Get All Access for $5/mo

CyberOwl - სტარტაპი, რომელიც თქვენს ციფრულ უსაფრთხოებაზე იზრუნებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CyberBowl

ტექნოლოგიურმა პროგრესმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დაჩქარებულმა განვითარებამ, თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების საკითხი წინა პლანზე წამოწია. ცხადია, გამონაკლისი არც საქართველოა და ბოლო წლებში განსაკუთრებით იჩინა თავი კიბერთავდასხმებმა და ინფორმაციის უკანონოდ მითვისებამ. მონაცემებსა და კონფიდენციალურ დოკუმენტებს კომპანიების დიდი ნაწილი, სწორედ ციფრულ ფორმატში ინახავს, ხოლო მათი სტაბილურობა და მდგრადი განვითარება, კიბერუსაფრთხოების ეფექტური მექანიზმების გარეშე, რისკების წინაშე დგება. ვირტუალური სივრცის თაღლითებთან და ამ გლობალურ პრობლემასთან ბრძოლის მოტივით, ქართულ ბაზარზე გამოჩნდა სტარტაპი, სახელად CyberOwl, რომელსაც ამბიციური გეგმები და შორს მიმავალი მიზნები აქვს.

CyberOwl მუშაობს უსაფრთხოების სისტემების დანერგვისა და კომპანიების ვებ პენტესტინგის კუთხით. ვებ პენტესტინგი არის სისტემის უსაფრთხოების შემოწმების მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. მისი საშუალებით, სპეციალისტი ახდენს იმიტირებულ კიბერშეტევას, რის შედეგადაც ავლენს ხარვეზებსა და სუსტ წერტილებს ჰაკერებისაგან თავის დასაცავად. CyberOwl ეხმარება კომპანიებს სისტემური პრობლემების აღმოჩენასა და მათ აღმოფხვრაში.

სტარტაპი, სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა მის გუნდს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებთან და მათ სისტემურ უსაფრთხოებასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. CyberOwl, უსაფრთხოების სისტემების ტესტირების პარალელურად, კომპანიებში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვასაც ახორციელებს, ხოლო ამ მიმართულებას პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ლევან ყიფიანი კურირებს. რაც შეეხა უშუალოდ პროგრამებს, როგორებიცაა: Hyperion; Romulus და Old Bobby, რომელიც "სენდბოქსში" ვირუსის ანალიზისათვის გამოიყენება, კომპანიის ტექნიკური მიმართულების სპეციალისტის, ლევან აბესაძის შექმნილია.

სტარტაპში აღნიშნავენ, რომ უშუალო საქმიანობის მიღმა, ისინი მიზნად ისახავენ კიბერუსაფრთხოების საკითხის აქტუალიზებას და ამ კუთხით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. საქართველოში მომრავლდა კიბერშეტევები, რაც ბიზნესებს აფიქრებს, ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს სპეციალისტთა ნაკლებობაც ამ დარგში, რადგან ხშირად, ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების საშუალება არ ეძლევათ. CyberOwl-ს სურს რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანისა და ენთუზიასტის მოზიდვა, რომელთა პროფესიულ მომზადებაზე თავად გუნდის გამოცდილი წევრები იზრუნებენ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო გარემო, მაქსიმალურად მორგებულია გუნდის თითოეული წევრის იდეების აკუმულირებასა და მათ რეალიზებაზე, სადაც ნებისმიერის აზრსა და მიგნებას პატივს სცემენ.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. ბაზარზე საკმაოდ მძლავრი და უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანიები ოპერირებენ, თუმცა CyberOwl-სთვის ეს მოტივაციის წყაროა. თავიანთი ინოვაციური მიდგომებით, ახალგაზრდა სპეციალისტთა გუნდით და იდეებით, რომლებიც მათ აერთიანებენ, CyberOwl, სულ მცირე დროში, კიბერუსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების დარგში საკუთარი ნიშის დაკავებას გეგმავს.

ლევან აბესაძე, CyberOwl-ის ტექნიკური მიმართულების სპეციალისტი, ქართულ კომპანიებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: "დღევანდელ რეალობაში გარდატეხას მცოდნე და ინოვაციური იდეებით აღსავსე ახალგაზრდა თაობა მოახდენს. მივცეთ მათ შანსი და ეს აუცილებლად დაგვიბრუნდება შედეგით". კომპანიის HR პოლიტიკა, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაო გამოცდილება და ცოდნა არ უნდა იყოს ახალი თანამშრომლის აყვანის წინაპირობა, არამედ მთავარია ნიჭი, უნარები და მუდმივი განვითარების ენთუზიაზმი.

სტარტაპი, სამომავლო მიზნად კიბერუსაფრთხოების დარგით დაინტერესებული ადამიანებისთვის სამუშაო და სასწავლო სივრცის შექმნას ისახავს. განათლება და პროფესიული ცოდნის შეძენა, ბაზარზე კვალიფიციური სპეციალისტების დამკვიდრების განმაპირობებელია. სწორედ ამიტომ, Cyberowl გეგმავს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულთათვის, მარტივად ხელმისაწვდომი კურსების შემუშავებას. გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, თეორიულ ცოდნასთან ერთად, ენთუზიასტებს საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს და კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას შესთავაზებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი