ჩაგვანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს? ნინო ქურასბედიანი საუბრობს ტექნოლოგიების ეპოქაში არსებულ ყველაზე გავრცელებულ შიშზე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ასე ჟღერს: "დაგვრჩება თუ არა ადგილი ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?"
ხელოვნური ინტელექტი დღევანდელი ეპოქის ერთ-ერთი აქტიური თანამგზავრია, რეალურია თუ არა ადამიანების ჩანაცვლების საფრთხე?
არა, ეს არ არის საფრთხე, გადაჭარბებულია წინასწარი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის როლს ჩაანაცვლებს. მთავარი გამოწვევა დღეს არა "ჩანაცვლება", არამედ ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსის სწორი გამიჯვნაა.
ტექნოლოგიები ანაცვლებენ ამოცანებს, არა ადამიანებს. ისინი ცვლიან პროცესებს და არა პასუხისმგებლობას. მართვის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ფუნქციის დელეგირება შესაძლებელია, პასუხისმგებლობის - არა. AI-ს შეუძლია დაამუშაოს მილიარდობით მონაცემი და მოგვცეს ოპტიმალური გათვლა, მაგრამ მას არ გააჩნია ე.წ. პირადი რისკის აღების უნარი, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებას მოჰყვება ფინანსური, რეპუტაციული ან სამართლებრივი შედეგი, საბოლოო სიტყვა ყოველთვის ადამიანს ეკუთვნის. ალგორითმი ვერ აგებს პასუხს შეცდომაზე, რადგან პასუხისმგებლობა მხოლოდ ადამიანური პრეროგატივაა.
მაშინ რა არის რეალური გამოწვევა ორგანიზაციებისთვის თუ არა ადამიანების ჩანაცვლება?
დღევანდელ ეპოქაში რეალური გამოწვევა ნამდვილად არ არის ადამიანის მიერ შესრულებული საქმის ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის მიერ.
მთავარი საფრთხე - ,,ბრმა ავტომატიზაციაა''.
ორგანიზაციამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომელი პროცესია ტექნოლოგიისთვის ოპტიმალური: იქ, სადაც საჭიროა სისწრაფე და რუტინული სიზუსტე და ასევე, სად არის ადამიანის გონება შეუცვლელი.
ყველაფერი, რაც ტექნიკურად შესაძლებელია, სტრატეგიულად ყოველთვის გამართლებული არ არის. ორგანიზაციის უნიკალურობას სწორედ ის "ადამიანური კომპონენტები" ქმნის, რომლებსაც მანქანა ვერ აკოპირებს.
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დღეს ვხედავთ, არის ბრმად აყოლა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე - პრინციპით: "თუ შეიძლება ავტომატიზაცია, მოდი ავტომატიზაცია გავაკეთოთ".
რა უნარები აქვს ადამიანს, რაც ტექნოლოგიას არ გააჩნია?
ტექნოლოგიები მუშაობენ მონაცემებით, ადამიანები კი - კონტექსტით. ადამიანებს აქვთ უნარები, რომლებიც ვერანაირ ტექნიკურ დავალებაში და შესაბამის კოდში ვერ მოექცევა: მაგალითად, გადაწყვეტილება გაურკვევლობაში, მაშინ როდესაც მონაცემები არასრულია ან წინააღმდეგობრივი, მორალური და ეთიკური საზღვრების გათვალისწინება, რაც ხშირად ცივ ლოგიკაზე მაღლა დგას. ემპათიური მართვა, როდესაც გუნდური ან/და ინდივიდუალური ემოციური გადაწყვეტილების საჭიროებება შეიძლება იყოს საუკეთესო გადაწყვეტა შედეგისთვის. გაგონილი გექნებათ ისტორია "სასწაული ჰუდსონზე".
კაპიტან სალენბერგერის გადაწყვეტილება არ იყო ალგორითმის წინააღმდეგ წასვლა. მან გამოიყენა "კონტექსტუალური ინტელექტი" - იგრძნო ის რეალობა, რომელსაც სენსორები ვერ აფიქსირებდნენ და დაეყრდნო არა სისტემას, რომელიც ტექნიკურად სხვა რეალობას უქადდა, არამედ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.
როგორ უნდა მიიღოს ორგანიზაციამ სწორი გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში, იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ყველაფრის გაკეთება შეუძლია?
ერთ-ერთი აუცილებლად დასაფიქრებელი საკითხი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს გადაწყვეტილება სწორედ ეს არის, სწორად შევაფასოთ ადამიანის განსაკუთრებული ღირებულება მართვაში და სათანადო მართვის გარეშე ბრმად არ მივუშვათ ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
ჩვენ ვხედავთ ეფექტურ ინსტრუმენტს - და ეს კარგია, მაგრამ AI არ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანებზე, არ იღებს გადაწყვეტილებას მაშინ, როცა არ არსებობს "სწორი" პასუხი. ამიტომ ტექნოლოგია უნდა მუშაობდეს იქ, სადაც საჭიროა სისწრაფე და მასშტაბი, ხოლო ადამიანი - იქ, სადაც საჭიროა გონება, ხედვა და პასუხისმგებლობა. ეს არ უნდა იყოს არჩევანი ადამიანსა და ტექნიკურ მანქანას შორის. ეს არის არჩევანი გონივრულ მართვასა და ბრმა ავტომატიზაციას შორის. ჩვენი ამოცანაა, ტექნოლოგია გამოვიყენოთ არა ადამიანის ჩასანაცვლებლად, არამედ მისი შესაძლებლობების გასაფართოებლად.
ახსენეთ "სასწაული ჰუდსონზე" და პარალელი გაავლეთ ხელოვნურ ინტელექტთან, თქვენი აზრით რას გვასწავლის ეს?
გვასწავლის მთავარს - ტექნოლოგია შეიძლება იყოს იდეალური, მაგრამ რეალობა არასოდეს არის სრულად პროგნოზირებადი.
და მაინც რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციებმა დღეს, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან, აირჩიონ მათთან დასაქმებული ხალხი თუ მათ ნაცვლად, ტექნოლოგიებით აწყობილი პროცესები?
პასუხისმგებლიანი ორგანიზაციები რადიკალურ გადაწყვეტილებებს ბრმად არ იღებენ, არ ანაცვლებენ ადამიანებს ბრმად, არამედ აშენებენ ადამიანზე მორგებულ ტექნოლოგიურ სისტემებს. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა შიშს არ უნდა იწვევდეს.
ეს არ არის არჩევანი "ადამიანსა და ტექნოლოგიას" შორის. ეს არის არჩევანი გონივრულ მართვასა და ბრმა ავტომატიზაციას შორის.