Get All Access for $5/mo

ციცი შენგელია - მეწარმე, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს გაიცანით დურგალი ქალი სამეგრელოდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციციმ 2017 წელს გადაწყვიტა ჰობი საქმედ ექცია. ასე შეიქმნა სახელოსნო ციცისგან • by Tsitsi, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, სადაც დურგალ ქალს საკუთარი ემოციები და განწყობა ხის ნაკეთობებში გადააქვს, აქ გრძნობს თავისუფლებასა და ბედნიერებას, რომელიც თითოეულ დეტალზე მუშაობისას იბადება. ციცის "სამფლობელოში" უამრავ საინტერესო ნივთს იპოვით, რომელთა ნახვა და შესყიდვა უკვე შესაძლებელია ციცის საკუთარ ვებგვერდზე: www.tsitsi.ge

ამჟამად ორი მიმართულებით მუშაობს: აქსესუარები და სამზარეულოს ხაზი. ახალგაზრდა დურგალი ყველაფერს თავად აკეთებს − დაწყებული ხის დამუშავებით, დასრულებული მომხმარებელთან კომუნიკაციით.

"ხეს ჩემით ვამუშავებ, მიყვარს ეს პროცესი. ასევე, თითქმის ყველა დეტალს ხელით ვქმნი, თითოეულ ნივთში ემოციასა და დადებით ენერგიას ვდებ, რომელიც გადაეცემა კონკრეტულ ადამიანს. ხეზე მუშაობის პროცესი − ეს არის ორმხრივი ენერგიის გაცვლა, როცა სხეულის დონეზე გრძნობ იმ სითბოსა და არომატს, რომელსაც ხე გამოყოფს. მაგალითად, წიწვოვან ხეებს სულ სხვა არომატი და ფაქტურა აქვს, ფოთლოვანებს კი განხვავებული. მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს კონკრეტული ნივთში ჩადებულ ენერგიას, რომელსაც უკუკავშირით მიზიარებს. მგონია, რომ სწორედ ამიტომ მოსწონს მომხარებელს ჩემი ხელნაკეთი ნივთები − იგი ჩვენ გვაერთიანებს".

ციცი შენგელია ნივთებს ძირითადად ქალებისთვის ქმნის, მესიჯიც ნათელია − ყველა ქალი დაარწმუნოს, რომ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის, აზრის გამოთქმისა და საკუთარი ადგილის პოვნის დროა. გარდა იმისა, რომ აქტიურად მუშაობს, ციცი ცდილობს მუდმივი კომუნიკაცია დაამყაროს მომხმარებელთან, რაც ეხმარება უკეთ შეისწავლოს სამიზნე აუდიტორია, მიხვდეს ბაზრის საჭიროებებს და სწორად განვითარდეს.

გზა ჰობიდან მეწარმეობამდე

ციცის სურდა ჩართულიყო პროექტში, რომელიც მისცემდა ბიზნესის მართვისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ასე მოხვდა იგი პროექტში "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის", რომელიც შექმნილია საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობისთვის. იგი მიზნად ისახავს დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისათვის განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ადვოკატირების გაზრდის გზით ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და მეწარმეობის საკითხებზე სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

"პროექტში ჩართვამდე ვამზადებდი აქსესუარებს: ხისა და თექის ჩანთებს, ხის ბროშებს, რომელიც ხელით იხატება და სხვა ნივთებს, თუმცა მქონდა უამრავი გამოწვევა და მჭირდებოდა საჭირო უნარ-ჩვევები მათთან გასამკლავებლად. სწორედ ამიტომ შევავსე აპლიკაცია და ჩემდა საბედნიეროდ მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც არ დაიშურეს ენერგია, გავმხდარიყავი საჭირო ცოდნით აღჭურვილი მეწარმე".

როგორც ციცი ამბობს, პროექტი დაეხმარა მიეღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბიზნესის სამართავად. თანამშრომლობის პროცესში აღმოაჩინეს ის პრობლემები, რომელთა წინაშე იდგა ბიზნესი, მაგ: პროდუქციის ხაზის დალაგება ის საკითხი იყო, რომელიც მყისიერ რეაგირებას ითხოვდა. ამ მხრივ ციცის ახლა შეფერხება არ აქვს. როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, გუნდი დღემდე მხარს უჭერს, ზრუნავს და ამხნევებს: "ჩემთან ერთად განიცდიან და იზიარებენ წარმატებებს. ეს მიძლიერებს მოტივაციას, რომ უფრო სერიოზული მიზნები დავისახო და ბევრად დიდი გამარჯვებებისკენ წავიდე".

ახალგაზრდა მეწარმეს უჭირს გამოყოს პროექტიდან რომელიღაც მომენტი, თუმცა როგორც აღნიშნავს, მენტორინგის ნაწილი ძალიან საინტერესო იყო, როცა პერსონალურად მის ინტერესებზე ორიენტირებული ადამიანი ეხმარებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა არსებული რესურსის გამოყენებას: "როდესაც დაფინანსება მოვიპოვე, მქონდა იდეა და პროექტი, თუმცა არ მქონდა სამეწარმეო გამოცდილება და უნარ-ჩვევები. არ ვიცოდი რომელი ჩარხებით მემუშავა, რა მჭირდებოდა იმისათვის, რომ ჩემი ბიზნესი ამეწყო, რა იყო ჩემი ნიშა და ადგილი ბაზარზე. სწორედ აქ დამეხმარა სამეწარმეო სკოლა. დღეს მაქვს კონკრეტული მიმართულება, მიზანი და გარემო იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვავითარო საკუთარი ბიზნესი. ზოგადად, ყველას მინდა ვურჩიო, რომ არ შეიკავონ თავი ისეთი აქტივობებისგან, რომელსაც მოაქვს განვითარება. სწავლა არის საუკეთესო ინვესტიცია, რაც შეიძლება განახორციელოს ადამიანმა. თამამად გადადგით ეს ნაბიჯი, ისწავლეთ აუცილებლად ბევრი, არასდროს გაჩერდეთ, იყავით მოქმედი და მიაღწევთ დასახულ მიზანს",

როგორც ციცი ამბობს, რასაც ვერასდროს დათმობს, არის მუშაობის ხარისხი, რადგან მიაჩნია, რომ მომხმარებლის პატივისცემაა, როცა მისთვის შექმნილი ნივთი არის სუფთა ნამუშევარი, გამძლე და პრაქტიკული: "ძალიან მომწონს მაგია, რომელიც სახელოსნოში ტრიალებს, როცა თითოეული ნივთის მიწოდებაზე ინდივიდუალურად ვფიქრობ. შეკვეთიდან დასრულებამდე არის მოლოდინის პერიოდი − შემოქმედებითი დრო. არ მავიწყდება მომხმარებლის რეაქცია და დამოკიდებულება, რადგან ადამიანები, რომლებიც ჩემს ნივთებს ყიდულობენ, მავსებენ ენერგიითა და ახალი იდეებით, მეხმარებიან პროდუქტის დახვეწასა და სრულყოფაში, მე კი ვცდილობ მათ მუდმივად სიახლეები შევთავაზო".

სტატია შექმნილია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

პროექტი "ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში" ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

LIMONATI BY BORJOMI - ნამდვილი ქართული ლიმონათი, მხოლოდ ბორჯომისგან

"ბორჯომი" სასმელების ახალ კატეგორიაში შედის