"ტოროლები" გაიცანით ახალგაზრდა ანტრეპრენერები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მოზაია ბრიჯესი, 17
კომპანია Mo's Bows-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
მოზაია ბრიჯესი ყოველთვის აფასებდა კარგ სტილს. 9 წლის ასაკში, შარვალ-კოსტიუმსა და ბაფთაში გამოწყობილი, მემფისის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობდა. მას მოსწონდა ყველაფერი განსხვავებული − განსაკუთრებით ბაფთები, მაგრამ ვერაფრით პოულობდა მათ სასურველი დიზაინითა და გაფორმებით. მან ბებიას სთხოვა, მისთვის კერვა ესწავლებინა და ასე დაიბადა Mo's Bows. "თავიდან ბაფთებს არ ვყიდდი. მათ ჩიფსებში და მსგავს რამეში ვცვლიდი", − ამბობს ბრიჯესი. მაგრამ შეკვეთები არ წყდებოდა და მოზაიამაც სასუსნავების ნაცვლად, ფულის აღება დაიწყო. 2011 წლიდან დღემდე მისმა შემოსავალმა 700 000 აშშ დოლარს მიაღწია, ABC-ის რეალითი შოუ Shark Tank-შიც მიიწვიეს და NBA-სთან ერთწლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, რაც ყველა გუნდისთვის სახასიათო ბაფთების შექმნას ისახავდა მიზნად.
ბრიჯესს უნდა, რომ კომპანიის ზრდასთან ერთად, საკუთარი უნარებიც განავითაროს. სურვილი აქვს, გამოცდები ნიუ იორკის "პარსონის დიზაინის სკოლაში" ჩააბაროს და 20 წლის ასაკში ტანსაცმლის დიზაინის სრული ხაზი შექმნას. "მინდა, გამოვავლინო ყველა უნარი, რომელიც გამოვიმუშავე", − ამბობს მოზაია, მაგრამ უპირველესად", − აცხადებს ის, − "ჯიპი მინდა ვიყიდო".
ები კირჩერი, 18
Abby's Better-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
როდესაც ებიმ წარადგინა სტარტაპის პროდუქცია − ჯანსაღი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თხილის კარაქი − ნატურალური პროდუქციის მისთვის პირველ ბაზრობაზე, ბალტიმორში, ხალხს გემო ძალიან მოეწონა. აი, თავად კირჩერმა ასეთივე დამაჯერებელი ეფექტი ვერ მოახდინა. "მაშინ თხუთმეტის წლის ვიყავი. პროდუქტზე საუბარს რომ ვიწყებდი, ხალხი მაინც დედას და მამას უცქერდა, ფიქრობდნენ, რომ ეს მათი პროდუქცია იყო", − აცხადებს ები, − "მიწევდა თქმა: ები მე ვარ!" დაბნეულობა გვერდით რომ გადავდოთ, ხალხის მომენტალური რეაქცია იმედისმომცემი იყო. ჰობის სახით დაწყებული ჯანსაღი საკვების მომზადება Abby's Better-ად გადაიქცა − ბრენდად, რომელიც მიეწოდება მარჯვენა სანაპიროსა და ცენტრალური დასავლეთის სავაჭრო ქსელებს, როგორიცაა Wegmans და Lowes Foods, შემოსავალი კი, 2018 წლის მონაცემებით, მილიონს აშშ დოლარს აჭარბებს. 12 თანამშრომლით (მათ შორის მშობლები და ძმები) შემდგარი გუნდის მართვამ ახალგაზრდა ანტრეპრენერს საწყისი სალიდერო გამოცდილება მისცა. "მივეჩვიე თავმდაბლობას, ეს ფაქტია", − აცხადებს კირჩერი, − "მხოლოდ საკუთარი თავისა და პირადი გამოცდილების იმედზე ვერ იქნები. უნდა ითხოვო დახმარება, რჩევა და მხარდაჭერა". ძლიერი მხარდაჭერის სისტემის პირობებშიც კი, კირჩერმა იცის, რომ ახალგაზრდა აღმასრულებელ დირექტორად ყოფნამ საკუთარი თინეიჯერობის დიდი და ძვირფასი დრო დაათმობინა. "მომიხდა გარკვეული მსხვერპლის გაღება მეგობრებთან გართობაზე ან წვეულებებზე უარის თქმის სახით, რადგან ვქმნი პროდუქტს ან მარკეტინგზე ვმუშაობ", − აცხადებს ები, − "და ახლა კოლეჯში გამოცდების ჩაბარების გადადებაც მიწევს, რაც დიდი დათმობაა. მაგრამ არაფერს ვნანობ. ბიზნესის მართვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ამად ღირს, რადგან ამგვარად იცი, რომ იღწვი საკუთარი და არა სხვისი მიზნისთვის".