"ბიზნეს-ანგელოზები" და "ვენჩურული" ფონდები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტარტაპისათვის ფინანსური რესურსისა და ბიზნესმხარდაჭერის მოსაპოვებლად, ხშირად "ბიზნეს-ანგელოზებისა" და "ვენჩურული" ფონდების დახმარება წარმატების აუცილებელი წინაპირობა ხდება. შესაძლოა გქონდეთ იდეა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლად, დამატებითი ფულადი სახსრების გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამისთვის არსებობენ ე.წ. "ანგელოზი" ინვესტორები და "ვენჩურული" ფონდები, რომლებიც ეძებენ ინოვაციურ, მასშტაბირებად ბიზნესმოდელს და სტარტაპებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარებიან.
ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს "სილიკონ ველის" ეკოსისტემა სტარტაპერებს და ამ ადგილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ კაპიტალის ხელმისაწვდომობა და ინოვაციებზე "მონადირე" ინვესტორები არიან. ამ სტატიაში მიმოვიხილოთ, მაინც რას ნიშნავს "ბიზნეს-ანგელოზი" და რა შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ "ვენჩურულ ფონდებს".
"ბიზნეს-ანგელოზები", იგივე "ანგელოზი" ინვესტორები გახლავან კერძო პირები, რომლებიც მზად არიან მხოლოდ იდეისა და სტარტაპის გუნდის მიმართ ნდობის საფუძველზე, თქვენს წამოწყებაში ფული დააბანდონ. ეს საკმაოდ მაღალრისკიანი საქმეა და პრაქტიკულად, ერთადერთი რამ, რასაც ინვესტორის მოლოდინი ემყარება, მისი რწმენა და ბიზნეს-ალღოა. "ბიზნეს-ანგელოზების" საშუალო ჩეკი, როგორც წესი, $50 000-დან იწყება და რამდენიმე ასეულ ათას დოლარს აღწევს. შესაძლოა, რთული წარმოსადგენი იყოს, თუმცა ოდესღაც, პრაქტიკულად ყველა დღევანდელმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, მათ შორის Apple-მა და Google-მა, საქმე "ანგელოზი-ინვესტორების" მიერ მიცემული ფულით დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარების გარდა, "ბიზნეს-ანგელოზები" თავიანთ პორტფოლიოში გაერთიანებულ კომპანიებს საჭირო კონტაქტებით, ბიზნეს-რჩევებითა და გამოცდილებითაც ეხმარებიან, რაც ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ რა სარგებელს იღებს სტარტაპი "ბიზნეს-ანგელოზებისაგან", პუნქტებად მივყვეთ:
- Seed (იდეის დონეზე) სტადიაზე მყოფ სტარტაპს, "ანგელოზი" ინვესტორების გარდა, პრაქტიკულად არავინ აფინანსებს;
- "ბიზნეს-ანგელოზის" მიერ დაფინანსებულ სტარტაპს, მეტად ენდობიან სხვა მსხვილი კრედიტორები, როგორებიც არიან: ბანკები, "ვენჩურული" ფონდები და ა.შ.;
- ეს ადამიანები, ხშირად თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარებიან დამწყებ ბიზნესებს;
- სტარტაპებს "ანგელოზ" ინვესტორებთან ურთიერთობა შედარებით იაფი უჯდებათ, ვიდრე ბანკებთან ან "ვენჩურულ" კომპანიებთან;
- "ბიზნეს-ანგელოზებს" რისკი ყველაზე ნაკლებად აშინებთ და ფულის დაბანდებას ბედავენ იქ, სადაც სხვას გაუჭირდებოდა.
რაც შეეხება, "ვენჩურულ", ანუ მეტი სიცხადისთვის, ავანტიურულ, რისკიან ფონდებს, ესაა ინვესტორთა გაერთიანება, ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა თანამედროვე, ინოვაციურ კომპანიებთან თანამშრომლობისკენაა მიმართული. რა პრინციპით მოქმედებს "ვენჩურული" ფონდი? − ინვესტორებს (ბანკებს, საპენსიო ფონდებს, კომპანიებს, კერძო პირებს) შეაქვთ გარკვეული თანხა ფონდის ანგარიშზე. დგება ჯამური ფონდი, რომელსაც ვენჩურული კომპანია გარკვეული, წინასწარ გაწერილი პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს. ისინი ყიდულობენ სხვადასხვა კომპანიის აქციებს, ფასიან ქაღალდებს, ბიზნესის წილებს, რის შემდეგაც ვენჩურული ფონდები პორტფელურ კომპანიებს განვითარებაში ეხმარებიან. განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ, ინვესტორები თავიანთ აქციებს ყიდიან და იღებენ მოგებას.
ცხადია, "ვენჩურულ" ფონდებსაც დიდად უწევთ გარისკვა. სტატისტიკის თანახმად, პორტფელური კომპანიების 70-80% ან კოტრდება, ან მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, თუმცა დანარჩენი 20-30% იმდენად მომგებიანია, რომ ფონდი მაინც სერიოზულ სარგებელს იღებს. საშუალოდ, "ვენჩურული" ფონდების მოგების პროცენტული მაჩვენებელი, წლიურ 30%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია, თუმცაღა − უდიდესი რისკის სანაცვლოდ.
"ვენჩურული" ფონდები, როგორც წესი, ბევრ სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებაში აბანდებენ ფულს, რითაც რისკის დაზღვევას ცდილობენ. ამას პორტფელის დივერსიფიკაცია ჰქვია. ისინი, ძირითადად 2-3 წლის განმავლობაში აქტიურად ეძებენ პერსპექტიულ სტარტაპებს და ფონდის კაპიტალს გასცემენ. შემდეგი 7-8 წელი კი, "ვენჩურული" კაპიტალისტები, დიდი ამონაგების მიღების იმედით, სტარტაპების განვითარებასა და ზრდაზე ზრუნავენ, რასაც პასიურ რეჟიმსაც უწოდებენ.
"ვენჩურულ" ფონდებს ერთი დაუწერელი კანონი აქვთ: თანხას ისეთ პროექტში აბანდებენ, რომელშიც მთლიანი ფონდის მოცულობის, ან მეტის მოგების მიღების პოტენციალს ხედავენ. ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ იღებენ ინვესტორები გადაწყვეტილებებს და რას აქცევენ ყურადღებას. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები ფულს ადამიანებში აბანდებენ. ანუ ნებისმიერი ინვესტორი უდიდეს ყურადღებას უთმობს პიროვნებებსა და გუნდს, მათ წარსულსა და გამოცდილებას.
მთავარი სხვაობა "ვენჩურულ" ფონდებსა და "ანგელოზ" ინვესტორებს შორის ისაა, რომ ფონდი მხოლოდ იდეასა და გამოცდილ გუნდში ფულს ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად არასდროს აბანდებს. როგორც მინიმუმ, სტარტაპს უნდა ჰქონდეს ე.წ. MVP, ანუ პროდუქტი, რომელსაც საკმარისი მახასიათებელი და თვისება აქვს საიმისოდ, რომ მომხმარებელს შესთავაზო და მისგან უკუკავშირი მიიღო. განსხვავდება ფინანსების მოცულობაც, ვინაიდან, თუ "ბიზნეს-ანგელოზი" სავარაუდოდ $50 000-ს დააბანდებს თქვენს სტარტაპში, "ვენჩურულ" ფონდს გაცილებით მეტის − რამდენიმე მილიონის შემოთავაზებაც შეუძლია.
"ვენჩურული" ფონდები ხშირად აწყობენ პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს. რაში სჭირდებათ ეს? პასუხი საკმაოდ მარტივია − აქსელერატორი ერთგვარი ფილტრია ფონდებისათვის, რითაც პერსპექტიულ და უსარგებლო სტარტაპებს ერთმანეთისგან აცალკევებენ და ხვდებიან, თუ სად ღირს ინვესტიციების შემდგომი რაუნდების განხორციელება და სად − არა.
იმაზე, თუ რა არის აქსელერაცია, "ინკუბატორი", და რაში გვჭირდება ეს ყველაფერი, უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენებთ.