Get All Access for $5/mo

Cargon-ის გზა საქართველოდან სან ფრანცისკომდე 500 Georgia - უსაზღვრო შესაძლებლობები საქართველოდან "სილიკონ ველიმდე"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Cargon

მიმდინარე წლის აგვისტო ქართული ბიზნესსაზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი სტარტაპერთათვის, უპრეცედენტო მოვლენით აღინიშნა. ოთხ ქართულ სტარტაპს "სილიკონ ველიზე" სტუმრობის, მსოფლიოს გამორჩეულ ინვესტორებთან თავიანთი ბიზნესის წარდგენისა და მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა, რაც სულ რამდენიმე წლის წინაც კი, წარმოუდგენელი იყო.

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და გავლენიანი ინვესტორებისათვის ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გახსნის მიზნით, 2020 წლის თებერვალში, "საქართველოს ბანკის ჯგუფს", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 500 Global-ს შორის (რომელიც აქამდე 500 Startups-ის სახელით იყო ცნობილი), სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიზანი კი, მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორის 500 Georgia-ს სახელით შემოყვანა იყო.

500 Global ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც 2010 წელს ტექნოლოგიური სტარტაპების მსოფლიო ცენტრ "სილიკონ ველიში" შეიქმნა. მისი მისიაა ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა, წარმატებული ბიზნესის ფორმირებაში დახმარება, გლობალური ეკოსისტემის განვითარება და ა.შ. თავისი არსებობის განმავლობაში 500 Global-მა უკვე მოახერხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, სანდო და მოთხოვნად აქსელერატორად პოზიციონირება. დღესდღეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და გახდეს მსოფლიოს გამორჩეული აქსელერაციის პროგრამის ნაწილი, ხოლო "საქართველოს ბანკისა" და GITA-ს ძალისხმევით, ამის შანსი უკვე ქართველ ანტრეპრენერებსაც ექნებათ.

500 Global-ის მნიშვნელობაზე, მისი საქართველოში შემოყვანის პროცესსა და მიმდინარე წლის აგვისტოში ოთხი ქართული სტარტაპის "სილიკონ ველიზე" ყოფნის შესახებ, Entrepreneur "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელს, ბატონ ანდრო რატიანს გაესაუბრა.

"კერძო სექტორის ჩართულობით, რომელსაც "საქართველოს ბანკის ჯგუფი" წარმოადგენს, მსგავსი გლობალური პროექტის განსახორციელებლად დამატებით მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. ამით ქართულ სტარტაპებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, 6 თვის განმავლობაში ემუშავათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან, განევითარებინათ საკუთარი საქმიანობა და საბოლოო ჯამში − ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა", − აცხადებს ანდრო რატიანი, − "500 Global-ი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორია, მსგავსი კლასის აქსელერატორები კი მხოლოდ მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნებით ინტერესდებიან. 500 Global-ის მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემის მიმართ. 500 Global-ი ბიზნესიდეის საწყის ეტაპზე მხარდამჭერი აქსელერატორია − იდეებით უფრო მეტად ინტერესდება. შესაბამისად, 500 Georgia-ს მენტორების მთავარი მიზანი, სწორედ განვითარების საწყის ეტაპზე არსებული ადგილობრივი სტარტაპების ზრდასა და განვითარებაში, და მათთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერის გაწევა იყო".

ამ სამმხრივი პარტნიორობის წყალობით, საქართველო მსოფლიო ინოვაციების რუკაზე უკვე მოინიშნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სტარტაპ და ბიზნესგარემოსათვის. როგორც ანდრო რატიანი აღნიშნავს, 500 Georgia რეგიონული მასშტაბის მოვლენაა. მსგავსი მსხვილი მოთამაშის ქართულ ბაზარზე შემოსვლამ სტარტაპებს მისცა შესაძლებლობა, საერთაშორისო დონის წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად, დაეხვეწათ საკუთარი იდეები, დაემყარებინათ კონტაქტი სფეროში მოწინავე ინვესტორებთან და მოეხდინათ სტარტაპების მასშტაბირება. პროექტის ოთხმა გამარჯვებულმა კი დამატებით ინტენსიური აქსელერაციის პროგრამა "სილიკონ ველიზე", სან ფრანცისკოში გაიარა, რის შემდეგაც ისინი საკუთარი იდეების წარსადგენად, 50-ზე მეტ მსხვილ ინვესტორს შეხვდნენ.

"საქართველოს ბანკი" მონაწილე სტარტაპებს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ედგა მხარში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მათი წარმატების გაზიარება და დიდი პატივია მსგავსი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. აღნიშნული სტარტაპების წარმატებაზე ციფრები მეტყველებს − კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამმა 17 მილიონი ლარი შეადგინა და შექმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთან, პროგრამის დასაწყისში, მონაწილე 30 კომპანიის საერთო ღირებულება 35 მლნ დოლარს შეადგენდა, პროექტის დასასრულს კი ეს რიცხვი 70 მლნ დოლარს აღემატება. კომპანიებისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია, ახალი, უფრო მასშტაბური საქმიანობის მიმართულებით. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის კი, მნიშვნელოვანი წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი", − გვიამბობს ანდრო რატიანი.

რთული წარმოსადგენია, რომელიღაც სტარტაპერი არ ოცნებობდეს "სილიკონ ველიზე" სტუმრობასა და უმსხვილეს ინვესტორებთან შეხვედრაზე. 500 Georgia-ს გამარჯვებული ანტრეპრენერებისათვის ეს ვიზიტი შეუზღუდავი შესაძლებლობების ფანჯარა აღმოჩნდა, სადაც ისინი თავიანთ ინოვაციურ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენდნენ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა.

როგორც "საქართველოს ბანკის ჯგუფის" ინოვაციების ხელმძღვანელი აღნიშნავს, 500 Global-ში მონაწილეობამ ადგილობრივ სტარტაპებს მისცა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე თვეში ისეთ ადგილას აღმოჩენილიყვნენ, როგორიცაა "სილიკონ ველი". სან ფრანცისკოში ინტენსიური აქსელერაციის 2-კვირიანი პროცესი მოიცავდა შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, ტრენინგებს და ვორქშოპებს "სილიკონ ველის" წამყვანი კომპანიების წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სტარტაპებმა "სილიკონ ველიზე" დააგროვეს შეუდარებელი გამოცდილება, რაც საბოლოო ჯამში, მათ კიდევ უფრო ინოვაციური მიდგომებით, გლობალურ ბაზრებზე გასვლაში და წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

"500 Georgia და მისი მონაწილე სტარტაპები არიან დასტური იმისა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ მცდელობას არ დააკლებ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა", − ანდრო რატიანი.

ახლა კი, გვსურს უფრო ახლოდან გაგაცნოთ 500 Global-ის გამარჯვებული ერთ-ერთი ქართული სტარტაპი - Cargon, რომელიც ციფრულ ლოგისტიკურ პლატფორმას წარმოადგენს. ეს სტარტაპი, ჭკვიანი ალგორითმების საშუალებით, ტვირთმფლობელებს გადამზიდთან აკავშირებს. შედეგად, Cargon-ის ტექნოლოგია ზრდის ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობას და გვიზოგავს როგორც დროს, ისე ხარჯებს.

სტარტაპ Cargon-ის დამფუძნებლები ვანო ჩალაძე, შაკო ჯალაბაძე და ნიკო ტურაბელიძე არიან. მათ ერთმანეთი ინგლისში, სტუდენტობის პერიოდში გაიცნეს. როგორც თავად აცხადებენ, ერთმანეთისგან განსხვავებულმა წარსულმა გამოცდილებამ, რომელიც ლოგისტიკას, ფინანსებსა და ბიზნესკონსულტირების სფეროს მოიცავს, მათ მისცა მოტივაცია, Cargon-ის იდეა რეალურ ცხოვრებაში განეხორციელებინათ.

500 Global-მდე Cargon-მა საინტერესო და არცთუ მარტივი გზა გამოიარა. უპირველეს ყოვლისა, სტარტაპის შექმნას ხელი შეუწყო იმ სახელმწიფო პროგრამებმა, რომლებიც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაზე მუშაობენ. Cargon-მა "სტარტაპ საქართველოს" 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, რაც სატესტო პროდუქტის (MVP) შექმნასა და Market fit-ის პოვნას მოხმარდა. გარდა ამისა, სტარტაპმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაც მოახერხა და GITA-ს 650 000-ლარიანი თანადაფინანსებაც მოიპოვა. მოზიდული რესურსი სრულად Cargon-ის განვითარებასა და იმ შიდა ექსპერიმენტებს მოხმარდა, რაც სტარტაპის საბოლოო პროდუქტის ჩამოყალიბებისათვის იყო საჭირო. ამ გამოცდილებისა და რუტინული სირთულეების გავლით, ნათელი გახდა, რომ Cargon-ს 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა ესაჭიროებოდა, რათა გამოცდილ მენტორებს გუნდისათვის პრობლემების გადაჭრის გზები და სწორი განვითარების ვექტორი ეჩვენებინათ.

"500 Global-მა ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა, თუ როგორ განგვევითარებინა ჩვენი სტარტაპი სხვადასხვა მიმართულებით − იქნებოდა ეს product development, product UI/UX, თუ მარკეტინგი და განვითარების სტრატეგიები. ასევე, დიდი ცოდნა შევიძინეთ იმ ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებაში, რითაც შეგვიძლია სწორად გავზომოთ ჩვენი ზრდა ან თუნდაც შეფერხებები, და შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ", − აცხადებს Cargon-ის დამფუძნებელი ვანო ჩალაძე, − "რაც შეეხება "სილიკონ ველიზე" სტუმრობას, ამან კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა და ჩვენი შესაძლებლობები გლობალურ ჭრილში აღმოგვაჩენინა. მთავარი მიზანი "სილიკონ ველიზე" ყოფნისა იყო ის, რომ შეგვეძინა სწორი კონტაქტები იმ ადამიანებისა და კომპანიების, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ ჩვენი სტარტაპის განვითარების ხელშეწყობით − როგორც მენტორშიპის კუთხით, ასევე ფინანსირებით. ვფიქრობ, Cargon-მა ეს შანსი პროდუქტიულად გამოიყენა".

"სილიკონ ველიზე" ვიზიტის შემდეგ, სტარტაპმა აწარმოვა მოლაპარაკებები სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიასთან და ვენჩურულ კაპიტალისტებთან, რომლებმაც Cargon-ის საინვესტიციო რაუნდში მონაწილეობის დაინტერესება გამოხატეს. ამ რაუნდის ჩახურვა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება, ხოლო მოზიდული ინვესტიციის მოცულობა, სავარაუდოდ, $1,2 მილიონს შეადგენს.

Entrepreneur Cargon-ის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა. სტარტაპი გეგმავს დსთ-ის რეგიონის ბაზრების ათვისებას, კონკრეტულად კი, ცენტრალური აზიის ქვეყნებში შესვლას. დღესდღეობით, Cargon ოპერირებს საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის ბაზრებზე, ხოლო წლის ბოლომდე უკვე ყაზახეთის ბაზარზე შესვლაა დაგეგმილი.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი