Get All Access for $5/mo

4 გზა, თუ როგორ ხდის ხელოვნური ინტელექტი სამყაროს გაცილებით უსაფრთხოს დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ხელოვნური ინტელექტი უფრო სასარგებლო არასოდეს ყოფილა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Asian Review

COVID-19-ის პანდემიამ ჩვენი ცხოვრების ნორმალური რიტმი სულ რამდენიმე კვირაში მთლიანად შეცვალა. ბევრი კომპანია იხურება ან შინიდან მუშაობის რეჟიმზე გადადის. აშკარაა, რომ როგორც დიდი, ისე მცირე ორგანიზაციების გადასარჩენად, მუდმივად ცვალებად ვითარებასთან ადაპტირება გახდება აუცილებელი. თუმცა, ამ მოვლენების მიუხედავად, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემია ინოვაციებსაც უწყობს ხელს, განსაკუთრებით − ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ შეაქვს საკუთარი წვლილი ხელოვნურ ინტელექტს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში მთელ მსოფლიოში, როდესაც სამყარო ახალ ნორმებთან შეგუებას ცდილობს.

1. ხელოვნურ ინტელექტს დაავადების გავრცელების პროგნოზირება შეუძლია

ახალი კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება (COVID-19 დაავადებაა, რომელსაც ის იწვევს). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ისეთი ღონისძიებების გატარებაა, როგორებიცაა სოციალური დისტანცირება და მაღალი რისკის მქონე ობიექტების დახურვა. მიუხედავად ამისა, ბევრგან სულაც არ ჩქარობენ ამ ზომების მიღებას, რადგან ნათელი წარმოდგენა არ აქვთ, რამდენად დიდ რისკთან არის დაკავშირებული მათი საქმიანობა.

სწორედ ამ დროს, ისრაელში, ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევის სისტემა გამოიგონეს, რომლითაც ზუსტად ხდება ვირუსების აფეთქების პროგნოზირება, რათა ხელისუფლებამ წინასწარ შეძლოს ზომების მიღება ვირუსის შესაჩერებლად. სისტემა საკვანძო საკითხებზე ფოკუსირებულ კითხვარს იყენებს, როგორებიცაა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმპტომები და იზოლაციის მეთოდები. შემდეგ ამ პასუხებს ალგორითმს ადარებს, რაც პოტენციური ცხელი წერტილების ადრეული გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს კი ადგილობრივ ხელისუფლებას ისეთი ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება, რომლებიც ვირუსის გავრცელებას შეანელებს.

2. ხელოვნური ინტელექტი მხარდაჭერის ცენტრებს ეხმარება

ყველგან COVID-19 დომინირებს და ამიტომ გასაოცარი სრულიადაც არ არის, რომ კორონავირუსის შიშით შეშფოთებული პაციენტები ადრინდელთან შედარებით გაცილებით ხშირად მიმართავენ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ორგანიზაციებს.

ვირტუალურმა ასისტენტებმა სხვა სფეროებში უკვე შეუმსუბუქეს დატვირთვა მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის სპეციალისტებს და ახლა ანალოგიური, სპეციალურად შექმნილი ინსტრუმენტები ინერგება COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. ჯანდაცვის აპლიკაციებსა და ვებგვერდებში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის ჩაშენება პირდაპირ შეიძლება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია Hyro − COVID-19-ის უფასო ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ჯანდაცვის ორგანიზაციებს პანდემიის მართვისას ზარებისა და შეკითხვების პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება. იგი პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც ხშირად სვამენ კორონავირუსზე. მათ შორისაა, სიმპტომების დახარისხება და ინფორმაციის მიწოდება სანდო და შემოწმებული წყაროებიდან, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტებს შეუძლიათ დატვირთვა შეუმცირონ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც პანდემიის პირობებში უმძიმეს რეჟიმში უწევს მუშაობა.

3. ხელოვნური ინტელექტი დეზინფორმაციის გავრცელებას ებრძვის

სამწუხაროდ, COVID-19-ის პანდემიის კვალდაკვალ, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა − დეზინფორმაციის სწრაფი გავრცელება ინტერნეტში. ვირუსთან დაკავშირებული რისკის არასათანადოდ შეფასებითა და სავალდებულო საკარანტინო ბრძანებების შემცველი ცრუ ტექსტური შეტყობინებებით დაწყებული, და გაფრთხილებებით დამთავრებული, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს პანიკა ამ ისედაც საშინელ დროს.

ბევრი სოციალური მედიაპლატფორმა ადამიანური ინფორმაციის მოდერატორებს იყენებს მავნე შეტყობინებების შესამოწმებლად. იზრდება თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებმაც შინიდან უნდა იმუშაონ ან საერთოდ შეწყვიტონ მუშაობა, და ასეთ დროს, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. თუმცა, ადამიანური კონტროლის არარსებობა იმას ნიშნავს, რომ შეცდომების რისკი გაიზრდება, მაგრამ ამან შესაძლოა, მანქანური სწავლების ახალი, სრულყოფილი ინსტრუმენტების შექმნა განაპირობოს.

ჯეიკობ კასტრენაკესს The Verge-დან, ასეთი მაგალითი მოჰყავს: "კორონავირუსის პანდემიის დროს, YouTube-ი ვიდეორგოლების მოდერირებისას, უფრო მეტად დაეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს, რადგან მისი რეცენზენტი-ადამიანების უმრავლესობა შინ გააგზავნეს, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი. ეს კი შემდეგს ნიშნავს − ვიდეორგოლები შესაძლოა გვერდიდან მხოლოდ იმის გამო მოიხსნას, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ პოლიტიკის პოტენციურად დამრღვევებად იყვნენ მონიშნულები, იმ დროს, როდესაც ვიდეორგოლები შესაძლოა ჩვეულებრივ რეცენზენტ-ადამიანს გაეგზავნოს იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ნამდვილად მოსახსნელია".

4. ხელოვნურ ინტელექტს ავადმყოფების იდენტიფიცირება შეუძლია

როგორც გაზეთი Guardian-ი აღნიშნავს, COVID-19-ის შეჩერებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის უქმნის, რომ ბევრ პაციენტს აქვს სიმპტომები, რომლებიც მსუბუქ გაცივებას უფრო წააგავს. ზოგჯერ დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის გამო ბევრი ადამიანი, რომელსაც ვირუსის გავრცელება და სხვებისთვის გადადება შეუძლია, კარანტინის რეჟიმში კი არ გადადის, საზოგადოებაში გამოდის.

მართალია, შესაძლოა ტესტირების პროცესი ნელი იყოს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ამ პრობლემის მოგვარებისკენაც მიდის. როგორც The Next Web იტყობინება, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ინსტრუმენტი უკვე შეიქმნა COVID-19-ის მქონე პაციენტების გამოსავლენად და მკურნალობის კურსის ჩასატარებლად, რაც სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას განაპირობებს.

ჩინეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანების ტემპერატურის სკანირებისთვის კომპიუტერული ხედვის ალგორითმი შეიქმნა. ნებისმიერის იდენტიფიცირება ხდება, ვისაც თუნდაც მცირედი ცხელება აქვს. ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი ალგორითმი ექიმებს ეხმარება, უფრო ზუსტად განასხვავონ ერთმანეთისგან კორონავირუსისა და ტიპური პნევმონიის მქონე პაციენტები. ვაშინგტონის შტატში დისტანციური მკურნალობისა და კომუნიკაციისთვის რობოტები გამოიყენეს, დაავადება პაციენტებისგან ექიმებზე რომ არ გავრცელებულიყო.

მთლიანად იდუმალებითაა მოცული COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მომავალი. არც იმის თქმა შეიძლება, რამდენ ხანს იქნება საჭირო სოციალური იზოლაციისა და სიფრთხილის სხვა ზომების გაგრძელება დაავადების გავრცელების ტემპის შესამცირებლად, ან როგორი იქნება ამ ყველაფრის ზოგადი შედეგები.

მართალია, ხელოვნურ ინტელექტს შესაძლოა ყველაფერზე არ ჰქონდეს პასუხი, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ამ სფეროს ახალ-ახალი ინოვაციები უკვე ეხმარება ადამიანებს, ამ მშფოთვარე დროს ეს სამყარო გაცილებით უსაფრთხო გახადონ. ამ ტექნოლოგიურ საშუალებებს, ვირუსის შეკავებაში დახმარებითა და სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესებით, დღესაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანების გადარჩენა და მომავალშიც შეძლებენ.

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი