Get All Access for $5/mo

უფასო ფოტოების 14 საუკეთესო ვებგვერდი ის, რაც უნდა იცოდეთ, თუ უფასო ფოტოების მოძიებას გადაწყვეტთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

თუ ოდესმე ინტერნეტში უფასო ფოტოები გიძებნიათ, გეცოდინებათ, ეს რამხელა ძალისხმევას და, ხშირად, წვალებასაც მოითხოვს.

როგორც წესი, ძიება უზომოდ რთულია, რადგან ბაზრის დიდი ნაწილი ისეთი კომპანიების საკუთრებაა, როგორიცაა Shutterstock და 123RF. ისინი ერთ ფოტოსურათში 20$-ს ან მეტს ითხოვენ. თუ როგორღაც უფასო ფოტოს მოძებნასაც მოახერხებთ, ის აუცილებლად დაბალი ხარისხის და ბუნდოვანი იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, სრულიად უინტერესო ფოტომასალას თუ წააწყდებით.

საბედნიეროდ, არსებობს მაღალხარისხიანი უფასო ფოტოების მოპოვების რამდენიმე საშუალება, თანაც, დიდი წვალებისა და მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე.

ქვემოთ იხილავთ მსოფლიოს უფასო ფოტოების ვებგვერდთა სიას, რომელიც დიზაინერებსაც გამოადგებათ, ბიზნესმენებსაც და ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც.

Unsplash

ეს საიტი კოლექციას ყოველ 10 დღეში 10 ახალ უფასო ფოტოს ამატებს - როგორც წესი, სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს პეიზაჟებს. ბოლომდე ჩაჰყევით გვერდს და ნისლიან მდინარეებსა და შორეულ მთაგრეხილებსაც იხილავთ.

აქვს თუ არა ძიების ფუნქცია? არა, სამწუხაროდ!

ატრიბუცია საჭიროა (განმარტება იხილეთ ქვემოთ)? დიახ.

Superfamous

SuperFamous-ის კურატორები ჰოლანდიელი მხატვარი ფოლკერტ გორტერი და მისი გრაფიკული დიზაინერი კოლეგები არიან. კოლექციაში შეტანილია მაღალხარისხიანი ფოტოები, იდეალური როგორც ვებგვერდის დიზაინის, ისე თქვენი კომპიუტერის ეკრანისათვის.

ძიების ფუნქცია არ აქვს.

ატრიბუცია საჭიროა.

Picjumbo

ადვილი ნავიგაციისა და მაღალხარისხიანი ფოტოსურათების გამო (ამასთან, არც ატრიბუციას საჭიროებს), Picjumbo ბევრს მოსწონს. სხვა თემების გარდა, საიტზე კულინარიის სფეროს დიდებულ კოლექციასაც იხილავთ. ძიება ნამდვილად ღირს, თუ რესტორანი ან კვების სფეროს სტარტაპი გაქვთ.

ძიების ფუნქცია აქვს და ატრიბუციაც თითქმის არცერთი გამოსახულებისთვის არ არის საჭირო.

Pixabay

Pixabay ვებდიზაინერის ნამდვილი ოცნებაა. საიტს აქვს მარტივი ძიების ფუნქცია და, რაც მთავარია, ბრწყინვალე გამოსახულება. ამასთანავე, ფოტოსურათების უმეტესობა ატრიბუციას საერთოდ არ მოითხოვს.

ძიების ფუნქცია, სამწუხაროდ, არ აქვს.

IM Free

IM Creator-ს ვებგვერდების შესაქმნელად ონლაინ ინსტრუმენტი და უმაღლესი ხარისხის უფასო ფოტოების პატარა ბიბლიოთეკაც აქვს. ატრიბუციას საჭიროებს, მაგრამ ნამდვილად ღირს, რადგან ეს ფოტოსურათები ხარისხით არათუ ჩამოუვარდება ფასიანი საიტების ფოტოებს, არამედ სჯობს კიდეც.

ძიების ფუნქცია, დიახაც, აქვს.

Gratisography

Gratisography'-ს კოლექცია უბრალოდ გასაოცარია - მისი აღწერა ერთი სიტყვით მხოლოდ ასე თუ შეიძლება. საიტი ნიჭიერი მხატვრისა და ვებდიზაინერის რაიან მაკგუაირის მიერ არის შექმნილი და ინტერნეტის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსახულებათა მთელი კოლექციაა. ამასთან, ატრიბუციასაც არ საჭიროებს.

ძიების ფუნქცია არ აქვს.

MorgueFile

ამ ჩამონათვალში ყველაზე მარტივი გვერდია MorgueFile. იგი მოწესრიგებული ფორმატითა და ფოტოების კარგად ორგანიზებული სიით გამოირჩევა. მართალია, სხვა ვებგვერდებისგან განსხვავებით, ფოტოების ჩამონათვალი არც ისე დიდია, მაგრამ ისინი ფართო სპექტრისაა. აქ ყველაფერს მონახავთ, ველური ბუნების გამოსახულებით დაწყებული და ანტიკვარული ნივთებით დამთავრებული.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციას არ საჭიროებს.

FreeImages

ამ საიტს ერთ-ერთი ყველაზე ამომწურავი კატალოგი აქვს, რის გამოც ახალ ვებპროექტებზე მუშაობისას შეუცვლელია. ფოტოსაიტების უმეტესობა, ჩვეულებრივ, პეიზაჟების დიდ კოლექციას წარმოგვიდგენს, FreeImages კი სხვადასხვა კატეგორიის ათასეულობით ფოტოს გვთავაზობს. ყველაზე მთავარი ძიების ფუნქციაა, რაც ბევრად გვიზოგავს დროს პროექტზე მუშაობისას.

ატრიბუცია ზოგჯერ საჭიროა.

Little Visuals

ეს საიტი უნიკალურია და, უფასო ფოტოების სხვა საიტებთან შედარებით, გაცილებით მცირე მასშტაბი აქვს. გახდით მისი ხელმომწერი და კვირაში ერთხელ Zip ფაილით 7 უმაღლესი ხარისხის ფოტოს მიიღებთ.

ძიების ფუნქცია აქვს თუ არა? სამწუხაროდ, არა.

ატრიბუციას არ საჭიროებს.

New Old Stock

New Old Stock-ზე იხილეთ ანტიკვარული ფოტოების კოლექცია, მათ შორის, ბევრი სამთავრობო სააგენტოების მიერ გადაღებული, ან უძრავი ქონების გაყიდვისას აღმოჩენილი. შეგიძლიათ საათობით ათვალიეროთ, არ მოგბეზრდებათ.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციასაც არ საჭიროებს.

Picography

ჩამოთვლილ საიტებს შორის ყველაზე მარტივია Picography, პროფესიონალ ფოტოგრაფთა შემთხვევითი ფოტოების მთელი გალერეა. ძიების ფუნქცია არ აქვს, მაგრამ საიტი მართლაც შესანიშნავია იმ დიზაინერებისათვის, რომლებიც შთამბეჭდავ და ეფექტურ ფოტოებს ეძებენ.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციასაც არ საჭიროებს.

Getrefe

GetRefe-ზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ, თუ სასწრაფოდ გჭირდებათ არქიტექტურული ან ლანდშაფტის ფოტოები. არანაირი ზედმეტობა, არავითარი კატეგორიები, ამ ვებგვერდზე მხოლოდ ლამაზი, ბუნებრივი გამოსახულებებია. ეს ფოტოები მთელი რიგი ფოტოგრაფების მიერ არის გადაღებული ევროპაში მოგზაურობისას.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციასაც არ საჭიროებს.

Jay Mantri

ამ საიტზე სამხრეთ კალიფორნიის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერის ჯეი მანტრის უფასო, შთამაგონებელ ფოტოებს წააწყდებით. კოლექცია ყოველ ხუთშაბათს განახლდება.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციას არ საჭიროებს.

Public Domain Archive

ამ საიტზე რას არ იხილავთ, სხვადასხვა სტილის ძველებური ფოტოებით დაწყებული და ულტრათანამედროვე სურათებით დამთავრებული. Public Domain Archive-ზე წარმოდგენილია ონლაინ გამოსახულებების ყოვლისმომცველი კოლექცია. ზოგიერთი ფოტო მართლაც გასაოცარი სიმეტრიითა და მშვიდი ფერებით გამოირჩევა.

ძიების ფუნქცია არ აქვს და ატრიბუციას არც ეს გვერდი საჭიროებს.

რას ნიშნავს ატრიბუცია და ლიცენზია

შესაძლოა, Google-ში მოძიებული ფოტო მაშინვე ვერ გამოიყენოთ, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამ ფოტოსურათებს საავტორო უფლებები იცავს.

თუ ფოტოებს დიზაინისთვის ეძებთ და არ გინდათ, საავტორო უფლებათა დაცვის პრობლემებს შეეჯახოთ, შემდეგ გზას მიმართეთ: მოძებნეთ ისეთი ვებგვერდები, სადაც ნათლად არის მითითებული საავტორო უფლება თითოეულ გამოსახულებაზე. ამ სტატიაში ჩამოთვლილი ყველა საიტის ლიცენზიის მოძიება საკმაოდ ადვილია. აღწერილობა თითოეულ გვერდზეა ან, უკიდურეს შემთხვევაში, წარმოდგენილია მისი ბმული. ამ საიტებზე იხილავთ ორი ტიპის ლიცენზიას:

Creative Commons zero - ფოტოს გამოყენება ნებართვის გარეშე შეგიძლიათ;

Creative Commons ატრიბუცია - ფოტოს გამოყენება ნებისმიერი სახით შეგიძლიათ, თუკი ფოტოსურათის ავტორს ენდობით.

ატრიბუცია მარტივია: როცა ფოტოსურათს ერთ-ერთ ვებგვერდზე იყენებთ, მიუთითეთ ავტორი (მაგ.: ჯონ სმიტის ფოტო) და დაურთეთ საიტის ბმული.

კონკრეტული დეტალების დასადგენად, აუცილებლად შეამოწმეთ თითოეული ვებსაიტის ლიცენზიის გვერდი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?