Get All Access for $5/mo

Elven Technologies ლითიუმის ბატარეების შეფუთვაზე იწყებს მუშაობას აშშ-ში ექვსთვიანი პროდუქტიული ვიზიტის შემდეგ, ქართული სტარტაპი ლითიუმის ბატარეების შეფუთვის მიმართულებაზე მუშაობას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"როგორც კი ცვლილებებს არ აჰყვები და ჯიუტად დარჩები შენს გზაზე, ვიღაც აუცილებლად მოგიგებს", − ვამეხ ხერხეულიძე, Elven Technologies-ის თანადამფუძნებელი

ქართული სტარტაპი Elven Technologies, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მეხანძრის ცეცხლგამძლე უნიფორმის სრულიად უნიკალურ კონცეფციაზე მუშაობს, ელექტრომობილებისა და სხვა ელექტროტრანსპორტის ბატარეების შეფუთვას იწყებს. როგორც სტარტაპში აცხადებენ, Elven-ის შეთავაზებით უკვე ოთხი მსხვილი საერთაშორისო ავტომწარმოებელია დაინტერესებული და მიმდინარეობს მზადება საპილოტე პროექტების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის განმავლობაში, სტარტაპის თანადამფუძნებელი, ვამეხ ხერხეულიძე, Berkeley-ს უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიაში მიწვეული მეცნიერის რანგში, ადგილობრივი პროფესორების ჩართულობით, ლითიუმის ხანძრისა და ცეცხლგამძლე მასალების მიმართულებით იმუშავებს, ხოლო ხანძრის ლაბორატორიის უფროსი მკვლევარი Elven-ს მრჩევლის სტატუსით დაეხმარება.

მეხანძრის სპეციფიკური ეკიპირებისა და უნიფორმების ბაზრისაგან განსხვავებით, ლითიუმის ბატარეების ბაზარი დაახლოებით 100-ჯერ დიდი მოცულობისაა და შესაბამისად, ქართული სტარტაპის წარმატების შანსიც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, Elven-ის უნიკალური ცეცხლგამძლე მატერიების გათვალისწინებით.

Elven-ის გუნდი აშშ-ს მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ეწვია, რათა ადგილობრივი ბაზრისთვის საკუთარი პროდუქტი − მეხანძრის კოსტიუმი ეჩვენებინა. თუმცა კალიფორნიაში ვიზიტმა, ვამეხი და მისი გუნდი დაარწმუნა იმაში, რომ ეს ბაზარი საკმაოდ კონსერვატიული და ჩაკეტილია, რაც ახალი მოთამაშეების შესვლას მნიშვნელოვნად ართულებს. გარდა ამისა, მსგავსი სპეციფიკური პროდუქტის გაყიდვის უფლების მოსაპოვებლად, უამრავი ძვირად ღირებული და ხანგრძლივი ტესტისა თუ რეგულაციის დაკმაყოფილებაა საჭირო.

"აშშ-ში ვიზიტისას აღმოვაჩინეთ, რომ ადგილზე გაცილებით სხვაგვარადაა საქმე, ვიდრე საქართველოდან წარმოგვედგინა. რეალური სურათი დავინახეთ, რამაც საშუალება მოგვცა სხვა მიმართულებითაც გაგვეხედა. ასეთი მიმართულება ლითიუმის ბატარეები აღმოჩნდა, ვინაიდან ჩვენ თვალწინაც მოხდა ელექტროავტობუსის უეცარი აალება, რომელმაც საკმაოდ დიდი მასშტაბის ხანძარი გამოიწვია. ცოტა რამ, ლითიუმის ბატარეების შესახებ მანამდეც ვიცოდი, თუმცა როდესაც ჩავუღრმავდით ამ საკითხს, აღმოჩნდა, რომ მათ სპონტანური აალება ახასიათებთ, ხოლო წარმოქმნილი ხანძრის ტემპერატურა 2000 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს, რომლის ჩაქრობა, ისევე, როგორც გამომწვევი მიზეზის დადგენა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მეხანძრეებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს, როგორც მათთვის, ისე უშუალოდ მწარმოებლებისათვის", − აცხადებს ვამეხ ხერხეულიძე, − "დავინახეთ საჭიროება ლითიუმის ბატარეების შესაფუთ მასალაზე, რომელიც გაუძლებდა პირდაპირ ალს და ასეთი სწორედ ჩვენი მეხანძრის კოსტიუმის მატერია გამოდგა. მოგვიანებით, ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ Berkeley-ის უნივერსიტეტის სახანძრო ლაბორატორიის წარმომადგენლებსაც ვუამბეთ და მათაც გამოთქვეს ინტერესი კვლევაში მონაწილეობის კუთხით, რაც გაცილებით აამაღლებს ჩვენი პროდუქტის სანდოობას ბაზარზე და პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობას გაამარტივებს".

აშშ-ში ექვსთვიანი ვიზიტის განმავლობაში, სტარტაპმა დიდი გამოცდილება მიიღო, რამაც მათ ხედვებსა და საქმიანობის განვითარების ვექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. როგორც ვამეხი გვიამბობს, აშშ-ში ყოფნამ მათ სრულიად ახლებურად დააწყებინა აზროვნება.

"ურთიერთობები, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ დონეზე, აწყობილი სისტემების მუშაობა, საჭიროებები და პრობლემები, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ, გაცილებით უკეთ აღიქმება ადგილზე, ვიდრე დისტანციიდან შეფასებით. როდესაც საქართველოში უყურებ, რა სურს ხალხს, ავტომატურად ექსტრაპოლირებას უკეთებ, რომ იგივე სურთ ადამიანებს მსოფლიოში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენნაირი სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში, ადამიანებს გაცილებით საბაზისო სურვილები და საჭიროებები აწუხებთ, ვიდრე განვითარებულ საზოგადოებებს. და როდესაც თავად ხდები ამ საზოგადოების ნაწილი და გეცვლება მოთხოვნები, აბსოლუტურად სხვაგვარად იწყებ ფიქრს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ის სტარტაპ-გარემოში ხვდები და ადგილობრივ სტარტაპერებს ესაუბრები, რომელთა რჩევები და აზრები გაცილებით მეტად გეხმარება რაღაცების სწორად დანახვასა და გააზრებაში", − ამბობს ვამეხი, − "მეორე მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაქანებას, ვინაიდან სულ სხვაგვარად აფასებ, თუ რას შეიძლება მიაღწიო და რა არის ბაზრის რეალური მოთხოვნები, რაც ხელს გიწყობს გლობალური მასშტაბით ფიქრში. დღესდღეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შემიძლია სტარტაპერებს მივცე, არის მოქნილობა და მზადყოფნა იმისათვის, რომ თავდაპირველად რა იდეითაც დაიწყებენ, შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს და ბაზარმა, მომხმარებელმა და მსოფლიო ტრენდებმა სულ სხვა რამ უკარნახოთ. მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპერმა არ დაკარგო ხედვა და გზა, რაღაც კონკრეტულისკენ როგორ მიდიხარ, მაგრამ წარმატებისთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოს მარტივად მოერგო ახალ ტრენდებს, გადაუხვიო-გადმოუხვიო და ეძებო ის, თუ როგორ უფრო მარტივად მიაწვდი სერვისს ან პროდუქტს მომხმარებელს. თუ რაიმე იცვლება, შენც ნაწილი უნდა გახდე ამ ცვლილებების და როგორც კი მათ არ აჰყვები და ჯიუტად დარჩები შენს გზაზე, ვიღაც აუცილებლად მოგიგებს".

ამჟამად, Elven Technologies ბაზრის კვლევის აქტიურ ფაზაშია და პარალელურად ურთიერთობს მსხვილ ავტომწარმოებლებთან, როგორებიცაა: Tesla, GM და სხვა. გარდა ამისა, სტარტაპმა ახალი საინვესტიციო რაუნდიც გახსნა, რომლის ფარგლებში მოზიდულ ინვესტიციებს უშუალოდ მასალის ამერიკულ ლაბორატორიებში ტესტირებას, მონაცემთა ბაზის შექმნასა და პროდუქტის სრულყოფას მოახმარს, რომლის ყველა კომპონენტი ცეცხლგამძლე და მაღალეფექტიანი იქნება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

ყველაზე შთამაგონებელი ფრაზები ''ჰარი პოტერის'' წიგნებიდან

უკვე 22 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" გამოქვეყნდა