Get All Access for $5/mo

Biliki – მოგზაურობა ციფრული მეგზურით წარმოგიდგენთ ტურისტებისთვის საქართველოში შექმნილ მობილურ აპლიკაციას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Biliki

გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ზრდის პარალელურად, იზრდება და ვითარდება ტურისტული, მათ შორის ციფრული სერვისები, რომელიც მომხმარებელს მოგზაურობის დაგეგმვისა თუ წარმართვის მეტ მოქნილობას სთავაზობს.

Biliki სწორედ ტურისტებისთვის საქართველოში შექმნილ მობილურ აპლიკაციას წარმოადგენს, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია. Biliki საქართველოს ტურისტულ მარშრუტებს აპლიკაციის ციფრულ სივრცეში აერთიანებს და უცხოელ თუ ქართველ მოგზაურებს საინტერესო მარშრუტების დაგეგმვისა და გადაადგილებისთვის, სწორი ორიენტირის აღებაში ეხმარება. ბილიკი უკვე ხელმისაწვდომია Play Store-ზე და App Store-ზე.

"ბილიკის შექმნის აუცილებლობა რამდენიმე ფაქტორმა დაგვანახა. მოგზაურთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს მარშრუტის შედგენაში და ხშირად ოპტიმალურ შედეგს ვერ იღებს. ასევე, უწევთ განსხვავებული ინტერნეტრესურსების მოძიება რეკომენდაციებისა და რჩევების მისაღებად. საერთაშორისო კვლევები გვაჩვენებს, რომ მოგზაურთა 48%-ს ესაჭიროება მზა მარშრუტი, რათა მოგზაურობისას თავი კომფორტულად იგრძნოს. 45%-ს უჭირს გადაწყვიტოს, სად გაატაროს მომდევნო შაბათი-კვირა. საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციამ და ვიზიტორთა ნაკადების ზრდამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ზემოთ ხსენებული პრობლემები. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს სათანადოდ უპასუხებდა", – უყვებიან Entrepreneur-ს "ბილიკის" დამფუძნებლები.

პერსონალიზებული, ინტერაქტიული მობილური გზამკვლევი სხვადასხვა ტიპის მომხმარებელთა ინტერესებს პასუხობს. მასში სათავგადასავლო, ველო, ეკო, რელიგიური, კულტურული, შოპინგ და ღამის ტურებია თავმოყრილი. ბილიკის ინტერაქტიულ რუკაზე მზა ტურისტული ისტორიებითა და ფოტოებით გამდიდრებული მარშრუტებიცაა, რომელსაც მომხმარებელი ტურისტული ობიექტის სტუმრობისას იხილავს. თითოეულ ტურს სპეციალურად შექმნილი რჩევების ჩამონათვალი, ამინდის ხუთდღიანი პროგონოზი და მომხმარებლების შეფასებებიც ახლავს.

აპლიკაცია კომპანია "ძმების ბილიკის" ქოლგის ქვეშაა შექმნილი, რომელიც ტურიზმის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიონალებს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს – ხელი შეუწყონ თანამედროვე საკომუნიკაციო და გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. კომპანიის გუნდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვისა და დანერგვის სფეროში, ასევე ტურისტული პოტენციალის კვლევისა და ტურისტული რესურსების შესწავლის მიმართულებით. სწორედ ტურიზმის პოტენციალის კვლევებზე დაყრდნობით, 2014 წელს შეიმუშავეს სპეციალური ვებ და მობილური პლატფორმა TravelGIS, რომელმაც ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში – "ვიზიტორების საუკეთესო ინფორმაციული და სერვისების მიმწოდებელი", გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ვებ და მობილურ ტექნოლოგიებში ტურიზმის გეო-ინფორმაციული სისტემები აქტიურად ინტეგრირდება. სწორედ ამ სისტემურ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა Biliki. იგი მომხმარებელს მზა ელექტრონულ პროდუქტს სთავაზობს, სადაც დეტალურადაა დატანილი გზის/ბილიკის ტიპი, მანძილი, ლოკაციის ტექსტური აღწერა, ფოტომასალა და სხვა. თითოეული ობიექტი დეტალური ტექსტური აღწერილობითა და ფოტო მასალითაა წარმოდგენილი. ამასთანავე, Biliki აფილირებული და ინტეგრირებულია booking.com-თან, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოიძიოს და დაჯავშნოს სწორედ ის სასტუმრო, რომელიც მისთვის სასურველ მარშრუტზეა განთავსებული. აპლიკაციაში ინტეგრირებულია ავტომობილების დაჯავშნის სისტემაც, რაც ძალისხმევის დაზოგვის კარგი შესაძლებლობაა. ასევე, აპლიკაცია გამდიდრებულია სხვადასხვა რჩევით სამოგზაურო აღჭურვილობის, დაცულ ტერიტორიებზე არსებული წესების, ტრანსპორტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი საგულისხმო საკითხის შესახებ.

"მოგზაურობის დროს მომხმარებელი ხედავს საკუთარ ადგილმდებარეობას ელექტრონულ რუკაზე, მიჰყვება წინასწარ შემუშავებულ მარშრუტს და აქვს საშუალება საჭიროებისამებრ შეძლოს მისი კორექტირება. აპლიკაციაში ინტეგრირებულია 112-ში დარეკვის ღილაკიც. აღნიშნული ფუნქციონალი ამცირებს დაკარგვის რისკს და ზრდის მოგზაურობის უსაფრთხოებას. Biliki პარტნიორ კომპანიებში ფასდაკლებების მიღების ფუნქციონალსაც გვთავაზობს. აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს აქვს ფასდაკლების კოდის მიღების შესაძლებლობა, რასაც ამა თუ იმ კომერციულ ობიექტში წარდგენით გამოიყენებს. დღესდღეობით პროდუქტი ორიენტირებულია საქართველოს ტურისტული მარშრუტების წარმოდგენაზე, თუმცა ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას მსგავსი მარშრუტები ნებისმიერ ქვეყანაში შევქმნათ", – გვიხსნიან Biliki-ის ავტორები.

თავად აპლიკაციამ კი ამჟამინდელ კომპლექსურ სერვისამდე ჩამოყალიბებისთვის, განვითარებისა და დახვეწის საინტერესო გზა გაიარა. თაობებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ხედვების გაერთიანების შედეგად, ძმები – თორნიკე და გიორგი ცირამუები იდეის დაბადებას იხსენებენ:

"ყველაფერი დაიწყო მამის იდეით, რომ გეო-ინფორმაციული ტექნოლოგიები (GIS) ტურიზმისთვის, ელექტრონული რუკებისა და ზედ მიმაგრებული მონაცემთა ბაზების მეშვეობით გამოგვეყენებინა. როდესაც ეს იდეა გაჩნდა, ჩამოვაყალიბეთ კვლევითი ორგანიზაცია "ტურიზმის გეო-ინფორმაციული ცენტრი". შევქმენით პირველი აპლიკაცია TravelGIS, რომელიც არაკომერციული პროექტი იყო. მოვიარეთ მთელი საქართველო და გავაკეთეთ პროექტი Discover Georgia in your village. ჩვენ ვეძებდით არა მხოლოდ ტურისტულ, ისტორიულ ობიექტებს ან ბუნების ძეგლებს, არამედ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა საინტერესო ყოფილიყვნენ ტურისტისთვის. როდესაც სადღაც, სოფელში მიდიხარ, შენ არ იცი ადგილზე რა ხდება. სადღაც, შესაძლოა ბებია ან ბაბუა ხელით მნიშვნელოვან და საინტერესო პროდუქტს ქმნიდეს, თუმცა არ იცოდეს, როგორ მოიტანოს ეს შენამდე. ჩვენ შევაგროვეთ ეს ინფორმაცია, მივაწოდეთ ტურისტს და ამოვავსეთ საინფორმაციო ვაკუუმი. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, მივხვდით, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ბევრ მოგზაურს გამოადგებოდა. ასე გაჩნდა Biliki. გეო-ინფორმაციული სისტემების ტურიზმში გამოყენების კუთხით კი, არაერთი გეგმა გვაქვს".

საქმის წამოწყებისთანავე კარგად აცნობიერებდნენ, რომ ბაზარზე ცნობადობის მოპოვებისა და წარმატებისთვის, დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდათ. ამისათვის მოიძიეს და დაიწყეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით. საკუთარი საწყისი კაპიტალითა და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობით კი მალე Biliki-ის ოფიციალურად გაშვება შეძლეს. Biliki-ის მჭიდრო პარტნიორსა და მეგობარს წარმოადგენს დეველოპერული კომპანია Wandio, რომელთან თანამშრომლობაც აპლიკაციას უფრო მდგრადსა და წარმატებულს ხდის. პარალელურად, აპლიკაციის ბაზარზე სწორი პოზიციონირებისა და ფართო მასშტაბებზე გასვლისთვის, სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კამპანიები წარმოებს.

"ჩვენს ძირითად საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს სოციალური მედია. დაწყებული გვაქვს Google-ის რესურსების გამოყენება. ვგეგმავთ ინფლუენს-მარკეტინგის კამპანიების ჩატარებასაც. ამ კუთხით უკვე მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას, რაც ჩვენს ბრენდს უფრო ცნობადს გახდის. Biliki-ის შესახებ უკვე ისაუბრა რამდენიმე ტელევიზიამ და მსხვილმა ინტერნეტგამოცემამ. აქტიურად ვაწარმოებთ BTL-აქტივობებსაც. ბიუჯეტის სიმცირის გამო, ჯერ რთულია მსხვილი კამპანიების ჩატარება, თუმცა ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ ჩვენი მარკეტინგული აქტივობა ერთიორად გაიზრდება".

Biliki-ის ავტორებს აპლიკაციის განვითარების, გამდიდრებისა და ახალ მასშტაბებზე გატანის დიდი გეგმები აქვთ. დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის შემდეგ, აპლიკაცია კიდევ უფრო მეტი საინტერესო ფუნქციონალით გამდიდრდება, რაც მას გაცილებით მეგობრულსა და ინტერაქტიულს გახდის. ასევე, იგეგმება გუნდის მასშტაბების ზრდა, ექსპედიციების ჩატარება, ახალი ტურების შემოთავაზება და უცხო ქვეყნების მარშრუტების Biliki-ის ელექტრონულ სივრცეში მოქცევაც.

Biliki-ის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებას საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს, რაც ქვეყნის ახალ საფეხურზე ასვლასა და გლობალურ დონეზე უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ამისათვის კი სტარტაპებს გლობალური მასშტაბით, ფართო ხედვისა და აზროვნების გამოჩენას ურჩევენ: "რთულია ვინმეს რამე ვურჩიოთ, რადგან თავად სტარტაპი ვართ, თუმცა მაინც მიზანსწრაფვას, მუდამ სიახლეების ძიებაში ყოფნასა და ახალი კონტაქტების გაჩენას ვურჩევდით, რაც გაცილებით მეტ ახალ შესაძლებლობას გააჩენს. მიზანდასახულობა და მონდომება აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. ნებისმიერი იმედგაცურება თუ წარუმატებლობა, გამოცდილებად უნდა აღვიქვათ, რაც საბოლოოდ დადებით შედეგს მოიტანს. გირჩევთ იფიქროთ გლობალურად, ჩაეჭიდოთ ნებისმიერ შესაძლებლობას და ხელიდან არ გაუშვათ ისინი".

მანამდე კი, ვიდრე საქართველოში მოგზაურობას გადაწყვეტთ, Biliki-ის ინტერაქტიული რუკები შთაბეჭდილებებით სავსე სათავგადასავლო ტურების დასაგეგმად, ციფრულ სივრცეში მეგზურობის გასაწევად გელოდებათ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან