდელი და ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული საქმიანობა კი TeraArt გახლავთ.
თავდაპირველად, მომხმარებელს ნაჭრის ჩანთებს სთავაზობდა, რომელსაც საკუთარ სახლში თავად კერავდა, შემდეგ კი ხელით ხატავდა სპეციალური ღამით მანათობელი საღებავებით. ამჟამად გიორგი ტერაშვილს საქართველოში პირველი კომპანია აქვს, რომელიც ღამით მანათობელ ტანსაცმელს ყიდის. პროდუქციის ასორტიმენტს მუდმივად აფართოებს. ახლა უკვე საკუთარ კოლექციებში მოხატული ჯინსის ქურთუკები, შარვლები, მოხატული კედები და სხვადასხვა ტანისამოსი აქვს. და ეს ყველაფერი ღამით მანათობელია, თანაც − რეცხვაგამძლე.
ეს საქმე განსაკუთრებით უყვარს, რადგან მისთვის უსაყვარლეს სფეროს – დიზაინსა და ხელოვნებას ეხება. TeraArt-ის თითოეული ტანისამოსი სპეციალურ სახელოსნო-შოურუმში იკერება და თავად გიორგის, ან სხვა მხატვრების მიერ ხელით იხატება. კოლექციის რეალიზებას Tbilisi Street Market-სა და მსგავსი ტიპის გამოფენა-გაყიდვებზე ახდენს. მიაჩნია, რომ ეს მისთვის საკმაოდ მომგებიანი ტერიტორიაა, ვინაიდან მისი სამიზნე სეგმენტი, რომელსაც სტუდენტები წარმოადგენენ, ასეთ მარკეტებს ხშირად სტუმრობენ და TeraArt-ის პროდუქციას ეცნობიან. უახლოეს მომავალში კომპანიის სტენდების განთავსებას "გალერია თბილისსა" და "სითი მოლში" გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს გაუმჯობესებული ხარისხისა და გაფართოებული არჩევანის მანათობელ ტანსაცმელს შესთავაზებს.
TeraArt-ის და გიორგი ტერაშვილის სამომავლო გეგმები კი წარმოების რაოდენობის გაზრდასა და უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლასთანაა დაკავშირებული.