Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - თეო ზანგურაშვილის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩემი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში პირველი კურსიდან იწყება. უნივერსიტეტში სულ სხვა, ჰუმანიტარული მიმართულებით ვფიქრობდი ჩაბარებას, ვაპირებდი სოციოლოგია ან იურიდიული ფაკულტეტი ამერჩია, თუმცა რეგისტრაციის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, როდესაც ჩემი არჩევანი შევცვალე და BTU-ში ბიზნეს ადმინისტრირებაზე გადავწყვიტე ჩაბარება.

მომწონდა იდეა, რომ რაღაც ახალ, განსხვავებულ სფეროში უნდა აღმომეჩინა საკუთარი შესაძლებლობები.

ასე დავიწყე ბიზნეს მენეჯმენტის სწავლა. თუმცა, პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც "ინოვაცია ციფრულ მედიაში" თემატიკაზე გამართულ ჰაკათონში მივიღე მონაწილეობა. ჩემ გუნდთან ერთად შევქმენი პლატფორმა, MediaM.ge. სწორედ ამ პროექტზე მუშაობის დროს მქონდა პირველი შეხება ტექნოლოგიებთან.

შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტზე მუშაობის შედეგად გავერკვიე ტექნოლოგიური სფეროს საფუძვლებში და გამიჩნდა სურვილი, უფრო მეტი ცოდნა მიმეღო ციფრულ სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამიტომ, მაინორად საინფორმაციო ტექნოლოგიები ავირჩიე.

ისე მოხდა, რომ მეორე კურსიდან უფრო მეტ IT საგნებს ვსწავლობდი ვიდრე მენეჯმენტის მიმართულების. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომელი უფრო მეტად მაინტერესებდა, მაგრამ მალევე გავაანალიზე, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთს ავსებს.

დღეს ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მარკეტინგის, გაყიდვების, ოპერაციებისა თუ ნებისმიერი მიმართულების გამართულად მუშაობისთვის. შეუძლებელია ტექნოლოგიური ხელსაწყოების გარეშე ბაზარზე არათუ ადგილის დამკვიდრება, არამედ წარმატების მიღწევა. Სწორად შერჩეული ციფრულ ხელსაწყოების დახმარებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გაზარდონ, როგორც მომგებიანობა, ასევე გააუმჯობესონ შიდა პროცესების მართვის სისტემები.

ასე დავიწყე საკუთარი თავის განვითარება ციფრული სამყაროს მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სამუშაო გამოცდილება და უშუალოდ ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობის პროცესი ყველაზე დიდ ცოდნასა და გამოცდილებას იძლევა. მიმაჩნია, რომ განვითარებისთვის აუცილებელია ინტერესი - მუდმივი სწრაფვა რაღაც ახლის აღმოჩენისა და შემეცნებისკენ.

სწორედ ამ ინტერესის გამო, მუდმივად ვცდილობდი საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას. თვითგანვითარების პროცესში ვიყენებდი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს, ვცდილობდი ისეთი კურსები გამევლო, რომელსაც საქართველოში ჯერ არ ასწავლიან. ხშირად ვესწრები უნივერსიტეტში იდეათონებს, კონფერენციებსა თუ ტექნოლოგიურ ღონისძიებებს, რადგან მჯერა, რომ ციფრულ სამყაროში წარმატების მიღწევა მუდმივად სიახლეების ცენტრში ყოფნის გარეშე შეუძლებელია.

Noxtton ჩემი პირველი სამსახურია, სადაც პირველივე დღიდან ჩართული ვარ საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებაში, თავიდანვე, ძალიან გაოცებული ვიყავი მაგიდაზე "აუცილებლად გასაცნობი მასალების" სია, რომ დამხვდა. ეს მასალები ამომწურავ ინფორმაციას შეიცავდა არა მხოლოდ კომპანიის საქმიანობის შესახებ, არამედ საჭირო იყო იმისთვის, რომ Noxtton-ში მიმდინარე პროცესებში შემძლებოდა ნავიგაცია.

მართალია, კომპანიაში მუშაობა ჯუნიორად დავიწყე, თუმცა მეორე დღეს უკვე დამკვეთთან შეხვედრაზე აღმოვჩნდი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ დამწყებს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მანდეს. Noxtton-ში მოსვლის დღიდან მუდმივად რაღაც ახალს ვსწავლობ და ეს პროცესი დღემდე აქტიურად გრძელდება.

ვფიქრობ, რომ დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიების მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ახალგაზრდები ინტერესდებიან ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესით, ასევე, ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს ციფრულ პროფესიებზე. თუმცა, ციფრული პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ამ სფეროში ჩამორჩენას განაპირობებს. საქართველოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისთვის, რომ დასავლეთის ციფრულ სამყაროს დაეწიოს.

ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის საჭიროა მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად აბიტურიენტებსა თუ ახალგაზრდებს ჰგონიათ, რომ ეს ძალიან რთული სფეროა, რომელიც განსაკუთრებულ უნარებს მოითხოვს. რეალურად ასე არ არის. Ტექნოლოგიები მომავალია. ხოლო, ციფრულ სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად კი მხოლოდ სამი პირობის არსებობა საკმარისია - საჭიროა გქონდეთ მონდომება, ინტერესი, ნებისყოფა და მუშაობა საკუთარი უნარების განვითარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში