Get All Access for $5/mo

დეცენტრალიზებული ბრენდინგის ძალა - Bitcoin Movement

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიტკოინით შემთხვევით არ დავინტერესებულვარ. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მარკეტინგმა მასწავლა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ნამდვილი და ძლიერი ძალა იქმნება ასპირაციული იდეების გარშემო, იდეების რომლებიც სცდებიან ზღვარს და ცვლიან რეალობას.

ბიტკოინი - არ არის უბრალოდ ინოვაცია, ეს არის მოძრაობა, რომელიც გვაძლევს შანსს, გავარღვიოთ ძველი სისტემების ბარიერები და შევქმნათ ახალი, თავისუფალი მომავალი.

ბიტკოინის მოძრაობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფული ან ტექნოლოგია. ეს არის ფილოსოფია, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ თავისუფლებას, ინოვაციას და საზოგადოებას ლიდერის გარეშე. ამ იდეის გარშემო გავერთიანდით თანამოაზრეები, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, საქართველოს ბიტკოინ ასოციაცია სადაც ბიტკოინის მოყვარულები საქართველოში ერთად განვიხილავთ სიახლეებს, გავაზიარებთ გამოცდილებას. ასოციაციის მიზანია ბიტკოინ საზოგადოების გაძლიერება, ცოდნის, გამოცდილების და შესაძლებლობელების რეალიზება და პოპულარიზაცია.

ბრენდი ლიდერის გარეშე

როგორც წესი, ბრენდის შექმნასა და განვითარებას, ტრადიციულად სათავეში უდგას ქარიზმატული ლიდერი ან მარკეტინგის დირექტორი. ამის ფონზე, ბიტკოინი უნიკალური და იშვიათი გამონაკლისია. ეს არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც არ ყავს არც ერთი ლიდერი, არც ერთი მმართველი ფიგურა, რომელიც უძღვება ბრენდს და მარკეტინგულ აქტივობებს. ამის ნაცვლად, ბიტკოინის ბრენდს ქმნის მისით შთაგონებული და აღფრთოვანებული საზოგადოება, ინდივიდები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, რომლებიც გაერთიანებულები არიან ფინანსური თავისუფლების, დეცენტრალიზაციისა და ინოვაციების საერთო რწმენით.

როგორ დაიბადა "ბიტკოინი"?

ბიტკოინის ნეიმინგი, ბრენდინგის შედევრია. სახელწოდება ეკუთვნის ბიტკოინის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს, რომელიც აერთიანებს "ბიტს" - ციფრული ინფორმაციის საზომ ერთეულსა და coin-ს, მონეტას, ფიზიკური ფულის ყველაზე მარადიულ სიმბოლოს. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა ღრმა შინაარსის მქონე კომბინაცია, სრულყოფილად გადმოსცემს ბიტკოინის არსს, ციფრული ფულის რევოლუციურ ფორმას. სახელი ინტუიტიურია, ადვილად დასამახსოვრებელი,პირდაპირ აღწერს მის ფუნქციას და ხაზს უსვამს ინოვაციურობას.

ვინ არის სატოში ნაკამოტო?

სატოში ნაკამოტო — ეს სახელი ერთდროულად დამაინტრიგებლად და შთამაგონებლად ჟღერს. სატოში ნაკამოტო ბიტკოინის იდეისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის შემქმნელად მიიჩნევა. თუმცა, მისი ნამდვილი ვინაობა უცნობია.. სატოშის ანონიმურობა მხოლოდ აძლიერებს ბიტკოინის იდეას — დეცენტრალიზაციას და კონფიდენციალობას. ზოგი ფიქრობს, რომ ის ერთი პიროვნებაა, ზოგი კი მიიჩნევს რომ სახელის უკან მთელი გუნდი დგას, ვინც მიზნად დაისახეს ფინანსური სისტემის გარდაქმნა.

როგორ შეიქმნა დეცენტრალიზაციის სიმბოლო, ბიტკოინის ლოგო?

ბიტკოინის ლოგო, სტილიზებული ლათინური ასო B ორი ვერტიკალური შტრიხით, იქცა ბიტკოინისა და სრულიად კრიპტოვალუტების საკულტო სიმბოლოდ. ლოგოზე არ უმუშავიათ პროფესიონალ დიზაინერებს. ის, თავისთავად, ორგანულად წამოვიდა ბიტკოინის საზოგადოებიდან (community). სწორედ ამაში ჩანს ძალიან კარგად ბიტკოინის დეცენტრალიზებული ბუნება. ლოგოს დიზაინი ღია წყაროა, რომელიც ნებისმიერ ინდივიდს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს, გააუმჯობესოს და გაავრცელოს ის. ღიაობამდე ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო ედოფშენს, აღიარებასა და კიდევ მეტად გააძლიერა ბიტკონის დეცენტრალიზებული სული.

Bitboy Story - კონცეფციიდან საკულტო სიმბოლომდე

ბიტკოინის ლოგოს ევოლუციაში გამორჩეული როლი ბიტკოინ ენთუზიასტ Bitboy-ს ეკუთვნის. ბიტკოინის საწყის ერაში ბიტკოინ ქომიუნითი იყენებდა B-ს რამდენიმე ვერსიას, როგორც სიმბოლოს, თანდათან გაჩნდა საჭიროება სტანდარტიზებული ლოგოსთვის, რომელსაც შეეძლო ბრენდის გაერთიანება. პირველი ლოგო საზოგადოებას 2009 წელს სატოში ნაკამოტომ გააცნო, ეს იყო ოქროსფერი მონეტა BC ტიპოგრაფიით. მომდევნო წელს C ჩამოშორდა და დარჩა მხოლოდ B, ორი სტილიზებული ხაზით. სტილიზებული ხაზები დოლარიდან იყო ინსპირირებული.

2011 წლის ფორუმზე ბიტკოინერმა Bitboy-მ, რომლის ვინაობაც, ისევე როგორც, ბიტკოინ ენთუზიასტებისა და მაქსიმალისტების უმრავლესობა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, ბიტკოინ საზოგადოებას შესთავაზა ბიტკოინის ლოგო, ნარინჯისფერ ფონზე ბიტკოინის შედარებით დათხელებული სიმბოლო.

როგორც ამბობენ, ბიტბოის ინსპირაცია მასტერქარდის ლოგოდან მოდიოდა. განახლებულმა დიზაინმა სწრაფად მოიპოვა ბიტკოინის საზოგადოების ყურადღება. მისი სიმარტივე, ელეგანტურობა და სიმბოლიზმი, ბიტკოინის არსს სრულყოფილად გადმოსცემდა. ძალიან მალე მოხდა ლოგოს ედოფშენი. შესაბამისად, ის გამოჩნდა ვებგვერდებზე, მერჩებზე, ფიზიკურ მონეტებზეც კი.

სულისკვეთება - ბიტკოინ ქომიუნითის მამოძრავებელი ძალა

სულისკვეთება - ეს არის ის, რაც ამოძრავებს და გამოარჩევს ყველა ბიტკოინ ენთუზიასტს. ბიტკოინი არაა უბრალოდ ვალუტა. ის დიდი ხანია, მოძრაობად ჩამოყალიბდა. ბიტკოინ ენთუზიასტები არიან ევანგელისტები, რომლებსაც სჯერათ დეცენტრალიზებული ფინანსების გარდამქმნელი ძალის. მათ ამოძრავებთ სამყაროს ახლებური ხედვა, სადაც ფინანსური მმართველობა გაბნეულია ძალიან ბევრ ადამიანს შორის, ნაცვლად ტრადიციული ფორმისა, როდესაც ფულს რამდენიმე ადამიანი თუ ინსტიტუცია მართავს. მათი ვნება და სულისკვეთება მათ თავდადებაშიც გამოიხატება. ისინი სულს და გულს დებენ სხვა ადამიანების ფინანსურ განათლებაში, რაც აისახება როგორც ბლოკჩეინის FOSS კოდი სრულყოფასა და გაუმჯობესებაში, ისე - ინფორმაციის შეუზღუდავ გავრცელებაში სოცმედიასა თუ სხვა საჯარო ღონისძიებებზე. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ბიტკოინს არ ყავს ბრენდ ოუნერი, მისი განვითარება სრულად დამოკიდებულია ბიტკოინ ქომიუნითიზე. ეს მიდგომა, წარმოუდგენლად ეფექტური აღმოჩნდა. ბიტკოინ მაქსიმალისტები იყენებენ ყველა შესაძლო ხერხს, რომ გაავრცელონ ინფორმაცია ბიტკოინის შესახებ. მათ აქვთ აბსოლუტური მზაობა, რომ მათი სერვისები აბსოლუტურად უფასოდ შესთავაზონ ბიტკოინით დაინტერესებულ ადამიანებს. თითოეული ბიტკოინ მაქსი ბიტკოინის მარკეტინგის დეპარტამენტის ვირტუალური თანამშრომელია.

ნებისმიერი კრიპტოს მომხმარებელს უყვარს და პატივს სცემს ბიტკოინს.
არ აქვს მნიშვნელობა, რა კრიპტოვალუტას იყენებს ადამიანი — ბიტკოინი ყოველთვის რჩება ინდუსტრიის love mark-ად და ინოვაციის სიმბოლოდ. კრიპტო სივრცის ნებისმიერ მომხმარებელს ბიტკოინი უყვარს არა მხოლოდ მისი ტექნოლოგიური უპირატესობის, არამედ იმ იდეალის გამოც, რაზეც ის დგას — თავისუფლება, უსაფრთხოება და დეცენტრალიზაცია.

დიდი კომპანიების ბევრი ხელმძღვანელი ჩუმი ბიტკოინერია.
დღესაც კი, როცა ბევრი კომპანია ბიტკოინის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, მათი მენეჯმენტის რიგებში ხშირად არიან ბიტკოინ მაქსიმალისტები. ისინი ანონიმურად აკეთებენ კონტრიბუციებს ბიტკოინის ეკოსისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მათი კომპანიები ღიად შესაძლოა ბიტკოინის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამ ადამიანებს გულწრფელად სჯერათ ციფრული "ფულის" მომავლის და თავიანთი წვლილის შეტანა სურთ დეცენტრალიზებული ეკონომიკის შექმნაში

ინოვაციის როლი

ინოვაცია ბიტკოინის მამოძრავებელი ძალაა. Lightning Network-ის განვითარება, ტრანზაქციის სიჩქარისა და მასშტაბურობის გაუმჯობესება, wallet-ის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სრულყოფა - ბიტკოინ ქომიუნითი არ ჩერდება და მუდმივი გაუმჯობესების რეჟიმში მუშაობს. ინოვაციებისადმი დაუღალავი სწრაფვა, არამხოლოდ აძლიერებს ბიტკოინის ქსელს, არამედ აძლიერებს მის ბრენდს და აპოზიციონირებს როგორც ინოვაციებზე, განვითარებასა და პროგრესზე მომართულ თავისუფალ მოძრაობას. არსებობს სპეციალური პლატფორმა https://bitcoin.design/ დიზაინერებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ვიზუალური ხედვა შესთავაზონ სხვადასხვა BTC პროექტებს.

ბიტკოინის ბრენდის განვითარება დასტურია, რამხელა ძალა აქვს საერთო რწმენისა და ინტერესის გარშემო გაერთიანებულ ენთუზიასტებს.

ბრენდის მართვის დეცენტრალიზებული მიდგომა არა მხოლოდ ეფექტური, არამედ რევოლუციური აღმოჩნდა, რომელიც პირდაპირ ეხმიანება იმ რწმენას, რისთვისაც ბიტკოინი შეიქმნა - შეიქმნას ფინანსურად უზრუნველყოფილი, ძლიერი და კიდევ უფრო დამოუკიდებელი, დეცენტრალიზებული სამყარო.

ეთო მერებაშვილი

Strategic Marketing Consultant/ Branding Advisor / Marketing Enthusiast / Bitcoin Enthusiast

Strategic Marketing Consultant/ Branding Advisor / Marketing Enthusiast / Bitcoin Enthusiast
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი