Get All Access for $5/mo

Carusell - მანქანის ყიდვა/გაყიდვის სწორი გზა "რადგან ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ ეს საქმე, გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელიც ხალხს შეერჩია და მისი მეწილენიც გამხდარიყვნენ"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

carusell

მეორადი ავტომობილების ბაზარზე მანქანის ყიდვა, ისევე როგორც - გაყიდვა, მრავალუცნობიანი განტოლებაა, რომლის ამოხსნაც დიდ დროს, ენერგიას და ცოდნას მოითხოვს. ამ პრობლემის გადასაჭრელად მომხმარებლებს მოევლინა ქართული სტარტაპი - Carusell, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის შესაფერისი ავტომობილის შეძენასა, ან კუთვნილი ავტომობილის გაყიდვაში.

"რაღაც პერიოდში ერთხელ, ხდება ხოლმე, რომ მოვსინჯავთ რაიმე პროდუქტს, ან სერვისს და ვხვდებით რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით არასწორია. სწორედ ასეთი პროდუქტია Carusell" - ამბობს Carusell-ის დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე. Carusell არის Caru-ს გუნდის ახალი სტარტაპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მანქანის ყიდვის, ან გაყიდვის პროცესი ექსპერტს გადააბაროთ.

მანქანის ყიდვისას, უნდა შევარჩიოთ ჩვენს საჭიროებებსა და გემოვნებაზე მორგებული მწარმოებელი და მოდელი, შემდეგ - შესაფერისი ავტომობილი, რომელსაც სწორად შემოწმება სჭირდება, ვინაიდან უყურადღებობის გამო დაშვებულმა შეცდომამ, შეიძლება $1000-ობით გვაზარალოს. ალბათ ყველას გვსმენია ფრაზა - "შეტენილი მანქანა", როდესაც მყიდველი საკუთარი შენაძენით კმაყოფილი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ავტომობილს უამრავი პრობლემა აღმოაჩნდა. ასეთი გაუგებრობის თავიდან არიდება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ იცი როგორ შეამოწმო ავტომობილი. Carusell-ის ექსპერტი:

  • მოგიძებნის შენთვის საუკეთესო ავტომობილს;
  • შეგიფასებს;
  • დეტალურად შეამოწმებს;
  • გამყიდველს ფასზე შეევაჭრება და ეცდება საუკეთესო ფასად გაყიდინოს.

ექსპერტის მომსახურების საკომისიო 50 ლარს და დაკლებული თანხის 20%-ს შეადგენს. რაც მოტივაციას უქმნის მას, რომ რაც შეიძლება მეტი დააკლებინოს გამყიდველს და ხელსაყრელ ფასად გვაყიდინოს ავტომობილი.

არც გაყიდვის პროცესია დიდად განსხვავებული. მანქანისათვის სწორი რაკურსით, ხარისხიანი ფოტოების გადაღებით და გაყიდვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებით, ავტომობილის გაყიდვა უფრო ძვირადაც შეიძლება. ასეთ დროს, იმის განსაზღვრა, თუ რა შევაკეთოთ, ან რა დავტოვოთ შეუკეთებელი, დროსა და ფინანსებს გვიზოგავს, ხოლო ვისაც აქვს მსგავსი სპეციალიზებული ცოდნა, დიდი უპირატესობითაც სარგებლობს. სწორედ ამიტომ, Carusell საშუალებას გაძლევს ეს პროცესი ექსპერტს გადააბარო. ექსპერტი:

  • დაასურათებს თქვენს მანქანას;
  • საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებს და მოამზადებს გასაყიდად
  • განათავსებს განცხადებას სხვადასხვა საიტსა და Facebook-ის ჯგუფებში
  • პოტენციურ კლიენტს აჩვენებს მანქანას
  • სურვილის შემთხვევაში, გაჰყვება ავტომობილის შესამოწმებლად

ექსპერტის მომსახურების საკომისიო 50 ლარი და მანქანის ფასის 2% იქნება.

Carusell 1 თვეა რაც ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ მცირე დროში, უკვე 10-ზე მეტი ავტომობილის გაყიდვა მოახერხა. სტარტაპის სისტემა მოწყობილია ისე, რომ ექსპერტისა და მომხმარებლის ინტერესები პირდაპირ თანხვედრაში მოდიოდეს ერთმანეთთან. მომხმარებლები Caru-ს პლატფორმაზე აქტიურად ითხოვდნენ სერვისს, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა ავტომობილის შეძენის, ან გაყიდვის პროცესი გაემარტივებინა. გუნდმაც არ დააყოვნა, მოთხოვნას მიწოდებით უპასუხა და შეიქმნა სტარტაპი "Carusell".

"რადგან ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ ეს საქმე, გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელიც ხალხს შეერჩია და მისი მეწილენიც გამხდარიყვნენ. ამიტომ გამოვაცხადე კონკურსი - ვინც ჩვენს ახალ სტარტაპს სახელს მოუფიქრებს, კომპანიის 1%-ს გადავცემდი. ძალიან ბევრი ვარიანტი წამოვიდა და გამარჯვებულიც ხალხმა აარჩია, ხოლო ყველაზე მეტი მოწონება ამ სახელს - Carusell-ს ჰქონდა." - ნიკა აბაშიძე Caru-სა და Carusell-ის დამფუძნებელი.

კონკურსის ორ ფინალისტს შორის (Carusell და Carma) გაიმარჯვა Carusell-ის ავტორმა და სტარტაპის 1%-ანი წილიც დაიმსახურა. შედეგად მივიღეთ ჯაჭვი, რომელიც ასე გამოიყურება: სერვისი ხალხმა მოითხოვა; სახელი ხალხმა შეარჩია და კომპანიის მეწილეც ხალხი (კონკურსის გამარჯვებული) გახდა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"