Get All Access for $5/mo

თინეიჯერი ანტრეპრენერის შეუზღუდავი შესაძლებლობები როცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევ, დაბრკოლებების არ გეშინია და გჯერა საკუთარი თავის, რომელიც ყველა მიზანთან მიგიყვანს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

"მზიურში" ჩამავალი კიბეების ხელმარჯვნივ ფერადი ჯიხური დგას. აქ მოსწავლეები, სასეირნოდ გამოსული პატარები, მშობლებთან თუ ძიძებთან ერთად, თავს ხშირად იყრიან. მეპატრონეს ყველა კარგად იცნობს. გიგიმაც იცის, ვის როგორი ყავა უყვარს, რამდენი კოვზი შაქრით, ვის რომელი წვენი ურჩევნია, როგორ ჭიქაში. "გიგის წვენები" აპრილში გაიხსნა. მეპატრონე ყოველ დილით ხილით დატვირთული მიემართება თავისი ჯერჯერობით მცირე სამფლობელოსკენ. კვირაში 7 დღეს დილიდან დაღამებამდე ან აქ ატარებს, ან საქმეებზე დარბის. ხან ყავას ადუღებს, ხან წვენს წურავს. არ იღლება. უბრალოდ, ზოგჯერ მჯდომიარეს ეძინება. ეგ არის და ეგ. გამყიდველიცაა, მომმარაგებელიც, დამფუძნებელიც, დირექტორიც და მარკეტერიც. გიგი ანთაძე 15 წლისაა.

ვერ გეტყვით, როდის გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მოზარდის დედაც ვერ იხსენებს, რა ასაკში დაიწყო "გამყიდველობანას" თამაში. მას მერე, თანატოლების დაბადების დღეზე მშობლები დიდი ხვეწნა-მუდარით თუ წაიყვანდნენ. გიგის გამყიდველობანას თამაში ერჩივნა. ანდა, სულაც იქვე, სამეზობლოში მსხდომ გარე მოვაჭრეებთან საუბარი, საქმიანობაზე დაკვირვება, შესწავლა.

გიგი ანთაძემ ბავშვური თამაში ბიზნესად 12 წლის ასაკში აქცია

სოფელ დიდგორში დასასვენებლად წასულმა, ოჯახს განუცხადა, რომ საკუთარი მაღაზიის გახსნა სურდა. მათაც სხვა გზა არ დარჩათ – ბავშვს დიდგორში პატარა მაცივარი აუტანეს. თავიდან ცივ სასმელებს, ჩიფსსა და ტკბილეულს ყიდდა. რამდენიმე დღეში ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ სოფელში ერთადერთი ლოკალური მაღაზიის მეპატრონე თავად იყო. ამის შემდეგ ყოველდღე ჩადიოდა დიდუბეში და პირველადი საჭიროების პროდუქციას ყიდულობდა, შემდეგ კი ყიდდა. ზეთი, შაქარი, მარილი, მაკარონი – მთელი ზაფხულის განმავლობაში ულევად ჰქონდა მომარაგებული. სულ მალე მარკეტინგული კამპანიაც წამოიწყო – ყიდულობდი მოცემულ დროს ნაკლებად პოპულარულ ნივთს, შედეგად კი საჩუქარს იღებდი.

გიგი ანთაძემ მოგების პირველი გემო დიდგორში იგემა. რაღა გააჩერებდა?.. თბილისში დაბრუნებულმა მოზარდმა სკოლაში სიარული გააგრძელა. დედას, თათო გვარიშვილს, ათასგვარ იდეას სთავაზობდა: სანტობა უნდოდა – საახალწლოდ ქუჩაში გამვლელი ბავშვები ჩემთან ფოტოს გადაიღებენ და ფულსაც გადამიხდიანო. მშობლებისგან მკაცრ უარს იღებდა. "გამყიდველობანას თამაში არდადეგების საქმეაო", – პასუხობდნენ შინ.

ერთ დღესაც სახლისკენ მიმავალ თათოს საკუთარი შვილი რუსთაველზე, სახლის წინ, უამრავი ბუშტის გარემოცვაში ჩამომჯდარი შეეჩეხა. "მეგობარმა გამყიდველმა დროებით ჩამაბარა, თვითონ სადღაც გავიდა", – ტყუილმა არ იმუშავა. თათოც მიხვდა, რომ გიგისთან "ბრძოლას" აზრი არ ჰქონდა.

ბუშტების შესაძენად, სადგურის მოედნისკენ წავიდნენ. აღმოჩნდა, რომ გიგი იქაურობის ხშირი სტუმარი იყო. დედისგან მალულად, დაუკითხავად მიდიოდა. ბიზნესს ყველაფერი ეპატიებაო, – ამართლებს თავის გადაწყვეტილებას. ბაზრობაზე უამრავი ნაცნობ-მეგობარი გაიჩინა. პროდუქციას ხანდახან "ნისიაზეც" კი აძლევდნენ.

12-13 წლის ბავშვი მხოლოდ ბუშტებს არ დასჯერდა და საახალწლო ქუდების, სათვალეების გაყიდვა დაიწყო. "ლილოში მიმავალი, მეტროში ჯდებოდა, ავლაბრამდე მიდიოდა, შემდეგ კი სამარშრუტო ტაქსით – ბაზრობამდე. "ზედმეტ 2 თეთრსაც კი არასოდეს ხარჯავს", – ამბობს თათო გვარიშვილი.

მოგვიანებით, დედის მეგობრებს დიდგორიდან მაღაზიისთვის ნაყიდი მაცივარი ჩამოატანინა და ასე დაიწყო რუსთაველის გამზირზე ნატურალური წვენების გაყიდვა. წვენსაწური საკუთარი, დაგროვილი ფულით შეიძინა.

მალევე რეგულაციებმა მოუსწრო. ქუჩაში ვაჭრობა აიკრძალა. საშველად დედას დაურეკა. თათომაც Facebook-ის საშუალებით მეგობრებს შვილის პრობლემა გაუზიარა. იმედი არ ჰქონდა, რომ ერთი პოსტით რამე შეიცვლებოდა, თუმცა რამდენიმე საათში მერიიდან დაუკავშირდნენ.

ასე გახდა გიგი ანთაძე პოპულარული. ახალგაზრდა ბიზნესმენს თბილისის მერმა კახი კალაძემ "მზიურის" შესასვლელში ჯიხური გადასცა. გიგიმ ვაჭრობის უფლება დაიბრუნა. ახლა თავზე ჭერიც აქვს და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის გაყიდვის საშუალებაც.

"რუსთაველზე ადგილის გარეშე ვრჩებოდი. წვენსაწურის მიტანიდან მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა ავმდგარიყავი. არანაირი გეგმა არ მქონდა, უმუშევარი ვრჩებოდი და ალბათ გავგიჟდებოდი", – ამბობს გიგი და მორიგი სტუმრისთვის თურქულ ყავას ამზადებს. ჟურნალისტებისთვის დიდად არ სცალია.

ცოტა ხნის წინ "გიგის წვენები" გაქურდეს, თანაც – ორჯერ... პირველად გამყიდველს იქვე, დასათვლელად გამზადებული თანხა აწაპნეს, ერთ მშვენიერ დილას კი, ჯიხურის გასაღებად მისულ თანამშრომელს წვენსაწური მოპარული დახვდა.

ყველაფერ ცუდს ხომ თავისი დადებითი მხარეც აქვს?.. თუკი ადამიანების ნდობა და იმედი კარგა ხნის წინ დაკარგეთ, იცოდეთ, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ გიგი ანთაძეს ბევრი გულშემატკივარი ამბის გავრცელებისთანავე გამოუჩნდა – კომპანიათა ნაწილმა თინეიჯერ ანტრეპრენერს აპარატის თანხა გადასცა, ნაწილმა – ბიზნესის დაზღვევა, ნაწილი კი მომდევნო ლოკაციაზე ახალი ჯიხურის აშენებას დაპირდა.

გიგი ანთაძე 15 წლისაა. ოჯახის უფროსი შვილია. სამი უმცროსი და-ძმა ჰყავს. დედას ხშირად საყვედურობს, თუკი დასახმარებლად მისულ თათოს ბავშვებთან ერთად დაინახავს. "მეუბნება: ეს ჩემი სამსახურია, ბავშვების ადგილი აქ არ არის!" – სიცილით გვიყვება თათო.

მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ, გიგი ანთაძე პროფესიულ სასწავლებელში მეწარმეობის განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას. მერე რა, რომ მისი მხედველობა მხოლოდ 7%-ია – ეს ცარიელი ფაქტია, რომელსაც გიგის მიზნებთან კავშირი არ აქვს.

ბოლო დროს მომრავლებულ ჟურნალისტებს მოკლედ და კონკრეტულად პასუხობს. შეკითხვაზე, რა აძლევს სტიმულს, ამდენი იშრომოს, გვპასუხობს: "საკუთარი თავი. ოცნებები არ მაქვს. მაქვს მიზნები და გეგმები".

უახლოეს გეგმაში ფილიალების დამატებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში – ნატურალური წვენების საკუთარი წარმოების შექმნა.

თითოეულ თეთრს უფრთხილდება. ფინანსებს ბანკებს არ ანდობს და ძიძას აბარებს. საკუთარი შრომით გამომუშავებული თითოეული თეთრის ფასი კარგად იცის. უახლოეს მომავალში აპირებს, მანქანა შეიძინოს. მომარაგებაზე სიარულს გაიმარტივებს.

ნატურალური წვენების ხაზზე ბევრს არაფერს ამბობს. გიგის დედის გამოცდილებასაც თუ გავითვალისწინებთ, ანთაძე ადამიანთა იმ კატეგორიაში არ გადის, რომლებიც საქმის კეთებამდე ბევრს საუბრობენ.

"მზიურში" საღამოს გავისეირნეთ. ინტერვიუს ჩაწერას დიდხანს მოვუნდით – გიგის ბართან კლიენტები არ ილევიან. "რომელი საათია? 7 საათისთვის ნავაჭრი 100 ლარი ნორმალური თანხაა. სულ არაფერს ხომ სჯობს?" – ამბობს გიგი.

გიგი ანთაძე 2002 წელს დაიბადა. 9 თვის იყო, როდესაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. უცხოენოვანი ლიტერატურით, იმდროინდელი Dial-Up ინტერნეტით, ექიმებში გაკითხვით, გაერკვნენ, როგორ გაეზარდათ შვილი, რომელიც დიაგნოზის მიუხედავად, სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებდა. გიგი 11 წლამდე დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებოდა.

ერთხელაც ქუჩაში დამოუკიდებლად გასეირნება მოისურვა. ასე გადავიდა ეგრეთ წოდებულ "ვოქერზე". მთელ რუსთაველს ქსელავდა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელში, ქუჩის მუსიკოსები უკრავდნენ. მათი მოსმენა მოისურვა, ვარჯიშს შეუდგა და 1 თვეში ხელჯოხით გადაადგილება და კიბეზე დამოუკიდებლად ჩასვლა შეძლო.

"ძალიან მეშინოდა, მაგრამ მისთვისვე აჯობებდა, გარეთ გასულიყო. მერჩივნა, მე მენერვიულა, ვიდრე გიგი სახლში გამომეკეტა", – ამბობს თათო გვარიშვილი. გადაწყვეტილება ერთხელაც არ უნანია.

გიგი მრავალჯერ დაეცა, თუმცა წუთითაც არ უფიქრია, რომ დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ შეძლებდა.

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ, დაბრკოლებებს არ უშინდება. მიზნები და გეგმები ბლომად აქვს, თუმცა ბევრს არ საუბრობს.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში